საახალწლო სურვილები 2021 წლისათვის ან იქნებ ფინანსური გეგმები?
ახალი წელი ის დროა, როცა ყველა ვისახავთ საახალწლო სურვილებს, რომლებიც გვინდა, მომავალ წელს შეგვისრულდეს ან საკუთარი თავის წინაშე ვაკეთებთ დათქმებს, რომ ახალი წლიდან ამასა და ამას გავაკეთებთ, ან პირიქით, არ გავაკეთებთ. გთავაზობთ, თქვენი სურვილები ფინანსურ მიზნებად აქციოთ და 2021 წლისთვის თქვენი ფინანსური ქცევების გაუმჯობესებაზე იფიქროთ.
დაისახეთ ფინანსური მიზნები
რისი მიღწევა გსურთ? არა მხოლოდ 2021-ში, არამედ მომდევნო წლებშიც. ჩამოწერეთ ფურცელზე თქვენი მიზნები: მოკლევადიანი, რომელთა მიღწევა 1 წელზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, საშუალო ვადიანი, რომლისთვისაც 1-იდან 3 წლამდე გჭირდებათ და გრძელვადიანი, რომელთა მისაღწევად 3 წელზე მეტი ვადაა საჭირო. ფინანსური მიზნების დასახვა საუკეთესო მოტივატორია თანხის დასაზოგად. გამოყავით ის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ან მიზნები, რომელთა მისაღწევად თანხის დაზოგვას წელსვე დაიწყებთ. გახსენით ზრდადი დეპოზიტი, დაარქვით მას მიზნის სახელი და ყოველთვიურად გადადეთ თანხა დეპოზიტზე.
შექმენით დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის
2020 წელმა ყველაზე უკეთ დაგვანახა, თუ როგორ მნიშვნელოვანია ფინანსურად მზად შევხვდეთ გაუთვალისწინებელ მოვლენებს. ახალი წლის დღეებში ნაკლებად ვფიქრობთ უმუშევრობაზე, ავადმყოფობაზე თუ სხვა შემთხვევებით გამოწვეულ ფინანსურ ზარალზე, მაგრამ როცა ასეთი შემთხვევებისთვის დანაზოგის გაკეთებას იწყებთ, თავდაჯერებულობა და სიმშვიდე უფრო იმატებს და მეტნაკლებად მზად ხართ მოულოდნელობებისთვის. რა თქმა უნდა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის დანაზოგის შექმნა მარტივი არ არის, საჭიროა რეგულარულად თანხის გადადება და დრო, რათა გარკვეული დანაზოგი შეგროვდეს. შეხედეთ ამას ისე, როგორც გრძელვადიან მიზანს, რომლის მისაღწევად დაზოგვას რაც მალე დაიწყებთ, მით უკეთესი იქნება.
გადაანაწილეთ ხარჯები
დაგეგმეთ წლიური ბიუჯეტი. წლის განმავლობაში არის თვეები, როდესაც შედარებით მეტი ხარჯი გვაქვს და როცა პირიქითაც - შედარებით ნაკლები. ჩახედეთ კალენდარს და მოინიშნეთ ასეთი პერიოდები. მაგალითად, ზაფხულში დასასვენებლად წასვლა - და ეცადეთ, ამისთვის წინა რამდენიმე ხელფასიდან გადადოთ თანხა, რათა ერთიანად არ მოგიწიოთ ხარჯების დაფარვა. შესაძლებელია, ეს იყოს დაბადების დღის, ახალი წლის ან სხვა ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშნვნაც, რომელთათვისაც თანხის გარკვეული ნაწილის იმ თვეების შემოსავლიდან გადადება შეიძლება, სადაც ნაკლები ხარჯი გაქვთ ხოლმე. როცა ამაზე წლის დასაწყისშივე დაფიქრდებით, ხარჯების გადანაწილება უკეთესად გამოგივათ.
იფიქრეთ ვალის შემცირებაზე
წლის ერთ-ერთი ფინანსური მიზანი შეიძლება სესხის შემცირებაც იყოს. გამოჩენილი თავისუფალი სახსრები ან ბონუსი შესაძლებელია სესხის წინსწრებით ნაწილობრივ დაფარვისთვის მიმართოთ. როცა სესხის გარკვეულ ნაწილს წინასწარ ფარავთ, ამით თქვენ ან სესხის ვადას და შესაბამისად საპროცენტო ხარჯს იმცირებთ ან ყოველთვიურ შენატანს. დაფიქრდით, წლის განმავლობაში ელოდებით თუ არა ასეთ შემოსავალს, და იმის მიხედვით განსაზღვრეთ თქვენს ფინანსურ მიზნებში სესხის თანხის შემცირება.
ჩართეთ ბავშვები
თუ შვილები გყავთ, მათაც ასწავლეთ ფინანსური მიზნების დასახვა და ამისთვის თანხის შეგროვება. უყიდეთ ყულაბა, სადაც საკუთარი ხელით ჩაყრიან ხურდებს ან გაუხსენით საბავშვო დეპოზიტი, სადაც ერთად შეიტანთ თანხას. ჩართეთ ბავშვები ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვაში ან რაიმე ღონისძიების, მაგალითად, დაბადების დღის აღნიშვნისთვის საჭირო ხარჯების ჩამოწერაში. ამით ისინი ეჩვევიან ფულის სწორად მართვასა და დაზოგვას, საბოლოოდ კი ფინანსური მიზნების დასახვის, ბიუჯეტირების და დაზოგვის პროცესი უფრო სახალისო გახდება, როცა ამაში ოჯახის სხვა წევრებიც იქნებიან ჩართული.
ისწავლეთ მეტი ფინანსების შესახებ
ახლის სწავლა არასდროსაა გვიანი, ფინანსური განათლება კი უფრო მეტად ცხოვრებისეული და პრაქტიკული უნარია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გამოადგება ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. დაუთმეთ 2021-ში მცირედი დრო მაინც ფინანსურ საკითხებში გარკვევას, მაგალითად, რა უფლებები გაქვთ ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას ან როგორ აირიდოთ თავიდან ფინანსური თაღლითობის შემთხვევები.
ფინანსურად ჯანსაღ 2021 წელს გისურვებთ!