5 რამ ფინანსების შესახებ, რასაც სერიალი „მეგობრები“ გვასწავლის
რეიჩელი, როსი, მონიკა, ჩენდლერი, ჯოი და ფიბი - სერიალის გამოსვლიდან 27 წლის შემდეგაც ახერხებენ ჩვენს გაღიმებას, მიუხედავად იმისა, პირველად ვუყურებთ, თუ მეათედ. მეგობრებისგან პირადი ფინანსების მართვის შესახებაც შეიძლება ვისწავლოთ ბევრი რამ, რაც დღესაც აქტუალურია და რისი ცოდნაც რეალურ ცხოვრებაში დაგვეხმარება.
ნამდვილი დამოუკიდებლობა ფინანსურ დამოუკიდებლობასაც ნიშნავს
ცხოვრების მარტო, დამოუკიდებლად დაწყება, საკუთარი წესებითა და შეხედულებებით ცხოვრება მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ნამდვილი დამოუკიდებლობა ძნელი წარმოსადგენია მაშინ, როდესაც ვინმეზე ფინანსურად დამოკიდებული ხართ.
მას შემდეგ, რაც რეიჩელმა ბარი მიატოვა, მონიკას მეზობლად ცხოვრება და სამსახურის ძებნა დაიწყო, რათა თავისი ცხოვრება თავად ემართა. თუმცა, 12 გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარი თავი ფასდაკლებაზე ჩექმების ყიდვით დაეჯილდოვებინა, რაშიც მამის საკრედიტო ბარათი გამოიყენა.
მეგობრები რეიჩელს მამის საკრედიტო ბარათების გადაჭრისკენ უბიძგებენ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ის, გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი. თანაც, ფულის არასაჭირო ნივთებში ხარჯვა საკრედიტო ბარათიდან მაშინ, როცა შემოსავალიც არ გაქვთ, არც ისე გონივრულია.
თქვენი ხელფასის ნაწილით აფინანსებთ სახელმწიფოს
გახსოვთ ის სერია, როცა რეიჩელი პირველ ხელფასს აიღებს და აღმოაჩენს, რომ მისი ნაწილი FICA-მ (გადასახადი ხელფასიდან აშშ-ში) წაიღო? დიდი ალბათობით, პირველი ხელფასის აღებისას თქვენ ასეთი იმედგაცრუება არ გექნებოდათ, რადგან იფიქრებდით, რომ ზუსტად იმდენ ხელფასს იღებთ, რამდენიც გაქვთ. სინამდვილეში, თქვენი ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადს თქვენი დამსაქმებელი იხდის. ანუ, თუ ხელზე მაგალითად, 1000 ლარს იღებთ, რეალურად, თქვენი ხელფასი 1000 კი არა, 1250 ლარია, რომლის 20%-იც, გადასახადის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის და შემდეგ ამ ფულით სხვადასხვა პროექტი ფინანსდება, რომელთაც შეიძლება ეთანხმებოდეთ, ან არ ეთანხმებოდეთ.
მართალია, გადასახადების არსებობას ვერ შევცვლით, მაგრამ იმის გააზრება, რომ ჩვენი ფულით რაღაცები ფინანსდება, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.
არ მოგერიდოთ თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე მეგობრებთან საუბარი
შეიძლება თქვენს ფინანსებზე სხვებთან საუბარი უხერხულად გეჩვენებოდეთ, თუმცა, თუ მეგობრებს ყველა ძვირიან წამოწყებაში აჰყევით იმ დროს, როცა ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე უარყოფითად იმოქმედებს. თუ მეგობრებთან გულწრფელი იქნებით და ეტყვით, რომ ზოგჯერ შესაძლოა რაღაცებს ფინანსურად ვერ წვდებით, ნამდვილად გაგიგებენ. შეგიძლიათ ერთად მოიფიქროთ ალტერნატიული გზები, რომლებიც თანხას დაგაზოგინებთ და ერთად დროის გატარებაზე უარის თქმაც არ მოგიწევთ.
მეგობრებსაც მოუწიათ ფინანსების თემაზე საუბარი, მაშინ როდესაც საქმე ვახშმის შემდეგ ანგარიშის გაყოფას ეხებოდა. რეიჩელს, ფიბისა და ჯოის მონიკასთან, როსსა და ჩენდლერთან შედარებით შეზღუდული ფინანსები ჰქონდათ, ამიტომ თავისი ბიუჯეტის შესაბამისად უკვეთავდნენ, მაგრამ შემდეგ ანგარიშის თანაბრად გაყოფა მათ არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებდა და რათქმაუნდა ერჩივნათ, თავიანთი შეკვეთის მიხედვით გადაეხადათ. ეს საუბარი შეიძლება უხერხული, თუმცა ნამდვილად საჭირო იყო, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მონიკას, როსსა და ჩენდლერს აქამდე არც კი ეფიქრათ თავისი მეგობრების ფინანსურ შესაძლებლობებზე.
გონივრულად ხარჯვა ყოველთვის მნიშვნელოვანია
შემოსავლის ზრდასთან ერთად ჩვენი ხარჯებიც ისე იზრდება, ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, რაში იხარჯება ჩვენი ფული. საჭიროებებისა და სურვილების გამიჯვნა, ხარჯების კონტროლი და „შავი დღისთვის“ თანხის დაზოგვა მნიშვნელოვანია, რათა არ შევიძინოთ ისეთი ნივთები, რაც სინამდვილეში არ გვჭირდება და რაც ჩვენს ბიუჯეტს აზარალებს, დანაზოგი კი გვეხმარება ფინანსურად მზად შევხვდეთ გაუთვალისწინებელ მოვლენებს.
როდესაც ჯოი თავის სერიალში წარმატებას აღწევს, ჩენდლერის ბინიდან გადადის, ახალ ბინას ქირაობს და უამრავ არასაჭირო, ძვირიან ნივთს ყიდულობს. შედეგად, საკრედიტო ბარათზე ვალდებულებები უგროვდება და მას შემდეგ, რაც სცენარისტების გაბრაზების გამო სერიალში მის გმირს მოკლავენ, ჯოი სამსახურის, შემოსავლისა და დანაზოგის გარეშე რჩება. ვალდებულებების გასტუმრებისთვის კი ყველაფრის გაყიდვა და ბინის დაცლა უწევს.
გაუფრთხილდით თქვენს ბარათს და საბანკო ინფორმაციას
გახსოვთ ის სერია, როცა მონიკა თავისი საკრედიტო ბარათის ამონაწერში უჩვეულო ტრანზაქციებს აღმოაჩენს, რადგან მისი საკრედიტო ბარათით სხვა სარგებლობს? თაღლითები სხვადასხვა გზებით ცდილობენ ჩვენი ბარათისა და სხვა საბანკო ინფორმაციის მოტყუებით მოპოვებას, რითიც შემდეგ ჩვენი თანხების მითვისება შეუძლიათ. დამნაშავის იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია და მას მონიკასავით ცეკვის გაკვეთილებზე ვერ გაჰყვებით. ამიტომ, ყოველთვის ყურადღებით მოეპყარით ნებისმიერ შეტყობინებასა თუ ზარს, რომელიც თქვენი ბარათის ან ინტერნეტბანკის მონაცემების გამჟღავნებას ითხოვს. არასდროს გადახვიდეთ ასეთ შეტყობინებაში მოცემულ ბმულებზე და არ გაუზიაროთ ბარათის ნომერი, უსაფრთხოების კოდი, ტრანზაქციის დამადასტურებელი ერთჯერადი კოდი (OTP), ინტერნეტბანკის სახელი და პაროლი არავის. ასევე, SMS მომსახურების გამოყენებით შეგიძლიათ მომენტალურად შეიტყოთ თქვენს ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ და თუ რომელიმე თქვენ არ გეკუთვნით, მაშინვე დაბლოკოთ ბარათი.