კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

5 რჩევა ახალგაზრდებს

5 რჩევა ახალგაზრდებს

1260
5 / 5

აი, უკვე უნივერსიტეტში სწავლობ ან დასაქმების ბაზარზე პირველად მოხვდი და პირველი ხელფასიც აიღე. ეს არც ისე ბევრია, მაგრამ დასაწყისისთვის არც თუ ისე ცოტაც. ჩათვალე, რომ უკვე წარმატებული სვლაა, რადგან შენ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდების 62%-ს მშობლები ფინანსურად ეხმარებიან და მხოლოდ 3%-ია ისეთი, ვისაც ფინანსური პრობლემები არ აქვს (ფრიდრიხ ებერტის ფონდი, 2017).

ახლა დროა, ფულის გონივრულად განაწილება და შენი პირველი ფინანსური რესურსების მართვა ისწავლო, რადგან მომავალი შენს ხელშია და მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი "საცდური" გაქვს, ცოტა შემდგომ პერსპექტივებზე უნდა იფიქრო. მესმის, რთულია. შენ გჭირდება თანხები სწავლისთვის, ტანსაცმლისთვის, გასართობად, იქნებ მშობლებსაც ეხმარები კომუნალური გადასახადების გადახდაში. მაგრამ იცოდე, რომ ყოველთვის მოიძებნება გზა, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდე და მომავალიც შეძლებისდაგვარად დაგეგმო.

არსებობს არაერთი სტრატეგია, თუ ტექნოლოგია, რომელიც პირველივე ხელფასის აღებიდან დაგეხმარება. თუმცა არსებობს ზოგადი წესები, რომლებსაც შეგიძლია მიჰყვე და პროცესი ისე მართო, რომ ყველა დეტალი შენზე იყოს მორგებული.

რჩევა #1

დარწმუნდი, რომ შენი შემოსავლებიდან დანაზოგის გაკეთება ნამდვილად გინდა და მზად ხარ, რომ თუნდაც სულ მცირედი მომავლისთვის გადადო. ერთ მწკრივად ჩამოწერე, თუ ყოფით დონეზე რაზე მოგიწევს უარის თქმა, თუ ხელფასიდან გარკვეულ თანხას გადადებ ხოლმე. ხოლო მეორე მწკრივში შეადგინე იმ სურვილების სია, რომლებამდე მისვლაც ამ დანაზოგით გენდომებოდა. თუ "სარგებელი" "დანაკარგზე" მეტი აღმოჩნდება, ეს მიგანიშნებს, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში, ფულის შეგროვებისა და სამომავლო ფინანსური რისკებისთვის საფუძვლის შექმნისთვის ემოცირი მზაობა ნამდვილად გაქვს.

რჩევა #2

მოიძიე ფულის დაზოგვის ყველა მექანიზმი, რასაც გამოცდილი ადამიანები, თუ ფინანსური სფეროს სპეციალისტები გვიზიარებენ და გვირჩევენ. შეისწავლე ისინი და მათგან შენს ფინანსურ რესურსებზე მორგებული ყველაზე ეფექტური გზა აირჩიე. მაგალითად, დაიწყე იმით, რომ ნახო რას გულისხმობს "კაკეიბო" და დაამთავრე ოთარაანთ ქვრივის მიერ ფულის განაწილების წესით. ამ გზაზე ყველაზე რთულიდან ყველაზე პრიმიტიულამდე არსებული ნებისმიერი სტრატეგია შენთვის გამოსადეგი შეიძლება გახდეს.

რჩევა #3

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავ, თუ რამდენია ის თანხა, რისი ყოველთვიურად გადადებაც შეგიძლია, დროა ანაბრის სახეობებს და პირობებს გაეცნო. თუ ჩათვლი, რომ სახლში დანაზოგის გადადებამ შესაძლოა შენგან დიდი დოზით ნებისყოფა მოითხოვოს, ან უბრალოდ გსურს, რომ შენს დანაზოგს პერიოდულად გარკვეული პროცენტიც დაემატოს, ანაბრის შესახებ ყველაფერი წაიკითხე, რისკები გათვალე და სხვადასხვა ბანკის თანამშრომელსაც გაესაუბრე, რომ საბოლოოდ უკეთესი არჩევანი გააკეთო.

რჩევა #4

თუ აქამდე ყველა ეტაპს გაივლი, ახლა მოგიწევს მოცემულობის შენარჩუნებაზე იზრუნო. მნიშვნელობა არ აქვს თანხას შენს საფულეში გადაინახავ, ყულაბაში, თუ ანაბარზე, ყოველთვის გამოჩნდება სიტუაცია, როცა დანაზოგის დროზე ადრე დახარჯვაზე დაფიქრდები. საბოლოო მიზანს, ან მდგომარეობას, რომლის მიღწევისთვისაც დანაზოგის გაკეთება დაიწყე, უფრო ნათლად რომ უყურო და ნებისმიერი "ცდუნების" მიმართ მდგრადი დარჩე, ფსიქოლოგები მიზნის ვიზუალიზაციის ტექნიკას გირჩევენ. აქაც საჭიროა, ყველა მსგავსი სქემის შესახებ ინფორმაცია მოიძიო და შენთვის სასურველი შეარჩიო.

რჩევა #5

შენ უკვე გაქვს:

  • ვიზუალიზებული მიზანი;
  • თანხა, რომლის გადადებაც ყოველ თვეში შეგიძლია; ფსიქოლოგიური მზაობა დანაზოგის გასაკეთებლად;
  • თანხის დაზოგვისა და შენახვის სქემები.

ახლა შეგიძლია უბრალოდ იფიქრო, რომ ქმნი მომავალს და ფულს გონივრულად ეპყრობი. დადებითზე ფიქრი შენს საერთო მდგომარეობაზე უკეთ იმოქმედებს და ვინ იცის, იქნებ მალე შენი შემოსავლებიც კი გაიზარდოს.