კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როცა უკვე 25 წლის ხარ და შენი დანაზოგი 0 ლარია, დროა, დაზოგვა დაიწყო

როცა უკვე 25 წლის ხარ და შენი დანაზოგი 0 ლარია, დროა, დაზოგვა დაიწყო

2161
4.2 / 5

ასე მგონია, ყველა ადამიანი ბავშვობიდან ადგენს სიას, რა უნდა მოასწროს 25 წლამდე, ის თითქოს ერთგვარი დანიშნულების წერტილია. 20 წლის ასაკში ჯერ კიდევ მტკიცედ გვწამს, რომ დარჩენილ 5 წელში მოვასწრებთ ყველა დასახული გეგმის შესრულებას, სახლიც გვექნება, მსოფლიოს უდიდესი ნაწილიც შემოვლილი, იპოთეკური სესხიც დაფარული და ბონუსად, მსუყრე დანაზოგიც. 

ახლა რომ 25 წლის ვართ, იმ ხალხისთვის განსაკუთრებით საყვარელი ფილმია „რეალობა იკბინება”, რომლის სათაურიც უკვე საინტერესოა და გვეუბნება, რომ ჩვენი გეგმები და მოლოდინი შეიძლება სულაც არ დაემთხვეს რეალობას. ამ ფილმშია ერთი ფრაზა, რომელსაც მილენიალები, x თუ z თაობის წარმომადგენელები ვპოსტავთ სოციალურ ქსელში, როდესაც ჯერ კიდევ 23 წლის ვხდებით. ვაინონა რაიდერის პერსონაჟი წუხს, რომ მის წარმოდგენაში 23 წლის ასაკში მეტად შემდგარი პიროვნება უნდა ყოფილიყო სხვადასხვა მიღწევებითა და სტატუსებით, ითან ჰოუკის პერსონაჟი კი ამშვიდებს, რომ ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, რომ 23 წლის ასაკში იყოს, საკუთარი თავია, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. 

მე ასე ვერ დაგამშვიდებთ და მომიწევს გითხრათ, რომ 25 წლის ასაკში, გარდა იმისა, რომ საკუთარ შინაგან მესთან ჰარმონიულად უნდა იყოთ, დანაზოგიც უნდა გქონდეთ, სულ მცირე მაინც. ხომ ბევრჯერ შესწრებიხართ ამბავს, როცა პატარა ბავშვს მშობლები აფრთხილებენ, იქით არ წავიდეს, თორემ წაიქცევა და მუხლს იტკენს? ამბავი კი (თითქმის) სულ ისე სრულდება, რომ ბავშვი იქით მიდის, წაიქცევა და მერე მუხლგადატყავებული უწევს სიარული. მაგრამ სამაგიეროდ, მერე ზუსტად იცის, რომ იგივე აღარ უნდა გაიმეოროს. ალბათ, სწორედ იგივეა, როცა უკვე 25 წლის ხარ და შენი დანაზოგი 0 ლარია. კარგად ხვდები, რომ რადგანაც წარსულში მოგზაურობის ხელსაწყო ჯერ არავის შეუქმნია შეცდომის გამოსასწორებლად, ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება დაზოგვის უნარის გამომუშავებაა, თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯებით. მეც ბევრი მუხლის გადატყავებით, მაგრამ ვისწავლე:

1. როგორ დავზოგოთ ფული ტანსაცმელზე და თან მაინც კარგად გვეცვას:


კარგად ჩაცმის სურვილი ბუნებრივია, რადგანაც ტანისამოსი მოქმედებს თავდაჯერებულობაზე და ჩვენს პიროვნების უნიკალურობასაც გამოხატავს. რას იფიქრებთ, თუ გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ განსხვავებულად, ატაროთ მაღალი ხარისხის ტანისამოსი, იყოთ ეკომეგობრულები და თან, თანხაც დაზოგოთ ანაბრის გასახსნელად?

ვინტაჟური ტანისამოსის შეძენა დღეს უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე. სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ინსტაგრამზე, შეხვდებით გვერდებს, რომლებიც თქვენი საყვარელი ბრენდების ტანსაცმელსა და აქსესუარებს თითქმის 70%-ით ნაკლებ ფასში გთავაზობენ. უმეტეს შემთხვევაში ტანისამოსი გამოყენებულია, თუმცა დაუზიანებლად, კარგად მოძებნის შემთხვევაში კი სრულიად ახალ ქურთუკსაც შეიძლება მიაგნოთ. 

2. როგორ დავზოგოთ ფული ტანსაცმელზე და თან "ჩასაცმელი არაფერი მაქვს" პრობლემა გადავჭრათ:


"ჩასაცმელი არაფერი მაქვს" - გეცნოთ ხომ ეს ფრაზა? მოდი, ნუ დავითვლით, რამდენჯერ გვითქვამს. მერე წავსულვართ, დაუფიქრებლად გვიყიდია ახალი ზედა და 1 კვირაში ისევ ის განცდა დაგვუფლებია, რომ ჩასაცმელი აღარ გვაქვს. ამის მიზეზი ის არის, რომ სპონტანურად, არსებული გარდერობის გადახედვის გარეშე ვიღებთ უმეტესად გადაწყვეტილებებს და ისეთ ნივთებს ვყიდულობთ, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამება.

თუ ნეიტრალური და პასტელური ფერების იქნება თქვენი ტანისამოსის ძირითადი ნივთების ერთი ხაზი მაინც (მაგალითად, გექნებათ ერთი თეთრი შარვალი, ზედა, ქურთუკი და ფეხსაცმელი), ყოველთვის იპოვით მისთვის შესახემებლ ნივთს გარდერობში და მაღაზიებშიც ნაკლები სიხშირით მოგიწევთ სიარული, დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღების რისკისც შემცირდება. როგორც ჩანს, ლამაზად ჩაცმა და თანხის დაზოგვა შეუთავსებელი სულაც არაა. 

3. როგორ დავზოგოთ ფული ყოველი გადახდისას:

სიმართლე რომ გითხრათ, სულაც არ მახსოვს, პირველი ანაბარი როდის გავხსენი, თუმცა რაც ზუსტად მახსოვს ისაა, რომ დიდხანს არ გასტანა, სამწუხაროდ. ბოლოს, როცა პანდემიამ ცხადად დამანახა დანაზოგის საჭიროება, დაგროვების კარგ ხერხს მივაგენი.

ბანკები ხშირად შემოგთავაზებენ, რომ ყოველი გადახდისას დამატებით ჩამოგეჭრათ მიზერული თანხა, რომელიც თქვენს ანაბარზე დაგროვდება. თავიდან შეიძლება ეჭვის თვალით შეხედოთ ამ საკითხს, მორიგ სატყუარად ჩათვალოთ, თუმცა დამერწმუნეთ, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, როცა ყოველი გადახდისას ზოგავთ. ვერც კი ამჩნევთ ისე, თვის ბოლოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ამ გზით თითქმის იმდენივე დაზოგეთ, რაც ანაბარზე თქვენი ყოველთვიური შენატანია.

4. როგორ დავგეგმოთ თვიური ბიუჯეტი მარტივად:

მე ვიტყოდი, რომ დაზოგვის უნარი გამომუშავებადია. ხშირად გაიგებთ ადამიანების თავის მართლებას, რომ მიზეზი, რის გამოც დანაზოგი არ აქვთ, მათი არასაკმარისი ხელფასია. შეიძლება თქვენც ასე იმართლებთ თავს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიქცეოდი. მერე მივხვდი, ხელფასი არასდროს იქნება საკმარისი, ყოველთვის იქნება ახალი თაობის სმარტფონი თუ ნებისმიერი სხვა ტექნიკა, რომელიც გვენდომება, ჩვენი სურვილებიც ხელფასთან ერთად გაიზრდება. ამიტომაც, დაზოგვის უნარის გამომუშავებისას მნიშვნელოვანია თვიური ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვა - შემოსავალებისა და ძირითადი ხარჯების იდენტიფიცირება. საქმის გამარტივებაში კი სპეციალურად ამისთვის შექმნილი აპლიკაციები დაგეხმარებათ. ტელეფონში, ერთი კლიკის მანძილზე გექნებათ ყველა თქვენი შემოსავლის და სავარაუდო ხარჯის "დავთარი". როცა რაიმე ახლის ყიდვა მოგინდებათ, მარტივად შეძლებთ გადამოწმებას, რამდენად რაციონალურია ამ ხარჯის გაწევა მოცემულ თვეში. დროსთან ერთად კი, თქვენი ხარჯვის სტატისტიკასაც შეადგენთ და პირადად თქვენზე მორგებულ დაზოგვის ხერხებსაც მიაგნებთ. 

თქვენი არ ვიცი და მე ხშირად ვკითხულობდი სიებს, სადაც ეწერა, რა უნდა გამეკეთებინა 25 წლამდე და მშვიდად ვხურავდი, რადგანაც მეგონა, რომ აუცილებლად მოვასწრებდი. ჩემი აზრით, უმეტესად ყველაფერი მოსწრებადია და არ აქვს მნიშვნელობა 25 წლის ხართ, 40-ის თუ 60-ის, შეცდომის გამოსწორება და ახლიდან დაწყებაც არაა პრობლემა, მაგრამ მაინც, დაზოგვა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც რაც მალე დაიწყებთ, უკეთესია. თანაც, რაღაც დონეზე ბავშვობიდან გვაქვს ეს უნარი, როცა ყულაბები გვქონდა და 10-20 თეთრით ვაგროვებდით ფულს საყვარელი ნივთის შესაძენად. ხომ გახსოვთ, გროვდებოდა. დიდობაშიც ასეა, უბრალოდ, მთავარია გავიხსენოთ, რომ პატარა ნაბიჯები საბოლოოდ პატარა სულაც არაა და დიდი გეგმების მიიღწევაში მთავარ როლსაც კი თამაშობს.