სანამ ემიგრაციაში წახვალთ - ნაწილი 1
ემიგრაცია ეს არის ურთულესი გზა, რომელსაც უამრავი ადამიანი ირჩევს ფინანსური კეთილდღეობისთვის, გზა, რომელსაც ადამიანები მიჰყავს უცხო მიწაზე საცხოვრებლად და ხშირ შემთხვევაში, ურთულეს სამუშაოზე სამუშაოდ რათა უზრუნველყონ ახლობლების და საკუთარი ფინანსური მომავალი. შეიძლება, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანდეს, წახვიდე უცხო თუმცა მდიდარ ქვეყანაში, იმუშაო და ანაზღაურება გამოიყენო შენს ქვეყანაში, თუმცა ნაკლებად შესამჩნევია, ეს ნაბიჯი რამხელა ძალისხმევასა და დათმობებს მოთხოვს.
ერთ დღეს გადაწყვიტეთ, რომ გამოსავალი მხოლოდ ემიგრაციაა, დაიწყეთ საბუთების მოგროვება, ჩაალაგეთ ბარგი, სადაცაა ბილეთებს იყიდით და გზას გაუდგებით, თუმცა გიჩნდებათ კითხვები: სად მივდივარ? ვისთან მივდივარ? რა ენაზე უნდა შევძლო კომუნიკაცია? წასასვლელად რამდენად სწორი გზა მაქვს არჩეული? რა საქმე უნდა ვაკეთო? რა მექნება ხელფასი? სად ვიცხოვრებ? გამოუვალი სიტუაციებისთვის თუ მაქვს თანხა? რა მიზნით გამოვიყენებ მიღებულ ანაზღაურებას? ვიცნობ მასპინძელი ქვეყნის კანონებს? საერთოდაც, ვარ მზად ამ ყველაფრისთვის?
კითხვები მართლაც ბევრი გაგიჩნდათ. ჩემს ბლოგშიც სწორედ ამ კითხვებზე დაგაფიქრებთ.
ემიგრაციის მიზანი
წასვლამდე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ და კარგად გააცნობიეროთ, რა არის თქვენი მიზანი, რატომ მიდიხართ, რა შედეგს ელით და რა ვადაში.
ცნობილია, რომ მიზნის არსებობა ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირია. არასოდეს ამართლებს მიდგომა, „წავალ და რაღაც იქნება“. ამასთან, ადამიანები, რომლებიც შედარებით მოკრძალებულ მიზნებს ისახავენ, მაგალითად მხოლოდ ოჯახის მიმდინარე ხარჯების დაფარვას, წლების მანძილზე ემსახურებიან კიდეც მას, თუმცა თუ მიზნები უფრო ამბიციურია, მათი მიღწევის გზებიც ჩნდება.
როდესაც გექნებათ პასუხები ზემოაღნიშნულ კითხვებზე, დაიწყეთ უკვე ფიქრი, რა გჭირდებათ დასახული მიზნის მისაღწევად. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, არის თუ არა შესაძლებელი, ამ მიზნის მიღწევა ჩვენსავე ქვეყანაში და ემიგრაციაზე მას მერე დაფიქრდეთ, თუ დარწმუნდებით, რომ თქვენი შესაძლებლობები საქართველოში ბოლომდე ამოწურეთ და მხოლოდ ემიგრაციაში ხედავთ გამოსავალს.
ემიგრაციის ქვეყანა
გიფიქრიათ საქართველოში რომ არ დაბადებულიყავით, სხვა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით? მარტივი არ არის, შეარჩიოთ ქვეყანა და ქალაქი, რომელშიც თქვენი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს გაატარებთ და ამავდროულად გექნებათ იმედი, რომ ის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
ქვეყნის და ქალაქის შერჩევისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები როგორებიცაა, დასაქმების პირობები და შესაძლებლობები, გყავთ თუ არა ამ ქვეყანასა ან ქალაქში საიმედო ახლობელი, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ორიენტირებისა და რჩევების გაზიარებაში, როგორია იქ ცხოვრების პირობები და ქვეყნის კულტურა და რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გექნებათ გასათვალისწინებელი, როგორი იურიდიული მოთხოვნები და ვალდებულებები იქნება გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით დასაქმებასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით მაშინ, თუ არალეგალურად აპირებთ წასვლას, მნიშვნელოვანია, დააზუსტოთ, რამდენად ადვილად იპოვით სამსახურს. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ქვეყანას არალეგალი ემიგრანტების დასაქმების სხვადასხვა მიდგომა აქვს. მაგალითად, თუ გეგმავთ ოჯახში დასაქმებას, შესაძლებელია, ერთმა ქვეყანაში მცხოვრებმა ოჯახმა კარი გაგიღოთ და დაგასაქმოთ თქვენი სტატუსის მიუხედავად, სხვამ კი სპეციალური საბუთის გარეშე უარი გითხრათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთსა და იმავე ქალაქში, ერთსა და იმავე დატვირთვის საქმეზე ლეგალურად მომუშავე ემიგრანტს რამდენიმეჯერ მეტი ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს არალეგალურად მომუშავესთან შედარებით.
ენა
რომელი ქვეყნის ემიგრანტსაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ენის მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა ემიგრაციაში უმთავრესია. ამის გარეშე არათუ რთულია სამსახურის პოვნა, შესაძლოა ფინანსური საფრთხისა და მანიპულაციის მსხვერპლიც გახდეთ. რომ არაფერი ვთქვათ იმ ფსიქოლოგიურ სტრესზე, რომელსაც იღებენ ადამიანები, როცა არც სხვისი ესმით რამე და ვერც საკუთარს აგებინებენ.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო კარგად გეცოდინებათ ადგილობრივი სალაპარაკო ენა, მით უფრო მარტივად და მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის პოვნას შეძლებთ.
ამიტომ წასვლამდე მნიშვნელოვანია ენის სწავლას დრო დაუთმოთ. თუ საკმარისი ფინანსები არ გაქვთ, რომ ენის შემსწავლელ ცენტრში მიხვიდეთ, მისი სწავლის დამოუკიდებლად სწავლის გზებიც არსებობს. მთავარი მონდომებაა. უყურეთ ფილმებს იმ ენაზე, რომელსაც სწავლობთ, გადმოიწერეთ უფასო მობილური აპლიკაციები, რომელიც ენის შესასწავლადაა შექმნილი, მოუსმინეთ შესაბამისი ქვეყნის ახალ ამბებს. ეს არა მხოლოდ ენის სწავლაში, არამედ ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაშიც დაგეხმარებათ.
წასვლის გზები
როდესაც შეარჩევთ ქვეყანას ემიგრაციისთვის და შეისწავლით ენასაც, მნიშვნელოვანია, მოიძიოთ ამ ქვეყანაში წასვლის გზები. მოიძიეთ თითოეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. არჩევანი, რომელსაც გააკეთებთ, უნდა იყოს უსაფრთხო, საიმედო და თქვენს მიზნებზე ზუსტად მორგებული.
წასვლის გზების ძიება, პირველ რიგში, დაიწყეთ ყველა იმ წყაროდან, რომელზეც ყველაზე მარტივად მიგიწვდებათ ხელი, მაგალითად:
- სოციალური ქსელებით - არსებობს სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტთა ფეისბუქ ჯგუფები, სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები და ჯგუფის წევრები გიპასუხებენ საკუთარი გამოცდილებით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გზა, რომელიც გაიარა ერთმა ადამიანმა, შესაძლოა, საუკეთესო მაგალითად არც გამოდგეს ბევრი მიზეზის გამო. თუნდაც იმიტომ რომ გარკვეული დრო გავიდა და ქვეყნის კანონმდებლობაც შეიცვალა. შესაბამისად, ინფორმაცია მიიღეთ, თუმცა მისი აწონ-დაწონვა მაინც არ დაგავიწყდეთ;
- სანაცნობო წრე - მოიძიეთ, თუ გყავთ ნაცნობი თქვენ მიერ შერჩეულ ქვეყანაში. ინფორმაციის მიღების ეს წყარო, შესაძლოა უფრო სანდოა, თუმცა არც ამ შემთხვევაში უნდა დაივიწყოთ, რომ ახლობლებიც სუბიექტურ გამოცდილებას გიზიარებენ და არა ობიექტურ სურათს;
- უცხოეთში ლეგალურად დასაქმების ხელშემწყობი ორგანიზაციები - შესაძლოა მოიკვლიოთ ასეთი ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, დაგეხმაროთ ლეგალურად დასაქმებაში. ამ შემთხვევაში, მათი დახმარებით შეიძლება მოაგროვოთ საჭირო საბუთები, რიგ შემთხვევაში, მოძებნოთ საცხოვრებელი ადგილი, გაიაროთ სპეციალური კურსები იმ საქმეში, რომელში დასაქმებასაც აპირებთ. ამ გზით შესაძლოა იპოვოთ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, სეზონურ სამუშაოებიც.
გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია შეისწავლოთ ის ორგანიზაციები/პირები და შემოთავაზებები, რომლებიც უცხოეთში დასაქმებას გთავაზობენ, განსაკუთრებით საფრთხილოა ეს მაშინ, თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ არალეგალურად წასვლა. მოიძიეთ მათზე ინფორმაცია, მოიკვლიეთ მათი მომხმარებლები. პირობებზე შეთანხმებისას მნიშვნელოვანია მოითხოვოთ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება, ძალიან მაღალ რისკიანია ზეპირსიტყვიერი შეთანხმებები. წასვლაზე მოლაპარაკებების წარმოებისას აუცილებლად დასვათ შემდეგი კითხვები: რა მარშუტით წაგიყვანენ? ჩასვლისას ვინ დაგხვდებათ? რაზეა ვალდებული თავად კომპანია? მოიკვლიეთ და გაანალიზეთ რამდენად უსაფრთხო და სანდოა თქვენი სიცოცხლისთვის ეს გზა, რომელსაც გთავაზობენ. არ მიენდოთ არავის, სანამ ყველა დეტალს გულდასმით არ დააზუსტებთ.
ბევრი ემიგრანტის მაგალითიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა გზა სანდო არ არის და არაერთი ადამიანი აღმოჩენილა ტრეფიკინგის მსხვერპლი, არაერთს მოუხდა ფიზიკურად საშიში გზის გადალახვა და აუტანელი საპატიმრო პირობების გამოვლა. მაშინ როცა ემიგრაციაში წასვლა არცთუ მცირე ფინანსებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც კრიტიკულია ტრეფიკინგის რისკების ასარიდებლად, არის ის, რომ პასპორტი არ გადასცეთ არავის, დედანი იქონიეთ ყოველთვის თავად და თუ ვინმე მოგთხოვთ, მიეცით მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საჭიროებისთვის გქონდეთ რამდენიმე ეგზემპლარი თან.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თუ რამდენად რეალურია შემოთავაზება მაღალშემოსავლიანი ემიგრაციული ცხოვრების შესახებ და რამდენად გიღირთ ის ფინანსური და ფიზიკური რისკები, რომლებზეც მოგიწევთ წასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გზა, რომელსაც მოიკვლევთ, შეადარეთ ერთმანეთს და შეარჩიეთ ის რომელიც ყველაზე ოპტიმალურია თქვენი უსაფრთხოებისა და დასახული მიზნის მისაღწევად.
ემიგრაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ კომპლექსურია. კიდევ არაერთი დასაფიქრებელი საკითხი დარჩა იქამდე, სანამ ემიგრაციის გრძელ გზას გაუყვებით? ამის შესახებ საუბარი უკვე მეორე ბლოგში განვაგრძოთ. ნაწილი 2