კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გლობალური ფულის კვირეული 2023 - ვიდეოების კონკურსი

1. კონკურსის იდეა და მიზანი

გლობალური ფულის კვირეული (შემდგომში - „კვირეული") მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

ზემოაღნიშნული კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ"), შესაბამის პარტნიორებთან ერთად, წელს მეცხრედ შეუერთდება. 

მიმდინარე წელს კვირეული 20-დან 26 მარტის ჩათვლით აღინიშნება. წლევანდელი კვირეულის თემატიკა, ფულის გარდა, უკავშირდება მდგრად განვითარებას, ეკოლოგიასა და საზოგადოებაზე ზრუნვას და მისი დევიზია - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი" („Plan your money, plant your future")

2023 წლის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი და „ფინედუ", სსიპ „საპენსიო სააგენტოს",  სს „საქართველოს ბანკის", სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის", სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობითა და მხარდაჭერით აცხადებს ვიდეოების კონკურს სახელწოდებით „ჩემი ფული", რომლის მიზნებია:

  1. ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესება, ფულის ისტორიის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისება;
  2. საერთაშორისო პლატფორმებზე განსათავსებელი სპეციალური ინგლისურენოვანი ვიდეორგოლის მონაწილე კანდიდატ(ებ)ის შერჩევა. ვიდეორგოლის ძირითადი თემატიკა იქნება ქართული ფული და მისი ისტორია და განკუთვნილი იქნება უცხოელი მაყურებლისათვის.

2. კონკურსის ზოგადი პირობები

2.1 კონკურსის სახელწოდება: „ჩემი ფული";

2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 11 მარტი, 2023 წელი; 

2.3 კონკურსი დასრულდება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2023 წლის 25 მარტს;

2.4 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კერძო ან საჯარო სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს,  რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს ნამუშევარს დადგენილ ვადებში;

2.5 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი საკუთრების უფლებას გადასცემს „ფინედუს". მიღებული ვიდეოები გამოქვეყნდება „ფინედუს" ვებ-გვერდსა და და მის სოციალურ ქსელებში, მათ შორის „Facebook-ის", „Instagram-ის", „Linkedin-ის" გვერდებსა და „Youtube-ის" არხზე ავტორის შესაბამისი მითითებით. ვიდეოს ვებ-გვერდიდან წაშლა მხოლოდ „ფინედუს" გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს. ვიდეოები ისევე, როგორც ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სხვა მასალა, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

3. მოთხოვნები საკონკურსო ნამუშევრებთან დაკავშირებით

3.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტს ევალება, შექმნას საკონკურსო ნამუშევარი ვიდეოს („Vlog") (შემდგომში - „ვიდეო") სახით, რომელშიც კონკურსანტი თავად ისაუბრებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ან რამდენიმე თემაზე:

  • პირველი ქართული ფული;
  • ქართული ფულის ევოლუცია;
  • თანამედროვე ქართული ფული;
  • ქართული ბანკნოტები;
  • ქართული მონეტები;
  • ფულის მართვა, დაგეგმვა, ბიუჯეტირება.

3.2 წარმოდგენილი ვიდეოს ქრონომეტრაჟი (ქვემოთ მოცემული ორივე ნაწილი ერთად) არ უნდა აღემატებოდეს 120 (ას ოც) წამს;

3.3 ვიდეო უნდა იყოს ორენოვანი ანუ ორნაწილიანი, რომლის პირველი ნაწილი უნდა იყოს ქართულ, ხოლო მეორე - ინგლისურ ენაზე;

3.4 ვიდეო უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისათვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან პროფესიული სეგმენტისათვის, ასევე, იგი ხელს უწყობდეს ქართული ფულის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას;

3.5 ვიდეო შემუშავებული უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში;

3.6 ვიდეო არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;

3.7 კონკურსანტმა ან მისი სახელით ნებისმიერმა პირმა „ვიდეო" „ფინედუს" „Facebook-ის" გვერდზე (www.facebook.com/finedu.gov.ge) გამოქვეყნებული ამ კონკურსის სპეციალური პოსტის (იხ. ბმული) კომენტარად უნდა ატვირთოს და მიუთითოს კონკურსანტის სახელი, გვარი და ასაკი; 

3.8 ვიდეოს გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. ამ შემთხვევაში წერილის სათაურად უნდა მიუთითოს „ვიდეოების კონკურსი", ხოლო წერილის შინაარსში - კონკურსანტის სახელი, გვარი და ასაკი. ასეთ შემთხვევაში „ფინედუს" შესაბამისი წარმომადგენელი მიღებულ ვიდეოს კონკურსანტის სახელით თავად ატვირთავს „ფინედუს" „ფეისბუქ" გვერდზე ამ კონკურსის სპეციალური პოსტის კომენტარის სახით;

3.9 „ფინედუ" იტოვებს უფლებას, არ მიიღოს და წაშალოს კომენტარებიდან ისეთი ვიდეოები, რომლებიც არღვევს კონკურსის პირობებს.

 

4. კონკურსის ჩატარების ეტაპები

4.1 საკონკურსო ვიდეოს წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 19 მარტი; 

4.2 საკონკურსო ნამუშევრების განხილვა და 10 გამარჯვებული ვიდეოს გამოვლენა მოხდება 2023 წლის 25 მარტს;

  • 5 გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის მიერ;
  • 5 გამარჯვებული კი გამოვლინდება კომენტარებზე რეაქციების მიხედვით, რომელიც დაითვლება 24 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომლის დაფიქსირებაც შესაძლებელია „Facebook" პოსტზე;
  • თუ ჟიურისა და მომხმარებლის რჩეულ(ებ)ი ერთმანეთს დაემთხვევა, ჟიური გამოავლენს დამატებით გამაჯვებულ(ებ)ს - ჯამურად იქნება 10 გამარჯვებული

 

5. კონკურსის ჟიური

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება 5 ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან:

  • საქართველოს ეროვნული ბანკი,
  • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი",
  • სსიპ საპენსიო სააგენტო,
  • სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  • შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 

6. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები

6.1 საკონკურსო ნამუშევარს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
  • გადმოცემის ორიგინალური სტილი;
  • საინტერესო ინფორმაცია;
  • მეტყველება.

6.2 საერთაშორისო პლატფორმებზე განსათავსებელი სპეციალური ინგლისურენოვანი ვიდეორგოლის მონაწილეების შერჩევისთვის გათვალისწინებული იქნება საკონკურსო ვიდეოების ინგლისურ ენოვანი ნაწილი.

 

7. კონკურსის პრიზები

7.1 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 10 გამარჯვებული - 5 ჟიურის და 5 მომხმარებლის რჩეული.

7.2 გამარჯვებულები მიიღებენ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს:

  • წიგნი-ალბომი „ფული საქართველოში";
  • ჰუდი ფინედუსა და გლობალური ფულის კვირეულის სიმბოლიკით;
  • საგანმანათლებლო ბროშურები „მოგზაურობა ფულის სამყაროში" და „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო";
  • სერტიფიკატი.

7.3 „ფინედუ" კონკურსანტებიდან შეარჩევს 13-დან 17 წლამდე ასაკის ერთ ან რამდენიმე მოსწავლეს და შესთავაზებს ამ კონკურსის პირველ მუხლში მითითებულ საერთაშორისო პლატფორმებზე განსათავსებელი სპეციალური ინგლისურენოვან ვიდეორგოლში მონაწილეობას. „ფინედუ" იტოვებს უფლებას, შერჩეული მოსწავლეებიდან გადაღებაში მონაწილეობაზე უარის თქმის ან სხვა მიზეზებით მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში გადაღებები შესთავაზოს სხვა პირ(ებ)ს.

 

8. საკონტაქტო ინფორმაცია 

 

9. სასარგებლო ინფორმაცია:

ინფორმაცია ქართული ფულის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე: https://nbg.gov.ge/georgian-money 

ამას გარდა, საინტერესო ფაქტები  ქართული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ შეგიძლიათ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ვებ-გვერდზე მოიძიოთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=2