კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბიუჯეტის დამგეგმავი - Mybudget

mybudget
რა არის Mybudget?

Mybudget არის ბიუჯეტის დამგეგმავი აპლიკაცია, რომელიც გერმანულმა ფონდმა შპარკასემ (DSIK), საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით შეიმუშავა.

ბიუჯეტის დამგეგმავი დაგეხმარებათ თქვენი პირადი თუ საოჯახო ბიუჯეტის შედგენასა და მართვაში. ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ: 

  • საკუთარი ხარჯების დეტალურად აღრიცხვას;
  • შემოსავლების აღრიცხვასა და განაწილებას;
  • დანაზოგების დაგეგმვას;
  • თანხების მოძრაობის სრული სურათის დანახვას.

Mybudget-ში არსებული კატეგორიები და ქვეკატეგორიები დაგეხმარებათ დაინახოთ, თქვენი შემოსავლის რა ნაწილი რა ტიპის ხარჯებს ხმარდება, როგორ აიცილოთ თავიდან ზედმეტი ხარჯები და როდიდან შეძლებთ დანაზოგის გაზრდას. ბიუჯეტის დამგეგმავი დაგეხმარებათ მოულოდნელ ხარჯებთან გამკლავებასა და საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში.

როგორ გამოვიყენოთ Mybudget?

mybudget
Mybudget- ბიუჯეტის დამგეგმავი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენაზე და მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ვებ-ვერსიის, ასევე აპლიკაციის სახით. დარეგისტრირდით საიტზე ან გადმოწერეთ აპლიკაცია აპპ სთორიდან და გუგლ ფლეიდან

აპლიკაციაში შეხვდებით 4 კატეგორიას:

  • ხარჯი
  • შემოსავალი
  • დაგეგმვა
  • დანაზოგი

ხარჯი - ამ განყოფილებაში თქვენ შეძლებთ თქვენი პირადი თუ საოჯახო ხარჯების აღრიცხვას. ჩაინიშნეთ თქვენი ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები, აღრიცხეთ კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტისა თუ პირადი ხარჯები, სესხისა და ქირის გადასახადი. 

შემოსავალი - ჩაინიშნეთ ყველა სახის შემოსავალი ყოველთვიურად, იქნება ეს ხელფასი, ჰონორარი, გზავნილი თუ სტიპენდია. აპლიკაცია მოგცემთ საშუალებას თქვენი შემოსავლების ჯამი მიზანმიმართულად გაანაწილოთ. 

დაგეგმვა - წინასწარ აღრიცხეთ ის ხარჯი და შემოსავალი, რომლის შესახებაც უკვე იცით. კალენდარზე დატანილი ეს მონაცემები თქვენს მომავალ ფინანსებს უკეთ დაგანახებთ და დაგეხმარებათ მათ დაგეგმვასა და განაწილებაში.

დანაზოგი - ჩაინიშნეთ თქვენი დანაზოგები და მათზე დარიცხული სარგებელი. დანაზოგი დაგეხმარებათ მოულოდნელ ხარჯებთან გამკლავებაში. გარდა ამისა, დანაზოგის აღრიცხვა დაგეხმარებათ თქვენი მიზნის მიღწევისთვის საჭირო დროისა და თანხების უკეთ გამოთვლაში.

აპლიკაციის ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ, ბიუჯეტის დამგეგმავი მაქსიმალურად მოარგოთ საკუთარ თავს. ამისათვის, ჩანართში კატეგორიები შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის სასურველი შემოსავლებისა და ხარჯების ქვეკატეგორიები. ჩანართი მიმოხილვა კი საშუალებას მოგცემთ, კვირის, თვის, წლის ჭრილში თვალი ადევნოთ შემოსავლებისა და ხარჯების განაწილებასა და მათ სხვაობას.