საგანმანათლებლო ბროშურა - „მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები“
ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა და "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ინფორმატიული და ადვილად აღსაქმელი საგანმანათლებლო ბროშურა - "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები" შესთავაზა.
აღნიშნული გამოცემა მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში სესხებასთან დაკავშირებული რისკების რეალისტურ შეფასებას ასწავლის. ბროშურა ძირითადად მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი და საკუთარი ბიზნესის გაძლიერებისთვის მათ პრაქტიკულ და ადვილად აღსაქმელ რჩევებს სთავაზობს. ამასთან, პუბლიკაციაში მოცემულია ქართული ბიზნესის რეალისტური მაგალითები და რეკომენდაციები, თუ როგორ განისაზღვროს, რამდენად ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მოცემული ბიზნესისთვის უცხოურ ვალუტაში სესხება. ბროშურას თან ერთვის სამი პრაქტიკული მოდელი - ფულადი ნაკადების მოდელი, ვალის მომსახურების კოეფიციენტის მოდელი და საბალანსო უწყისის მოდელი, რომლებიც მცირე ბიზნესს უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.