კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას

1740
5 / 5

სხვებისგან არაერთხელ გამიგონია იმ მოსაზრების შესახებ, რომ თუ ადამიანს  მაღალანაზღაურებადი სამსახური ან კერძო ბიზნესი გააჩნია და ის იღებს მაღალ ხელფასს ან კარგ შემოსავალს ბიზნესისგან - ის (ავტომატურად) ითვლება მდიდრად. არადა მაღალი ხელფასის ან კარგი შემოსავლის არსებობა სულაც არ ნიშნავს სიმდიდრეს. მით უმეტეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ხელფასი, თუ შემოსავალი მისი მიმღების მიერ უმეტესწილად მთლიანად და უყაირათოდ იხარჯება. 

ყველას კარგად მოგეხსენებათ (და ეს შეიძლება ითქვას დამტკიცებული ფაქტია), რომ დროთა განმავლობაში, როგორი დიდი შემოსავლებიც არ უნდა გააჩნდეს ადამიანს, მისი მოთხოვნებიც ამ შემოსავლების პირდაპირპროპორციულად იზრდება. ეს კი, თავისთავად, სულ უფრო მეტი და მეტი ფულის ხარჯვას ნიშნავს, რაც თავის მხრივ გამდიდრებას სულაც არ უწყობს ხელს.

თუმცა, არსებობს ადამიანის სიმდიდრის განმსაზღვრელი მეტად ზუსტი “ფორმულა” (რომელსაც მეც სრულად ვეთანხმები).

ის შემდეგში მდგომარეობს: ადამიანი ითვლება მდიდრად ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფინანსურად სტაბილურ პერსონად (ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ძვირადღირებული ქონება და ა.შ.), მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას  თავისუფლად შეუძლია იარსებოს არა იმდენად ხელფასის ან ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, არამედ მის მიერ ფორმირებული “კაპიტალის” (ფულადი და ფასიანი აქტივების) საშუალებით გამომუშავებული თანხების, ანუ პასიური შემოსავლების ხარჯზე (მაგალითად: ანაბრებზე  დარიცხული პროცენტული სარგებლის ხარჯზე). ასეთ დროს ადამიანის სიმდიდრე განისაზღვრება არა იმდენად მისი ხელფასის სიდიდით ან ბიზნესის შემოსავლიანობით, არამედ იმ პრინციპით, თუ რამდენად შეძლებს ის, მისი ჩვეული ცხოვრების სტილის  გაგრძელებას  მხოლოდ მის განკარგულებაში არსებული კაპიტალის “ექსპლოატაციის” ხარჯზე (მაგალითად: სამსახურის ან ბიზნესის ნაწილობრივი ან მთლიანი დაკარგვის შემთხვევაში).

ასეთი “მუდმივი”, სტაბილური “სიმდიდრის” მიღწევა, შესაძლებელია მხოლოდ სწორი ფინანსური აზროვნებისა და ხედვის ჩამოყალიბების და ფინანსური განათლების მეშვეობით.

აქვე იბადება კითხვა, თუ როგორ მივიდეთ ასეთ ფინანსურ მდგომარეობამდე? 

პირველ რიგში აუცილებელია უკვე არსებული შემოსავლებიდან შესაბამისი დანაზოგების წარმოება და მათი შემდგომი გამრავლება, შესაბამისი ეკონომიისა და სწორი ფინანსური გათვლების მეშვეობით, რაც ზემოთ ხსენებული პირვანდელი “კაპიტალის” ფორმირებისთვის არის აუცილებელი. 

მეორე მხვრივ, მხოლოდ “ეკონომია” არ არის საკმარისი, რადგან ასეთი შედეგის მისაღწევად საჭიროა გაცილებით მეტი ძალისხმევა. 

ასევე, მნიშვნელოვანია წარმატებაზე ორიენტირებული, შესაბამისი “ფინანსური გეგმის” შემუშავება. ის უნდა იყოს იმ გეგმის მსგავსი, რომელიც, მაგალითად, ნებისმიერ სპორტსმენს გააჩნია და რომელიც მოიცავს მის მიერ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად აუცილებელ ნაბიჯებს: ფიზიკურ ვარჯიშებს, ფსიქოლოგიურ მომზადებას, დაბალანსებულ კვებას და ა.შ. 

ზუსტად მსგავსი “პრინციპის”, მიზანმიმართული ნაბიჯების განსაზღვრაა საჭირო “ფინანსური  გეგმის” შედგენის შემთხვევაშიც. თუ ადამიანს ნამდვილად გააჩნია გამდიდრების სურვილი და ნამდვილად გადაწყვეტს ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას (იმისთვის, რომ აღარ ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის და შემოსავლების გარეშე დარჩენის), მაშინ ამგვარი გეგმის დასახვა და ამ გეგმის რეალიზება მას ნამდვილად არ გაუჭირდება. 

ეს გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც მინიმუმ შემდეგ ნაბიჯებს: 

ნაბიჯი 1 

პირველ რიგში ეს არის სწორი ფინანსური ხედვისა და აზროვნების ჩამოყალიბება. მუდმივი ფინანსური განათლება და ფინანსური წიგნიერების დონის მაქსიმალურად ამაღლება.

ნაბიჯი 2

საკუთარი “ფინანსების” სწორად წარმართვა. შემოსავლებისა და გასავლების შესაბამისი აღრიცხვა, ხარჯების ოპტიმიზაცია,  წინასწარი ბიუჯეტირება და ა.შ.

ნაბიჯი 3

საკუთარი ფინანსური დისციპლინის შემუშავება და ფინანსური კონტროლის შემოღება. არსებული შემოსავლების სწორად მართვა, თანხების  ეკონომია,  დანაზოგების წარმოება და ა.შ.

ნაბიჯი 4

უკვე არსებული შემოსავლების მაქსიმალურად გაზრდა და დამატებითი შემოსავლების წყაროების აღმოჩენა, სხვადასხვა ხერხის მეშვეობით.

ნაბიჯი 5

ფინანსების კონტროლის, ეკონომიისა და დანაზოგების წარმოების გზით მიღებული თანხების სწორად დაბანდება (ინვესტირება). 

ნაბიჯი 6

ინვესტიციებიდან და დამატებითი შემოსავლის წყაროებიდან მიღებული თანხების სწორად მართვა. მაგალითად: მათი ხელახალი დაბანდება - ე.წ რე-ინვესტირება.

ზემოთ მოყვანილი მეთოდები აუცილებელია მუდმივმოქმედი, პასიური შემოსავლის მისაღებად საჭირო კაპიტალის (აქტივების) ფორმირებისთვის .

ერთი შეხედვით ამ  გეგმის რეალიზება არც თუ ისე რთულია და მის განსახორციელებლად  აუცილებელია მხოლოდ ორი მთავარი შემადგენელი: პირველ რიგში, შესაბამისი ფინანსური შემოსავლის არსებობა ხელფასის ან ბიზნესიდან შემოსული თანხების სახით (რომლის გარეშეც ამ მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია) და მეორე რიგში, რა თქმა უნდა - დრო. ასევე, მნიშვნელოვანია დიდძალი მონდომება და მიზნის მისაღწევად საჭირო თვითდისციპლინა.