კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რა არის დაზოგვა, რატომ და როგორ უნდა დავზოგოთ თანხა

რა არის დაზოგვა, რატომ და როგორ უნდა დავზოგოთ თანხა

4307
4.7 / 5

უცნაურია, მაგრამ თანხის დაზოგვაზე წერა ჰოროსკოპით უნდა დავიწყო. არ ვიცი, ზოდიაქოს გამო დამყვა თანხის დაზოგვის უნარი თუ თანდათანობით ჩვევად ვაქციე, მაგრამ ფაქტია, ჩემი ზოდიაქო კირჩხიბია და როგორც წამიკითხავს, ამ ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ფულის დაგროვებისკენ არიან მიდრეკილნი, წარმატებულად გამოსდით თანხის დაზოგვა, მშვიდად არიან, როცა იციან, რომ ანაბარზე აქვთ თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ე.წ. ,,შავი დღისთვის’’. 

რა არის დაზოგვა? 

პირადად ჩემთვის, თანხის დაზოგვა მიზნების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა, რადგან როგორც კახა ბენდუქიძე წერდა, ,,ნებისმიერი საქმის გაკეთებას ფული სჭირდება’’. უფრო ზოგადი და არა ჩემეული განმარტებით, დაზოგვა არის დაუხარჯავი შემოსავალი; შემოსავლის ის ნაწილი, რასაც არ ვხარჯავთ და ვაგროვებთ საბანკო ანგარიშზე ან ნაღდი ფულის სახით. 

ადამიანთა უმეტესობას არ აქვს თანხის დაზოგვის ჩვევა, ისინი დღეს ხარჯავენ ყველაფერს, რაც აქვთ და ხვალ უწევთ თანხის სესხება, კრედიტის აღება. მიუხედავად იმისა, რომ ,,შავი დღის’’ დადგომის მოლოდინი ყველას გვაქვს, იშვიათად ვფიქრობთ ცხოვრების უკონტროლობაზე და დღეს საკმარისად არ ვცდილობთ, რომ ხვალ დამდგარ პრობლემებს ფინანსურად მომზადებულნი დავხვდეთ. მომავლის პროგნოზირება რომ არ შეგვიძლია და თანხის დაზოგვა მნიშვნელოვანია, მიმდინარე პანდემიურმა წელმაც თვალნათლივ დაგვანახა, თუმცა ამ რეალობაშიც არსებობს ადამიანთა რამდენიმე კატეგორია - ადამიანთა კატეგორია, რომლსაც არ მოსწონს ბიუჯეტის შედგენა და  ფულის დაზოგვა საკმაოდ ერთულება; ადამიანთა კატეგორია, რომელსაც დიდად არ აინტერესებს სტაბილური ცხოვრების წესი და ფულს არ ზოგავს; თანხის დაზოგვის ჩვევის მქონე ადამიანები კი ის მესამე კატეგორიაა, რომელიც ბიუჯეტს ადგენს და თანხის დაზოგვა უმარტივდება. ,,შავი დღისთვის’’ გადანახული ფულის ქონის ფაქტი დიდი იმედი, ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდაა, მაგრამ თანხის დაზოგვა ,,თეთრი დღისთვის’’ ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესია, ეს არის დაზოგვა კონკრეტული მიზნისთვის, სურვილისთვის. 

სამეგობროში ჩატარებულმა კვლევამ მიჩვენა, რომ ჩემი მეგობრების 30% არ ან ვერ ზოგავს თანხას, 70% კი თანხის დაზოგვას ახერხებს, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თანხის დამზოგველთა 90% თანხას აგროვებს პერიოდულად, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევათ და არა წინასწარ განსაზღვრულად და სტაბილურად. მიზეზი, რის გამოც თანხის დაზოგვას ვერ ახერხებენ, ყველასთვის ერთია: შემოსავალი არ აღემატება ხარჯებს, ასევე აქვთ წინასწარ განუსაზღვრული, გაუთვალისწინებელი ხარჯები. თანხის დაზოგვის შემთხვევაში კი მეგობრების მხოლოდ 30%-ს აქვს განსაზღვრული კონკრეტული მიზანი, რისთვისაც აგროვებს თანხას, მაგალითად, მოგზაურობა, ბინის რემონტი, ავტომანქანის შეძენა; სხვები კი ამ უმიზნოდ დაზოგილ თანხას ხარჯავენ კონკრეტულ მომენტში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ანუ დაზოგილი თანხის რაოდენობით განსაზღვრავენ მიზანს და არა პირიქით, მიზნიდან გამომდინარე არ ზოგავენ თანხას. 

თანხის დაზოგვა ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსური ჩვევაა. ამ ჩვევის გამომუშავებით დაზოგვა ნებისმიერი შემოსავლით შესაძლებელია, იქნება ეს 300, 800 თუ 2000 ლარი. 

როგორ ვაქციოთ დაზოგვა ჩვევად? 

დაიწყეთ - პირველ რიგში უნდა დაიწყოთ. ადამიანებს გვჩვევია, ვარჯიშის დაწყების მსგავსად, ყველაფრის ორშაბათიდან დაწყება, თუმცა ეს ორშაბათ დღე არა და არ დგება. თანხის დაზოგვის დროსაც პირველი, რთული ნაბიჯი დაწყებაა. 

დაისახეთ მიზანი, რისთვისაც დაზოგავთ თანხას - თანხის დაზოგვა რთულია კონკრეტული მიზნის გარეშე. დაზოგვის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ თქვენ უნდა დაისახოთ მიზნად ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. მიზნის ქონა დაზოგვის დიდი სტიმულია.

გონივრულად დაგეგმეთ საკუთარი ფინანსები - შეადგინეთ ბიუჯეტი, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და თავიდან აირიდეთ არასაჭირო ხარჯები. ადამიანთა უმეტესობა ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად სჭირდებათ. 

განსაზღვრეთ დასაზოგი თანხის ოდენობა - შემოსავლის გარკვეული ნაწილი გადადეთ, ნუ დაადგენთ იმხელა ზღვარს, რის დაზოგვასაც ვერ შეძლებთ. კარგი იქნება, თუ შემოსავლის 10-20 % - ის დაზოგვას მაინც შეძლებთ. წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა თანხის შეგროვებაა საჭირო თქვენი მიზნისთვის და დაახლოებით რა დრო დაგჭირდებათ ამისთვის.

დასახული მიზნის მიღწევამდე არ დახარჯოთ დაზოგილი თანხა - დაზოგილი თანხა არ გამოიყენოთ არამიზნობრივად. მიზნის მიღწევამდე თანხის გამოიყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. დაზოგილი თანხა შეინახეთ უსაფრთხოდ, თანხის დასაზოგად ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზა ანაბრის გახსნაა. 

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თანხის დაზოგვით მიზნების მიღწევა უფრო მარტივია; 

თანხის დაზოგვისთვის არაა საჭირო კოლოსალური თანხები; 

დიდი მიზნის მიღწევა შესაძლებელია მცირე დანაზოგებით.