კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ცოტაოდენი ფული სუპერმენისთვის

ცოტაოდენი ფული სუპერმენისთვის

2258
4.6 / 5

ბოდიში მომითხოვია ჩემს უსაყვარლეს ნათესავთან, ქეთო დეიდასთან, რომელიც ყოველი სტუმრობისას მიმეორებს:

-უჰ, სასწაულად გონებაგახსნილი ბავშვი იყავი, სას-წა-უ-ლად!

მე კიდევ, ბავშვობაში, ფულის შოვნა, დედამიწის ზურგზე ყველაზე იოლი საქმიანობად მიმაჩნდა (ეჰ, გულუბრყვილობავ...). ამ იოლი საქმის ჩემეული სქემა კიდე ასეთი იყო:

1. შეხვალ საძინებელში, შენ ხარ ჩემი ბატონი, გამოაღებ "გარდერობის" კარს უდარდელად;

2. ასწევ თეთრეულს და აიღებ იმდენ ფულს, რამდენიც გჭირდება;

3. დაატრიალებ კადრს უკუღმა: დარჩენილ ფულს დააფარებ თეთრეულს, მიხურავ „გარდირობს“ და გამოხვალ საძინებლიდან არხეინად, ფულიანად.

ბევრი წლის მერე, უკვე დიდი გოგო რომ გავხვდი და თვითონ მყავდა ბავშვი, ამ  ჩემმა შვილმა სუპერმენის სათამაშოს ყიდვა მთხოვა. როცა ვუთხარი, დღეს ეგ საქმე არაფრით გამოვა, ფული არ მაქვს-მეთქი, გულწრფელად გაიოცა:

-მერე რა? პანკომატიდან გამოვიტანოთ!

მივხვდი, რომ ამასაც თავისი თანამედროვე „თეთრეულის თარო“ ჰქონდა წარმოდგენებში, თავის წილი იოლი ფულის შოვნის სქემა. იოლი და ცრუ.

მშობლები უნებურად... მოიცა, თავიდან ვიტყვი:

მშობლები ნებით თუ უნებლიედ (ვგიჟდები ამ გამოთქმაზე და დღემდე ვერსად გამოვიყენე) "ტყუილში გვაცხოვრებენ". ფიქრობენ -დაე, იოლი გეგონოს, შვილო ჩემო, ცხოვრება. დიდობაშიც გეყოფა ფულის შოვნაზე წვალება და "წელებზე ფეხის დადგმა".

ეგებ მეც ასე მეფიქრა და ჩემი ბიჭისთვის მეთქვა:

-კარგი, ხვალ (ჰონორარიც დამერიცხებოდა) მივიდეთ ბანკომატთან, ბანკომატი მოგვცემს ლარსა, ლარს მივუტანთ ბაზრობასა, დავახურდავებთ კუპიურასა, გადავიხდით და ვიყიდით ჩვენს ძმობილ სუპერმენასა!

მაგრამ,

მე მახსოვს ჩემი დიდი იმედგაცრუება, როცა „სპეკულიანტმა“ როზამ დედას შინდისფერი შიფონის კაბა მოუტანა და შეაგულიანა:

-შენზეა გამოჭრილი!

როცა დედა ფულის მოსატანად შევიდა, თეთრეულის ქვეშ საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა.

დედამ კაბა დააბრუნა, მე კიდევ გარდა იმისა, რომ თეთრეულის თაროში იმედი გამიცრუვდა, დიდობამდე მძულდა მეზობლის ქალი, რომელმაც ის „დედაზე გამოჭრილი“ შინდისფერი კაბა იყიდა.

ჰოდა, არ მინდოდა, ჩემს შვილსაც იმედი გაცრუებოდა „ჯადოსნურ ბანკომატთან“ დაკავშირებით.

ავუხსენი, რომ ასეთი ამბავია, გიო: ფული თავისით არ ჩნდება. არც ბანკომატში, არც ჯიბეში, არც თეთრეულის ქვეშ (ეს ბოლო საერთოდ რა შუაში იყო, ვერ გაიგო, მაგრამ შენ ხომ მიმიხვდი, მკითხველო ჩემო, შენ ხომ მიმიხვდი ჩემო კბილავ და თანამედროვევ?). ავუხსენი, რომ ფულს შრომით გამოიმუშავებ და ჩანთა ან ბანკომატი კიდე ამ გამომუშავებული ფულის შესანახი ადგილია.

-დიდებისთვის?-მკითხა.

-დიდებისთვის.-გავიბღინძე.

-და ბავშვებს არ უნდათ?-მკითხა.

-უნდათ.-დავეთანხმე.

ბანკში პროცენტის დარიცხვის, ანუ ნაჩუქარი ფულის ამბავი ყველაზე ძალიან მოეწონა, მაგრამ ეგ მერე იყო. იქ და მაშინ კი ყულაბა ვიყიდეთ (საამისო ფული კი მომეპოვებოდა, არც ეგეთი გაღარიბებული აზნოური ვიყავ). რაღაც უშნო, გაურკვეველი ჯიშის ცხოველის ფორმა ჰქონდა, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, ის ბანალური ფრაზა "ულამაზო ქალი არ არსებობს" სინამდვილეში ყულაბებზეა "ზედგამოჭრილი". ულამაზო ყულაბა არ არსებობს. 

მოკლედ, ვიყიდეთ ეს ყულაბა და გიომ ფულის შეგროვება დაიწყო. თამასა ასწია - იმ სათამაშოს ნაცვლად დიდი სუპერმენის ყიდვა დაისახა მიზნად, თავისი დაბადების დღისთვის. სხვათა შორის, ეს დიდი სუპერმენი წინა დაბადების დღეზეც ესიმპათიურებოდა, მაგრამ იმ ოხერ დიდ სუპერმენს წარმოდგენაც სუპერდიდი ჰქონდა თავზე და ამ თავს ძალიან კოხტად იფასებდა ძვირად. ჰოდა, მაშინ არ გამოვიდა, მოკლედ, ეგ ამბავი.

მეც ერთი შუშპარ-მჩქეფარე ლაბადის შეძენა გადავწყვიტე გიოს დაბადების დღისთვის.

ჩვენი გაურკვეველი ჯიშის ცხოველის ცარიელი შიგნეულის ამოვსება, ძირითადად სუპერმარკეტიდან მორჩენილი ხურდებით, ლარ-ლარ, ორ-ორ, ხუთ-ხუთ ლარობით დავიწყეთ. აი, ზუსტად რომ იცი, ჩანთაში შემორჩენილი წვრილმანი ფულით ხეირიანს მაინც ვერაფერს იყიდი და "გინდ გქონია, გინდ არა" - ყულაბაში აგდებ. მერე ერთმანეთს რომ ემატება, კი გამოდის რაღაც.

ჰო, ყულაბის თავზე თაბახი მივაკარით, სადაც ვწერდით: "იეს!", "ვაშა!", "დღეს 4ლ მივამატეთ!", ხან კიდევ, გიო იმდენ ვარსკვლავს მიახატავდა, რამდენ ლარსაც ჩავუგდებდით.

მოკლედ, ხალისიანი საქმე იყო. გიომ მეორე თაბახიც გააკრა, აქ შენს წითელ "პალტოზე" დაწერე ხოლმე რამეებიო, მაგრამ დაბდაბადების დღემდე დარჩა ეგრე ფილოსოფიურად შეურყვნელი - "თეთრი ფურცელი".

დაბადების დღეზე გავტეხეთ ეს ჩვენი ყულაბა (დაგვენანა კია, შევეჩვიეთ) და იმის ულაზათო ფაშვში ნამდვილი განძის კუნძული აღმოვაჩინეთ!

ცოტა ჩემი ლაბადის ფულსაც მოვაკელით და გიო ამ დაბადების დღეზე ყველაზე ბედნიერი და ამაყი იყო:

-ჩემი ფულით ვიყიდე!

მას მერე შეგროვების ინტერესი და მიზანი გაუჩნდა. უკვე იცოდა, რომ შეიძლება ერთიანად ბევრი ფული არ გქონდეს, როგორც შარშანდელ დაბადების დღეზე დაგვემართა, მაგრამ აჰა, ცოტ-ცოტას თუ მოაგროვებ, ადრე თუ გვიან, ყველაფრის ყიდვას შეძლებ შე-ნი ფუ-ლით!

-პულტიანი მანქანის ყიდვასაც, ხომ, დე?

-კი, დე.-ვთქვი მტკიცედ.

-და ნამდვილისას?

-კი, დე.-ნაკლებად მტკიცედ, მაგრამ მაინც ვთქვი.

ის პირველი თაბახის ფურცლები დიდხანს ეკიდა გვერდიგვერდ. გიოსი ათასნაირი ფრაზით, ნახატით, კომიქსით აჭრელებული, ჩემი კიდევ - იმ ერთადერთი ფრაზით, გიოს დაბდღის საღამოს რომ მივაწერე:

"სუპერმენ, შე ოხერო! იმ წითელ პალტოს მაინც ვიყიდი, აეგე!"

გიო ისევ ყულაბებში აგროვებს, ასე უფრო სახალისოა მისთვის, მე კიდევ მივხვდი, რომ სახლში ფულის "გვერდზე გადადება" არ გამომდის და მე თუ ამ სახლში გადადებულს დროდადრო ცოტ-ცოტას ვაკლებ, ბანკში ცოტ-ცოტა სისტემატურად მოემატება.

ჰოდა, ავდექი და გავხსენი ანაბარი.

რჩევად მგონი არ გამოდგება -ყოველთვიური პროცენტი ვამჯობინე წლის ბოლოს ერთად დარიცხვას (წლის ბოლოს დარიცხული სარგებელი უფრო მეტია), მაგრამ "განა მაგაზეა?" მე რომანტიკის და წვრილმრალი სიხარულის გარეშე არც ბიზნეს ბრუნვა მაინტერესებს, არც ესა, არც ისა (ისევ ის "ეჰ, გულუბრყვილობავ!"), ჰოდა ნაკლები და ყოველთვიური ავირჩიე იმიტომ, რომ მესიჯი რომ მოგდის: "თქვენ დაგერიცხათ", რაც არ უნდა ცოტა იყოს - გიხარია ადამიანს! სულ რომ არაფერი, თვეში ერთხელ მაინც გარანტირებული გაქვს ცოტა რამ სიხარული ცოტა რამ ფულთან ერთად. ორივე ერთად ჯამში კი, არც ისე ცოტა გამოდის. ნუ, თუ სათანადოდ განეწყობი.

თუ ოცნებაა, ოცნება იყოს: ვინძლო იმ ჩემი მომავლის წითელი ლაბადით რაიმე ლამაზი მანქანიდანაც გადმოვიდე, ჩემს, ანუ მძღოლის გვერდით მჯდომ ქეთო დეიდას კარი გავუღო, ჩამოსვლაში დავეხმარო და იმან კიდევ, გზაში დაწყებული საუბარი თავის საფირმო ფრაზით დაასრულოს:

-სასწაულად გონებაგახსნილი ბავშვი იყავი, სას-წა-უ-ლად!