კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ვიღაც იმიტომ ზის დღეს ჩრდილში, რომ ხე დიდი ხნის წინ დარგო

ვიღაც იმიტომ ზის დღეს ჩრდილში, რომ ხე დიდი ხნის წინ დარგო

3873
4.7 / 5

ვიღაც იმიტომ ზის დღეს ჩრდილში, რომ ხე დიდი ხნის წინ დარგო“

უორენ ბაფეტი

რაზე ვსაუბრობთ, როცა ფულზე ვსაუბრობთ ხოლმე? ანდაც, უფრო სწორი იქნებოდა გვეკითხა - რატომ არ ვლაპარაკობთ დანაზოგებზე, როდესაც ვლაპარაკობთ ფულზე? 

ადამიანები ყოველთვის ალტერნატივების წინაშე დგანან, ეს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. ჩვენ ყოველთვის გვსურს ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომელიც მომავალში ჩვენთვის საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება. სწორედ  ასეთი ალტერნატივაა - ჩვენ მფლობელობაში არსებული თანხა დავზოგოთ, თუ დავხარჯოთ. ამ ორს შორის არჩევანს კიდევ უფრო ართულებს ჩვენ საძიებო სისტემების მონაცემებს მორგებული რეკლამები, რომლებიც გვიბიძგებენ იმპულსური და სპონტანური გადაწყვეტილების მიღებისკენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დაზოგვის ბენეფიტების კარგად გაცნობიერება, რათა მსგავსს მარკეტინგულ ხრიკებს მარტივად არ წამოვეგოთ და ჩვენთვის საზიანო გადაწყვეტილება არ მივიღოთ.

დაზოგვა ერთ-ერთი რთულად გამოსამუშავებელი ჩვევაა, რომელსაც ზუსტად ისეთივე ძალისხმევით უნდა მივუდგეთ, როგორც რაიმე პრაქტიკული უნარის განვითარებას.

და მაინც, რატომ არის საჭირო დაზოგვის ჩვევის გამომუშავება?

ალბათ, ყველას გვაქვს ისეთი ოცნებები, რომელთა განხორციელებაც დიდ ხარჯებს მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს საოცნებო უნივერსიტეტში ჩაბარება, ან საყვარელი ქვეყნის სტუმრობა, დანაზოგების არსებობა კი ხელს შეგვიწყობს ამ ოცნებების რეალობად ქცევაში. გარდა ამისა, დანაზოგები ფინანსური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია, რადგან შენ თავად აკონტროლებ, როგორ განკარგავ დაზოგილ თანხას - ანაბარზე შეიტან, თუ ინვესტიციას განახორციელებ.

დანაზოგების არსებობის კიდევ ერთი დადებითი მხარე უზრუნველყოფილი სიბერეა. თუ შენთვის რთული წარმოსადგენია პენსიაზე გასვლის შემდეგ მხოლოდ  ერთადერთი შემოსავლის წყაროს ქონა, მაშინ ახლა მშვენიერი დროა სიბერის უზრუნველყოფაზე დასაფიქრებლად. ზემოთ გამოყენებული ეპიგრაფიც, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორს ეკუთვნის, სწორედ მსგავს სიტუაციას ეხმიანება.

ცხოვრებაში ხშირად ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება - ყოველდღიური რისკებისგან დაცული არავინ არის. ეს რისკები შეიძლება ისეთი ცვლილებით იყოს გამოწვეული, როგორიცაა: მოულოდნელად სამსახურის დაკარგვა, ავად გახდომა, ეკონომიკური კრიზისი და სხვა. სწორედ ამიტომ, გაურკვევლობებისა და რისკებისგან თავის დასაცავად დანაზოგების არსებობა საუკეთესო საშუალებაა. ის ერთგვარი დაზღვევის როლს თამაშობს მოულოდნელ და კრიტიკულ სიტუაციებში. გარდა პირადი ბენეფიტებისა, დანაზოგების შექმნით მონაწილეობას ვიღებთ ქვეყნის ეკონომიკაში და მეტიც, მათი საშუალებით სერიოზული გავლენაც შეგვიძლია მოვახდინოთ ეკონომიკურ ზრდაზე. რაც უფრო მაღალია დანაზოგების მაჩვენებელი, მით უფრო „ჯანმრთელია“ ქვეყნის ეკონომიკა - უფრო მარტივად უმკლავდება ეკონომიკურ შოკებს. ასევე დანაზოგის მაღალი მაჩვენებელი ზრდის ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტორებისთვის. საბოლოო ჯამში, ინვესტიციების ზრდა მშპ-ს ზრდას ასტიმულირებს.

ახლა, როცა ვუპასუხეთ კითხვას, რატომ უნდა დავზოგოთ ფული, ჩნდება შემდეგი კითხვა - როგორ?

როცა საქმე დანაზოგებს ეხება ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი სურვილებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, რათა თავიდან ავიცილოთ იმპულსური ხარჯვა და მომხმარებლის სინანული (Consumer Remorse). იმისთვის, რომ იმპულსურ სურვილებს მარტივად არ დავნებდეთ, საჭიროა საკუთარ პრიორიტეტებში გარკვევა. როცა რაიმეს ყიდვას დააპირებ, რამდენიმე დღე მიეცი საკუთარ თავს დასაფიქრებლად - გჭირდება თუ არა ის. ხშირ შემთხვევაში მალევე იგრძნობ, რომ ამ ნივთის ყიდვა სულაც არ წარმოადგენდა საჭიროებას და კარგად მოიქეცი ფულის დაზოგვა რომ გადაწყვიტე. გახსოვდეთ, ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპი გვეუბნება: "ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის" - ნივთის შეძენისას მის ალტერნატიულ დანახარჯებზეც თუ დავფიქრდებით, ჩვენ სასიკეთო გადაწყვეტილებასაც უფრო მარტივად მივიღებთ.

ვინაიდან დანაზოგების შექმნა ხშირად რთულ პროცესად წარმოგვიდგენია, მსგავსი ფიქრების დასაძლევად შეგვიძლია ფსიქოლოგიურ ხრიკს მივმართოთ - თუ საკუთარ თავს დავარწმუნებთ, რომ იმაზე ნაკლები თანხის მფლობელები ვართ, ვიდრე რეალურად გამოვიმუშავებთ, მაშინ დანაზოგის შექმნასაც მოვახერხებთ და, შესაბამისად, არასასურველ ხარჯვასაც ავარიდებთ თავს. ამისთვის კი საჭიროა ყოველთვიურ დანახარჯებზე გადახედვა და პრიორიტეტების განსაზღვრა, რაც მომავალი თვის ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვაშიც ხელს შეგვიწყობს.

იმპულსური ხარჯვისგან თავის არიდების კარგი საშუალებაა თანხის დეპოზიტზე განთავსება, რაც ფულის დაზოგვაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ. როდესაც ფულს ანაბარზე განვათსავსებთ, ის ჩვენთვის მარტივად ხელმისაწვდომი აღარაა, შესაბამისად, მომენტალური ხარჯვის სურვილიც ქრება. დეპოზიტზე ფულის განთავსების კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მასზე დარიცხული სარგებლის განაკვეთის საშუალებით კიდევ უფრო შესაძლებელია არსებული თანხის გაზრდა. გარდა ამისა, თანხის ანაბარზე განთავსება დაბალი რისკის შემცველია - ყოველთვის შესაძლებელია საკუთარი თანხის უკან გამოთხოვნა.

საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ დანაზოგებს თითოეული ადამიანის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე პეპლის ეფექტის მოხდენა შეუძლია - მცირე დანაზოგი დღეს, შეიძლება დიდ ინვესტიციად იქცეს მომავალში. ასე რომ, დავზოგოთ არა უბრალოდ დაზოგვისთვის, არამედ მომავლის უზრუნველყოფისთვის.