კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

სად დაიარებიან იარლიყები

სად დაიარებიან იარლიყები

627
4.2 / 5

და მაინც, გულს ისე არაფერი მიჩქარებს, როგორც წითელი იარლიყები, ორმოცდაათ პროცენტიანი ბანერები ან ოც პროცენტიანი ქეშბექი. მათი ნახვა საკმარისია, რომ ყოველდღიურ ძილ-ბურანში გადავეშვა, სადაც სამსახურიდან მომავალს ვიტრინებიდან მანეკენები ჩამჩურჩულებენ, რამდენად მომიხდება ზარას მაღალწელიანი შარვალი, ან მანგოს ლაჟვარდისფერი ქურთუკი, როგორ მივიქცევდი გუჩის ზამთრის კოლექციაზე ნანახი სვიტრით ყველას ყურადღებას ან უბრალოდ როგორ გამომაყოლებდნენ გამვლელები თვალს ვერსაჩეს ვინტაჟურ ჩანთაზე. მხოლოდ წარმოდგენა მჭირდება, რომ ხუთ ბარათზე განაწილებული, მორჩენილი თანხა დავაჯამო და ტერმინალის დამადასტურებელი წრიპინი მივიღო სულის იავნანად. 

მანეკენები ჩემი უახლოესი მეგობრები ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდნენ, 6 წლის ასაკში ლილოს ბაზრობაზე პირველად წამიყვანეს სასკოლო ტანსაცმლისთვის, თითოეულ წამს თავბრუსხვევით შევყურებდი ფერად-ფერად ნაჭრებსა და უსიცოცხლო პლასტმასის ფიგურებს, წარმოვიდგენდი, როგორ მივიღებდი კომპლიმენტებსა და ვალიდაციას სხვებისგან. მას შემდეგ ყოველ წელს, სექტემბერს, განსხვავებული შემართებით ველოდებოდი, ცვალებად შემოდგომას ჩემთვის გამყიდველთან შევაჭრების ფერი უფრო ჰქონდა, ვიდრე ფოთოლცვენის. თოთოეულ დაკლებულ ლარზე, თითო ვარსკვლავი ჩნდებოდა ჩემს თვალებში. ეს ნარკოტიკივით შემბოჭველი გამარჯვების შეგრძნება არსად წასულა, გავიზარდე, მუშაობა დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ ამ ვალიდაციას იმდენად დიდი ფასი ჰქონდა, რომ ვერც ქეშბექი შველოდა და ვერც ფასდაკლება.

ყველაზე რთული, მაინც ის არის, საზოგადოებრივ აზრს რომ ემონები, ან უბრალოდ ყურადღება გწყურია. დარწმუნებული ვარ, ჩემი გარდერობის ფასად ვიღაც შორეულ ღარიბ ქვეყანაში ერთი წელი საჭმლის ფულზე აღარ იფიქრებდა, მე კი მაინც პრადას ახალ მწვანე ყელსახვევზე ვფიქრობ, რომელიც თვალებს გამომიკვეთდა. გუშინ შემხვდა, სქროლვისას, თანაც 30% აკლდებოდა, დარწმუნებული ვარ, დროში უკან რომ დავბრუნდე, მაკში სამმაგი ბურგერის ნაცვლად მხოლოდ ფრის შევჭამდი და მშიერი კუჭით ვივლიდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ძვირადღირებული ტანსაცმლითა და აქსესუარებით.

ადამიანების ოქროს ნიღაბს ისე არაფერი აგდებს, როგორც მცირედი გაჭირვება, მაშინ სულ გვავიწყდება, რა გვაცვია, ან სხვებს რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენდამი. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სანამ ყოველი გაღვიძებისას ვარდის სუნი მოგდის, სირთულეების მნიშვნელობას ვერც გაიაზრებ. მახსოვს რამხელა ტრავმა იყო პანდემიის დროს უფულობა, საჭმელი მუდმივად მქონდა, თუმცა შანელის ახალი ჩანთები - არა. ნათქვამია, ყველაფერ ცუდში შეიძლება კარგის მოძებნაო, მაშინ წავაწყდი ვაგზლის მეორადებს, სადაც მართალია არც პრადა იყო და არც გუჩი, თუმცა ციცინო იდგა 5 ლარიანი ჯინსებითა და თბილი ღიმილით, სწორედ გაცრეცილ ფურცელზე დაწერილმა რიცხვმა და ჩემს უკან სივრცეში ექოდ გავრცელებლმა ყავის გამყიდვლის ყვირილმა შეცვალეს ტრენდული, მოდერნისტული სივრცეები, სადაც რომელიმე თანამედროვე ჰიტები ახშობდა სულიერ სიცარიელეს. ამ უსიცოცხლო, ნახმარი ტანსაცმლის ყიდვით, დაჭრით, გადამუშავებით და ახლის დამზადებით ჩანაცვლდა ძვირადღირებული ტანსაცმელი, თუმცა ბევრად უფრო საინტერესო ის არის რომ ხარჯების შემცირებასთან ერთად, ხალხის ყურადღებას ხელნაკეთი ტანისამოსი უფრო იქცევდა, ვიდრე ტომ ფორდის კოსტუმი მიიქცევდა, მაგრამ მთავარი ყურადღება აღარ იყო, რადგან ახლა სიამოვნებას შემოქმედებითი პროცესი და ანგარიშზე დარჩენილი თანხა მანიჭებდა.

მაგრამ Რა მოხდებოდა ეს რომ ესწავლებინათ? Რამდენს დავზოგავდი და რამდენს ვიმოგზაურებდი? ალბათ, რომ არა წითელზე შავად გადახაზული რიცხვები, ახლა ბალიზეც ვიქნებოდი ნამყოფი, იქნებ ჰიმალაიც დამელაშქრა ან ზვიგენებთან ერთად გამეცურა, თითოეული ბარათის გასმასა და ჩამოჭრის წერილს სინდისის ქენჯნა და პათეტიკურობის შეგრძნება სდევდა, თითქოს უსასრულო ოცნებებში ვეშვებოდი, სადაც ხილვად მექცეოდა რა შემელო მექნა 149 ლარად და 99 თეთრად. წარმოიდგინე, ინვესტიცია რომ ჩამედო და რამდენიმე წელიწადში მილიონერი რომ გავმხდარიყავი ან დეპოზიტზე დამედო და პატარა სახლი მეყიდა, რომელშიც ბევრ კაკტუსს გავახარებდი და ოცამდე კატას ვიყოლიებდი.

ახლა მეცინება, თუმცა მაშინ ნიანგის ცრემლები მომდიოდა. ალბათ , ყველაფრის საწყისი სხვა ადამიანების აზრი იყო, საკუთარი ხედვის შესწავლას კი - დრო სჭირდება. რად გიღირს სამსახურში გატარებული 1 საათის სანაცვლოდ მიღებული თანხა მთავარი კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. დროთა განმავლობაში, ის გავაანალიზე რომ, ვერც პარიზში ნანახი ვერსაჩეს ქამარი მაქცევს იდეალურად და ვერც ჰერმესის ნიანგის ტყავის ჩანთა. ახლა, როდესაც ბათუმში აჭარულს ველოდები, რომლის ფულიც დეპოზიტზე დარიცხული პროცენტიდან უნდა გადავიხადო, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დაკლებულ ლარზე დიდი გამარჯვების შეგრძნება ინვესტიციიდან მიღებულ 2 ლარს აქვს. 

და მაინც, გულს ფასდაკლებები ისევ მიჩქარებს, ოღონდ არა ახალი უსარგებლო ნივთის შეძენის იდეით, არამედ ნაკლები ხარჯის ქონით. დროში რომ დაბარუნონ, ალბათ თითოეულ გამოწერილ კლაინის საცვლებს ჩემს თავს ზედ გადავახევდი, თუმცა ცხვირის წარტყმის გარეშე ვერც ვისწავლით ადამიანები. 

საბოლოოდ, ჩემი ისტორია, მაინც მე დავწერე, სხვების აზრისა და იარლიყების გარეშე, ანგარიშზე საკმარისი თანხით, რომ კატას მოვუარო და ჯიბეში ბალისაკენ მიმავალი თვითმფრინავის ბილეთებით.