კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსი საქართველოს რეგიონების სკოლებისა და მასწავლებლებისთვის

1. კონკურსის იდეა, მიზანი და ზოგადი შინაარსი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა  www.finedu.gov.ge  (შემდგომში - „ფინედუ“) უერთდება 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღის აღნიშვნის იდეას და საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში) ფინანსური განათლების თემებზე ცნობიერების ამაღლების მიზნებისთვის პარტნიორი ორგანიზაციების, სს „ბაზისბანკისა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833) და სს „მიკრობანკი ემბისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404967078), მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს სკოლებისა და მასწავლებლებისათვის სახელწოდებით  „ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში“ (შემდგომში - „კონკურსში“). 

კონკურსის ზოგადი მიზნები და ამოცანებია:

1. რეგიონის სასკოლო სივრცეებში ფინანსური განათლების თემებზე დისკუსიის წახალისება;

2. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტიანი სწავლების მიზნით, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის იდეებისა და რესურსების შეკრება;

3. მოსწავლე ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტიანობის ზრდა.

კონკურსის ფარგლებში სკოლის დაინტერესებული მასწავლებელი/წარმომადგენელი წინამდებარე საკონკურსო განაცხადის დანართის ფორმით აღწერს პროექტს, თუ როგორ გამოიყენებს „ფინედუს“ საგანმანათლებლო მასალებს მოსწავლეების ფინანსური განათლების ასამაღლებლად. გამარჯვებულები „ფინედუსგან“ მიიღებენს მასალებს სკოლის ბიბლიოთეკაში ფინანსური განათლების კუთხის (შემდგომში - „ფინედუს კუთხე“) მოსაწყობად .  

2. კონკურსის ზოგადი პირობები

2.1. კონკურსის სახელწოდება: „ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში“;

2.2. კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 23 აპრილი, 2025 წელი; 

2.3. კონკურსის ფარგლებში პროექტების მიღება  დასრულდება 2025 წლის 11 მაისს, ხოლო, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის 23 მაისს;

2.4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებული ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენელს, გარდა თბილისისა. 

3. კონკურსში მონაწილეობის პირობები:

3.1 კონკურსში ჩართვით დაინტერესებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების - სკოლის (შემდგომში - „სკოლა“) დაინტერესებულმა მასწავლებელმა/წარმომადგენელმა (შემდგომში - „კონკურსანტი მასწავლებელი“) უნდა გამოგზავნოს პროექტის (იდეის) აღწერა (500-700 სიტყვა), რომელშიც მოცემული იქნება სკოლის ბიბლიოთეკაში ფინანსური განათლების მასალების საჭიროებისა და დანიშნულების დასაბუთება და უპასუხებს შეკითხვებს:

  • რატომ იქნება მნიშვნელოვნად სკოლის ბიბლიოთეკაში „ფინედუს“ კუთხის დამატება, როგორ შეუწყობს ის ხელს ფინანსური განათლების გავრცელებას და რა შედეგს მისცემს ის სასწავლო პროცესში ჩართულ მხარეებს; 
  • რა ტიპის პროექტს/აქტივობას (აქტივობებს) განახორციელებს სკოლა ზემოაღნიშნული საჭიროების საპასუხოდ, „ფინედუს“ კუთხის მასალების გამოყენებით. აღნიშნული პროექტი/აქტივობა  შეიძლება იყოს, როგორც განგრძობითი სახის, ისე ერთჯერადი. მაგ.: სკოლაში ფინანსური განათლების კლუბის გახსნა და მასთან დაკავშირებული აქტივობები, კონკურს(ებ)ი, ფინანსური განათლების მასალების სხვა საგნებში ინტეგრირება, ღია გაკვეთილ(ებ)ი, ტრენინგ(ებ)ი, სიმულაციური თამაშ(ებ)ი და სხვა; 

3.2 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ საჯარო და კერძო სკოლასა და მის წარმომადგენელს, გარდა ქ. თბილისის სკოლებისა;

3.3 კონკურსანტმა მასწავლებელმა პროექტის აღწერა უნდა შეავსოს წინამდებარე საკონკურსო განაცხადის  დანართში მოცემული შაბლონის მიხედვით „MS Word-ის“ ან/და „PDF-ის“ ფორმატით (შემდგომში - „საკონკურსო ნამუშევარი“)  და გამოაგზავნოს არაუგვიანეს 2025 წლის 11 მაისის 23:59 საათისა „ფინედუს“ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე - info@finedu.gov.ge. ნამუშევრების მოწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება „დომეინით“ „ru“, ხოლო, სხვა შემთხვევაში კონკურსანტი მასწავლებლის ნამუშევრის ადრესატამდე მიწოდება შეუძლებელი იქნება, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი ფიზიკური პირი მონაწილეობას ვერ იღებს კონკურსში;

3.4 პროექტის/აქტივობის  იდეა/აღწერა  არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს და/ან ზნეობრივ ნორმებს; 

3.5 დამატებით, არასავალდებულო სახით, კონკურსანტ მასწავლებელს ან სკოლის სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ წარმომადგენელს შეუძლია, საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადებში  (2025 წლის 23 აპრილიდან 2025 წლის 11 მაისის ჩათვლით), „ფინედუს“ ოფიციალურ „Facebook-ის“ გვერდზე კონკურსის შესაბამისი  პოსტის ქვეშ, კომენტარების ველში, დაწერონ სკოლაში საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის („ფინედუს“ წარმომადგენლის) მოწვევის მოტივაცია/დასაბუთება. კომენტარი უნდა პასუხობდეს შეკითხვას, რატომ უნდა შეირჩეს მათი სკოლა იმისათვის, რომ ბიბლიოთეკაში შეიქმნას „ფინედუს კუთხის“ და სკოლის მოსწავლეებისათვის ფინანსური განათლების თემაზე სპეციალური საგანმანათლებლო აქტივობა ჩაატაროს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა;

3.6 სკოლა და კონკურსანტი მასწავლებელი იღებენ ვალდებულებას, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში საკონკურსო ნამუშევარში მითითებული იდეის  2025 წლის 20 დეკემბრამდე განხორციელების/დაინიცირებისა და კონკურსის ორგანიზატორის 1 (ერთი) კალენდარული კვირის ვადაში ინფორმირების შესახებ. ამ შემთხვევაში ორგანიზატორის ინფორმირებად ჩაითვლება ნებისმიერი ქვემოთ მითითებული ქმედება:

  • ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge;
  • „ფინედუს“ ოფიციალურ „Facebook-ის“ გვერდზე კომენტარის დაფიქსირება კონკურსის პოსტზე;
  • სკოლის მიერ აქტივობის ჩატარების/ინიცირების შესახებ საჯაროდ, სოციალური ქსელების („Facebook” ან “Instagram” ან “LinkedIn”) საშუალებით ინფორმაციის მითითებისას მასზე „ფინედუს“ შესაბამისი სოციალური ქსელის გვერდის მონიშვნა (ე.წ. „დათაგვა).

4. გამარჯვებულების გამოვლენის ვადები და პირობები

4.1. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის 23 მაისს 18:00 საათზე.

4.2. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2 (ორი) კატეგორიაში: 

  • „ჟიურის რჩეული“ - გამარჯვებული გახდება 20 (ოცი) კონკურსანტი;
  • „მომხმარებლის რჩეული“  - გამარჯვებული გახდება 1 (ერთი) კონკურსანტი;

4.3. კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური შემოსული პროექტების შეფასების საფუძველზე.

4.4. კატეგორიაში „მომხმარებელის რჩეული“ გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსის „Facebook-ის“ კომენტარზე დაფიქსირებული რეაქციების რაოდენობის მიხედვით, გამარჯვებულად დასახელდება ყველაზე მეტი რეაქციის მქონე კომენტარში მითითებული სკოლა/მასწავლებელი. საამისოდ გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელის დაფიქსირებაც შესაძლებელია „Facebook-ის“ პოსტზე. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ ჩათვალოს ის რეაქციები, რომელთა რეალობასაც ჩათვლის საეჭვოდ. ამასთან რეაქციები დაითვლება და გაითვალისწინება მხოლოდ იმ კომენტარებზე, რომლებიც აღწერს სკოლაში სტუმრობის მოტივაციას წინამდებარე საკონკურსო განაცხადის 3.6 პუნქტის შესაბამისად და რომელსაც მოწოდებული აქვს საკონკურსო ნამუშევარი ამავე საკონკურსო განაცხადის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

4.5. გამარჯვებული კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ შესაძლოა ემთხვეოდეს გამარჯვებულს კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“.

4.6. არასაკმარისი რაოდენობით შემოსული საკონკურსო ნამუშევრების შემთხვევაში კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, განსხვავებული წესით გამოავლინოს გამარჯვებულები.

5. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები

საკონკურსო ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • აღწერაში ნათლად იკვეთება სკოლის ბიბლიოთეკისთვის ფინანსური განათლების კუთხის შექმნის საჭიროება;
  • წარმოდგენილი პროექტი ან აქტივობა იძლევა ფინანსური განათლების ამაღლების საშუალებას სასკოლო პროცესში ჩართული მხარეებისთვის;
  • გამოყენებულია ინოვაციური და ორიგინალური მიდგომები;
  • წარმოდგენილი იდეა ადვილად გამოყენებადი რესურსია სხვა სკოლების/მასწავლებლების მხრიდან;
  • წარმოდგენილი იდეა არის მდგრადი და განგრძობითი.

6. კონკურსის პრიზები და „ფინედუს კუთხის“ მასალები

6.1. კონკურსის ორივე კატეგორიაში გამარჯვებულ სკოლებს, საქართველოს ეროვნული ბანკი გადასცემს „ფინედუს კუთხის“ შესაქმნელად შემდეგ მასალას:

  • სამაგიდე თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“ - 1 ცალი
  • კომიქსი „ბიუჯეტირება და დაზოგვა“-  5 ცალი;
  • კომიქსი „ინვესტიციების მართვა“ - 5 ცალი
  • კომიქსი „დაგროვების ამბავი“ - 5 ცალი 
  • ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების სახელმძღვანელოები მასწავლებლებისთვის IX კლასი და VII-VIII - 3-3 ცალი
  • „ფინანსური განათლება მარტივად“ - 5 ცალი
  • „მოგზაურობა ფულის სამყაროში“ - 10 ცალი
  • „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ - 10 ცალი
  • „ფული საქართველოში“ - 1 ცალი
  • მიკრო და მცირე ბიზნესის სახელმძღვანელო: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება - 5 ცალი
  • პრაქტიკული სახელმძღვანელო ფერმერებისთვის - 5 ცალი
  • ფინედუს სამაგიდე დროშა - 1 ცალი.

6.2. კონკურსის ორივე კატეგორიაში გამარჯვებულ კონკურსანტ მასწავლებლებს გადაეცემათ (გაეგზავნებათ საკურიერო სერვისით სკოლის მისამართზე) წიგნების გამომცემლობების 130 (ასოცდაათი) ლარის ღირებულების ვაუჩერი. ამასთან, თუ ერთი და იგივე მასწავლებელი დასახელდა გამარჯვებულად როგორც „ჟიურის რჩეული-ს“, ისე „მომხმარებლის რჩეული-ს“ კატეგორიაში, ამ შემთხვევაში, მას გადაეცემა 260 (ორასსამოცი) ლარის ღირებულების ვაუჩერი;

6.3. კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამარჯვებულ სკოლას ეროვნული ბანკის თანამშრომლები ეწვევიან, თავად გადასცემენ წინამდებარე საკონკურსო განაცხადის 6.1 და 6.2 პუნქტებით გათვალისწინებულ მასალებს/პრიზებს და სკოლაში თემატურ საგანმანათლებლო აქტივობას ჩაატარებენ. 

7. საავტორო უფლებები და პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები

7.1 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსანტი მასწავლებელი და სკოლა კონკურსის პირობებით გამოგზავნილ მასალებზე საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ფინედუს“. მიღებული პროექტის აღწერის დოკუმენტები შესაძლოა საქართველოს ეროვნულ ბანკისა და „ფინედუს“ მიერ გამოქვეყნდეს სხვადასხვა შესაბამის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე ავტორის სათანადო მითითებით, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

7.2 კონკურსში მონაწილეობით პირი აცხადებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დამუშავდება კონკურსის  ჩატარების, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გაგზავნისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით. რომლის საფუძველი, კონკურსანტი მასწავლებლის თანხმობასთან ერთად არის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი - ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ფინანსური განათლების თვალსაზრისით. კონკურსანტი მასწავლებლის მიერ მისი პერსონალური მონაცემების წარმოდგენის გარეშე, იგი ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას. კონკურსანტი მასწავლებლის პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის მსვლელობის პერიოდში, მათ შორის, გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ვადით, ასევე, გამარჯვებული სკოლებისთვის კონკურსით გათვალისწინებული მასალების მიწოდებისათვის საჭირო მოცულობით. პრიზების გადაცემის მიზნით, გამარჯვებული კონკურსანტი მასწავლებლის პერსონალური მონაცემი (სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი) გაზიარებული იქნება საქართველოს ფოსტასთვის. კონკურსის იდეის და გამჭვირვალობის მიზნის გათვალისწინებით  საქართველოს ეროვნული ბანკის და „ფინედუს“ ოფიციალური ვებ-გვერდებისა თუ სოციალური ქსელების, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“  გამოქვეყნებული არხებში, მონაცემები (სახელი, გვარი, დამსაქმებელი სკოლის დასახელება და მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) დარჩება ხელმისაწვდომი საჯაროდ ამ არხების არსებობის ვადების შესაბამისად. 

7.3 კონკურსანტი მასწავლებლის პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად. კონკურსანტ მასწავლებელს შეუძლია მოითხოვოს მის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ასევე, საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან/და ამ მონაცემების ასლების მიღება ყოველგვარი საფასურის გარეშე. კონკურსანტ მასწავლებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს თანხმობა ელექტრონულ ფოსტაზე - info@nbg.gov.ge  განცხადების გამოგზავნის გზით, რა დროსაც შეწყდება მისი მონაცემების დამუშავება და ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა (თუ აღარ იქნება მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). კონკურსანტ მასწავლებელს შეუძლია ეს თანხმობა გამოიხმოს ელექტრონულ ფოსტაზე - info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით. ამ დროს, იგი ვეღარ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

7.4 ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. 

7.5 პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კონკურსანტ მასწავლებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ლია მორალიშვილს (ტელ.: (+995)0322406406 (126); ელ. ფოსტა: dpo@nbg.gov.ge), ხოლო, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს“ ან/და საქართველოს საერთო სასამართლოებს. 

8. ორგანიზატორის საკონტაქტო ინფორმაცია

კონკურსის ორგანიზატორთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

• მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;

• ცხელი ხაზი: (+995)0322406406; 

• ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;

• ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/ 

• „Facebook-ის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.

9. სასარგებლო ინფორმაცია

9.1 ფინანსური განათლების შესახებ: ფინანსური განათლება თანამედროვე სამყაროში საბაზისო ცხოვრებისეულ კომპეტენციად მიიჩნევა. ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს უკეთ ესმით ფინანსური საკითხებისა და პროდუქტების არსი, აქვთ სათანადო ცოდნა, უნარი და რწმენა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, იღებენ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, იციან ვის მიმართონ რჩევისათვის და მოქმედებენ ისე, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობის დონე. 

9.2 ფინანსური განათლების სასკოლო სივრცეებში მიწოდების სარგებლიანობის შესახებ: საუკეთესო პრაქტიკისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, ფინანსური განათლება რაც შეიძლება ადრე, სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს. ასეთ შემთხვევებში სწავლება უფრო ეფექტურია და  მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისა და გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ფინანსური წიგნიერების საკითხებსაც ითვალისწინებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო საფეხურზე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ხელი მიუწვდებოდეთ ფინანსური განათლების სხვადასხვა რესურსზე, როგორც ფიზიკურად, ადგილობრივ ბიბლიოთეკაში, ასევე ელექტრონული ფორმით.

9.3 წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის შესახებ: 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ „UNESCO-ს“ მიერ 1995 წელს დაწესდა  და მიზნად ისახავს წიგნის კითხვის წახალისებისა და ავტორების პატივისცემის იდეას, ასევე, წიგნების მასშტაბური შესაძლებლობების წარმოჩენას - დააკავშიროს ერთმანეთთან წარსული და აწმყო, გააბას ხიდები განსხვავებულ თაობებსა და კულტურებს შორის. თავად თარიღი, 23 აპრილი სიმბოლურ ხასიათსაც ატარებს, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი სამი ავტორი: უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.