
„სკოლა-ბანკი" - ფინანსური განათლება მოზარდებისთვის
"სკოლა-ბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International-ის (CYFI)1 მიერ შემუშავებული პროგრამაა, რომელიც მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება. ფინანსური განათლება, თავის მხრივ, ბავშვების ეკონომიკურად გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„სკოლა-ბანკის“ მოდული VII-IX კლასის მოსწავლეებისთვისაა გათვლილი და 15 გაკვეთილს მოიცავს. გაკვეთილები ბავშვებისთვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმით არის შედგენილი და მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობის ყველა საკვანძო საკითხს ფარავს, მათ შორის დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება. გაკვეთილები „კეთებით სწავლების“ პრინციპზეა აგებული - მოსწავლეები თამაშ-თამაშით, გაკვეთილზევე სწავლობენ ფინანსური განათლების საკითხებს.
პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს ბანკის ჩართულობით, მასწავლებლების გადამზადება 2017 წლიდან პერიოდულად ხორციელდება. ტრენინგებში ჩართვა კი შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, პროექტით გათვალისწინებული 15 გაკვეთილი თავის მოსწავლეებს ჩაუტაროს.
"სკოლა-ბანკის" პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, დააჭირეთ აქ.
12019 წლის დეკემბერში, CYFI-ის რეორგანიზაციის შემდეგ, სკოლა-ბანკის პროექტი გადავიდა Aflatoun International-ის ხელმძღვანელობის ქვეშ (https://www.aflatoun.org/)