კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

თუ არ დაიწყე, არ გამოგივა!

თუ არ დაიწყე, არ გამოგივა!

2089
4.5 / 5

გამარჯობა,

მე ლანა ვარ და ჩემს გარდა ოჯახში სამი ბავშვია. 

დღეს ბაზრობაზე გავიარე და ვნახე, როგორ ფუსფუსებდნენ მშობლები თავიანთ ბავშვებთან ერთად სასკოლოდ და მეც გამახსენდა, როგორ მივყავდით დედას და ბებოს ყოველი სექტემბრისთვის მე და ჩემი და-ძმები საყიდლებზე. შემოგვარონიებდნენ მთელ ბაზრობას, ბებიაჩემი კითხვაზე: -როგორი გინდათ? ამბობდა "იაფიანი და კაი", რომელიც ვრცელდებოდა ყველაფერზე, რაც უნდა გვეყიდა. 

სწორედ ამ ფრაზით ვანაწილებდით მცირე თანხას ოთხი, სხვადასხვა ასაკის მოზარდის ჩაცმა-აღჭურვაზე. თანხა ბევრი არ გვქონდა, ნივთები ძალიან ბევრი გვჭირდებოდა, მარტივი გათვლები არ ამართლებდა, საჭირი იყო თანხის დაგროვება.

დაიწყო სკოლა. დილაობით, როცა საშუალება ჰქონდათ, ხურდა ფულებს გვაძლევდნენ მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დახარჯვა ძალიან მინდოდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამ ერთხელ დახარჯე და მერე დაამატე თქო, მაინც ვცდილობდი უცებ მივსულვიყავი და თვალდახუჭულს ჩამეყარა რკინის ფულები  ყულაბაში, რომელიც საკუთარი ხელით გავაკეთე მინის ქილისგან და რკინის სახურავისგან. 

ასე ვამატებდი კვირაში რამდენჯერმე 

ვამატებდი საკუთარ გამომუშავებულ ფულს, რომელსაც მეზობლები მაძლევდნენ მაღაზიაში გაგზავნისას, ვამატებდი დაბადების დღეზე ნაჩუქარ ფულებს, მერე ბედნიერი ვუყურებდი, როგორ ივსებოდა ქილა, და ერთი სული მქონდა დამეთვალა, რამდენი იყო და რას ვიყიდდი. თუმცა, ერთ დღესაც ჩემს ოჯახს ძალიან დასჭირდა თანხა. გავტეხე ჩემი დანაზოგი, ბევრი ათთეთრიანით, ცოტა ლარიანით და რამდენიმე ქაღალდის ფულით სავსე პატარა ყუთი მივაწოდე დედას. არასოდეს დამავიწყდება მისი  სიხარულით და სიამაყით სავსე ცრემლიანი თვალები. არც ის ფრაზა დამავიწყდება, დედამ რომ მითხრა, ამას კიდევ დავამატებ და ისე დაგიბრუნებო. მართალია, ეს არც მიფიქრია, მაგრამ სადღაც იმედის ნაპერწკლად მაინც გამიელვებდა გონებაში რომ, როცა საშუალება ექნებოდათ, უკან დამიბრუნებდნენ.

რა თქმა უნდა, დედამ სიტყვა შეასრულა.

დამთავრდა თორმეტწლიანი ურთიერთობა სკოლასთან, ახლა უკვე მერამდენე წელია აღარ წავსულვარ სასექტემბროდ საყიდლებზე, აღარ მიყიდია თეთრი პერანგი სკოლისთვის, მაგრამ ვყიდულობ სამსახურისთვის, ისევ თეთრ პერანგებს, შავ შარვლებს და ისევ კლასიკურ ფეხსაცმელს, ახლა უკვე ჩემი ფულით და ახლა მეც იგივეს ვეძებ - "იაფიანს და კაის". 

და რაც მთავარია, ახლა მე მაქვს საკუთარი მცირე დანაზოგი, ჩემი პატარა ხელფასიდან რამდენიმე ლარს ვამატებ, მაღაზიიდან ხურდები როგორც დამრჩება, მაშინვე მისკენ მიმაქვს. ახლა დედისთვის არ მიმიცია, მაგრამ ვათხოვე ბანკს, სანაცვლოდ ისიც ცოტას მიმატებს და თუ დედისთვის მიცემული ფულის დაბრუნებას თავისივე დანამატით მაინც ალმაცერად ვუყურებდი, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემს თანხას დამიბრუნებენ და დამიმატებენ კიდეც ზედ, თან საერთოდაც არ მერიდება ამ დანამატის აღება. 

დანაზოგი ყველას უნდა ჰქონდეს

ჩემი აზრით, დღეს დანაზოგი ყველას უნდა ჰქონდეს. მე ვიცი, რომ ყველა ადამიანს აქვს ოცნება, მიზანი, სამწუხაროდ კი, ყველას არ გვაქვს საშუალება უცებ ავიხდინოთ თითოეული, მაგრამ ვისწრაფით მათკენ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით, ვაგროვებთ დღეები, თვეები და ვაშააა! კარგი მოთმინებით და ცოტა დაზოგვით ვისრულებთ ოცნებას. 

ჩემი დანაზოგი ჩემი დაზღვევაა

გარდა ამისა, მე ვთვლი, რომ ჩემი დანაზოგი ჩემი დაზღვევააა, დღევანდელი მძიმე რეალობიდან გამომდინარე არავინ ვიცით, როდის გაგვიჭირდება, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზის განიცდის. ჩვენ ყველა  კარგი მომავლისთვის ვიბრძვით, გვაქვს სამსახურის, მშობლის, მეუღლის იმედი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვის იმედზე ყოფნას საკუთარ დანაზოგზე დაყრდნობა ჯობია.  ამასთანავე, ძალიან ლამაზ და სწორ ნაბიჯად მიმაჩნია, როცა მშობლები ბავშვის დაბადებიდან ხსნიან ანაბარს და მთელი წლების განამვლობაში ცოტას თუ ბევრს ამატებენ და სადღაც თავიანთ ფიქრში კმაყოფილი არიან, რომ მათ შვილს  დანაზოგი აქვს, რომელიც აუცილებლად გამოადგება ცხოვრებაში.

ასე რომ მეგობრებო, ახალგაზრდებო, კოლეგებო, მშობლებო დაიწყეთ სულ მცირედით დაგროვება, დაისახეთ მიზანი, შეებრძოლეთ ეშმაკურ სურვილებს, რომლებიც  ზედმეტად გახარჯიებენ ფულს  და ხელს გიშლიან თქვენი ოცნების ასრულებაში. 

მე ლანა  ვარ და მე მჯერა ჩემი თავის,  ვიცი, რომ ყველა მიზანს მივაღწევ!

დაიჯერე შენც!

ადამიანი სიცოცხლეა, 

შენ ვერ გაჩერდები, 

თუ არ დაიწყებ, არ გამოგივა!

ნუ  გადადებ ხვალისთვის, დაიწყე დღეს დაზოგვა და ჩაუყარე საფუძველი შენს ოცნებას.

და მაინც  რამდენს დააგროვებ?