ბედნიერების ეკონომიკა - ნაწილი 2
შეიძლება კი მატერიალურ სამყაროში გაიზომოს ბედნიერება ან მის შემადგენელ ინდიკატორებზე ვიმსჯელოთ?
მიუხედავად ზოგიერთი მკვლევარის სკეპტიციზმისა, მართლაც, არსებობს ბედნიერების ეკონომიკის შესაფასებელი ინდექსები და თითოეული მათგანისათვის შერჩეულია ის ინდიკატორები, რომლებიც იკვლევენ ბედნიერებას და აკავშირებენ მას მატერიალურ სამყაროსთან.
ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ სწორედ ბედნიერების შეფასების გავრცელებულ ინდექსებს, მათი დათვლის მეთოდიკას და დავფიქრდებით, რამდენად რეალურია მოყვანილი მაჩვენებლებით ბედნიერების შეფასება.
ერთიანი ეროვნული ბედნიერების ინდექსი (GNH)
ბედნიერების ინდექსი თავდაპირველად შემუშავებულ იქნა ეროვნულ დონეზე, ბუტანის სამეფოს პოპლულაციის კეთილდღეობის საზომად. ის სწორედ იმ კრიტერიუმების საფუძველზე იზომება, რომლებიც ინდექსის ავტორთა მოსაზრებით ადამიანის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი. შედეგად, ბედნიერების ინდექსმა უნდა უპასუხოს შემდეგ შეკითხვას: ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ადამიანი ძალიან ბედნიერია, ბედნიერი, არც ისე ბედნიერი თუ საერთოდ არაა ბედნიერი?
ამ კითხვაზე პასუხი, განსხვავებულია კულტურებს შორის. თუ ევროპული და ზოგადად დასავლური კულტურა ბედნიერების გაზომვისას ყურადღებას ამახვილებს ცხოვრების დონეზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე, ბუდიზმი და აღმოსავლური კულტურა საზომად იყენებს უფრო სულიერი მხარის კვლევას, კერძოდ, დროის გამოყენებას, ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს, რელიგიურ მდგომარეობას, კულტურულ შემგუებლობას. შესაბამისად, ინდექსის შედეგი განსხვავებული და გასაანალიზებელია სხვადასხვა კულტურისთვის.
განვიხილოთ როგორ დგება ბედნიერების ინდექსი: ინდექსის საკვლევად შემორებულია 9 ძირითადი დომენი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კრიტერიუმებს. ეს ძირითადი მაჩვენებლები შერჩეული იქნა როგორც ნორმატიული, ასევე სტატისტიკური მაჩვენებლებიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მათგანი გამოთვლაში თანბარად შეწონილია. ეს ძირითადი მაჩვენებელია:
- ფსიქოლოგიური კეთილდღეობა
- ჯანმრთელობა
- დროის გამოყენება
- განათლება
- კულტურული განსხვავებულობა და მიმღებლობა
- კარგი მმართველობა
- საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა
- ეკოლოგიური მდგომარეობა
- ცხოვრების დონე
ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით "ბედნიერება" მიიღწევა, თუ დადებითია 9-დან 6 მაჩვენებელი, ანუ სასურველი შედეგი დგება 66% -ის მიღწევის შემთხვევაში.
მაჩვენებლის გამოსათვლელად შემუშავებულია საკმარისობის დონე. თითოეული მაჩვენებლისთვის განსაზღვრულია, რა უნდა იყოს მაჩვენებელი რომ მივიღოთ 9 დომენიდან 6 დადებითი ფაქტორი. ძირითადად ეს ზღვარი აიღება უფრო მაღალი, ვიდრე ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელია. ასევე უნდა აღინიშნოს რომ თუ კონკრეტული მაჩვენებელი მაღალია ზღვრულ მაჩვენებელზე ეს არ ცვლის მაჩვენებლის წონას, უბრალოდ ჩაითვლება, რომ მიღწეულია დადებითი შედეგი.
მოყვანილი 9 დომენი, დამატებით აერთიანებს 33 ფაქტორს, კერძოდ:
1. ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შემადგენელი კომპონენტებია:
- ცხოვრებით კმაყოფილება – თავს მხრივ მოიცავს 5 კომპონენტს: ჯანმრთელობას, ოჯახს, სამსახურს, ცხოვრების დონეს და სამსახური-პირადი ცხოვრების ბალანსს. კვლევის დროს რესპოდენტი პასუხობს კითხვას თუ რამდენად კმაყოფილია ცხოვრებით. (ძალიან კმაყოფილი- 5 ქულა, ძალიან უკმაყოფილო – 1 ქულა) ჯამურად ეს კრიტერიუმი იღებს 25 ქულას (მაღალი კმაყოფილება),
- ემოციური ბალანსი – ამ საკითხის კვლევისას ანალიზდება ისეთი ემოციის გამოვლენა როგორიცაა თანაგრძნობა, სიკეთე, მიმტევებლობა, სიმშვიდე და ასევე ანალიზდება ნეგატიური ემოციებიც: ბრაზი, ეგოიზმი, შიში, წუხილი. რესპოდენტები კითხვაზე რამდენად ხშირად ექცევიან მსგავსი ემოციების ქვეშ, პასუხობენ შემდეგი სახით: 1 არასოდეს, 2 იშვიათად, 3 ხშირად, 4 ძალიან ხშირად. შედეგები ჯამდება ქულების მიხედვით,
- სულიერება – განისაზღვრება 4 მაჩვენებლის მიხედვით, როგორიცაა სულიერების თვითაღქმა, კარმა და სხვა. ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ქულობრივი შეფასებაა 16 ქულა;
2. ჯანმრთელობა – თავის მხრივ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- თვითგანსაზღვრული ჯანმრთელობის სტატუსი – ფასდება 5 ქულიანი შკალით,
- ჯანმრთელი დღეები – დაშვებულია 26 დღე 30 დღეში,
- ხანგრძლივი ავადმყოფობა,
- მენტალური სიმრთელე;
3. განათლება – მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- წიგნიერება,
- განათლების კვალიფიკაცია (იგულისხმება ფორმალური და არაფორმალური განატლების არსებობა),
- ცოდნა (ფასდება 25 ქულიანი სისტემით 5 ინდიკატორის მიხედვით),
- ღირებულებები, როგორიცაა მკვლელობა, მოპარვა, ტყუილი და სხვა. (ქულით ფასდება რამდენად მისაღებია ან არაა მისაღები აღნიშნული ფაქტორები);
4. კულტურა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- ენის ცოდნა ("არ ვიცი" – "ვიცი ძალიან კარგად"),
- სოციალ-კულტურული აქტივობა;
5. დროის გამოყენება:
- სამუშაო საათების რაოდენობა,
- ძილის საათების რაოდენობა;
6. კარგი მმართველობა:
- პოლიტიკური ჩართულობა,
- მომსახურების მიწოდება,
- პოლიტიკური თავისუფლება;
7. საზოგადოების სიცოცხლიანობის კრიტერიუმები:
- სოციალური დახმარება (10%იანი დონაცია არის დადებითი ზღვარი),
- საზოგადოებრივი ურთიერთობები,
- ოჯახი,
- დანაშაულის მსხვერპლი;
8. ეკოლოგიური მდგომარეობის ინდიკატორებია:
- გარემოს დაბინძურება,
- გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა,
- "ველური ცხოვრება",
- საქალაქო მდგომარეობა;
9. ცხოვრების სტანდარტი მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს:
- საოჯახო მეურნეობების შემოსავალი,
- მფლობელობაში არსებული აქტივები,
- საცხოვრებლის ხარისხი.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ განხილული მაჩვენებელი დანერგილი და ადაპტირებულია ბუტანის სამეფოს მოწყობასა და ეკონომიკაზე, არ ნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროსთვის ბედნიერების საზომი სხვაა. ყოველწლიურად გამოიცემა "მსოფლიო ბედნიერების რეპორტი". აღნიშნულ ანგარიშში მოცემულია კვლევის იდენტური მეთოდოლოგია და ამ მიღებული მაჩვენებლების მიხედვით კლასიფიცირებულია მსოფლიოში ქვეყნების ბედნიერების მაჩვენებლები.
ჭეშმარიტი პროგრესის მაჩვენებელი (GPI)
კიდევ ერთ მრავალფაქტორიანი ინდიკატორი, რომელიც ადამიანთა კეთილდღეობის საზომად გამოიყენება ჭეშმარიტი პროგრესის მაჩვენებელია. სამ მიმართულებას აერთიანებს: ეკონომიკურ ინდიკატორებს, გარემოს მდგომარეობის ინდიკატორებსა და სოციალური მდგომარეობის ინდიკატორებს.
ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI)
ადამიანის განვითარების ინდექსი ასახავს ისეთი ძირითადი მაჩვენებლების საშუალო მონაცემებს, როგორებიცაა: ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება, განათლება და ცხოვრების დონე.
ზომავს კი ბედნიერებას მოყვანილი ინდექსები?
თუ კარგად დავაკვირდებით განხილული ინდექსების მიხედვით არსებულ მსოფლიო სტატისტიკას, დავინახავთ რომ წამყვან 10 ქვეყანას შორის, ძირითადად, ის ქვეყნები ექცევა, რომლებიც ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებად გვევლინება, მაგალითად, HDI ინდექსით, ტოპ 10 ბედნიერი ქვეყანა ასე გამოიყურება:
- ნორვეგია
- ირლანდია
- შვეიცარია
- ჩინეთი
- ისლანდია
- გერმანია
- შვედეთი
- ავსტრალია
- ნიდერლანდები
- დანია
ერთი შეხედვით, ეს განაწილება ლოგიკურად მოგვეჩვენება და ისევ საწყისს დავუბრუნდებით აზრებით: სჯობს მატერიალურად წარმატებულები ვიყოთ და ავტომატურად ბედნიერებიც გავხდებით. თუმცა, არსებობს სტატისტიკა, რომელიც ამ ინდექსებისა და თეორიების ჯანსაღი კრიტიკისთვის გამოგვადგება. ესაა თვითმკვლელობების სტატისტიკა. თუ შევხედავთ თვითმკვლელობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე 10 ქვეყანას, სია ასე გამოიყურება:
- სირია
- იორდანია
- სან-ტომე და პრინსიპი
- ომანი
- ქუვეითი
- ანტიკუა და ბარბუდა
- ბაჰამის კუნძულები
- თურქეთი
- იამაიკა
- პერუ
ამ სიის გაანალიზებისას აღმოვაჩენთ, რომ თითქმის სრული უმრავლესობა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანას წარმოადგენს.
სამართლიანი იქნება დავსვათ კითხვა - ზომავს კი რომელიმე ინდექსი ჭეშმარიტ ბედნიერებას? ალბათ ჯერ ვერ ზომავს. როგორც ჩანს, არც თუ მარტივია, ფილოსოფიური საწყისები ეკონომიკურად შეაფასო.
თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ჭეშმარიტს არა, ეკონომიკურ ბედნიერებას ნამდვილად გავზომავთ არსებული ინდექსებით.