კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ ვმართოთ ფული, რომელიც სამყაროს ამუშავებს?

როგორ ვმართოთ ფული, რომელიც სამყაროს ამუშავებს?

1776
4.3 / 5

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა, იცვლებოდა და უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა საარსებო პირობათა შესაქმნელი ატრიბუტები.

თუ პირველყოფილ სამყაროში ეს იყო იარაღისა და სხვადასხვა ხელსაწყოების ნაირსახეობა, დღეს მთავარ საარსებო წყაროდ ფული და მასთან დაკავშირებული ფინანსური ღირებულების მქონე ნივთები გვევლინება. თუ დავაკვირდებით, ფული ყოველდღიურობის განუყოფელი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს მკვეთრად არ აღიქმება, მაგრამ ეს ასეა, რადგან ადამიანები მატერიალურ სურვილებს სწორედ მისი დახმარებით ასხამენ ხორცს.

ფული ყველაფერი არ არის?

მართალია, ხშირად მოგვისმენია ფრაზა: "ფული ყველაფერი არ არის" და მილიონობით, შეიძლება მილიარდობით, ადამიანთან ერთად მეც საპირისპიროს ვფიქრობდი, რადგან ვხედავდი, რომ ამას ის ადამიანი ამბობდა, რომელიც არ განიცდიდა მის ნაკლებობას. ვიტყოდი, რომ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც შენ მნიშვნელოვნად/სასიცოცხლოდ გჭირდება რაღაც და ამ დროს გამოდის ადამიანი, ამ რაღაცით უზრუნველყოფილი, და შესაბამის ფორმაში ამბობს ზემოთხსენებულ ფრაზას.

ფული, ყველაფერი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმ რამდენიმე კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომელთა საშუალებითაც ადამიანები ცხოვრებას აგებენ.

თანამედროვე სამყარო ფულზე მუშაობს

ამ წინადადებას, შეიძლება ითქვას, რომ 2 აზრი აქვს და ორივე ჭეშმარიტია:

  1. თანამედროვე ინდუსტრიები ფულის დახმარებით სულდგუმულობს;
  2. შესაბამისი სფეროს წარმომადგენელი, კომპეტენტური პირები მუშაობენ ფულის განვითარება-გამყარებაზე, მის მუდმივ განვითარებაზე.

რას ნიშნავს ორივე? მართალია, ფული ადამიანებს ეხმარება საკუთარი სურვილების განხორციელებაში და ასევე, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისიც ადამიანის შექმნილია და მასაც სჭირდება ჩვენი ყურადღება, მოფრთხილება, შენარჩუნება და კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავიდან ვერ ავირიდებთ ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს.

უკონტროლობასა და ქაოსს არასდროს, არაფერი კარგი არ მოაქვს არცერთი დარგისთვის. მოგვიანებით ვიმსჯელოთ თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ფულის კონტროლი, მოფრთხილება და მასზე ზრუნვა  ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე რომ ინდივიდი კმაყოფილი დარჩეს, მანამდე კი განვიხილოთ ადამიანის 2 ფსიქოლოგიური მომენტი, ხელფასამდე და ხელფასის დარიცხვის დღეს.

რას აკეთებს ადამიანი ხელფასამდე?

ხელფასამდე ნებისმიერი ადამიანი აუცილებლად გადახედავს წინა თვის ფინანსურ სტატისტიკას საკუთარ მობაილ თუ ინტერნეტ ბანკში და რამდენჯერმე გააკრიტიკებს საკუთარ თავს იმის გამო, თუ რატომ იყიდა ისეთი ნივთები, რომელთა უქონლობას ან/და საჭიროებას არ განიცდიდა. ამის შემდეგ მშვიდად და მონდომებით დაიწყებს დაგეგმვას, თუ როგორ იმყოფინოს ხელფასიდან დარჩენილი 100-150 ლარი შემდეგ ხელფასამდე და ეცდება მომდევნო ხელფასის გეგმის დაწერას. ალბათ ნათელია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას ჭკუას მოუხმობს და არ ჩაწერს გეგმაში ახალ მე-17-ე სანათს, საფულეს, საათს, მობილურის ქეისს, დაფიქრდება და იტყვის, რომ იმ თვეში გადადებს ხელფასის 20%-ს და შეეცდება სურვილები/საჭიროებები მოარგოს დანარჩენ 80%-ს.

რას აკეთებს ადამიანი ხელფასის აღების დღეს?

რაც შეეხება ხელფასის აღების დღეს, რას აკეთებს ადამიანი პირველ რიგში, როდესაც მისდის შეტყობინება, რომ ხელფასი ჩაერიცხა? თავდაპირველად უეცრად უვარდება თავიდან 20%-ის შენახვა, შემდეგ დგება და წინა თვეში დაწერილი გეგმის დარღვევას იწყებს და ყიდულობს ნივთებს, რომლებიდანაც უმეტესობას ერთხელ გამოიყენებს ან სახლში მიტანისას აღარ მოეწონება. ციკლი ისევ მსგავსად სრულდება და იწყება ახალი, მაგრამ იგივე ეტაპების განხორციელება. რა არის ამის გამოსავალი? მოკლე ან გრძელვადიანი მიზნები, რომლებისთვისაც არ დავიშურებთ არც 20 და არც ხელფასის 40%-ს. რას ნიშნავს მოკლე ან გრძელვადიანი მიზნები და როგორ უნდა დავიწყოთ მათთვის ფულის შეგროვება?

ჩემი გამოცდილება

მე, როგორც აბიტურიენტს ჯერ ხელფასი არ მაქვს, მაგრამ მშობლების შემწეობით ვსარგებლობ და, პირად მაგალითზე რომ ვთქვა, დავისახე მიზანი, რომ ფული შევაგროვო ჩემი საუნივერსიტეტო გადასახადებისთვის. ანუ ჩემი მიზანი არის შევაგროვო ფული განათლებისთვის. გავხსენი ანაბარი და, მართალია, ცოტას, მაგრამ ვცდილობ, მუდმივად შევმატო რაღაც. მინდა, მზარდ რეჟიმში ვამყოფო ჩემი დანაზოგი, რომელსაც ინვესტირებას გავუწევ წარმატებული კარიერისკენ მიმავალ გზაზე. ამისთვის ბევრ რამეზე უარი ვთქვი, მაგრამ მიღირდა ამის გაკეთება, რადგან ვფიქრობ, ფულს უკეთესი და უფრო ღირებული საქმისთვის ვინახავ, ვიდრე ეს არის თუნდაც ახალი საფულე ან რაიმე ახალი გაჯეტი, თუნდაც უბრალოდ ჯიბის ფული.

ასე რომ, მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო ფულის სწორად ხარჯვისკენ. მესმის, ნამდვილად კარგია და სასიხარულოა ახალი რაღაცის შეძენა, მაგრამ შეძენამდე აუცილებელია, დავფიქრდეთ რამდენად გვჭრიდება ესა თუ ის ნივთი. იქნებ ფული სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოვახმაროთ ან თუ იმ წამს არ გაგაჩნიათ მიზანი, უბრალოდ, შეინახეთ ფული "გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის" და მოგვიანებით მიაკუთვნეთ დანაზოგი ერთ კონკრეტულ საქმეს.