საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) დამოუკიდებელ ტრენერებსა და ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციებს სათანამშრომლოდ იწვევს და სპეციალურ სასერთიფიკატო ტრენინგპროექტში ჩართვას სთავაზობს. პროექტის მიზანია ქვეყანაში ფინანსური განათლების ინკლუზიურად გავრცელების პროცესის ხელშეწყობა.
რას გთავაზობთ?
შემოთავაზება გულისხმობს დაინტერესებული პირების ჩართვას ტრენინგპროექტში, რომლის შემდეგაც მონაწილეები აღიჭურვებიან შესაბამისი ცოდნით, საგანმანათლებლო მასალით, ინტელექტუალური მხარდაჭერით და ეროვნული ბანკის სპეციალური სერტიფიკატით.
პროექტში მონაწილეობა დაინტერესებული პირებისათვის უფასოა.
როგორ განხორციელდება პროექტი?
პროექტი შედგება ორი ეტაპისგან:
I ეტაპი - 17-18 თებერვალი, ინიციატორი ეროვნული ბანკი
ტრენერები გაივლიან ეროვნული ბანკის/ფინედუს მიერ ორგანიზებულ ორდღიან ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულად თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს, სიმულაციურ ტრენინგებსა და თამაშებს ფინანსური განათლების საკითხებზე. გარდა თეორიული საკითხებისა, ტრენინგზე განხილული იქნება ფინანსური განათლების მიმართულებით ტრენინგ მოდულების შექმნისა და სწავლების მეთოდიკა.
ტრენინგის ფარგლებში დაიფარება შემდეგი ძირითადი თემები ფინანსური განათლების საკითხებიდან:
- ბიუჯეტირება
- დაზოგვა
- სესხები
- გადასახადები
- მომხმარებლის უფლებები
- ფინანსური უსაფრთხოება
II ეტაპი - მარტი-მაისი, ინიციატორი ტრენერი/ტრენინგორგანიზაცია
მომდევნო ეტაპის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს წარმართავს უშუალოდ ტრენერი/ტრენინგორგანიზაცია. ტრენერებმა, დამოუკიდებლად ან რომელიმე ორგანიზაციასთან აფილირებით უნდა ჩაატარონ ტრენინგი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა საკითხებთან დაფარავს ფინანსური განათლების თემებს მათთვის პრიორიტეტულ ნებისმიერ სეგმენტზე (ქალები, მიგრანტები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ზრდასრულები, მოსწავლე-ახალგაზრდობა და ა.შ.) აღნიშნული ტრენინგი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს პირველი ეტაპის დასრულებიდან 3 თვეში, 2024 წლის მაისის ბოლომდე.
ერთი ტრენინგისთვის საჭირო ყველა რესურსს: ტრენინგ მოდულს, დამხმარე მასალებს, მონაწილეებისთვის გადასაცემი სახელმძღვანელოების მიწოდებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი და ფინედუს გუნდი.
ტრენერები დამოუკიდებლად წყვეტენ ჩასატარებელი ტრენინგების რაოდენობას, ამასთან პროექტი მათ მხოლოდ ერთი ტრენინგის ჩატარების ვალდებულებას აკისრებს. ამასთანავე, მათ შეუძლიათ თავიანთ ტრენინგზე მხოლოდ რომელიმე კონკრეტული საკითხი დაფარონ ფინანსური განათლების თემებიდან, მაგ. დაზოგვა, ბიუჯეტირება და ა.შ.. დასაშვებია ტრენინგმოდულების დაინტეგრირება სხვა მიმართულების ტრენინგებთან.
ტრენერები მათ მიერ დაგეგმილი პირველი ტრენინგის შესახებ წინასწარ, მინიმუმ ერთი კვირით ადრე აწვდიან ინფორმაციას ფინედუს საორგანიზაციო ჯგუფს.
როდის და რა შემთხვევაში მოხდება ტრენინგზე ეროვნული ბანკის სპეციალური სერტიფიკატის გაცემა?
პროექტში მონაწილე ტრენი ფინანსური განათლების მიმართულებით ტრენინგ კურსის ჩატარების კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს მიიღებს მხოლოდ მეორე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ ტრენერს, რომელსაც აქვს მინიმალური სატრენინგო გამოცდილება (სავალდებულო არ არის ფინანსური განათლების მიმართულებით) და მომავალშიც გეგმავს ტრენინგების წაყვანას.
ერთი ორგანიზაციიდან რამდენიმე წარმომადგენლის დასწრება შეზღუდული არ არის.
ტრენერს, რომელიც არ არის აფილირებული რომელიმე ორგანიზაციასთან, მოეთხოვება, წარმოადგინოს ტრენერობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან/და გასული წლის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების დამადასტურებელი ცნობა/სერთიფიკატი.
ვისთვის არის საინტერესო პროექტში მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა საინტერესო იქნება:
- დამწყები და გამოცდილი ტრენერებისთვის, რომლებსაც სურთ ფინანსური განათლების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების ამაღლება.
- ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მზა ფინანსური რესურსი ტრენინგების დასაგეგმად და სურთ ტრენერების გადამზადება და მათი აღჭურვა შესაბამისი მზა მოდულოებით.
რას მიიღებს ტრენერი პროექტში მონაწილეობით?
- ფინანსური განათლების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს;
- მზა ტრენინგ მოდულებსა და სატრენინგო მასალებს ფინანსური განათლების საკითხებზე;
- სატრენინგო მასალებს ფინანსურ განათლების თემაზე ტრენერის მიერ დაგეგმილი ერთ ინდივიდუალური ტრენინგის მონაწილეებისთვის;
- სერთიფიკატს, რომელიც დაამოწმებს ტრენერის პრაქტიკულ ცოდნას ფინანსური განათლების საკითხებში.
რას მიიღებს ორგანიზაცია პროექტში საკუთარი ტრენერების ჩართვით?
- სერტიფიცირებულ ტრენერებს ფინანსური განათლების საკითხებში;
- მზა ტრენინგმოდულებსა და სასწავლო მასალებს ფინასური განათლების საკითხებზე.
როგორაა შესაძლებელი პროექტში ჩართვა?
პროექტში მონაწილეების შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ფორმით.