კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ გადავაქციოთ არაფერი ფულად

როგორ გადავაქციოთ არაფერი ფულად

1490
3 / 5

არა, ჯადოქრობას ნამდვილად ვერ გასწავლით. რაც არ ვიცი, არ ვიცი. სამაგიეროდ, შემიძლია, ისეთი რჩევები მოგცეთ, რომლებიც სხვების თვალში ჯადოქრად გაქცევთ. 

რატომ უნდა მენდოთ მე? იმიტომ, რომ, მთელს ჩემს საახლობლოს მდიდარი ვგონივარ. არადა, ჯიბეგაფხეკილი ფრილანსერი ვარ. 

მაშინ რატომ ჰგონიათ რომ ჩემს ეზოში ხეები ფულს ისხამს? 

იმიტომ, რომ მე რაღაც ვიცი, რაც მათ არ იციან. 

განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ვიცი როგორ დავზოგო ფული. 

რამდენისგან მომისმენია ფრაზა "ფული თუ მაქვს, უნდა დავხარჯო, ისე არ შემიძლია!"

როგორც იმათ უკვირთ ჩემი, ისე მიკვირს მეც მათი. ფული თუ მაქვს, დანაზოგი უნდა გავაკეთო, ისე არ შემიძლია. 

სამოგზაუროდ როგორ იყავიო, ახალი ტელეფონი საიდანო, სახლში რემონტი რანაირად გააკეთეო... არც ეგეთი ლამაზი თვალები არ მაქვს, ვინმემ უფასოდ რამე გამიკეთოს. 

სიტყვაზე მენდეთ, მართლა სასაცილო შემოსავალი მაქვს. 

თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მეც სხვისგან (მამაჩემისგან) ვისწავლე. და კიდევ კარგი ვისწავლე. 

ფულს სჭირდება დაზოგვა!

ბავშვობიდან ვაგროვებდი და ვინახავდი ნებისმიერი სახის მონეტას, რაც ხელში მომხვდებოდა. ლარნახევარს რომ მომცემდნენ ხოლმე, იმასაც ვანაწილებდი იქიდან რამდენი უნდა დამეხარჯა და რამდენი შემენახა. მაშინ ლარნახევარი კარგი ქონება იყო. ეჰ. 

ცოტა რომ გავიზარდე და მშობლების დანიშნული „ხელფასიც“ გაიზარდა, კიდევ უფრო მეტს ვინახავდი. ასეთი წესი მქონდა, იმაზე მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა შემენახა, ვიდრე დავხარჯავდი. 

თურმე ოქროს წესი ყოფილა და არ ვიცოდი. 

სულ ცოტა მათემატიკა შემოვიტანოთ. სუუულ ცოტა. 

დავუშვათ, თვეში მაძლევდნენ 150 ლარს. 100 ლარი, ანუ სახარჯოზე ორჯერ მეტი, მაშინვე ყულაბაში წავიდოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ის 50 მთელი თვე უნდა მყოფნოდა. გადადებული 100 ლარი არ არსებობდა. როგორ არა, უჯრაში იდო, უბრალოდ ჩემთვის არ არსებობდა. რომ გეკითხათ ფული რამდენი გაქვსო, ორმოცდაათი ლარი-მეთქი გეტყოდით. 

ეს თანხა კი მაგალითად მოვიყვანე, მაგრამ შედეგი რეალური იყო. როგორც კი იტყოდნენ ფულზე შენიაო, ეგრევე იყოფოდა გადასადებ და სახარჯო ნაწილებად. გადასადები ჩემი ცხოვრებიდან ქრებოდა იქამდე, სანამ საკმარისი არ შეგროვდებოდა რამე საჭირო და სასიამოვნო შენაძენის გასაკეთებლად. აი ასე მოდიოდა ჩემამდე ახალი ტექნიკა, სამოგზაურო ბილეთები, ჩემი სისუსტე - წიგნები და ა.შ.

გავიზარდე. 

დავოჯახდი. 

სიტუაცია ცოტა შეიცვალა, ერთის მაგივრად ორ ადამიანზე დასახარჯი ფულია საჭირო და გადასადებად ნაკლები რჩება. თუმცა რჩება. სხვანაირად არ შემიძლია. 

გადადებული თანხა ისევ უჯრაში დევს, ოღონდ არ ვიმჩნევ. რაღაც მომენტამდე ხომ ეგ თანხა არ არსებობს. 

ალბათ, ხედავთ საით მივდივარ. 

როგორ გადავაქციოთ არაფერი ფულად?

შევაჯამოთ პრაქტიკული ამოცანით. 

როგორი შემოსავალიც უნდა გქონდეთ, რაღაცის გადადება შეგიძლიათ. 

რასაც გადადებთ, ის თანხა არ არსებობს. ანუ გაქვთ რა? არაფერი. 

გადის დრო, თქვენ ისევ ინახავთ ცოტ-ცოტას ან ბევრ-ბევრს, რა ჩემი საქმეა, და თქვენ ისევ არაფერი გაქვთ. 

  • ამასობაში მოვიდა თქვენი საყვარელი ადამიანის დაბადების დღე, ვისი გახარებაც იმდენად გინდათ, რომ სიზმარშიც საჩუქრები გესიზმრებათ. 
  • ამასობაში მოვიდა თქვენი ქორწინების 1, 2, 3 და ა.შ. იუბილე და ძალიან გინდათ, რომ განსხვავებულად აღნიშნოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
  • ამასობაში მოვიდა წიგნის ფესტივალი და არიქა, თარო აღარ უნდა დარჩეს ცარიელი. (მაპატიეთ, სადმე უნდა ჩამერთო წიგნები).
  • ამასობაში მოვიდა ახალი წელი და რამდენი ადამიანი გყავთ გასახარებელი, ვინ დათვლის...

გახსოვთ არაფერი რომ გქონდათ? აი სწორედ ახლა გაქვთ ფული. ახლა გადაიქცა არაფერი ფულად. 

ამოცანა გვეკითხება:

რა ჯობდა, ის ჩექმა, მესამე წყვილი რომ იქნებოდა უკვე თქვენს გარდერობში, თუ საყვარელი ადამიანისთვის წარმოუდგენელი საჩუქრის გაკეთება?

რა ჯობდა, იმ ბურგერის მეათედ ჭამა ამ თვეში, თუ ქორწინების იუბილეს განსხვავებულად აღნიშვნა?

რა ჯობდა, ხელფასის დარიცხვისთანავე შოპინგი, თუ მოცდა და შემდეგ საკუთარი თავისთვის უფრო დიდი, უფრო კარგი და უფრო სასიხარულო საჩუქრის გაკეთება?

საკვანძო სიტყვებია - რა სჯობდა.

ყველაფერი პრიორიტეტებამდე დადის. 

მთავარია იპოვოთ თქვენი მოტივაცია, თორემ ფულის დაზოგვა სულაც არ არის რთული. 

ვერ დამაჯერებთ, რომ მე თუ შემიძლია, თქვენ არ გამოგივათ. 

ვერც იმას დამაჯერებთ, რომ სურვილი არ გაქვთ. 

აბა თქვენ იცით, წარმატებები!