ტორაჯა
ინდონეზიის ტომის ნამდვილი რიტუალები გახდა ინსპირაციის წყარო ამ ამბის მოსათხრობად. ფაქტები ტორაჯაზე იგუგლება, მხატვრული ფანტაზიის სპეცეფექტებს კი ჩემს თავზე ავიღებ
"ბაბუაჩემი 40 წელია მოკვდა მაგრამ სიგარეტს დღემდე ერთად ვეწევით"
ალომ იმ ღამით ვერ მოისვენა, პირველად უნდა დასწრებოდა რიტუალს, მაშინ 10 წლისა იყო. მის ასაკში ვერ იაზრებდა რატომ ხდებოდა ეს ამბავი და რისთვის. მას სიღარიბის და გახრწნილი სხეულის სუნი ერთი და იგივე ეგონა, მანამ სანამ ამ სანახაობაში ერთხელაც ფული არ აიღო. არ იცოდა რაში შეიძლებოდა დაეხარჯა ფული, რომელიც უცხო კაცმა მას ბაბუამისის გვამთან სურათის გადაღებისას მისცა. პირველი შოკის შემდეგ აცახცახებული ხელებით გამოართვა და ჯიბეში ჩაიკუჭა უცნაურად ნაშოვნი კუპიურები.
ალო ტორაჯას ტომში დაიბადა, მას ბევრი ნათესავი ჰყავდა გარდაცვლილი. ყველა მათგანის სხეული მუმიფიცირებული და "ნაპატრონები“ იყო მის ოჯახში. ფული არ ჰქონდათ, სამაგიეროდ წინაპრებს არ აკლდათ აკლდამები, საუცხოო სამოსები და ყველა რიტუალზე სიგარეტები. ტორაჯას ტომში ყველას სწამდა, რომ წყალი სიგარეტი და ტანსაცმელი გარდაცვალების შემდეგაც სჭირდებოდათ, იმ განსხვავებით, რომ ამას ცოცხალი ოჯახის წევრების გარეშე ფიზიკურად ვეღარ შეიძენდნენ.
იმ დღესაც, როცა ალომ ბაბუამისის ცხედარი პირველად ნახა, ცნობიერი გონებით ძალიან გაუკვირდა, ისეთი სამოსით შემოსეს, რომელიც აქამდე არც მამის და არც ბიძის ტანზე არ ენახა. ასე გამოწკეპილი და კოხტად ჩაცმული ბაბუის გვამთან დატოვეს ალო და ოჯახის წევრები სხვა ნათესავებთან "შესახვედრად" გადანაწილდნენ.
გაოცებული ალო შესცქეროდა ბაბუას და ცდილობდა მისი სახე აღედგინა, რაც მუმიფიცირების მიუხედავად ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ხანდახან სანათესაოს გრძელ რიგსაც აპარებდა თვალს. ხედავდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ფერად და ძვირადღირებულ სამოსელს. მისი რწმენა თანდათან ღვივდებოდა და ახალ იდეებში იკარგებოდა. მისი ქვეცნობიერი ერთი მთავარი აზრის ირგვლივ ტრიალებდა, როცა დიდი გაიზრდებოდა უნდა ემუშავა, ეშრომა რომ ფული ჰქონოდა, იმიტომ რომ ბაბუასთვის კარგი სამოსი ეყიდა. ამქვეყნიურ ყოფაში მისი შემოსავლის დანიშნულება მხოლოდ წინაპრების მოვლა-პატრონობაზე გადიოდა და რა იქნებოდა ამის შემდეგ აზრზე არ იყო, თუმცა ზუსტად იცოდა რომ ახლა ეს იყო მისი მთავარი მისია. ამ ფიქრებში გართულს უცხოელი ტურისტის გატეხილმა ინგლისურმა დაურღვია მყუდროება. "ბიჭუნა ხელი გადახვიე, ფოტოს გადაგიღებ!" გაოცებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა რაში სჭირდებოდა ამ უცხო კაცს ბაბუამისის ფოტო. კიდევ ერთხელ ანიშნა ტურისტმა ხელი გადახვიეო და როგორც იქნა გამოერკვა ალო ამ ფიქრებიდან, ხელი მოხვია ბაბუას და ...
30 წლის შემდეგ...
თუ წინაპრების სხეულს კარგად მოუვლი, იღბალიც შენს სასიკეთოდ დატრიალდება. ალო იღბლიანი აღმოჩნდა - ბავშვობიდანვე შრომობდა. ფულს რასაც იშოვიდა, ბაბუასთვის ახალ სამოსს ყიდულობდა და სჯეროდა რომ მისი შემოსავალი მუდმივად გაიზრდებოდა. თუმცა 30 წლის შემდეგ აიღო პირველი ჰონორარი იმ საქმეში, რაც მას ყველაზე ძალიან უყვარდა. წიგნად გამოსცა ის ჩანაწერები, რასაც 30 წელი აგროვებდა ყოველი რიტუალის შემდეგ. აბოლებდა სიგარეტს ყოველი რიტუალის დროს და თხზავდა ამბებს ბაბუასთან წარმოსახვით დიალოგში. ამბების აკინძვა და ბაბუის პასუხების ინსპირირება მას შემდეგ დაიწყო, რა დროსაც პირველი ფოტოს გადაღება სთხოვეს ფულის სანაცვლოდ. როცა ხელი მოხვია, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა, გამხმარი და გაყინული სხეული მთელი სცხადით შეიგრძნო. შეეშინდა, გაოგნდა, გაფითრდა, გულმა აჩქარებით დაუწყო ცემა. ვერ ხედავდა და ვერ გრძნობდა ვერაფერს იმ სიცივის გარდა, რაც ბაბუის სხეულიდან გადმოდიოდა. ეს არ იყო ადამიანური შეხება, ეს დიდი და იღბლიანი ამბის დასაწყისი იყო მის ცხოვრებაში. გაუჩნდა კითხვები, რომელზე პასუხი ამ სამყაროში არავის ქონდა ...
იმ დღიდან კითხვებიც და პასუხებიც თავად უნდა დაესვა და ეპასუხა. მხოლოდ მისი სუნთქვა უნდა გამხდარიყო საკმარისი პასუხებისთვის. მხოლოდ მისი გონება უნდა დაკავშირებოდა სამყაროს ამაოებას და მხოლოდ მას უნდა ეთქვა ... ეთქვა ის, რასაც ოდესღაც წიგნში დაწერდა, მის გონებაში ამ უცნაურ და ტორაჯელებისთვის ერთი შეხედვით ჩვეულებრივ რიტუალს ათასობით სათაური ჰქონდა. სათაურები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ალო აზარტში შედიოდა, სულ უფრო და უფრო ბევრსს ეწეოდა მარტოც და ბაბუასთან ერთადაც. სახალხო რიტუალებში ყოველთვის მონაწილეობდა. ასე გადიოდა მთელი მისი ბავშვობა – ბაბუასთვის ახალი სამოსის და სიგარეტის შეძენაში.
ალოს და სენეს დიალოგები:
დიალოგი I - გადარჩენა
- სენე (ალოს ბაბუის სახელი) როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი ადამინისთვის სიკვდილი თუ სიცოცხლე?
- სიცოცხლე, რომელიც გარდაცვალების შემდეგ დაიწყება.
- და მაშინ თუ ეს ასე მნიშვნელოვანია, რატომ იბრძვის ადამიანი ამ სამყაროში გადარჩენისთვის?
- უნდა გადარჩეს, რომ მოკვდეს!
დიალოგი II - სესხი
- ალო სად იშოვე ფული ამ ლამაზი სამოსისთვის?
- ვიმუშავე ბაბუა, მთელი წელი ვაგროვებდი.
- ძალიან გამხდარხარ!
- საჭმელი თითქმის არ გვაქვს. მე ვმუშაობ, დიდი ხანია დანაზოგს ვაკეთებ, შენთვის საუცხოო სამოსი რომ შევიძინო.
- ოო... დანაზოგები კარგია!
- სესხის დაფარვა რა ეტაპზეა?
- სესხისთვის ჯერ 30 წელი დაგვრჩა.
- შენს მერე ბებიაც მალე გარდაცვლილა, მისი დაკრძალვა ძალიან დაგვაგვიანდა, მამამ ისევ სესხი გამოიტანა.
დიალოგი III - დანაზოგი
- ასეა შვილო... დღეს სიგარეტიც კარგი მომაწევინე და სხვა ძვირფასეულობაც მომეწონა.
- ვშრომობ ბაბუა იმისთვის, რომ შენ არაფერი მოგაკლო.
- უნდა იშრომო, მერე შენი შვილი იშრომებს, იმისი შვილი და გაგრძელდება ასე უსასრულოდ...
- მე ჩემი შვილი ან შვილიშვილი ამ ჯოჯოხეთისთვის არ მემეტება. მის დაბადებამდე ვფიქრობ როგორ შევუმსუბუქო ჩემს შვილიშვილს ყოფა.
- მე რომ შენს ასაკში ასე მეფიქრა, ახლა უკეთესად ვიქნებოდი შენახული. ზუსტად ვიცი რაც უნდა გითხრა ახლა, მაგრამ მე დავზარალდები, ამიტომაც არ გეტყვი ჯერჯერობით. იმედია, შენ თავად მიხვდები.
დიალოგი IV - საყვარელი საქმე
- ბაბუა! გახსოვს შარშან მითხარი, შენ თვითონ მიხვდები გამოსავალსო.
- მახსოვს კი, იმედია ტყუილად არ ხარ გაბადრული და კეთილდღეობისთვის გონიერი ნაბიჯების გადადგმა გაქვს განზრახული.
- დიახ, მე გადავწყვიტე, დავზოგო ჩემი შრომით მოპოვებული თანხა, რომ ბებიასაც კარგი სამოსი შევუძინო, დედამ თქვა შარფები ძალიან უყვარდაო. იქნებ მადლი გაბევრდეს და იღბალი უფრო გამიძლიერდეს.
- ეეჰ, ახია შენზე, ამ აზრში მხოლოდ ერთი სიტყვაა სასარგებლო – დაააზოოოოგვაააა!
დიალოგი V - წერას აყოლილი
- ალო! ადამიანმა ფული მხოლოდ საყვარელი საქმის კეთებით უნდას გამოიმუშაოს. ის რაც სიხარულს განიჭებს, ის რაც ბედნიერს გაგხდის მხოლოდ მას ემსახურე, მხოლოდ ის აკეთე რაც მოგწონს!
- მე არ ვიცი რა მომწონს, უნდა ვიმუშაო იმისთვის, რომ შენ ახალი სამოსი გიყიდო და ჩემი წინაპრების ღირსეული დაკრძალვის ხარჯები დავფარო. მამა საბანკო სესხებს მის სიცოცხლეში ვერ დაფარავს. მე მომიწევს ამ საქმისთვის ფულის შეგროვება, მაგრამ იმდენი დანაზოგი უნდა გავაკეთო რომ ჩემს შვილებს ჩემი ვალები არ დარჩეს!
– და როგორ აპირებ ამის გაკეთებას? შენ შენი ცხოვრება გაქვს, შენს შვილებს თავისი.
– მე ჯერ 15 წლის ვარ... მგონი შენ იყავი, რომ მეუბნებოდი, ადამიანმა საყვარელი საქმის კეთებით უნდა იშოვოს ფულიო?...
დიალოგი VI - განათლებით განათება
- გაზრდილხარ. მე იგივე ვარ, იგივე სამოსი მაცვია.
- გადავწყვიტე ის გავაკეთო რაც მიყვარს!
- გაუმხელ ბაბუას შენს გადაწყვეტილებაზე?
- მე ყოველი რიტუალის დროს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, წარმოსახვით ვწერდი შენთან ინტერვიუებს.
- გიწონებ იდეას!.. და სიგარეტი არ გაქვს?
- მაქვს, მოდი ერთად მოვწიოთ.
- მეც შენსავით ვეწეოდი ბაბუაჩემთან სიგარეტს, ვშრომობდი წინაპრების ახალი "შესამოსელისთვი", თუმცა ჩემთვის არასოდეს უთქვამს ვინმეს, შენი საქმე აკეთე და გაბედნიერდიო. ფული არასდროს მქონია, ღარიბი ვიყავი, მაგრამ არც ვიცოდი მჭირდებოდა თუ არა საერთოდ.
- და დღეს როცა სიკვდილის და სიცოცხლის უსასრულობა წრეზე ტრიალებს, მე და შენ ისევ ვეწევით სიგარეტს იღონდ შენ შემთხვევაში ფილტვებამდე აღარ აღწევს კვამლი...
დიალოგი VII - წარსულისთვის ნაყიდი აწმყო და პირიქთ
- გამოქვეყნდა ჩემი წიგნი, ეს ჩემი დანაზოგიცაა, ამჟამინდელი და უწყვეტი შემოსავლის წყარო. დიდი ტირაჟით გაიყიდა, კიდევ იბეჭდება. პოპულარობითაც სარგებლობს და გიჟდებიან შენზე ბაბუა, ჩემი შემოსავალი გაიზარდა, საქმეც წინ მიდის.
- მიხარია შვილო ეს არის შენი დანაზოგი ამ სამყაროში. რომელიც ჩემს სამყაროშიც გაგანათებს
- მადლობა ყოველი ღერი სიგარეტისთვის, რომელიც ჩემთან ერთად გააბოლე.
- პირიქით, მადლობა შენ! როცა პირველად ჩემს ცივ სხეულს შეეხე არ შეშინდი და არ გაიქეცი ჩემგან. ის თანხაც გეხამუშა, ტურისტმა რომ ჩემთან ერთად ფოტოს გადაღებისას გადმოგცა.
იმ თანხით მე შევიძინე ბევრი ფურცელი, რომ მეწერა ყოველ დღე შენთან ინტერვიუები. მე დღეს ერთ–ერთი წარმატებული ადამიანი ვარ. მე ჩემს შვილებს მივეცი განათლება და მათ იციან, დასახული მიზანი როგორ მიიყვანთ მატერიალურ კეთილდღეობამდე და აღარასოდეს შეეშინდებათ სიღარიბის...
გამო–იმუშავე და ხარჯვა–დაზოგე
იმ დღესაც, როცა ალო საკუთარი ბესტსელერის მორიგ პრეზენტაციაზე დიდ სტუდენტურ აუდიტორიაში მკითხველებს შეხვდა, ახალგაზრდები კითხულობდნენ წიგნიდან ამონარიდებს, წიგნის ავტორობა ხიბლავდა, საუბრობდა დინჯად და დაფიქრებულად. მას ჰქონდა უზრუნველყოფილი მატერიალური ცხოვრება და დანაზოგები საყვარელი საქმიდან. საათივით აწყობილ ცხოვრებაში ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ალომ დაგეგმა, მანამ სანამ ერთმა სტუდენტმა ერთი "მარტივი" შეკითხვა არ დაუსვა.
- ბატონო ალო, თუ ადამიანის სიცოცხლე სუნთქვით იზომება და თან ჰაერიც უფასოა - ფული რაში დავხარჯოთ?
- ბაბუაჩემი 40 წელია მოკვდა, მაგრამ დღემდე "ორივესთვის" ვყიდულობ სიგარეტს და ერთად ვაბოლებთ, შენც! გამო–იმუშავე და ხარჯვა–დაზოგე...