თანამედროვე თაღლითური სქემები და რჩევები მომხმარებლებს მათი ფინანსების დასაცავად
ინტერნეტი შექმნილია 1991 წელს აშშ-ში და სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, გახდა ადამიანის ცხოვრების თითქმის განუყოფელი ნაწილი და უამრავი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას. სამწუხაროდ, ყველაფერ კარგს, ძირითადად, ცუდიც მოჰყვება. მსოფლიო ქსელიც არ გახდა გამონაკლისი: იქ გადმოსულა უამრავი თაღლითი, რომლებიც სარგებლობენ მომხმარებლების უცოდინრობით ინტერნეტში არსებული საფრთხეების შესახებ და აკარგვინებენ ადამიანებს ნაოფლარ ფულს. ამ უვიცობის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტე, დავწერო მოკლე სტატია, გავარჩევ თანამედროვე თაღლითურ სქემებს და ზოგად რჩევებს მივცემ, ვიცი, რომ ამით სიტუაცია უკეთესობისკენ დიდად არ შეიცვლება, მაგრამ მაინც მოხარული ვიქნები, თუ ერთ ადამიანსაც კი გადავარჩენ ფინანსური დანაკარგებისგან.
უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა იცოდეთ, თუ არ გსურთ, რომ დაზარალდეთ, ყოველთვის მშვიდად და რაციონალურად იაზროვნეთ, არასდროს აჰყვეთ პანიკას ან სიხარბეს, ეს გრძნობები გვართმევინებენ ადეკვატურ აზროვნებას და არიან აფერისტების „საუკეთესო მეგობრები“.
ნურც დაგავიწყდეთ, რომ ინტერნეტში, როგორც რეალურ ცხოვრებაშიც, არავის სურს თქვენი გამდიდრება, ნუ მიენდობით გულუბრყვილად შემოთავაზებებს, რომლებიც გპირდებიან ოქროს მთებს, მათ ნახავს მხოლოდ თაღლითი თქვენს ხარჯზე. ყოველთვის დაფიქრდით: თუ ეს ასეთი კარგი ხერხია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თვითონ მრჩეველი მას რატომ არ იყენებს და სთავაზობს მისთვის უცხო ადამიანს? სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს მაინც სჯერა ასეთი დაპირებებისა, ფულის ლანდი უკარგავს მათ ჯანსაღ აზრს და “დაბრმავებულები“ მიჰყვებიან აფერისტებს, რომლებმაც ფულის წასართმევად მრავალი სქემა შექმნეს.
ნიგერიული წერილები
პირველი, რაც მახსენდება თაღლითების „არსენალიდან“, არის „ნიგერიული წერილები”. ასეთი აფერა ექსპლუატირებს ყოველ ადამიანში არსებულ ოცნებას მომენტალურ და უშრომო გამდიდრებაზე: ელექტრონულ ფოსტებზე იგზავნება წერილი, ვითომ ადრესატის შორეული ნათესავი გარდაიცვალა და დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა, რომლის მისაღებად საჭიროა მხოლოდ გარკვეული ბაჟის გადახდა. სიხარბით დაბრმავებული ადამიანი ვერ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ასეთ შემთხვევაში მას პირადად შეატყობინებდნენ, მდიდარი ადამიანის ადვოკატისთვის ეს საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას, და რიცხავს ფულს მითითებულ ანგარიშზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, რჩება მოტყუებული. ყოველთვის დააიგნორეთ ამის მსგავსი შემოთავაზებები, სადაც გპირდებიან უზარმაზარ მოგებას მცირე დანახარჯების შემდეგ, რაც არ უნდა იყოს ისინი ლამაზად და დამაჯერებლად გაფორმებული.
გატეხილი პროფილები და ფულის მოთხოვნა
ამავე ბავშვურ იმედს ციდან ჩამოვარდნილ სიმდიდრეზე იყენებენ სხვა აფერისტული სქემებიც და ყოველ წელს მხოლოდ „ვითარდებიან“ და „მიჰყვებიან ცხოვრების ტრენდებს“. მაგალითად, 2020 წელს უცნობებმა გატეხეს ბევრი ცნობილი ადამიანის (ილონ მასკი, ბილ გეიტსი, ჯო ბაიდენი და ა.შ.) ოფიციალური პროფილები სოციალურ ქსელებში და მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, ვითომ თუ მათ მიერ მითითებულ ბიტკოინის მისამართზე ფულს ჩარიცხავდნენ, გამგზავნს ორჯერ მეტს დაუბრუნებდნენ.
ბევრი ადამიანი ამ მახეში გაება და ვერავინ ნახა არც გაორმაგებული, არც დაბრუნებული თანხა და ვერც ნახავს, ბიტკოინში სწორედ იმიტომ ფულს ითხოვდნენ, რომ კრიპტოვალუტები ანონიმურია და საფულის მფლობელის, ამ შემთხვევაში დამნაშავის, იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.
გამოგზავნილ ფაილში დამალული ვირუსები
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ინტერნეტში დაუშვებელია მიამიტობა უცნობებთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ნაცნობებს არ დაუჯეროთ. ეს განპირობებულია იმით, რომ უამრავ ადამიანს დაუყენებია ადვილად გასატეხი პაროლი, ამით ჰაკერები სარგებლობენ, მერე კი მსხვერპლის ყველა მეგობარს ან ფულს სთხოვენ, ან უგზავნიან ვირუსებს ჩვეულებრივი ფაილების სახით, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, აავსებენ თქვენს ელექტრონულ მოწყობილობას რეკლამით, უარეს შემთხვევაში კი დაიწყებენ მაინინგს, რომელიც საგრძნობლად ზრდის ენერგომოხმარებას, ანელებს კომპიუტერის მუშაობას და ამცირებს მის სამუშაო რესურსს. არ გახსნათ არასდროს თქვენთვის უცნობი ფაილები, განსაკუთრებით exe-ფორმატში და, მით უმეტეს, არ მიანიჭოთ მათ ადმინისტრატორის უფლებები.
ე.წ. "პირატული" კონტენტი
მაგრამ ეს არ არის კომპიუტერის დავირუსების ერთადერთი გზა. ბევრი ადამიანი შედის საეჭვო საიტებზე, სადაც განთავსებულია ე.წ. „პირატული“ კონტენტი, რომლის შიგნით ძალიან ხშირად დამალულია სხვადასხვანაირი „საჩუქარი“, ტვირთავენ მას და შემდეგ გაკვირვებულნი რჩებიან, თუ საიდან აღმოჩნდა მათ კომპიუტერში ვირუსები. არასდროს დააინსტალიროთ არალიცენზირებული კონტენტი, ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ - სახიფათოც.
ყალბი ვებგვერდები
ამ ყველაფრის გარდა, თაღლითები იყენებენ ადამიანების უყურადღებობას: იქმნება საიტები, რომლებიც დიზაინით სხვადასხვა სოციალური ქსელის, ინტერნეტ-მაღაზიის ან ბანკის სრული ასლია, მისამართი კი ერთი-ორი სიმბოლოთი განსხვავდება. მომხმარებლის მხრიდან ამას ყურადღება ძალიან ხშირად არ ექცევა და ის მშვიდად ცდილობს, შევიდეს საკუთარ პროფილში. ამ დროს კი აძლევს პირად ინფორმაციას თაღლითებს. ამიტომაც ყოველთვის ყურადღებით შეამოწმეთ მისამართის სისწორე და არ შეასრულოთ რაიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია იმ საიტზე, რომლის მისამართის სტრიქონთან ახლოს არაა მწვანე კლიტე, ის სრული უსაფრთხოების გარანტი არ არის, მაგრამ ფიშინგურ საიტებს ის იშვიათად მიენიჭება.
აგრესიული რეკლამა უსარგებლო პროდუქციის გასაყიდად
ზოგჯერ ატყუებენ ისედაც უბედურ ადამიანებს, რომლებიც მძიმედ დაავადებულები არიან, სთავაზობენ „ხარისხიან“ ძვირადღირებულ წამალს, რომლის „სანდოობას ადასტურებენ“ ცნობილი ადამიანების გამოგონილი ციტატებით და დაავადებულის რწმენას სასწაულში კიდევ აძლიერებენ დროის დეფიციტით, შეკვეთის გასაფორმებლად ადამიანს აქვს ვითომ მხოლოდ რამდენიმე წუთი, რაც ზოგს საბოლოოდ უკარგავს დაფიქრების სურვილს, იყიდიან და... ან არაფერს მიიღებენ, ან - რაღაცა უსარგებლოს. არ მიენდოთ სასწაულთმოქმედ წამლებს ინტერნეტში, კარგ წამალს ასეთი აგრესიული რეკლამა არ სჭირდება.
მოტყუებით ფულის გამოძალვა
ასევე ზემოთხსენებულ ხრიკებს ემატება ისეთი სქემები, რომლების მეშვეობით აფერისტები უმიზნებენ ადამიანის სხვა ძლიერ გრძნობას - შიშს, ის მორალურად სუსტებს გონებას და კრიტიკულ აზროვნებას უთიშავს, რის გამოც მსხვერპლის მოტყუება, სამწუხაროდ, უადვილესი ხდება. სწორედ ამით სარგებლობენ, როცა მილიონობით უგზავნიან წერილებს სხვადასხვა ადამიანებს, ვითომ აქვთ ადრესატის ინტიმური ფოტოსურათები და თუ არ ჩაურიცხავს თანხას ტექსტის ბოლოს მითითებულ ანგარიშზე, საჯაროდ გაავრცელებენ მის ფოტოებს. რა თქმა უნდა, 100 ადამიანიდან 99 დააიგნორირებს ამას, მაგრამ დარჩენილი ერთი პროცენტიც კი იქნება კარგი „ლუკმაპური“ თაღლითისთვის, განსაკუთრებით, როცა ასეთი წერილები მასობრივად იგზავნება. თუ თქვენ მიიღეთ მსგავსი სახის ტექსტი, არასდროს მიაქციოთ მას ყურადღება.
რა თქმა უნდა, ამით თაღლითური სქემების სია არ მთავრდება, მაგრამ ყველა აფერისული ხრიკის აღსაწერად დამჭირდება სრულყოფილი წიგნის დაწერა, რისთვის, სამწუხაროდ, არ მაქვს დრო და შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ნაშრომი იქნება სასარგებლო და ვიღაცას მაინც დაეხმარება. გახსოვდეთ მთავარი, - ყოველთვის გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტში, იყავით ყურადღებიანი და ნუ მისცემთ ფულს ან პერსონალურ მონაცემებს თქვენთვის უცნობ ადამიანებს ან საიტებს, ეს გადაგარჩენთ ინტერნეტის საფრთხეების უმეტესობისგან.