კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რატომ გვჭირდება ფინანსური განათლება?

რატომ გვჭირდება ფინანსური განათლება?

1540
5 / 5

“- გუშინ მამაჩემს დაურეკეს, თქვენს ქალიშვილს თანხა აქვს შემოსატანიო, სესხი ავიღე რამდენიმე თვეა თუმცა ბოლო თვეებია ვეღარ ვიხდი, არ მინდოდა ამის შესახებ მამაჩემს სცოდნოდა, მაინტერესებს ჰქონდათ თუ არა მამაჩემისთვის დარეკვის უფლება ?

- დიახ ჰქონდათ, თუ მამათქვენი თანამსესხებელია.

- არა, თანამსესხებელი არ არის, მერე დავრეკე ჩემი მეუღლის სესხზე მაინტერესებდა ინფორმაცია და მესამე პირზე ინფორმაცია არ მომაწოდეს.  რა ხდება საერთოდ ვერ გავიგე.

- საინტერესოა, ნეტა რისი გაკეთება შეიძლება ?!”

ვკითხულობ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ამ დიალოგს და ვხვდები რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ფინანსური განათლება.

ყველა პასუხისმგებლიანი ფინანსური ორგანიზაციისთვის კი მომხარებლის უფლებების დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლება პრიორიტეტული მიმართულებაა. ხოლო მომხმარებლებმა მაქსიმალურად უნდა მივიღოთ ის ინფორმაცია რომელსაც საფინანსო ორგანიზაცია გვაწვდის, რათა გავიმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება.

თუ თქვენ ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ხშირი სტუმარი ხართ

უკვე გეცოდინებათ ის ტერმინები, რომლებსაც ამ სექტორის წარმომადგენლები იყენებენ, თუმცა არიან მომხმარებლები, რომლებისთვისაც ეს ტერმინები გაუგებარი და ბუნდოვანია. ხშირად მომხმარებელს ერიდება შეკითხვის დასმა, ისინი თავს იკავებენ ზედმეტი კითხვებისგან, თუმცა ეს მართებული არ არის, რადგან მომხმარებლის უფლებაა მიიღოს ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე და ყველა საკითხი მაქსიმალურად გამჭირვალე გახდეს მისთვის, ხოლო ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებაა მომხმარებელს მისთვის გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია სესხზე, რადგან სესხის ვალდებულება არა მხოლოდ სესხის პერიოდზე მოქმედებს, არამედ მომხარებელს უქმნის საკრედიტო ისტორიას, რაც თავისთავად საყურადღებოა ყველა ადამიანისთვის, ვინაიდან ჩვენ ნებისმიერს, ერთხელმაინც დაგვჭირვებია ან დაგვჭირდება, არა იმიტომ რომ გაგვიჭირდება, არამედ სესხით  შეგვიძლია დიდ ინვესტიციებს ჩავუყაროთ საფუძველი.  

ილია ჭავჭავაძე კრედიტს “ორპირ მახვილს” უწოდებდა

ის ამბობდა რომ “კრედიტით მიღებული ფული ადამიანმა გონივრულად უნდა გამოიყენოს და “ჭერში ქუდის სროლით ლხინში” არ გაფლანგოს, ვინც ფულს საქმეს მოახმარებს და შემოსავალს გააძლიერებს მისთვის კრედიტი მისწრაფებაა, ხოლო ვინც გაფლანგავს იმისთვის მავნებელიო.“

რა თქმა უნდა, ვეთანხმები ილია ჭავჭავაძეს, ყველაფერს სწორი მიმართულება სჭირდება, თუმცა მიმართულების მისაცემად განათლება და ცოდნაა საჭირო, რადგან ვთვლი რომ განათლების გარეშე ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია.

განათლების მიღება კი  დღევანდელ ცხოვრებაში არც ისე რთულია

რადგან მის მისაღებად უამრავი გზა არსებობს, მათ შორის ინტერნეტი, დღეს ხომ ინტერნეტით სრულფასოვანი განათლების მიღება შეგვიძლია. თუმცა ხშირად თაღლითები ინტერნეტსაც იყენებენ, ისინი ცდილობენ ლამაზი ტყუილით ფული წაგართვან, მაგალითად გაწვდიან მაცდურ წინადადებას, რომ თქვენ  ხართ იღბლიანი მომხმარებელი და მოიგეთ პრიზი,  უძრავი ქონება და სხვა, სანაცვლოდ კი ლინკზე გადასვლას და თქვენი ბარათის მონაცემებს გთხოვენ, ამ დროს თქვენ უნდა იცოდეთ რომ არავის არ უნდა გაანდით საბანკო ბარათის მონაცემები, ბარათის რიცხვები, პინკოდი და CVV კოდი.

მაგრამ კიბერთაღლითები არც სატელეფონი ზარებსა და სმს შეტყობინებას უშინდებიან, ისინი აქაც ცდილობენ ჩვენი ინფორმაციის  მიღებას, ამიტომ საჭიროა ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, ანგარიშებს და ეკონომიკურ მდგომარეობას.

გვახსოვდეს რომ ჩვენი უფლებების ცოდნა ერთგვარი თავდაცვაა

როგორც ფინანსური ორგანიზაციისგან, ასევე კიბერთაღლითებისგან. ხოლო თუ მაინც დაირღვევა ჩვენი უფლებები უნდა ვიცოდეთ სად და როგორ დავაფიქსიროთ, მაგალითად თუ ფინანსური ირგანიზაცია არღვევს, ჯერ თავად ამ ორგანიზაციაში დავაფიქსიროთ ცხელი ხაზის ან წერილის საშუალებით, შემდეგ კი თუ ისევ არ მოყვა რეაგირება აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ეროვნულ ბანკში, რადგან სწორედ ეროვნული ბანკი აკონტროლებს ნებისმიერ კომერციულ და მიკროსაფინანსო ბანკს.