კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

პირველი ნაბიჯი გრძელ გზაზე

პირველი ნაბიჯი გრძელ გზაზე

1776
3.2 / 5

"შენ გგონია,  ფული ხეზე ასხია?" -  ყოველთვის, როცა ანის რამის ყიდვა მოუნდებოდა, ყურებში დედის სიტყვები უწიოდა და თვალწინ დედის დაფიქრებული სახე ედგა...

ანი ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო, სკოლაში კარგად სწავლობდა, მასწავლებლები ხშირად აქებდნენ. წიგნების კითხვა ძალიან უყვარდა, მაგრამ უკვე უამრავი წაკითხული წიგნის მიუხედავად ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ფული ეშოვა და დედას დახმარებოდა. გოგონას არც კი ახსოვდა როდის გააცნობიერა, რომ ოჯახს უჭირდა. თუმცა ის კი ახსოვდა, ბავშვებთან რომ წაიტრაბახა: -  "დედას იმდენი ფული აქვს, რომ ყოველთვე ბანკში შეაქვსო!" - ცოტა გვიან მიხვდა, რატომ შექონდა დედას ფული ბანკში ყოველთვიურად.

ყველაზე ძალიან ანის სკოლაში ყოფნა უყვარდა და ძალიან უკვირდა, რატომ არ მოსწონდათ ბავშვებს გაკვეთილები. მაშინ, როცა ყველას გაქცევა უნდოდა, ანი დასვენებაზეც ცდილობდა კლასში მჯდარიყო. მართალია, უფულობის გამო ბუფეტში ვერ გარბოდა სხვებთან ერთად, მაგრამ არც შივდებოდა. კლასში მომდევნო გაკვეთილს იმეორებდა და ზუსტად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნებში წაიკითხავდა, როგორ შეიძლებოდა ოჯახს დახმარებოდა.

კეთილი და გულისხმიერი მოსწავლე განსაკუთრებით ბუნებისმეტყველების მასწავლებელს უყვარდა. ხეებზე, ჩიტებზე, ცხოველებზე და ბუნების მოვლენებზე საუბრისას მასწავლებელი თვალებგაფაციცებული მოსწავლის ინტერესს იმ დოზით გრძნობდა, რომ თავს მოდუნების საშუალებას ვერ აძლევდა. ანის საინტერესო კითხვებს სხვა მოსწავლეებიც რომ აჰყვებოდნენ, მასწავლებელიც სულ ცდილობდა საინტერესო მასალა მოეძიებინა და ბავშვებისთვის ბუნების სიყვარული ჩაენერგა.

ანის კი ბუნებაზე მეტად მათემატიკის სწავლა მოსწონდა. მიმატება, გამოკლება, პროცენტის გამოყვანა, ამოცანები ყიდვა-გაყიდვაზე... კარგად სწავლობდა, მაგრამ ფულის შოვნის ხერხი ვერც მათემატიკის წიგნებში ვერ ამოიკითხა.

-"იცით, ერთი რვეულის შესაქმნელად რამდენიმე დიდი ხის მოჭრაა საჭირო" -  დაიწყო გაკვეთილი ბუნების მასწავლებელმა, მერე საინტერესო პრეზენტაციაც უჩვენა მოსწავლეებს, ქაღალდის გადამუშავების სხვადასხვა გზაზეც  ესაუბრა და ბოლოს გაკვეთილი მოწოდებით დაასრულა: - "ქაღალდის თოთოეულ ფურცელს გაუფრთხილდით, ბავშვებო! დაფიქრდით, როგორ გამოიყენოთ ისე, რომ ბუნება დაზოგოთ და თანაც შეიძლება ფინანსური სარგებელიც ნახოთ!"

გაკვეთილის შემდეგ ანი ჩვეულებრივად იჯდა მერხთან და ფიქრობდა... "შენ გგონია ფული ხეზე ასხია?" - ჩაესმა დედის სიტყვები და გაახსენდა, რომ სახლისკენ მიმავალ გზაზე რომ ყოველდღე საწყობთან, ნაგვის ურნასთან დაყრილი ფურცლები და გაყვითლებული გაზეთები ხვდებოდა. გაზეთებს, ჟურნალებს, წიგნებს პირველად ინტერესით კი დააცქერდა, რამდენიმე გადაშალა, მაგრამ ვერაფერი გაუგო. გული იმაზე დაწყდა რომ წიგნები და ფურცლები ვიღაცას დაუნანებლად გადაეყარა ნაგავში, მაგრამ მერე ყურადღება აღარ მიუქცევია. ეხლა კი...

- მასწავლებელო, შეიძლება რაღაც გთხოვოთ? -  დაეწია გოგონა მასწავლებელს.

- ანი? -  დაბნეულად მოხედა მასწავლებელმა და დერეფანში შეჩერდა.

- ქაღალდებზე პრეზენტაცია შეიძლება კიდევ ერთხელ ვნახო? -  თამამად მიაჩერდა მასწავლებელს გოგონა.

- პრეზენტაცია? ქაღალდზე? ააა, ეხლა რომ ვნახეთ გაკვეთილზე? რამ დაგაინტერესა? -  გამოცოცხლდა ცოტა გაოცებული მასწავლებელი - მოდი, კლასში დავბრუნდეთ!

გოგონას თვალებში გაელვებულმა რაღაც უცნაურმა ნაპერწკალმა მასწავლებელი უკან მოაბრუნა, კლასში შესულმა კომპიუტერი ჩართო, პრეზენტაცია გახსნა... ანი მოუთმენლად გადაახტა გვერდებს და ბოლო სლაიდზე იმ ადგილს დააჩერდა, სადაც მასწავლებელს მაკულატურის ჩაბარების პუნქტის მისამართი და ტელეფონის ნომერი ჰქონდა ჩანიშნული.

- შეიძლება, ამოვიწერო? 

- ოჰო, მაკულატურა გინდა რომ ჩააბარო? კარგი საქმეა. იცი, რამდენი ხის დაზოგვა შეიძლება მეორადი ფურცლების გადამუშავებით?

ანიმ მასწავლებელს მადლობა ნაუცბათევად გადუხადა, მისამართი ბლოკნოტში ამოწერა და ახალი გაკვეთილის ზარიც დაირეკა.

ასე უყურადრებოდ ანი გაკვეთილზე არასოდეს მჯდარა. მარტო იმაზე ფიქრობდა, რომ ქაღალდები, რომელსაც სახლისკენ მიმავალ გზაზე, საწყობთან ეყარა, არავის წაეღო. როგორც კი გაკვეთილი დამთავრდა, ჩანთას ხელი წამოავლო და გაიქცა. ქაღალდები ისევ იქ ეყარა, სადაც ყოველთვის. ნეტა, არავის სჭირდება? ვის ვკითხო? -  გოგონამ საწყობის ღია კარებში შეიჭყიტა. მოხუცი დარაჯის დანახვა ძალიან გაუხარდა...

- ბაბუა, ეს ქაღალდები ვინმეს სჭირდება?

- შენ ვინ ხარ, გოგო, აქ საიდან გაჩნდი? -  გაოცდა მოხუცი -  ქაღალდები? გარეთ რომ ყრია?

- კი,  შეიძლება რომ წავიღო?

- რა ხანია ნაგვის მანქანას არ გამოუვლია -  აბუზღუნდა მოხუცი -  წაიღე, მაგრამ რა ჯანდაბად გინდა?

- მჭირდება, ბაბუ -  ბევრი არაფერი აუხსნია ანის მოხუცისთვის. ძალიან არც ის აღარ დაინტერესებულა. ცოტა ხანს კი ადევნებდა თვალს როგორ კონავდა გოგონა ფურცლებს, თუმცა მალევე  მობეზრდა და თავი ჯიხურს შეაფარა.

- ბაბუ, ეს დასტები აქ რომ დავაწყო, არავის გაატან? - მიაკითხა ანიმ მოხუცს ცოტა ხანში.

- იყოს - თავი არც მოუბრუნებია დარაჯს, რომელიც ტელევიზორს მისჩერებოდა.

ანი გაჩქარებული ნაბიჯით გაიქცა სახლისკენ, ძმის პატარა ურიკასაც მალე მიაგნო. ძალიან საქმიანი სახით გამობრუნდა საწყობისკენ, ქაღალდის რამდენიმე მძიმე დასტა ურიკაზე დადო, ჯიბეში მისამართიანი ფურცელიც მოიძია და დაფიქრდა: ახლოს კი არის ეს ოფისი, მაგრამ თუ ბევრ ფულს ვიშოვი, დედას რა ვუთხრა? ნეტავ, რამდენი ღირს ეს ქაღალდები?

ურიკა დამძიმდა, ის ოფისიც ისე  ახლოს აღარ მოეჩვენა, მაგრამ შეუპოვრად მიიწევდა წინ, გამვლელების გაოცებულ მზერას თვალს არიდებდა.

 "ვიბარებთ მაკულატურას" - წარწერის დანახვამ ისე გაახარა, რომ დაღლილობა უმალვე დაავიწყდა. ოთახში ახალგაზრდა ბიჭი დახვდა...

- შენ ახალი ხარ? აქ არ დამინახიხარ - გაუღიმა ბიჭმა -  მარტო შენია თუ კლასელებმა შეაგროვეთ?

ბიჭი პასუხს არც დალოდებია, გაწაფული ხელით დააგდო ქაღალდის დასტები სასწორზე. ანი ხმის ამოუღებლად მისჩერებოდა ბიჭს ხელებში, დაღლილს აღარც ლაპარაკის თავი ჰქონდა, ვერც ფასი იკითხა.

- ბევრი არაფერია, ორი-სამი ლარი - ანის სახეზე ისეთი იმედგაცრუება ეწერა, რომ ბიჭს გაეცინა. - ხომ არ გირჩევნია, რომ რამე წიგნი მოგცე, ესეც შეგვიძლია, მოიტან მაკულატურას და წიგნში გაგიცვლი. 

ანიმ დაბნეულად დაუქნია თავი. ბიჭი თაროს მიადგა, წიგნების არჩევა დაიწყო. ბოლოს უკნიდან პატარა, თხელი წიგნი გამოაძვრინა... გოგონას შეხედა... პატარა წიგნი უკან დადო და მეორე, მაგარყდიანი, ფერადი წიგნი გაუწოდა.

- თუ მოახერხებ, კიდევ მოიტანე მაკულატურა - გაუღიმა ბიჭმა ანის, რომელიც უხერხულად ატრიალებდა წიგნს ხელში -  ისე, შეგიძლია კლასელებიც დაიხმარო, მეგობრებიც და ნათესავებიც. ყველას აქვს სახლში ისეთი გაზეთები, ჟურნალები, წიგნები, რომელბსაც აღარ იყენებენ, შეიძლება პირდაპირ გადაყრაც ენანებათ, სთხოვე და მოგცემენ - დააკვალიანა ანი მაკულატურის ჩამბარებელმა.

- ძნელი ყოფილა უცბად გამდიდრება - თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა ანიმ გზაში. წიგნს გადახედა, ზღაპრები იყო - ჩემს ძმას კი გავახარებ -  გაიფიქრა და გუნება ცოტა გამოუკეთდა.

- აქ კიდევ მოვალ! - მთელი გზა გეგმებს აწყობდა ანი. ფიქრში ბებოსაც შეუარა, მეზობლებსაც, ისევ იმ საწყობსაც მიაკითხა და უფროსსაც სთხოვა, ქაღალდები არ გადაყაროთ, მე წავიღებო, ოჯახის წევრებიც ჩართო ბიზნესში. ფიქრშივე მიხვდა, რომ წინასწარი დაგეგმვის გარეშე არაფერი გამოუვიდოდა...

- სკოლაში როგორც კი მივალ, მასწავლებელსაც ვკითხავ - დაასკვნა გოგონამ - ადვილი კი არ არის, ფული ხეზე კი არ ასხია - დიდი ქალივით გაიფიქრა უკვე დამშვიდებულმა  და სახლის კარები შეაღო. 

მთელი საღამო უკითხავდა ძამიკოს ზღაპრებს. სიზმარში კი ხეები ნახა, რომლებსაც ფოთლების ნაცლად ტკიცინა ბანკნოტები გამოსხმოდათ და მხიარულად აშრიალებდნენ.