კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რატომ და როგორ ხდება გადახდისუნარიანობის შეფასება?

რატომ და როგორ ხდება გადახდისუნარიანობის შეფასება?

3171
4.8 / 5

როდესაც თქვენ მიმართავთ ფინანსურ ორგანიზაციას სესხის, საკრედიტო ბარათის, ოვერდრაფტის ან განვადების მოთხოვნით, გამსესხებელი ითხოვს ინფორმაციას თქვენი შემოსავლების შესახებ, გისვამთ სხვადასხვა სახის კითხვას, მაგალითად, ოჯახურ მდგომარეობაზე, ყოველთვიურ ხარჯებზე და ა.შ. 

რატომ ხდება ასე?  

გამსესხებელს სურს მოახდინოს თქვენი გადახდისუნარიანობის შეფასება, იმისათვის, რომ მომავალში ვალდებულების დაფარვისას თქვენ და თავად გამსესხებელი არ აღმოჩნდეთ ფინანსურად რთულ მდგომარეობაში.

მოდით განვიხილოთ, თუ რას გულისხმობს გადახდისუნარიანობის შეფასება და რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც გამსესხებლისთვის, ისე მსესხებლისთვის.

რას ნიშნავს „გადახდისუნარიანობა“?  

თავად სიტყვა გვეუბნება, რომ ეს არის უნარი, დროულად დააბრუნოთ ნასესხები თანხა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადახდისუნარიანია პირი, იქნება ის ფიზიკური პირი, თუ ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც აქვს საკმარისი შემოსავალი, იმისათვის, რომ გამსესხებელს, მაგალითად ბანკს, გაუჩნდეს სურვილი, ასესხოს მას გარკვეული მოცულობის თანხა შეთანხმებული ვადით. 

რატომ არის გადახდისუნარიანობის შეფასება მნიშვნელოვანი გამსესხებლისთვის?

გამსესხებელი თავადაც სესხულობს სახსრებს. სესხულობს ჩვენგან, დეპოზიტარებისგან, სხვადასხვა ინვესტორებისგან და ორგანიზაციებისგან. შემდეგ ნასესხებ თანხას გადააქცევს დაფინანსების წყაროებად და აწვდის მათ, ვისაც ესაჭირაოება ფინანსური რესურსი. თუ მსესხებლებმა ვერ უზრუნველყვეს ნასესხები თანხის დაბრუნება, შესაძლოა დეპოზიტარებისთვის თანხების დაბრუნების რისკი გაჩნდეს. ამიტომაც, მსესხებლების გადახდისუნარიანობის შეფასება მნიშვნელოვანია. 

რატომ არის გადახდისუნარიანობის შეფასება მნიშვნელოვანი მსესხებლისთვის?

მსესხებელი ხშირად ზედმეტად ოპტიმისტურად აფასებს საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს. ის ნაკლებად აფასებს სხვადასხვა რისკებს, მაგალითად, რომ მომავალში შესაძლებელია შემოსავალი შეუმცირდეს, ან დროებით შემოსავლის გარეშე აღმოჩნდეს. გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე  შეიძლება იმაზე მეტი ვალდებულება აიღოს, ვიდრე დაფარვის შესაძლებლობა გააჩნია. ამ დროს, არასაკმარისი შემოსავლების გამო, შესაძლოა ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს, ვერ შეძლოს ფინანსური ვალდებულებების დაფარვა, რითიც საფრთხეს შეუქმნის საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობას.    

როგორ ხდება გადახდისუნარიანობის შეფასება?

გადახდისუნარიანობის შეფასების პროცესი კომპლექსურია. გამსესხებელი აფასებს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის, თქვენს შემოსავალს, მიმდინარე და წარსული ვალდებულებების დაფარვის ისტორიას, აინტერესებს თქვენი დანაზოგისა და ხარჯების მოცულობა. 

შემოსავალი

გადახდისუნარიანობის შეფასებისას გამსესხებლისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მსესხებლის შემოსავლების სტაბილურობა, ანუ ის თუ რამდენად სისტემატიური ხასიათისაა თქვენი შემოსავალი, მიუხედავად იმისა ის ყოველკვირეულია, ყოველთვიური თუ სეზონური. ასევე მნიშვნელოვანია, შემოსავლის მოცულობა, რომლიდანაც შემდგომ გამომდინარეობს სესხის თანხის შესაძლო მოცულობა.  

ხარჯი

ალბათ დამეთანხმებით, თქვენი შემოსავლის უმეტესი ნაწილი ყოველთვიურად იხარჯება საკვებში, კომუნალურ გადასახადებში, სამედიცინო მომსახურებაში, განათლებაში, გართობაში და ა.შ. 

თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, მაგალითად, 1500 ლარის ტოლია, რთული იქნება 1000 ლარი მიმართოთ სესხის დაფარვას, ხოლო დარჩენილი 500 ლარი იმყოფინოთ ხარჯების დასაფარად. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, დაწესებულია სესხის ყოველთვიური შენატანის მაქსიმალური მოცულობა, რათა დარჩენილი თანხით შეძლოთ სხვადასხვა აუცილებელი და არააუცილებელი ხარჯების დაფარვა.

საკრედიტო ისტორია

გადახდისუნარიანობის შეფასებისას, ასევე, მნიშვნელოვანია თქვენი საკრედიტო ისტორია, რომელიც იძლევა ინფორმაციას თქვენ მიერ უკვე დაფარულ და მიმდინარე ვალდებულებებზე. ამ ისტორიიდან გამსესხებელი ღებულობს სრულ ინფორმაციას თქვენ მიერ წარსულში დაფარული ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, ანუ თქვენი  ქცევის და დამოკიდებულების შესახებ ვალდებულების დაფარვის მიმართ. თუკი არ ხდებოდა სესხის დაფარვა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, გამსესხებელი დაინტერესდება, ამის მიზეზი რა იყო. შესაძლოა დროებით შემოსავლის გარეშე აღმოჩნდით, და ეს იყო მიზეზი, ან იქნებ უბრალოდ გადაწყვიტეთ, რომ არ იყო საჭირო დროულად დაგეფარათ ვალდებულება?  

ამ ბლოგში, ვეცადეთ ყურადღება გაგვემახვილებინა გადახდისუნარიანობის შეფასებისას ყველაზე მეტად მნიშვნელოვან გარემოებებზე. არსებობს კიდევ სხვა ფაქტორები, მაგალითად, საკუთრებაში არსებული ქონება, დამსაქმებლის დახასიათება, სამუშაო სტაჟი, დანაზოგის არსებობა  და ა.შ., რომლების განხილვაც  ინდივიდუალურია გადახდისუნარიანობის შეფასებისას.