კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ბედნიერების ეკონომიკა -ნაწილი 1

ბედნიერების ეკონომიკა -ნაწილი 1

1610
4.1 / 5

თუ გავზომავთ ბედნიერებას, თუ შევისწავლით ბედნიერების შემქმნელ ფაქტორებს, გვეცოდინება, როგორ გავხადოთ სამყარო ამ ემოციით სავსე. თუმცა იქ, სადაც არსებობს ბედნიერება, არსებობს სხვა რეალობაც - ეკონომიკა, ფინანსები და მატერიალიზმი. არის კი შესაძლებელი, გავაერთიანოთ მატერიალური და არამატერიალური სამყარო და ბედნიერება ხელშესახები გავხადოთ?

თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები ისწრაფვიან, სოციალური სტატუსი მატერიალური ნივთების დაგროვებითა და კერძო საკუთრების შეძენით გაიმყარონ. მათ სწამთ, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლი  ბედნიერებას მოუტანთ. 

თუმცა, ბედნიერების ცნება ფილოსოფიაში აღმოცენდა და თუ მას, როგორც ფილოსოფიური მოძღვრების ტერმინს განვმარტავთ, დავინახავთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს არ აქვთ პირდაპირი გავლენა ადამიანის ბედნიერებაზე.  აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებით, პირდაპირ ვერ გავზომავთ საზოგადოების ბედნიერებას.

როგორ განიმარტება ბედნიერება ფილოსოფიაში?

ფილოსოფოსების ნაშრომებში ბედნიერების განმარტება, როგორც წესი, არამატერიალური ბუნებას უკავშირდება.

მაგალითად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში, არისტოტელე ბედნიერებას შემდეგნაირად განმარტავდა:

…ადამიანის მთავარი ფუნქცია ისაა, რომ კონკრეტული სტილით განვლოს ცხოვრება, მისი აქტივობა უნდა ეფუძნებოდეს რაციონალურ პრინციპებს. კარგი ადამიანის მთავარი ფუნქცია გამოიხატება სწორედ ამ პრინციპების ღირსეულ და კარგი გზით წარმოჩინებაში. თუ ეს ყოველივე ხორციელდება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერება ეს არის ადამიანის სულისმიერი აქტივობა, რომელიც განპირობებულია სათნოებით...

არისტოტელეს ნაშრომებში ბევრგან ამოვიკითხავთ ბედნიერებაზე მსჯელობას. თუ მოკლედ შევაჯამებთ, არისტოტელესული ბედნიერება ასე განიმარტება:

  • არჩევანი და მთავარი არსი კაცობრიობის არსებობისა,
  • ეს არაა არც სიამოვნება, არც მხოლოდ სათნოება, არამედ ეს არის სათნოების გამოწრთობის პროცესი,
  • ბედნიერება ვერ მიიღწევა მანამ, სანამ არ გალევ ცხოვრებას. შესაბამისად ბედნიერება ეს არის მიზანი და არა სტატიკური მოცემულობა.

ბედნიერების აბსტრაქტივიზმი ნათლად შეიგრძნობა ბლეზ პასკალის და მარკუს ავრელიუსის ნაშრომებშიც. ორივე ავტორი საბოლოო ბედნიერებას აცალკევებს ადამიანის ყოველდღიური საზრუნავისგან და ის სხვა, უფრო მაღალ სულიერების საფეხურზე აჰყავს. ბლეზ პასკალის ნაშრომში, "აზრები"  ვკითხულობთ, რომ ის დიდი ფიზიკური ტანჯვის მიუხედავად, თავს ბედნიერად თვლიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ჩასწვდა და შეიმეცნა ის, რაც გონებისთვის მიუწვდომელია. 

მარკუს ავრელიუსი კი ბედნიერებას ხედავდა მომავალში, იმ საქმიანობაში, რაც ადამიანის ღირსებასა და სათნოებაში დევს.

თუკი ბედნიერება ამდენად არამატერიალურია, რატომ ასახელებენ ადამიანები მატერიალურ ფაქტორებს, როგორც ბედნიერების საწყისს? შეგვიძლია კი ბედნიერება ეკონომიკას და ყოველდღიურ ფინანსებს დავუკავშიროთ? რა არის დამატებით საჭირო იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ეკონომიკაზე დაფუძნებული ბედნიერების ფორმულა?

როგორ შეიძლება ეკონომიკისა და ბედნიერების სინთეზის გაზომვა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბუტანის სამეფომ დაიწყო 1970-იან წლებში. ზოგადი მონაცემებით ბუტანის სამეფო, ეს არის აზიის მონარქიული მმართველობის სახელმწიფო, რომელიც ფართობით მსოფლიოში 135-ე ადგილზეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამეფოს წარმომადგენლების ხედვა, თუ სად იპოვონ ბედნიერება, საკმაოდ ინოვაციური აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 1970 წელს ბუტანის მეფემ თავის ერთ-ერთ განკარგულებაში აღნიშნა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის სისუსტე, რამდენადაც  ის ვერც მმართველობის დონის წარმატებას ზომავდა და ვერც ადამიანის ბედნიერების დონეს. მისი მოსაზრებით, თუკი მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ბედნიერების დონის ზრდას, იკარგება კიდეც მთავრობის არსებობის მიზანი. ამიტომაც სწორედ მისი განკარგულებით შემუშავდა მაჩვენებელი, რომელსაც ერთიანი ეროვნული ბედნიერების ინდექსი (GNH) ეწოდა.

მართალია, დანარჩენი მსოფლიო ბუტანის სამეფოს ინიციატივას ათწლეულებით ჩამორჩა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაერთიანებული ერების ასამბლეამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მთლიანად მიეძღვნა ქვეყნების მიხედვით ადამიანების ბენიერების დონის კვლევას. უფრო მოგვიანებით კი, ეკონომიკური კოოპერაციის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ხელშეწყობით შემუშავდა ერების კეთილდღეობის გაზომვის მეთოდიკა, რომელიც ახალი ინდიკატორის -მთლიანი პროგრესის ინდიკატორის (GPI) გამოყენებას მოიაზრებს. GPI ეფუძნება 26 ინდიკატორს და საშუალებას გვაძლევს უკეთ დავაკვირდეთ მდგრადი განვითარების პროცესს.

გარდა აღნიშნულისა, გაერთიანებული ერების განვითარების ფონდი (UNDF) თავის ყოველწლიურ ანგარიშში იყენებს კიდევ ერთ ინდიკატორს - ადამიანის განვითარების ინდექსს (HDI), რომლის მიზანი საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ბედნიერების გაზომვაა.

ზემოთ აღნიშნული ინდიკატორების კვლევა და შედეგების ანალიზი ბევრ საინტერესო და საფიქრალ თემებს აჩენს. ის, თუ რა მაჩვენებლებს ეყრდნობა თითოეული ინდიკატორი და სად ხდება ეკონომიკისა და ბედნიერების სინთეზი, ვრცელი თემაა და დაინტერესების შემთხვევაში, მას შეგიძლიათ, სხვა  ბლოგში გაეცნოთ.