კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენერთა ტრენინგი სკოლებში ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების სწავლებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით „მოქალაქეობის“ საგანში ინტეგრირებულ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე 4-7 მარტს ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ასევე სკოლის დირექტორები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და ინსტრუმენტების მიწოდებას, რათა მათ შეძლონ მასწავლებლებისთვის ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე ეფექტური ტრენინგის ჩატარება.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებს, რომელიც საბაზო საფეხურზე, „მოქალაქეობის“ საგანშია ინტეგრირებული, მათ შორის: ფული, ბაზარი და ფასი, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, პირადი ფინანსების მართვა, საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები, ფინანსური უსაფრთხოება და მომხმარებლის უფლებები. თეორიული საკითხების მიწოდებასთან ერთად ტრენინგი პრაქტიკულ აქტივობებსა და სიმულაციებსაც ითვალისწინებდა. 

ტრენინგზე მიღებული ცოდნა და სწავლების აქტიური მეთოდები მონაწილეებს დაეხმარება ამ საკითხების მასწავლებლებისთვის მარტივად გადაცემაში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ მასწავლებლების მიერ სკოლებში ფინანსური განათლების საკითხების ეფექტიან სწავლებას და მოსწავლეთა ფინანსური პასუხისმგებლობის ამაღლებას.

ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სრული სასწავლო მასალა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2018 წლიდან ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდა 800-ზე მეტი მასწავლებელი.