გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, 21-იდან 25 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი - ფინედუ IV-VI კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ. გაკვეთილები ფულის ისტორიისა და ეროვნული ბანკის ფუნქციების მოკლე განხილვას, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას დაეთმობა.
ონლაინ გაკვეთილზე დასწრება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ კლასს შეუძლია. ამისთვის კი საჭიროა, ამ კლასის ნებისმიერმა მასწავლებელმა მოიწვიოს ფინედუს დესპანი, ანუ წინასწარ, 20 მარტის ჩათვლით დაარეგისტრიროს კლასი და შეავსოს მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.
დარეგისტრირებული კლასის მასწავლებლებს, რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, გაკვეთილზე დასასწრები ბმული მიუვათ, რომლითაც გაკვეთილზე მოსწავლეების დასწრება უნდა უზრუნველყონ. გაკვეთილებს ფინედუს დესპანები, ანუ ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და პარტნიორი ორგანიზაციების - თიბისი ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ-ბი-სის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის წარმომადგენლები ჩაატარებენ.
მონაწილე სკოლებსა და მასწავლებლებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან სერტიფიკატები, ხოლო მოსწავლეებს საგანმანათლებლო ბროშურები გაეგზავნებათ.
გლობალური ფულის კვირეული 2012 წლიდან მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღნიშნება და მისი მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოს ეროვნული ბანკი ღონისძიებას წელს უკვე მერვედ უერთდება.
წლევანდელი კვირეული 21-27 მარტის ფარგლებში აღინიშნება და მისი დევიზია: „შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!“ (Build your future, be smart about money!)