კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

უცხო ქვეყანაში სიცოცხლის გადასარჩენად

უცხო ქვეყანაში სიცოცხლის გადასარჩენად

70
0 / 5

ვწევარ საწოლზე, ხელებში ორ ფერად ნახატს ვატრიალებ და დავჩერებივარ. პატარა ხელებით დახატული ნახატებია თავისი წარწერებით. ერთს აწერია - „გიო, 2 წლის“, მეორეს შედარებით ვრცელი წარწერა აქვს - „დედა, ძალიან მომენატრე. ანიტა, 4 წლის“. ორივეგან ქალისა და ბავშვის გამოსახულებაა, ხელჩაკიდებული. დღეს მომივიდა, ფოსტით. შვილის სუნიანი ნახატებია, თბილსუნიანი, მშობლიური სახლის სუნიანი, სამშობლოს სუნიანი... ვწევარ საწოლზე, თვალებს ვხუჭავ და აჰა, ეს სურნელები უფრო და უფრო მოიწევენ ჩემკენ, მერე სახეზე ორი თბილი, პატარა ხელი მეხება და ვგრძნობ, როგორ მივლის ჟრუანტელი მთელს სხეულში, როგორ მეღვრება სიმშვიდე გულში, როგორ ნისლივით ედება ჩემს გონებას შვება... „აქ არიან, შენთან არიან, დამშვიდდი!“, – გამუდმებით მიმეორებს გონების ერთი ნაწილი და აჰა, უნდა დავუჯერო კიდეც, რომ:

– მირაჟია! მირაჟია! მირაჟი! – გაჰკივის გონების მეორე ნაწილი და რეალობაში მაბრუნებს. რეალობაში, სადაც ყველაფერი იმაზე მეტად რთული და მტკივნეულია, ვიდრე მისი აღწერაა შესაძლებელი. ასეთ სირთულეებში გავიდა ოთხი წელი...

ჩემთვის მუდმივი უცხოობისა და მონატრების მთელი საუკუნე... ყველაფერი კი, სწორედ ამ ბოლო ოთხი წლის წინ დაიწყო...

მიზეზი ავადმყოფობაა, მწვავე მიელომონოციტური ლეიკემია. 2020 წელი და პანდემია...

ვერაგ დაავადებასთან ბრძოლა არ ყოფილა მარტივი, მით უფრო, რომ ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. ცდილობ ოჯახს არ მოწყდე და შენს ქვეყანაში „უშველო თავს“... ყიდი, იღებ სესხს, გამოგაქვს ანაბარი, გეხმარება ოჯახი, ახლობლები, ნათესავები, გეხმარებიან უბრალოდ კეთილი ადამიანები, მაგრამ არასაკმარისია, უფრო სწორად – არასდროსაა საკმარისი, რადგან პროცესი არ არის ხანმოკლე. ვერავინ გეუბნება, როდის, როდის დასრულდება ეს ტანჯვა ფიზიკური, როდის დასრულდება ტანჯვა მორალური, როდის აღარ იფიქრებ: „რამდენი თანხა მჭირდება, რომ ოდესმე დავუბრუნდე საკუთარ შვილებს, ჩემს საქმეს, ჩემს ოჯახს და ვიცხოვრო მშვიდად“... ვერავინ გეუბნება და შესაბამისად, შენც ვერასდროს მშვიდდები...

ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ გადარჩენისთვის გჭირდება ძვლის ტვინის გადანერგვა, სამედიცინო ენაზე – ტრანსპლანტაცია, რომლის გაკეთებაც თურმე შენს ქვეყანაში შეუძლებელია. არადა, იმდენი თანხა არ გაქვს ევროპაში ან სხვა რომელიმე კონტინენტზე საკუთარი სახსრებით იმკურნალო. სულ რომ ყველაფერი გაყიდო, სულ რომ ხიდის ქვეშ დაიწყო ცხოვრება შენს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მაგ თანხას მაინც ვერასდროს მოაგროვებ. იცი ეს, იცი და დგება დღე, როდესაც თვალს უსწორებ ექიმის რჩევას:

– წადი სხვა ქვეყანაში, წადი, რომ გადარჩე!

და ეს „წადი“ გკლავს, გშლის, თავიდან ბოლომდე გარღვევს... როგორ უნდა წახვიდე, ახლა, როცა შენი შვილები ენას იდგამენ? ახლა, როცა შენს შვილებთან ერთად ბედნიერად ცხოვრებას გეგმავდი? ახლა, როცა შენს პატარებს ყველაზე მეტად სჭირდები? ახლა, როცა შენს გარდა ვერავინ შეძლებს მათ მოვლას? ახლა, როცა საერთოდ არ ელოდი ამ სენს, რომელსაც უკვე 4 თვეა საავადმყოფოში ქიმიიდან ქიმიამდე ებრძვი... მერე იწყებ ფიქრს: „იქნებ სესხი? იქნებ ვინმეს სთხოვო დახმარება? იქნებ... იქნებ...“ მაგრამ ხვდები, რომ აზრი არ აქვს, გამოსავალი მხოლოდ ემიგრანტობაა, იმისთვის, რომ შენს ორ მცირეწლოვან შვილს, შეუნარჩუნო სახლი, ჭერი, ცოტა უზრუნველყოფილი ცხოვრება და დედა! კი, დედა, რომელიც ყველას სჭირდება...

ჰოდა, მიდიხარ... ალაგებ ბარგს, ირგებ პარიკს, ყელში მობჯენილ ბურთს ყლაპავ, ცრემლებს წამოსვლის უფლებას არ აძლევ, იხუტებ მაგრად... ჰპირდები, რომ დაბრუნდები და მიდიხარ...

ჰო, მიდიხარ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. შინ კი, საქართველოში, ტოვებ პატარა შვილებს. იმდენად პატარებს, რომ არც კი იცი, უკან დაბრუნებისას ემახსოვრები თუ არა ისეთი, როგორიც ხარ? ან ... დაბრუნდები კი უკან?

ათასი ცუდი ფიქრი გიტრიალებს თავში ადამიანს ამ დროს.

ასე წავედი… წავედი და ფიზიკურად დავტოვე შვილები, თუმცა ჩემი გული, სული  და ფიქრები მათთან დავტოვე. წასვლისას დიდხანს ვუყურე და მათი მზერა და სითბო გამოვიყოლე. ახლაც, ოთხი წელია მათი თვალებით ვხედავ სამყაროს, გამუდმებით მათი სახე მიდგას თვალწინ და ყურში მათი ტიტინი ჩამესმის...

ურთულესი გზაა ემიგრაციის გზა და ურთულესია ემიგრანტის ცხოვრება. მუდმივი უცხოობისა და მუდმივი მონატრების რეჟიმია... და უფრო მეტად რთულია, როდესაც ამ გზაზე სრულიად მარტო დგახარ...

ოთხი ურთულესი წელი გავიდა ასე, ლეიკემიასთან და მარტოობასთან ბრძოლაში... თავიდან დაწყებული მკურნალობის კურსი, ისევ სისუსტე, ისევ მედიკამენტები, ქიმიო–თერაპიის რთული კურსი და მოლოდინის რეჟიმი – დააფინანსებს თუ არა უცხო ქვეყანა ჩემს ტრანსპლანტაციას... და თუ არა, მაშინ რა უნდა ვქნა? მომიძებნის კი ეს ქვეყანა ღეროვანი უჯრედების დონორს, რომელიც ჩემი გადარჩენისთვის საჭიროა?

ველოდე, ვიწვალე, ვისწავლე, ვიტირე, ვიფიქრე; უმწეობისგან, ბრძოლისგან, მარტოობისგან, მონატრებისგან მოვკვდი და თავიდან დავიბადე... კი, მე ნამდვილად თავიდან დავიბადე, მაშინ, როცა პალატაში ჩემი ექიმი შემოვიდა გახარებული

მზერით და მითხრა, რომ ტრანსპლანტაცია დაფინანსდა. არასდროს დამავიწყდება ემოციისგან გამოწვეული ჩემი ცრემლები და ექთნის დაბნეული სახე, რომელიც გულში მიკრავდა და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ერთი თვის შემდეგ უცხო ქვეყანამ დონორი მომიძებნა... და მე კიდევ ერთხელ დავიბადე უცხო ქვეყანაში, უცხო ადგილზე, უცხო ადამიანის ღეროვანი უჯრედებით... გავიარე შვიდი ურთულესი თვე, საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში, სადაც არავისი შემოსვლა შეიძლებოდა... სტერილურ გარემოში, დღეში რამდენიმე წუთით მოვკრავდი თვალს ექთანს, დღეები კი სიმარტოვეში, ჩემს ფიქრებთან, ზოგჯერ – სასოწარკვეთასთან, ზოგჯერ – იმედთან ერთად გადიოდა... შვილები? შვილებს ძალიან მცირე ხნით ვურეკავდი, რადგან ფინანსური შემოსავალი არ მქონდა, ინტერნეტი კი, რომელიც უნდა მეყიდა, ძვირი ჯდებოდა და საქართველოში დარჩენილი ჩემი ოჯახისთვის თხოვნა მერიდებოდა... ჰოდა, ძლივს ნაყიდ მეგაბაიტებს თვიდან თვემდე რაღაცნაირად ვიზოგავდი...

ახლა? ახლა რეაბილიტაციას გავდივარ... ახლა მნიშვნელოვანია ჩემი ორგანიზმი პერიოდულად შემოწმდეს ყველაფერზე, რათა დაავადება არ დაბრუნდეს... ახლა ვზივარ თეთრად შეღებილ უცხო სახლში, რომელსაც მეოთხე წელია „ჩემსას“ ვეძახი და ახლა ვფიქრობ იმაზე, რა იქნებოდა ჩემს სამშობლოში რომ შემძლებოდა ამ

მკურნალობის კურსის გავლა... ან მქონოდა იმდენი ფინანსური შესაძლებლობა, რომ დამოკიდებული არ ვყოფილიყავი უცხო ქვეყნის დაფინანსებაზე...

ახლა? ახლა არ შემიძლია ვიმუშაო, რადგან ჯერ არ მოვძლიერებულვარ; ახლა არ შემიძლია ქუჩაში პირბადის გარეშე ვიარო, რადგან ჩემი ორგანიზმი ჯერ კიდევ სუსტია; ახლა არ შემიძლია ჩემს შვილებს გავყვე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთის, სასკოლო ნივთების საყიდლად, რადგან შორს ვარ, შემოსავლის გარეშე... ახლა ვწერ ამას, რადგან მინდა ყველამ იცოდეს, რომ ადამიანები ემიგრაციას არ ირჩევენ მხოლოდ ფინანსური შემოსავლებისთვის... ადამიანები ემიგრაციაში არ მიდიან

საკუთარი სურვილით... ადამიანები ემიგრაციაში არ არიან კომფორტულად, უბრძოლველად, ფუფუნებაში... არამედ, ადამიანებს ემიგრაცია სჭირდებათ გადარჩენისთვის!

... ვწევარ საწოლზე, ხელში ფერადი საღებავებით მოხატულ ორ ნახატს ვატრიალებ... ნახატებს, რომლებსაც შვილის სუნი აქვთ... ნახატებს, რომლებსაც დედის მონატრების სუნიც აქვთ... პატარა ხელების, ტვინების, გულების ნამუშევრებს ვატრიალებ და ვიცი, რომ ამაღამ ამ ნახატებთან ერთად დამეძინება; ამაღამ მათ ვნახავ სიზმარში; მათ ხელებს ვიგრძნობ სახეზე; შუაღამისას საბანს გადავაფარებ, რომ არ გამიცივდნენ; დილით კი, მათ სუნთქვას მოვუსმენ... მერე გამეღვიძება და რთულ რეალობაში დავბრუნდები, მაგრამ ხვალაც ეს ნახატები დამეხმარებიან ფეხზე წამოდგომაში, ძალას მომცემენ, რომ სიცოცხლისთვის ვიბრძოლო და თავს შემოვუძახო: „მიდი ეკა, უნდა შეძლო, ანიტასთვის! უნდა შეძლო გიორგისთვის...“

ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში