როდესაც ამას შეძლებ, შენ შეძლებ თავად მართო შენი ცხოვრება!
ცხოვრებაში ზოგჯერ რთული და ნაცფრისფერი პერიოდი დგება, ასეთ მომენტებში ყველაზე მეტად ვხვდებით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა გააჩნია უკვე განვლილ პერიოდს, რადგან სწორედ ის იქონიებს გადამწყვეტ გავლენას ჩვენს აწმყოსა და მომავალზე, უფრო კონკრეტულად, იმ ფაქტზე, თუ რამდენად შეგვწევს უნარი, გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე უეცრად მოვლენილ გამოწვევებს, რასაც ფინანსური პრობლემები ქვია. ხშირად გაუთვალისწინებელ ხარჯებს გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ესეც ჩვენი ყოფის ისეთივე არასასურველი, მოულოდნელი, მაგრამ გარდაუვალი ნაწილია, როგორიცაა ჯანმრთელობის პრობლემები, პრობლემები ოჯახში, სამსახურსა თუ სხვა სფეროში და მაინც საბოლოოდ ყველაფერს ფინანსებთან მივყავართ.
დიახ, როგორც მიხვდით, აღნიშნული ბლოგპოსტი სწორედ ფინანსების დაზოგვასა და იმ საკითხს შეეხება, რასაც ჩვენ "შავი დღისთვის" გადანახულ ფულს ვუწოდებთ, რომლის არსებობაც დიდ პრობლემებს აგვარიდებს თავიდან.
როდესაც საქმე ფინანსების დაზოგვას ეხება, ვფიქრობ, ეს თემა ყველა ადამიანისათვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს განურჩევლად მისი ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობისა, რადგან, როგორც წესი, რაც უფრო დიდია შემოსავალი, მით უფრო დიდია გასავალი. თანაც რაც უფრო ზევით ხარ, დაცემაც ყოველთვის უფრო მტკივნეულია - თუნდაც ფინანსურად. სწორედ, ამიტომ საჭიროა ვაკონტროლოთ ჩვენი ხარჯები, რათა სადავეები არ გაგვექცეს ხელიდან. ხშირად ფინანსების დაზოგვასა და თანხის გადანახვას ვიწყებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც საკითხი სასწრაფოდაა მოსაგვარებელი და რომელის მოგვარებაც ფულად სახსრებს მოითხოვს, ამის გამო გიწევს მოიკლო ყველაფერი, რაც შენთვის ძვირფასია - არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს რაიმე საყვარელი ნივთი, რომელიც შეიძლება შენთვის ასოცირდებოდეს წარსულში განვლილ ბედნიერ მომენტებთან და რომლის გაყიდვაც გიწევს იმის გამო, რომ წინასწარ არაფერი გათვალე, თუ საყვარელი მოქმედება, რომლის განხორციელებაც ისევ და ისევ გარკვეულ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. ეს ყველაფერი ჩვენი ნაწილია და თუ ჩვენ, როდესაც ამის უნარი შეგვწევს გავითვალისწინებთ იმ ჯადოსნურ სიტყვას, რასაც "დაზოგვა" ჰქვია გარანტიას გაძლევთ, რომ აღარ დაკარგავთ იმას, რაც თქვენთვის ძვირფასია.
საკუთარმა გამოცდილებამ მასწავლა საუკეთესო "ხრიკი" - დავიწყო ფულის შეგროვება მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ არ მივიჩნევ.
ასე შევძლებ ყველაფერის გაკეთებას, როდესაც მე ეს დამჭირდება. თანაც უფრო რეალურად ჟღერს ის, რომ ადამიანს დაზოგვა და საკუთარი დანაზოგის შექმნა სწორედ ცხოვრების ნათელ პერიოდში შეუძლია, რადგან პრობლემების დროს ამ შესაძლებლობას, მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ, მოკლებულია. ამით ერთგვარად ვიზიარებ საყოველთაოდ ცნობილ ფრაზას - "თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის!". ალბათ, გაგიკვირდებათ, რა კავშირი აქვს ამ ფრაზას ჩვენს თემასთან, ამ შემთხვევაში მტერი ფინანსური პრობლემებია და დიახ, ის საკმაოდ ვერაგი მოწინააღმდეგეა, რადგან სრულიად უეცრად სწორედ იმ დროს იჩენს თავს, როდესაც არ მოელი და ყველაზე მოუმზადებელი ხარ. დაუცველს კი ჩვენივე ცხოვრების სტილი და ის გვხდის, თუ რამდენად გვაქვს გააზრებული დანაზოგის არსებობის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში.
ისმის მთავარი კითხვა, ,,როგორ დავზოგოთ, რომ შევაგროვოთ?''
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ფულის დაზოგვა შეიძლება ყველგან და ყველაფერში - იქნება ეს ტრანსპორტის, კვების, გართობის თუ საყოფაცხოვრებო ხარჯები. გვახსოვდეს, რომ ფულის დაზოგვა ყოველთვის მაქსიმალურად იაფის შეძენას არ ნიშნავს, არის შემთხვევები, რა დროსაც გაკეთებული დანაზოგი შენაძენის არა ფასიდან, არამედ ხარისხიდან გამომდინარეობს, რომელსაც ექსპლუატაციის მეტი რესურსი გააჩნია და ჩვეულებრივზე რამდენჯერმე მეტ ხანს მოგემსახურებათ. ზოგიერთმა მაინც შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ ყველაფერს ერთგვარი "სიძუნწე" გვალაპარაკებს, მაგრამ სიამოვნებით გეტყვით, რომ საკუთარი ფინანსების რაციონალურად გამოყენებაში ცუდი არაფერა და ეს მხოლოდ საღი აზროვნების ნაწილია. მაგალითად მას შემდეგ, რაც სტუდენტური პლასტიკური ბარათი ავიღე, რომლითაც გარკვეული შეღავათებით ვსარგებლობ, ჩემი ყოველდღიური სატრანსპორტო ხარჯები 2-ჯერ შემცირდა, რაც გრძელვადიანი სარგებლობისას საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა. გარდა ამისა, ფულის დაზოგვის კიდევ ზუსტად იმდენივე მაგალითის მოყვანა შემიძლია, რამდენიც მისი დახარჯვის.
არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არაფრისგან ყველაფერი შექმნეს და ისეთებიც, რომლებსაც ყველაფრისგან არაფერი დარჩათ.
გვსმენია იმ იღბლიან ადამიანებზე, რომლებსაც უეცრად ბედმა გაუღიმათ და მილიონები მოიგეს, მაგრამ ხანმოკლე პერიოდში მათმა გაუაზრებელმა ქმედებებმა და ფულის ფლანგვამ ისევ იქ მიიყვანა საიდანაც დაიწყეს. ადამიანები ფლანგვას, როგორც ქმედებას, სხვანაირიად აღვიქვამთ. ობიექტური სიმართლეა, რომ ის, რაც ერთისათვის გაუაზრებელ შენაძენს წარმოადგენს, სხვისთვის შეიძლება საარსებოდ აუცილებელი ატრიბუტიკა იყოს. მაგალითად, პროფესიონალური ფოტო აპარატი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირი და სრულიად უსარგებლოა, სხვისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ერთი რამ კი ნათელია, ყველა ადამიანი ინდივიდუალური შემთხვევაა და მათ თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი ცხოვრების სტილი, თუმცა კარგი რჩევების მიღება და მათი ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება ზედმეტი არასდროსაა, თუ შევძლებთ ამ ყველაფრის გაკონტროლებას აღარ აღმოჩნდება ისე, რომ ხელფასის აღებიდან ორ კვირაში ვუყურებთ ჩვენს საფულეს და ვერ ვიგებთ რატომაა ცარიელი, ის ხომ სულ ახლახანს იმდენად სავსე იყო, რომ მისი ჯიბეში ჩადებაც კი გაგვიჭირდა.
აუცილებელია, ვისწავლოთ საბანკო შეთავაზებების რაციონალურად და ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება, იქნება ეს სესხი, განვადება, ანაბარი თუ სხვა სერვისი.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მინდა ავღნიშნო, რომ ბანკში ჩვენს მიერ გახსნილი ანაბარი საუკეთესო სტიმულს წარმოადგენს გარკვეული თანხის შესაგროვებლად, ის ერთგვარად გაუმჯობესებული ყულაბის როლს ასრულებს, მისი უპირატესობა რამდენიმე ასპექტიდან გამომდინარეობს რომელთაგანაც ჩემთვის ყველაზე საყვარელს წარმოადგენს დამატებითი სარგებელი ანუ ის გარკვეული პროცენტი, რომელსაც ბანკი საჩუქრად გირიცხავს, თუმცა დამეთანხმებით ნაკლებ სიამოვნებას არც ფულით სავსე გოჭის ფორმის ყულაბის გატეხვისას განიცდის ადამიანი.
ჩვენს მომავალს ჩვენ თავად ვქმნით იმ შედეგებით, რაც წარსულსა და აწმყოში განხორციელებულ ჩვენსავე ქმედებებს მოსდევს, ცხოვრება კი ამაში უბრალოდ გვეხმარება ხან კარგი, ხანაც ცუდი გაგებით.
როდესაც იცი, რომ შენს უკან გარკვეული ,,ძალაა'', ამ შემთხვევაში კი ვგულისხმობ შენახულ დანაზოგს, ერთგვარ გაჭირვების ჟამს გიჩნდება დასაყრდენი, რომელიც ცხოვრებას უფრო მარტივსა და მშვენიერს ხდის, რომელიც ისედაც უამრავი სირთულით ხასიათდება და მისი ხელოვნურად გაძნელება კარგს არაფერს მოგვიტანს. ამ ყველაფრის გაკეთება მარტივია. უბრალოდ, აქციე ცხოვრების წესად საკუთარი ფინანსების კონტროლი და შენ შეძლებ მიიღო მისგან მაქსიმალური სარგებელი. ეს ერთი შეხედვით რთული, მაგრამ რეალურად მარტივი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და როდესაც ამას შეძლებ, შენ შეძლებ თავად მართო ცხოვრება და არა პირიქით, მან გმართოს შენ.