კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ შეიძლება ფინანსური წიგნიერების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში?

როგორ შეიძლება ფინანსური წიგნიერების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში?

123
5 / 5

პირადი ფინანსების მართვის ცოდნა, ჯანსაღი ფინანსური უნარ-ჩვევები და სწორი ფინანსური დამოკიდებულებები ის კომპეტენციებია, რომელთა ადრეული ასაკიდანვე გამომუშავებაც ეხმარება ადამიანს, ზრდასრულ ცხოვრებაშიც მიიღოს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები და მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობას. 

ამიტომ არის ფინანსური განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც სკოლის კურიკულუმის ნაწილი. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით, ფინანსური წიგნიერების საკითხები ინტეგრირებულია „მე და საზოგადოებისა“ და „მოქალაქეობის“ საგნებში, თუმცა, ამავე დროს ის მიჩნეულია ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია დააინტეგრიროს ფინანსური განათლება თავის საგანთან.

ამ ბლოგში, სწორედ ფინანსური წიგნიერების სხვადასხვა საგანში ინტეგრირების იდეებზე გესაუბრებით და განვიხილავთ სავარჯიშოების იდეებსაც, რომელთა საშუალებითაც სწავლა-სწავლების პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი შეიძლება გახდეს. 

მათემატიკა

მათემატიკის სწავლება უფრო საინტერესო გახდება, თუკი მას რეალურ ცხოვრებისეულ მაგალითებს დავუკავშირებთ. პროცენტისა და პროპორციის საკითხები ყველაზე მარტივია ფინანსური განათლების ინტეგრირებისთვის.

პროცენტის თემის გავლისას, მოსწავლეებს შეგვიძლია ვასწავლოთ საბანკო დეპოზიტების საპროცენტო სარგებლის გამოთვლა, მარტივი და რთული დარიცხვით მიღებულ საპროცენტო სარგებელს შორის სხვაობის დანახვა და მიღებული ცოდნის შედეგად, სხვადასხვა ბანკის დეპოზიტების შემოთავაზებების ერთმანეთთან შედარება და მათგან საუკეთესოს არჩევა.

პროცენტის თემის გავლისას, ასევე შესაძლებელია მოსწავლეები დავაფიქროთ პირადი ბიუჯეტის შედგენისა და დაზოგვის მნიშვნელობაზეც: გავუზიაროთ ბიუჯეტირების 50/30/20-ის წესი, რაც გულისხმობს საკუთარი შემოსავლის შემდეგი პროცენტულობით განაწილებას: შემოსავლის 50% უნდა იხარჯებოდეს საჭიროებებზე, 30% - სურვილებზე, ხოლო 20% - დანაზოგებზე. 

პროცენტის თემას ასევე შესაძლებელია დავუკავშიროთ სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები: მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ხელფასის გარკვეული ნაწილი (20%) საშემოსავლო გადასახადის სახით ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი ნაწილი - ხელზე ასაღები ხელფასი, უკვე ჩვენს განკარგულებაშია.

პროპორციის თემის გავლისას მოსწავლეებს შეგვიძლია ვასწავლოთ ვალუტის გაცვლითი კურსის გამოყენებით ეროვნული ვალუტის (ლარის) „გადაყვანა“ უცხოურ ვალუტაში (მაგალითად, დოლარში ან ევროში) და პირიქით.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარებათ, დაინახონ მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება და ასევე, ისწავლონ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.  

ქართული ენა და ლიტერატურა 

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, ფინანსური წიგნიერების საკითხები განვიხილოთ პერსონაჟების ფინანსური გადაწყვეტილებებისა და შემოქმედებითი წერის მეშვეობით.

მაგალითად, ამა თუ იმ ნაწარმოების გავლისას, მოსწავლეებს მივცეთ დავალება, იპოვონ და შეაფასონ პერსონაჟების ფინანსური გადაწყვეტილებები, როგორც პერსონაჟის, ისე საკუთარი პერსპექტივიდან. განიხილონ, რომელი პერსონაჟი იყო ფინანსურად წარმატებული და ფინანსურად წარუმატებელი, რა მაგალითის აღება შეიძლება მათგან და თვითონ რას ურჩევდნენ პერსონაჟს? 

ერთ-ერთი აქტივობა ასევე შესაძლებელია იყოს სარეკლამო ტექსტების ანალიზი - როგორ ხერხებს იყენებს რეკლამა, ასევე, თავად მოსწავლეების მიერ ამა თუ იმ რეკლამის ტექსტის შექმნა. მოსწავლეებს ასევე შეიძლება ვთხოვოთ ესეს დაწერა სხვადასხვა თემაზე, მაგალითად, დაზოგვის მნიშვნელობაზე, მათ ფინანსურ მიზნებზე და ა.შ. 

მსგავსი აქტივობები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, შემოქმედებითად გაიაზრონ ფინანსური საკითხები და განივითარონ როგორც წერის, ისე ფინანსური გადაწყვეტილების მიღების უნარები.

გეოგრაფია

გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შესაძლებელია, შექმნან მსოფლიოს ფულის რუკა - მოიძიონ ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში რომელი ვალუტა გამოიყენება გადახდის კანონიერ საშუალებად, როგორია ჩვენი ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი ამ ვალუტასთან მიმართებაში და დაუკავშირონ მოგზაურობის ბიუჯეტს. 

ბუნებრივი რესურსების თემის გავლისას, მოსწავლეებმა შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნის ბუნებრივი რესურსები დააკავშირონ ვაჭრობასთან და ეკონომიკის განვითარებასთან, რამდენად ყოველთვის არის დამოკიდებული ბუნებრივი რესურსების არსებობაზე ქვეყნის სიმდიდრე. მოსწავლეებს შეუძლიათ მოიძიონ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და შეადარონ ერთმანეთს. 

გეოგრაფიის გაკვეთილზე ფინანსური წიგნიერების ინტეგრირება მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ გლობალური ეკონომიკური პროცესები.

ისტორია

ისტორიის გაკვეთილზე შესაძლებელია მოსწავლეებისთვის ფულის ისტორიის გაცნობაც - როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა ფულის ფორმები საუკუნეების განმავლობაში, სასაქონლო ფულიდან ციფრულ ფულამდე და როგორ ხდებოდა გაცვლის პროცესი ფულის გარეშე (ბარტერი).

სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ ეპოქის გავლისას, შესაძლებელია ყურადღება გაამახვილოთ იმ პერიოდის ფულის ფორმებზე - მაგალითად, ძვ. წ. VI საუკუნეში მონეტებზე გადასვლა და ვაჭრობის განვითარება, შუა საუკუნეებში ოქროსა და ვერცხლის მოპოვება და იმპერიების გაძლიერება და ა.შ. ამის საილუსტრაციოდ, მოსწავლეებმა შესაძლებელია შექმნან დროითი ხაზი - სადაც გამოსახავენ ფულის განვითარების ეტაპებს და შესაბამის ისტორიულ მოვლენებს.

ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისა და მოვლენის გავლისას, მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებს გააცნოს იმ ეპოქის მონეტები და ყურადღება გაამახვილოს იმაზე, როგორ იცვლებოდა მონეტებზე გამოსახულებები და წარწერები ქვეყნების/იმპერიების/ეპოქების მიხედვით, რა პოლიტიკური მესიჯის მატარებელი იყო თითოეული მათგანი. მაგალითად უძველეს მონეტებზე - მეფეების გამოსახვა, როგორც ძალაუფლებისა და ავტორიტეტის სიმბოლო,  თანამედროვე მონეტებზე - ეროვნული სიმბოლოები და გერბები - როგორც ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზგასმა და ა.შ. ამავე თემის ფარგლებში შესაძლებელია თანამედროვე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების და მათი დამცავი ნიშნების გაცნობაც, რაც მოსწავლეებს დაეხმარება ერთმანეთისგან განასხვაონ ნამდვილი და ყალბი ფული.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ფული და ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის იყო ისტორიული მოვლენების მამოძრავებელი და საზოგადოების განვითარების ნაწილი. ამასთან, უკეთესად გაეცნობიან ეროვნულ ვალუტას.  

ფიზიკა

ფიზიკის გაკვეთილი საუკეთესო საშუალებაა ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორ დავზოგოთ ენერგია და შესაბამისად - ფული.

ენერგიის თემის სწავლებისას, მოსწავლეები შეიძლება დავაფიქროთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებულ ენერგიებზე, მათ დანახარჯებსა (კომუნალური გადასახადები) და ამ ხარჯების შემცირების გზებზე - ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით.

მაგალითად, მოსწავლეებს შეუძლიათ ერთმანეთს შეადარონ ჩვეულებრივი და ენერგოეფექტური ნათურების მოხმარების ხარჯები; გამოითვალონ, სახლის თბოიზოლაციის გაკეთებასთან დაკავშირებული ხარჯები და მოსალოდნელი დანაზოგი; დაიანგარიშონ მზის პანელების დამონტაჟების ხარჯები და მომგებიანობა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარებათ გაიაზრონ ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობა და ამავე დროს ისწავლონ გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვა, გააანალიზონ, რომ მეცნიერული ცოდნის გამოყენება პირდაპირ უკავშირდება გარემოს დაცვას და ფინანსურ კეთილდღეობას.

ქიმია

ქიმიის გაკვეთილზე შესაძლოა მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ დავზოგოთ ფული უსაფრთხო და ეკოლოგიური საშუალებების გამოყენებით.

მაგალითად, ქიმიური რეაქციების გავლისას მოსწავლეებს ვასწავლოთ ბუნებრივი ინგრედიენტებით (სოდა, ძმარი) საწმენდი საშუალებების დამზადება. შემდეგ კი, შევადარებინოთ ერთმანეთს ბუნებრივი (სახლის პირობებში დამზადებული) და ქიმიური (მაღაზიაში ნაყიდი) საწმენდი საშუალებები: რამდენად ეფექტურია თითოეული მათგანი? რამდენად ხარჯიანია? და გამოთვალონ მოსალოდნელი დანაზოგი.

ნავთობპროდუქტების თემის გავლისას, მოსწავლეებმა შესაძლოა იმსჯელონ იმაზე, როგორ მოქმედებს ნავთობის ფასის ცვლილება სხვადასხვა პროდუქტის, მაგალითად საწვავის, პლასმასის და ა.შ. ფასებზე.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარებათ დაინახონ ქიმიის პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც ფულის დასაზოგად, ასევე გარემოს დაცვისთვის. 

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ)

ისტ-ის გაკვეთილი საუკეთესო საშუალებაა ვასწავლოთ მოსწავლეებს ციფრული ფინანსების (მაგალითად, ბარათებზე არსებული ფულის) სწორი გამოყენება და კიბერთაღლითებისგან თავის დაცვა.

მოსწავლეებს შესაძლებელია გავაცნოთ კიბერთაღლითობის რეალური მაგალითები, ვასწავლოთ საეჭვო ელექტრონული წერილების და მესიჯების ამოცნობა, რთული პაროლების შექმნა და უსაფრთხო ონლაინ გადახდების პრინციპები.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება გამოიმუშავონ აუცილებელი ცოდნა და უნარები ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაციისთვის და დაიცვან საკუთარი ფული ონლაინ სივრცეში.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური წიგნიერების ინტეგრირების შესაძლებლობა შეიძლება ყველა საგანში ვიპოვოთ, თუ კი მოვძებნით. მასწავლებელს კი ამ პროცესის გამრავალფეროვნება შეუძლია ყოველდღიური ცხოვრებიდან პრაქტიკული მაგალითების მოყვანით, გაკვეთილზე სწავლების ინტერაქტიული მეთოდების - როლური თამაშის, სიმულაციების, სიტუაციების ანალიზისა და ჯგუფური მუშაობის გამოყენებით.