კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რას ნიშნავს დაკრედიტების ახალი წესები მომხმარებლისთვის?

რას ნიშნავს დაკრედიტების ახალი წესები მომხმარებლისთვის?

2223
5 / 5

ბოლო რამდენიმე წელია, ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესები შეიმუშავა, რომლის მიზანიც ფინანსური ორგანიზაციების მიერ მოსახლეობის პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა. ამ რეგულაციით, სესხის აღება უფრო უსაფრთხო გახდა და შანსი იმისა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ, ბევრად შემცირდა. 

თუმცა, მეორე მხრივ, მომხმარებლისთვის სესხის აღება შედარებით გართულდა და ფინანსურ ორგანიზაციაში სესხზე განაცხადის გაკეთებისას წარსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობაც გაიზარდა. 

მოკლედ რომ ვთქვათ, "ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულებით" (შემდგომში დებულება) ფინანსური ორგანიზაციები ვალდებული გახდნენ სესხის გაცემამდე შეაფასონ მომხმარებლის გადახდისუნარიანობა, ანუ შეისწავლონ, რამდენად შეძლებს მომხმარებელი ახალი სესხის გადახდას მისი შემოსავლების, ხარჯებისა და უკვე არსებული სესხების გათვალისწინებით.

რა შეიცვალა სესხების აღებისას?

დაკრედიტების ახალი წესების შედეგად, მომხმარებლისთვის სესხის აღების პროცესში შეიცვალა ის, რომ კრედიტორი უნდა იყოს დარწმუნებული:

რომ თქვენ შეგიძლიათ მოთხოვნილი სესხის შენატანების გადახდა როგორც ახლა, ისე მომავალში

ამისთვის სესხის გამცემი ორგანიზაცია შეისწავლის თქვენს შემოსავალს, მაგალითად, სახელფასო ამონაწერის, ან შემოსავლების სამსახურში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, ან მის მიერ შემუშავებული პროცედურით დარწმუნდება თქვენი შემოსავლის არსებობასა და სტაბილურობაში. ასევე, დადგენილი სესხის მომსახურების კოეფიციენტის საფუძველზე გამოიანგარიშებს, მაქსიმუმ, რა შენატანი შეიძლება დაიგეგმოს ყოველთვიურად, რაც საბოლოო ჯამში, სესხის მთლიან თანხაზეც იმოქმედებს. 

მაგალითად, თუ თქვენი ხელფასი 1500 ლარამდეა და ლარში იღებთ სესხს, ამ შემთხვევაში სესხის მომსახურების კოეფიციენტი 25%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ყველა სესხის (როგორც არსებული, ისე გასაცემი) მაქსიმალური ყოველთვიური შენატანი ჯამურად შეიძლება იყოს ხელფასის 25%, ანუ თუ ხელფასი 1000 ლარია, სესხებზე ჯამური შენატანი მაქსიმუმ 250 ლარი შეიძლება გქონდეთ.

ასევე, როდესაც ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთიან (ანუ რომელიმე საჯარო ინდექსზე, მაგ., რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ) სესხს იღებთ, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ის დაშვებაც, რომ ამ სესხის გადახდას შეძლებთ იმ შემთხვევაშიც, თუ საპროცენტო განაკვეთი 3 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.

რომ როგორც თქვენ, ისე თქვენს თავდებს, თანამსესხებელსა თუ იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შეუძლიათ თქვენი სესხის შენატანების გადახდა

თუ სესხზე მოითხოვება თანამსესხებელი, თავდები, ან ქონების იპოთეკით დატვირთვა, რომლის მესაკუთრეც სხვა პირია, ამ შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ამოწმებს თითოეულის გადახდისუნარიანობასაც, ანუ შეისწავლის მათ შემოსავალსა და ვალდებულებებს და იმას, თუ რამდენად შეუძლიათ თქვენი სესხის შენატანების დაფარვა. იპოთეკის საგნის მესაკუთრის გადახდისუნარიანობის შესწავლა არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტურდება, რომ მას ან მის ოჯახის წევრს აქვს საკუთრებაში არსებული სხვა საცხოვრებელი ქონებაც. 

რომ არ შეგექმნათ გაზრდილი რისკები უცხოურ ვალუტაში სესხების გამო

როდესაც სესხს უცხოურ ვალუტაში იღებთ, გეზრდებათ სავალუტო რისკი. ეს იმიტომ ხდება, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, სესხის შენატანზე გადასახდელი თანხა ლარებში შეიძლება გაიზარდოს (ან შემცირდეს), რაც თავისთავად, იმოქმედებს თქვენს ბიუჯეტზე.

თუ სესხი უცხოურ ვალუტაშია, ხოლო სესხისა და თქვენი შემოსავლის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგალითად, თუ ხელფასს ლარში იღებთ და სესხის დოლარში აღება გსურთ, მაშინ სესხის მომსახურების კოეფიციენტი კიდევ უფრო მცირეა, ასევე ნაკლებია სესხის მაქსიმალური ვადა, რაც თავისთავად ამცირებს შემოსავლის ვალუტისგან განსხვავებულ სესხზე გასაცემი თანხის  მოცულობას. ამასთან, თუ შემოსავალი ლარში გაქვთ, მაშინ 400 000 ლარამდე სესხის მიღება, მხოლოდ ლარშია შესაძლებელი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი, შემოსავლის ვალუტის მიუხედავად, 200 000 ლარამდე სესხები მაინც მხოლოდ ლარში გაიცემა. 

რა დოკუმენტაცია დაგჭირდებათ სესხის აღებისას?

თუ როგორ მოხდება თქვენი გადახდისუნარიანობის ანალიზი სესხზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, ამას ფინანსური ორგანიზაციის შიდა პროცედურა განსაზღვრავს დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით. შესაბამისად, დოკუმენტაციის ჩამონათვალი შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანიზაციისა თუ სესხის ტიპის მიხედვით. ყველაზე გავრცელებული, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, არის:

  • პირადობის მოწმობა;
  • სახელფასო/ფულადი გზავნილების ამონაწერი;
  • შემოსავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში);
  • სხვა დოკუმენტ(ებ)ი, რასაც ფინანსური ორგანიზაცია მოითხოვს.

როგორ შეიძლება გამოთვალოთ, რა მოცულობის სესხის აღება შეგიძლიათ?

ფინანსურ ორგანიზაციაში მისვლამდე, თავადაც შეგიძლიათ დაითვალოთ, დაახლოებით რა მოცულობის თანხის სესხება შეგიძლიათ, ან რამდენი იქნება სესხზე გადასახადი. ამისთვის დაგჭირდებათ ნახოთ:

  • რამდენია სესხის მომსახურების კოეფიციენტი სხვადასხვა შემოსავლის შემთხვევაში დებულების დანართში);
  • დაახლოებით რა საპროცენტო განაკვეთი და ვადაა თქვენთვის სასურველ სესხებზე (მაგალითად, ფინანსური ორგანიზაციების ვებგვერდებზე);
  • ფინედუს სესხის მოცულობის გამომთვლელი კალკულატორი.

დავუშვათ, თქვენი ხელფასი 1500 ლარია და გსურთ ლარში სესხის აღება. დებულებაში ვნახულობთ, რომ ამ შემთხვევაში სესხის მომსახურების კოეფიციენტი 50%-ია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ თვეში ჯამურად ყველაზე სესხზე შეგიძლიათ 1500 X 50%= 750 ლარი გადაიხადოთ. დავუშვათ, რომ სხვა სესხები არ გაქვთ, შესაბამისად, ეს 750 ლარი შეგიძლიათ სრულად ამ ახალ სესხზე მიმართოთ. ვთქვათ, სამომხმარებლო სესხის წლიური განაკვეთი 16%-ია და 3 წლით აღება გსურთ. თუ ამ სამ მონაცემს - საპროცენტო განაკვეთს (16%), შენატანს (750) და ვადას (36 თვე) სესხის კალკულატორში შევიყვანთ, მივიღებთ, რომ სესხის მოცულობა 21 332 ლარია. ანუ ამ პირობებით, დაახლოებით ამ ოდენობის თანხის სესხებას შეძლებთ. 

გაითვალისწინეთ, რომ გათვლები დაახლოებითია და შესაძლებელია განსხვავდებოდეს ფინანსური ორგანიზაციის გათვლებისგან.