ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც განაცხადი შეიტანა SEPA-ში გაწევრიანების თაობაზე. SEPA-ს გეოგრაფიული არეალი შედგება 36 ევროპული ქვეყნისგან, მათ შორისაა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) 3 ქვეყანა და ევროპის ეკონომიკური ზონის 6 არაწევრი ქვეყანა.
სანამ SEPA-ში საქართველოს გაწევრიანების უპირატესობებზე ვისაუბრებდეთ, უფრო დეტალურად განვიხილოთ, რას ნიშნავს SEPA და როგორ მუშაობს იგი.
რა არის SEPA?
SEPA არის ერთიანი ევრო გადახდების სივრცე, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების შესრულების პროცესის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. SEPA საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, განახორციელონ სხვადასხვა ტიპის უნაღდო გადახდები ევროში.
SEPA-ს სისტემაში გადარიცხვები განხორციელდება უსაფრთხოდ, უფრო იაფად და ეფექტურად (მოკლე დროში), დაახლოებით ისე, როგორც ეს დღეს ლარით გადარიცხვების შემთხვევაში ხდება.
SEPA თავდაპირველად 2008 წელს შეიქმნა საკრედიტო გადარიცხვებისთვის, რასაც მოჰყვა პირდაპირი დებეტები 2009 წელს და 2014 წლისთვის სრულად დაინერგა ევროზონის ქვეყნებისთვის და 2016 წლისთვის არაევროზონის SEPA ქვეყნებში.
როგორ მუშაობს SEPA?
ერთიანი ევრო გადახდის სივრცე საგრძნობლად ამცირებს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ბარიერებს წევრ ქვეყნებს შორის. მომხმარებლებს, ბიზნესს და საჯარო სექტორს კი, შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ შემდეგი სახის ტრანზაქციები:
- საკრედიტო გადარიცხვა (გადამხდელის მიერ ინიციირებული ანგარიშებს შორის გადარიცხვები);
- პირდაპირი დებეტი (ე.წ Direct Debit) (მიმღების მიერ ინიციირებული ანგარიშებს შორის გადარიცხვები);
- მყისიერი საკრედიტო გადარიცხვა (გადამხდელის მიერ ინიციირებული ანგარიშებს შორის გადარიცხვები, რომელიც მაქსიმუმ 10 წამში სრულდება).
საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა მხოლოდ საკრედიტო გადარიცხვებისა და პირდაპირი დებეტის ტრანზაქციების განხორციელების, რომლის შეთავაზება კომერციული ბანკის და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის გადასაწყვეტია. შესაბამისად, უფრო ზუსტად განვმარტოთ კონკრეტულად ამ ორი ტიპის ტრანზაქციის შინაარსი.
რას ნიშნავს საკრედიტო გადარიცხვა?
საკრედიტო გადარიცხვა არის ქვეყნის შიდა ან საერთაშორისო საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც, გადამხდელი აძლევს დავალებას მის მომსახურე პროვაიდერს (მაგ. ბანკს) და ამ დავალების საფუძველზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მასთან არსებული გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან ახორციელებს დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას და გადარიცხვას მიმღების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მიზნით.
განვიხილოთ საკრედიტო გადარიცხვის მაგალითი - მშობლის მიერ თანხის გადარიცხვა თავისი სტუდენტი შვილისთვის. მშობელი თავად აძლევს ბანკს დავალებას თანხის გადარიცხვის თაობაზე, რომელშიც მითითებულია გადარიცხვის რეკვიზიტები. საკრედიტო გადარიცხვის მაგალითია ასევე, იურიდიული პირის მიერ ინვოისის საფუძველზე გადახდის განხორციელება. ამ შემთხვევაშიც თავად იურიდიულ პირს მიაქვს დავალება თანხის გადარიცხვის თაობაზე.
რას ნიშნავს პირდაპირი დებეტი?
პირდაპირი დებეტი არის ქვეყნის შიდა ან საერთაშორისო საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც, მიმღები აძლევს დავალებას თავის მომსახურე პროვაიდერს (მაგ. ბანკს), რომ მან ეს დავალება გადაუგზავნოს გადამხდელის პროვაიდერს. თავის მხრივ, გადამხდელის მომსახურე პროვაიდერი ამოწმებს რამდენად აქვს მიმღებს უფლება მოითხოვოს გადამხდელის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა, აქვს თუ არა გადამხდელს ასეთი ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა გაცემული და სხვა. თუ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ გადამხდელის პროვაიდერი ჩამოჭრის თანხას გადამხდელის ანგარიშიდან და გადაურიცხავს მიმღებს.
განვიხილოთ პირდაპირი დებეტის მაგალითი - ევროპაში ფართოდ გამოიყენება პირდაპირი დებეტი საყოფაცხოვრებო მომსახურების გადახდებისთვის. საყოფაცხოვრებო მომსახურებებით მოსარგებლე პირი (გადამხდელი) აძლევს თანხმობას მის მომსახურე ბანკს (ან მიმღებს), რომ მის ანგარიშზე მიმღებისგან (მაგ. გაზის მომწოდებელი კომპანიისგან) გამოგზავნილი დავალებები შეასრულოს გარკვეული პირობების დაცვით. პირდაპირი დებეტის მომსახურება უზრუნველყოფს დავალიანებების ავტომატურ გადახდებს გადამხდელებისთვის, ხოლო მიმღებისთვის - დავალიანებების თანხის ავტომატურ შეგროვებას.
როგორია ერთიანი ევრო გადახდის სივრცის (SEPA-ს) უპირატესობები?
- SEPA-ს შემოაქვს გადახდის საერთო სტანდარტები, წესები და პრაქტიკა, რომელიც მომხმარებლებს და ბიზნესს უსაფრთხო, კონკურენტული ღირებულების მქონე და მოსახერხებელი გადახდის სერვისებით უზრუნველყოფს ევროში;
- SEPA აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს, ბიზნესსა და საჯარო სექტორს საშუალებას აძლევს, განახორციელოს საკრედიტო გადარიცხვები და პირდაპირი დებეტები ერთი და იმავე ძირითადი პირობებით და ერთი და იმავე უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფებიან ისინი საკუთარი ქვეყნის საზღვრებში თუ მის მიღმა. მაგალითად, SEPA-ში გაწევრიანების შემდეგ, ყოველი ჩვენგანი, როგორც ერთ-ერთი ქართული ფინანსური ინსტიტუტის (ბანკის, პროვაიდერის) მომხმარებელი, ისევე მარტივად გადავრიცხავთ SEPA-ს წევრი ქვეყნის ნებისმიერ ბანკში ევროს, როგორც ამას ვაკეთებთ საქართველოს შიგნით ბანკიდან ბანკში ლარის გადარიცხვისას;
- გადარიცხვები ხორციელდება ქვეყნიდან ქვეყანაში SEPA გადახდის სქემების მიხედვით, რომელიც ევროპის გადახდების საბჭომ (European Payments Council - EPC) შექმნა;
- სწორად SEPA-ს ინსტრუმენტებისა და სქემების ერთგვაროვანი გამოყენება აძლევს საშუალებას გადახდის სერვისების მომხმარებლებს SEPA - ს ზონაში განახორციელონ უნაღდო ტრანზაქციები ევროში, იმავე სახით და იმავე პირობებში როგორც შიდა გადარიცხვების დროს სარგებლობენ, რაც ამ გადახდებს უფრო მოსახერხებელს ხდის (იაფი, მოკლე დროში).
რა შესაძლებლობებს აძლევს SEPA მომხმარებლებს?
- გამოიყენონ საკუთარი ქვეყნის შიგნით გახსნილი საბანკო ანგარიში სხვა ქვეყანაშიც, თუ ორივე ეს ქვეყანა SEPA-ს წევრია;
- სისტემის შიგნით განახორციელონ ევროს გადარიცხვები უფრო იაფად და მოკლე დროში, ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი;
- ბანკების მხრიდან იხსნება ინოვაციური ელექტრონული სერვისების შეთავაზების შესაძლებლობები, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუმარტივებს და გაუიაფებს გადარიცხვებს;
- შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც სწრაფი გზავნილების სერვისების ალტერნატივა, რაც მნიშვნელოვანი იქნება ემიგრანტების ოჯახებისათვის.
რა გავლენა ექნება SEPA-ში გაწევრიანებას ბიზნესსუბიექტებზე (კომპანიებზე)?
- SEPA-ს ინსტრუმენტები და სქემები საშუალებას აძლევს საგადახდო სერვისების მომხმარებლებს, განახორციელონ უნაღდო გადარიცხვები სწრაფი, საიმედო და ეფექტური გზით;
- სტანდარტიზებული SEPA-ს გადახდის სქემები ეხმარება კომპანიებს გადახდების შესრულების ოპტიმიზაციაში, რაც საშუალებას იძლევა, ბიზნესმა ისარგებლოს თავიდან ბოლომდე გადახდების სწრაფი და უწყვეტი დამუშავების ფუნქციით (STP - straight-through processing) .
რა შესაძლებლობები არსებობს საფინანსო სექტორის განვითარებისთვის?
- ბანკებს მომხმარებლებისათვის უკეთესი სერვისის შეთავაზებით შეძლებენ გაზარდონ მომხმარებლების ლოიალობა;
- SEPA იწვევს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას და ზრდის ბაზრის ეფექტურობას;
- გადახდების განხორციელების პირობების ჰარმონიზებით, SEPA შედეგად იძლევა უნიკალურ წესებს, თანაბარ და ღია ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას და თავსებადობას, რაც ხელს უწყობს კონკურენციას. გარდა ამისა, იზრდება ფინანსური ნაკადები ევროკავშირთან;
- ადგილობრივი ბანკები, რომლებიც უკვე ახორციელებენ SEPA სერვისებს SEPA-ს პარტნიორ ბანკებთან ბანკთაშორისი ხელშეკრულებების მეშვეობით, აღარ გადაიხდიან საკომისიოს ამ სერვისებით სარგებლობისთვის SEPA გადახდის სქემებში მათი უშუალო მონაწილეობის გამო. SEPA-ში მონაწილეობის საფასური, სავარაუდოდ მაინც უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მანამდე არსებული გადასახადები.
რა პროცესები განხორციელდა იმისთვის, რომ საქართველოს SEPA-ს წევრობისთვის განაცხადი შეეტანა?
2020 წლის 1 აპრილს EPC-ის საბჭოს მიერ გამოიცა დოკუმენტი, რომელმაც განსაზღვრა SEPA სქემების გეოგრაფიული არეალის გაფართოების კრიტერიუმები. აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, ჩაერთოს ერთიან ევრო გადახდების სქემაში.
აპლიკანტი ქვეყანა აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა მჭიდრო ეკონომიკური და სამართლებრივი კავშირი ევროკავშირთან. საგადახდო სფეროს მარეგულირებელი და საფინანსო სექტორის საზედამხედველო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ევროში ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა და გადარიცხვების მზარდი მოცულობის არსებობა. აგრეთვე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისი კონკურენციისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმების არსებობა..
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში“ (SEPA) საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობის საკითხებზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვა და SEPA-ს გეოგრაფიულ ფარგლებში ჩართვის აპლიკაციისთვის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დოკუმენტის მომზადება.
სამუშაო ჯგუფმა შემჭიდროვებულ ვადაში გაწია დიდი სამუშაო რომ EPC-ს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი აპლიკაციის პაკეტი მომზადებულიყო და გაგზავნილიყო EPC -ში.
განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ რა პროცედურები ექნება გასავლელი ჩვენს ქვეყანას?
SEPA-ში გაწევრიანება ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ქვეყანა უნდა ჩაერთოს SEPA- ს გეოგრაფიულ სივრცეში. აღნიშნულის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი - თითოეულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა (ბანკმა, პროვაიდერმა) განაცხადი უნდა შეიტანოს EPC-ში, SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პარალელურად ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა განახორციელონ ტექნიკური ჩართვა/ინტეგრაცია ევროპულ საგადახდო ინფრასტრუქტურასთან, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება SEPA-ს გეოგრაფიულ სივრცეში განახორციელონ ევროში გადარიცხვები და მიიღონ ჩარიცხვები.