კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რა ვასწავლოთ ბავშვებს ფულზე?

რა ვასწავლოთ ბავშვებს ფულზე?

1676
5 / 5

ჩემი პატარა ძმა 3 წლისაც არ იყო პირველად ბაღში როცა მივიყვანეთ. საღამოს ბაღის ამბებს რომ გვიყვებოდა გვითხრა, რომ საჭმელი არ უჭამია. კითხვაზე, თუ რატომ არ ჭამა ბაღში საჭმელი, გვიპასუხა, რომ ფული არ ჰქონდა მის საყიდლად.

ერთის მხრივ, სახალისო ისტორიაა, რომელსაც ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ოჯახის წევრები, მეორეს მხრივ კი დამაფიქრებელი - რამდენად პატარა ასაკში ხვდებიან ბავშვები ფულის მნიშვნელობას. მათ გააზრებულად თუ გაუაზრებლად იციან, რომ თუ მაღაზიაში რაიმეს ყიდვა უნდათ ფული უნდა გადაიხადონ, ზოოპარკში შესასვლელად ჯერ ბილეთი უნდა აიღონ, რაშიც მშობლებმა ფული უნდა გადაიხადონ და ა.შ.. ამიტომ ვთვლი, რომ ფინანსების შესახებ ინფორმაცია ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაწოდოთ.

ავუხსნათ რა არის ფული, საიდან მოდის და რაში გამოიყენება

მარტივი ენით რომ ვთქვათ, ფული ეს არის გარკევეული ფასეულობა, რომელსაც კარგი მოპყრობა სჭირდება; ფულს მუშაობით გამოიმუშავებენ, დედიკო ან მამიკო იმიტომ დადის ყოველდღე სამსახურში, რომ თავისი შრომით ფული გამოიმუშაოს და შემდეგ გონივრულად დახარჯოს: იყიდოს საკვები, წიგნები, ჩაასხას მანქანაში ბენზინი და ა.შ..

ფულის გამოყენების მნიშვნელობას უფრო მარტივად გაიგებენ და აღიქვამენ მაღაზიაში საყიდლებზე წასვლისას, ნაღდი ფულით გადახდისას ბავშვი ხვდება, რომ ის ნამდვილად არსებობს და საჭიროა - თუ ფულს არ გადაიხდი, იოგურტს სახლში არავინ გამოგატანს.

ვაჩვენოთ  როგორ შეიძლება ფულის დაგროვება 

შეგვიძლია ვუყიდოთ პატარა ყულაბა, დავუსახოთ მიზანი, მაგალითად, როდესაც ყულაბა სრულად აივსება, ვიყიდოთ ელექტრო თვითმართვადი მანქანა. შეგვიძლია მოვიფიქროთ რაიმე სახის რიტუალი, ისტორია. მაგ: დღეს ყულაბამ ბევრი იმუშავა... რა გააკეთა? ქარიანი ამინდი იყო და რაც კი ეზოში ფოთლები ეყარა, შეაგროვა და ნაგვის ურნაში ჩაყარა. მოდი ხელფასი მივცეთ... 1 ლარი, 2 ლარი ....

მივაჩვიოთ ჯიბის ფულს

ცოტა მოზრდილ ასაკში, 7-8 წლის ასაკიდან შეგვიძლია დავიწყოთ ჯიბის ფულის მიცემა. მაგ: საწყისი ეტაპისთვის 2 ლარი შესვენებაზე სასადილოში შესასვლელად. ბავშვი ფულის მოფრთხილებას ისწავლის, უნდა შეინახოს ჩანთის შიდა ჯიბეში, რომ არ დაკარგოს. ისწავლის მის სწორად ხარჯვას და გამოუმუშავებს დაზოგვის ჩვევასაც.

ვასწავლოთ სიმდიდრის და სიღარიბის გარჩევა

 8 წლის ასაკიდან უკვე ბავშვი ხვდება რა არის სიმდიდრე, რა არის სიღარიბე... მის ერთ თანაკლასელს ბოლო მოდელის ტელეფონი აქვს, ხოლო მეორეს საერთოდ არ აქვს, რადგან როგორც მან უთხრა მის მშობლებს იმის საშუალება არ აქვთ, რომ შვილს მობილური ტელეფონი უყიდოს.

ბავშვს უნდა ვასწავლოთ, თუ გვინდა რომ კარგი შემოსავალი ჰქონდეს, აუცილებელია, რომ ისწავლოს...  მისი  ფინანსური წარმატება სკოლიდან იწყება,  ამიტომ  განათლება უპირველეს ყოვლისა... ასევე უნდა ვასწავლოთ სხვისი დახმარება. 

დავეხმაროთ შეარჩიოს სწორი მომავალი პროფესია 

როცა ბავშვი მიუახლოვდება იმ ასაკს, როცა უნდა გადაწყვიტოს, რა პროფესია აირჩოს, აუცილებლად გვერდით უნდა დავუდგეთ. თუ არის საშუალება, შეგვიძლია სხვადასხვა სფეროში მცირეხნიანი კურსები გავატაროთ. რომელი პროფესია იქნება მისთვის პირველ რიგში საინტერესო და შემდეგ, რა თქმა უნდა, შემოსავლიანი.

ვფიქრობ, ჩემი პატარა რჩევებით შექმნით მომავალს - მომავალი ხომ ჩვენი პატარა შვილები არიან, რომელთაც სჭირდებათ კარგი განათლება, რომ შეძლონ გონივრულად მოეპყრონ ფულს.

P.S. პატარა ბიჭი, რომელმაც 3 წლის ასაკში ბაღში საკვები არ შეჭამა იმიტომ რომ ფული არ ჰქონდა, დღეს საქართველოს ბანკის საკოლექციო მონეტის - გიორგი ბრწყინვალის ესკიზის ავტორი, შმაგი ბურდულია.

P.S.S.  არა ომს! არა ძალადობას! შევქმათ ბედნიერი მომავალი, ბედნიერი ბავშვებით! დიდება გმირებს!!!

#WeStandWithUkraine