კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ოთარაანთ ქვრივი ანუ მოკლედ ბიუჯეტის დაგეგმვის მნიშვნელობაზე

ოთარაანთ ქვრივი ანუ მოკლედ ბიუჯეტის დაგეგმვის მნიშვნელობაზე

2262
3.7 / 5

თქვენი არ ვიცი და, მე დღემდე კარგად მახსოვს, დაბადების დღეებზე შეგროვებულ ფულს, რომელსაც "ჩემ ფულს" ვეძახდი, როგორ ვეპყრობოდი: სხვადასხვა კომბინაციით გადავათამაშებდი კეთილი ბიძიების ნაჩუქარ ლარებს და გათვლილი მქონდა, რამდენი უნდა დამეხარჯა კევების, შოკოლადების და ფერადი სტიკერების საყიდლად. ცალკე გადავდები ხოლმე ფულს ჩიფსებისთვის, რომელიც მაშინ ახალი შემოსული იყო და რომელსაც დედაჩემი დიდად არ სწყალობდა. სხვათაშორის, საქმეს კარგად ვართმევდი თავს და თანხაც მყოფნიდა მომავალ დღესასწაულამდე, სანამ ბებია-ბაბუებისგან და ნათესავებისგან ახალ სუბსიდიას მივიღებდი.

დრო გავიდა და რატომღაც ჩემი, ერთობ დასაფასებელი ჩვევა მივივიწყე - უფრო "ქულ" ტიპად ითვლებოდი, თუ ყოველი ხურდა გათვლილი არ გქონდა და მეც ფეხი ავუწყე ახალ ტრენდს.

ერთ მშვენიერ დღეს, მასწავლებელმა არდადეგებისთვის "ოთარაანთ ქვრივის" წაკითხვა დაგვავალა. მოთხრობიდან ერთმა მოკლე და თითქოს არაფრით გამორჩეულმა სცენამ, რომელიც ქვრივის ბიუჯეტის დაგეგმას შეეხებოდა, ჩემი ძველი და დავიწყების პირას მისული ჩვევა გამახსენა.

მოდი, შეგახსენებთ ოთარაანთ ქვრივის ჭრელ ქისებს და მათ დანიშნულებას.

  • საჭირნახულო - პურის და ქერის მოსაწევად განკუთვნილი თანხა;
  • ბარაქალა - ვენახის სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსები;
  • საჯანაბო - მარტივად რომ ვთქვათ, ეს ქისა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის იყო განკუთვნილი;
  • მიეცი და მოგეცესო - საოჯახო საქმეში დაქირავებულებისთვის განკუთვნილი ხარჯები;
  • ფარსიღას ქარვასლა გნებავთ შიოს მარანი - საქველმოქმედო მიზნებისთვის.

როგორც ილია წერს, ქვრივს თვლა დიდად არ გამოსდიოდა და ხანდახან კენჭებსაც მოიშველიებდა ხოლმე, მაგრამ ფინანსების ორგანიზებას მშვენივრად ახერხებდა და იშვიათად თუ შეეშლებოდა რამე.

უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი იმისთვის, რომ დასათვლელად ბავშვობის დროინდელი ფერადი ჩხირები გამომეყენებინა. თან სხვა თუ არაფერი, ოთარაანთ ქვრივისგან განსხვავებით, კალკულატორითა და მობილბანკით ვიყავი აღჭურვილი, რაც ფინანსების მართვას ბევრად მარტივს ხდიდა.

იმ დღიდან მოყოლებული აუცილებელი და გამოსადეგი ჩვევისთვის, რომელსაც ბიუჯეტის დაგეგმვა ჰქვია, აღარ მიღალატია. მეგობრებისგან ხუმრობით "ბუღალტერას" მეტსახელიც შემერქვა და თუ ადრე მსგავსი მეტსახელი დამაკომპლექსებდა, ახლა სიამაყით ვატარებ, რადგან იშვიათად თუ შემოეხარჯება მთლიანი თანხა "ბუღალტერას" თვის ბოლომდე!

ამჟამად პრაღაში ვსწვალობ, ფინანსურად მთლიანად სტიპენდიაზე ვარ დამოკიდებული და ბიუჯეტის დაგეგმვა სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი გახდა ჩემთვის. ყოველკვირეული ხარჯების განაწილებისას გონებაში მუდმივად ოთარაანთ ქვრივის ჭრელი ქისები მიტრიალებს. ჩემს შემთხვევაში ქისებს ცოტა სხვანაირი სახელები ჰქვიათ და ძირითადად მოგზაურობის, კვების, გართობის და ბინის ქირის ხარჯებზეა ორიენტირებული, მაგრამ ეს ფინანსების დაგეგმის იდეას და მნიშვნელობას არ ცვლის.

გეთანხმებით, დიდად სასიამოვნო არ არის გადახდებში ქექვა, ჩეკების შემოწმება და ანგარიში, მაგრამ დროთა განმავლობაში პროცესი მარტივდება და რაც მთავარია შედეგი - თვის ბოლოს უფულობაზე არ ვწუწუნებთ და არც სასურველ აქტივობებს ვიკლებთ!

მოკლედ, რაც უნდა "ხელის ჭუჭყი" ვეძახოთ, ფაქტია, რომ ფინანსების და მისი გონივრული დაგეგმვის გარეშე ხელ-ფეხ შებორკილები ვართ და უპრიანი იქნება, თუ გუგლში ერთ-ერთ ყველაზე დაძებნად ფრაზას "როგორ ვიშოვოთ ფული", სიტყვასაც "ვმართოთ" დავუმატებთ.