კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მშობლების 8 ტიპური შეცდომა, რომელზე დაფიქრებაც ღირს

მშობლების 8 ტიპური შეცდომა, რომელზე დაფიქრებაც ღირს

8925
4.5 / 5

პატარას დაბადება ოჯახისთვის ემოციების დიდი ფეიერვერკია. სიხარული, აღმაფრენა, მოლოდინი, იმედი თანაბარი სიძლიერით გვეპარება გულში იმის მიუხედავად, პირველ შვილს ვეგებებით თუ მეათეს. 

როდესაც შვილის მოლოდინში ვართ, როგორი ნათელი მაგალითიც უნდა გვქონდეს ირგვლივ, მაინც ჩვენს სურვილებსა და გონებაში გამჯდარ თეორიებს მივყვებით, რომ წინასწარ უნდა ვიყიდოთ პირობითად 5 წყვილი ფეხსაცმელი, 10 ცალი ქუდი, 7 საწოვარა, 5 სახეობის ბოთლი... მოსაზრებები, რომ ამდენი ნივთი არ გამოგვადგება მყარ ადგილს ვერ იმკვიდრებს ჩვენს გონებაში და ვიწყებთ ნივთების ალტერნატივების მოძიებას, რომლისგანაც ძირითადად კი არ ვარჩევთ, არამედ ყველას ვყიდულობთ.

გამოცდილება, კი სხვა რეალობას გვაჩვენებს: ზოგი ნივთი არასაჭიროა, ზოგს ჩვენ, მშობლები ვერ ვეგუებით და შესაბამისად, ვერც ვიყენებთ, ზოგი კი იმდენი შეგვიძენია, ერთი ბავშვისთვის რომ ზედმეტია.

ხშირად ჩვენი ამგვარი ქცევა არ იცვლება ბავშვის ზრდასთან ერთად და გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლში უამრავ არასაჭირო ნივთთან და გადახარჯულ ბიუჯეტთან ერთად აღმოვჩნდებით ხოლმე. 

ბევრი ემოცია, სურვილი - გავაკეთოთ ყველაფერი ზუსტად და უშეცდომოდ, წარმოდგენა, რომ თუ რამეს არ ვიყიდით შეიძლება ბავშვი დავჩაგროთ ან დავაზარალოთ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რის გამოც  მშობლები შეცდომებს ვუშვებთ. ყველაზე საინტერესო ამ შეცდომებში კი ის არის, რომ ისინი ჩვენს ფინანსებს უკავშირდება. პატარ-პატარა გადახვევები ბიუჯეტიდან, შვილის კეთილდღეობის სახელით შეცვლილი ფინანსური ქცევა, ზოგჯერ მხოლოდ მშობლების შეცდომებზე მიუთითებს. 

სად ვუშვებთ ყველაზე საყურადღებო შეცდომებს?

 

1. ბავშვის ნივთების იმპულსურად ყიდვა

ზოგჯერ ემოციური განწყობა ხელს გვიშლის რეალურად შევაფასოთ ნივთის საჭიროება. პატარებისთვის განსაზღვრული ყველა ნივთი საჭიროდ გვეჩვენება და ხშირად, ჩვენს ბიუჯეტსაც არ ვაკონტროლებთ, ისე ვყიდულობთ ყველაფერს. რეალურად, შესყიდული ნივთების დიდი ნაწილი სწორედ რომ ემოციებით ნაყიდი აღმოჩნდება ხოლმე და საჭიროებებს არ პასუხობს. საბოლოოდ, სახლში აღმოგვაჩნდება ძალიან ბევრი ნივთი, რომელთაგან ძალიან ცოტას ვიყენებთ. ნივთების შესყიდვისას უმჯობესია ვიკითხოთ რამდენად  პრაქტიკული და ხარისხიანი აღმოჩნდა სხვებისთვის და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასევე სასურველია, რომ რამდენიმე მსგავსი ნივთიდან მხოლოდ ერთი შევიძინოთ და არა ყველა ალტერნატივა.

2. ბავშვის სურვილების შესრულებაზე არასაჭირო ხარჯის გაწევა

როდესაც პატარა იზრდება და საკუთარი სურვილების გამოხატვას სწავლობს, მშობლების კიდევ ერთი დიდი ფინანსური ხაფანგი აქ ჩნდება. ხშირად, აქაც ემოციები ჭარბობენ და ვფიქრობთ, რომ სურვილები თუ არ შევუსრულეთ ბავშვს დავჩაგრავთ, ვაწყენინებთ, შეცდომას დავუშვებთ და ვიწყებთ დაუსრულებელ შესყიდვებს. თუმცა, ეს მიდგომა ძირითადად არასწორია. ზრდასრულების მსგავსად და რეალურად მათზე ხშირად, ბავშვებსაც  უჩნდებათ არასაჭირო სურვილები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი სურვილების დაყოფა, გაანალიზება და მათგან ყველზე მნიშვნელოვანის შესრულება. ასე თავიდან ავირიდებთ როგორც ზედმეტ ხარჯს, ისე არასაჭირო ნივთებს სახლში.  ზოგჯერ,  ბავშვები სრულიად შეუსაბამო ნივთებს ითხოვენ, მაგალითად ერთ დღეს შეიძლება, პირობითად, ჩაქუჩის ყიდვა გთხოვოთ პატარამ. მისივე უსაფრთხოებიდან და ასევე ნივთის არასაჭიროებიდან გამომდინარე ვიცით რომ ამ ნივთს არ ვუყიდით. ასევე უნდა გადავხედოთ  ბავშვის ყველა სურვილს.

3. ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების გადაჭარბება

ემოციები ხარჯვის ყველაზე დიდი მტერია. ბავშვისთვის შესყიდვები კი ყველაზე ემოციური პროცესი ხდება ხოლმე. ეს ფაქტი პირდაპირ აისახება ჩვენს ბიუჯეტზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რისი ხარჯვა შეგვიძლია. ყოველთვის როდესაც რაიმე ახალი ნივთის შეძენას დავაპირებთ, სასურველია ჩვენს მიერ შედგენილ ბიუჯეტს ჩავხედოთ და ვნახოთ თუ გვაქვს საშუალება ეს ხარჯი გავწიოთ. 

4. მცდელობა, შევძლოთ ის რაც არ შეგვიძლია

მშობელი რომ მთას გადადგამს, ეს ყველამ ვიცით. თუმცა, ფინანსურ საკითხებში „მთების გადადგმა“ არაპრაქტიკული აღმოჩნდება ხოლმე. ყოველთვის გვინდა ყველაზე საუკეთესო რამ შევიძინოთ, ზოგჯერ გვგონია რომ ეს საუკეთესო ყველზე ძვირია და ასე ვებმებით ჩვენსავე შექმნილ ხარჯების ქსელში. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია და უნდა ვიცოდეთ, რომ რაც შეგვიძლია ის ყოველთვის საკმარისი იქნება. მაგალითად, თუ გვსურს ბავშვს ჰქონდეს კარავი, გვაქვს ორი ალტერნატივა  შევიძინოთ ან ჩვენ თავად ავაწყოთ. ალტერნატივებს შორის უპირატესობა ჩვენი შესაძლებლობებით უნდა განვსაზღვროთ. თუ დრო არ გვაქვს კარვის ასაწყობად და შეძენას გადავწყვეტთ, აქაც ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებით უნდა მოვიძიოთ სასურველი ვარიანტი. გასაყიდად შევხვდებით როგორც 50 ლარიან , ისე 200 ლარიან კარავს. არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია დავეყრდნოთ ჩვენს ბიუჯეტს. ხოლო, თუ დრო გვაქვს, შეგვიძლია ნებისმიერი კარვის ანალოგი შევქმნათ ჩვენი ხელით. ეს უფრო სახალისო  და ნაკლებ დანახარჯიანი იქნება.

5. ფინანსური პრიორიტეტების დავიწყება

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შესყიდვას თან უნდა ახლდეს ფიქრი: ეს სურვილია თუ საჭიროება? შემიძლია კი მისი დაფინანსება? რაიმე მნიშვნელოვანისთვის განსაზღვრულ თანხას ხომ არ ვიყენებ? ყველაზე დიდი ფინანსური შეცდომა პრიორიტეტების დავიწყებაა. შეიძლება ისეთი თანხა დავხარჯოთ რაც ჩვენი ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლადაა საჭირო და ამით ძალიან დავზარალდეთ. მაგალითად, დაუშვებელია ბავშვისთვის ძვირადღირებული სათამაშო მანქანის შესაძენად, მაგალითად, კომუნალური გადასახადებისთვის განსაზღვრული თანხის გამოყენება, ასე სერიოზულ პრობლემას შევიქმნით ყოველდღიურობაში.

6. გადაუდებელი ხარჯების ფონდის უგულებელყოფა

რამდენადაც სასიამოვნოა ბავშვის სათამაშოების, წიგნებისა თუ სხვა ნივთების შეძენა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ამ ხარჯშიც არსებობს ზღვარი. მნიშვნელოვანია ყოველთვიურად გადავდოთ თანხა გადაუდებელი ხარჯების ფონდში. შეიძლება გადაუდებელი საჭიროება ყოველთვის არ დგება, მაგრამ თანხის შეგროვება არ უნდა შევწყვიტოთ და მის სანაცვლოდ მიმდინარე ხარჯები არ უნდა გავზარდოთ.

7. ბავშვის ფინანსური განათლების უყურადღებოდ დატოვება

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყურადღების მიღმა შეიძლება  დარჩეს მშობელს  ეს ბავშვის ფინანსური განათლებაა. ჩვენივე ფინანსური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ყველა წევრმა იცოდეს ფინანსური საკითხები. ბავშვს პატარა ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ფულის სწორად  განკარგვა, მისი მნიშვნელობა და მივაჩვიოთ ჭკვიანურად შესყიდვას. არასწორია მიდგომა, რომ ფული ხელის ჭუჭყია, რომ მთავარია დღეს დავხარჯოთ და ხვალ რამე გამოჩნდება. ასაკის შესაბამისად, განსაზღვრული დოზით, ბავშვს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ფინანსებისა და მისი სწორად მართვის მნიშვნელობაზე. თუ ბავშვს სწორად ვასწავლით, მისი ქცევაც სწორი იქნება ფინანსურად და ჩვენც დაგვეხმარება ზემოთ აღწერილი შეცდომების თავიდან აცილებაში.

8. ბავშვისთვის არასწორი ფინანსური ქცევის მაგალითის მიცემა

როგორ გულმოდგინედაც უნდა ვასწავლიდეთ ბავშვს თეორიულად, მნიშვნელოვანია ეს ყველა თეორია პრაქტიკულადაც ჩვენგან ისწავლოს. მაგალითად, თუ ვასწავლით, რომ იმპულსურად არ უნდა ვყიდულობდეთ ნივთებს, ხოლო ჩვენ ხელფასის ჩარიცხვის დღეს სახლში 10 ერთნაირი ნივთით ვბრუნდებით, ამით ბავშვს ვაჩვენებთ, რომა არაა საჭირო სწორ ფინანსურ ქცევაზე ფიქრი და რეალურად, ამ საკითხს მნიშვნელობა არ აქვს. თუ გვსურს ბავშვმა სწორად დაიწყოს ფინანსურ საკითხებზე ფიქრი, შეძლოს საკუთარი ალტერნატივების დანახვა და მათგან  საუკეთესოს არჩევა, მნიშვნელოვანია, ავუხსნათ, ვასწავლოთ და რაც მთავარია, ჩვენს ქცევაში პრაქტიკულად დავანახოთ სწორი ფინანსური ქცევა.