კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

მიზნები, რომლებიც ემიგრაციაში არ უნდა დავივიწყოთ

მიზნები, რომლებიც ემიგრაციაში არ უნდა დავივიწყოთ

151
4.2 / 5

ემიგრანტი - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარ თავზე გამოვცდიდი ამ უზომო მონატრებას, უდიდეს დარდსა და ყოველდღიურ ბრძოლას დასახული მიზნის მისაღწევად.

ყველაფერი დაიწყო 27 ივნისს, როცა ჩემი სახლის კარები ბოლოჯერ გამოვიხურე. დავტოვე ჩემი ოჯახი, ჩემი გულის ნაწილი - შვილი.  სულ თვალწინ მიდგას მისი ბოლო გამოხედვა, თვალები, რომლებიც არ იმჩნევდნენ იმ ტკივილს, რაც ჩემი წამოსვლით იყო გამოწვეული. მაგრამ ჩემი პატარა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, ცდილობდა არ შეემჩნია. ღიმილიანი, ცრემლნარევი თვალებით გამომაცილა  და მითხრა: - დედა მალე დაბრუნდი ძალიან მიყვარხარო! მე ვკითხე: - დე, არ გამაცილებ? მან კი მიპასუხა: - არა, სახლში დავრჩები მეზარებაო - არ უნდოდა ენახა, თუ როგორ მივდიოდი. მე კი ფეხები უკან მრჩებოდა. საშინლად წვიმდა და წვიმამ იდეალურად შენიღბა ჩემი სახე.  მე და  ზეცა  ერთად ვტიროდით და  ამას ვერავინ ხედავდა. 

ძალიან რთულია, ის გრძნობა გადმოიტანო ფურცელზე, როდესაც მთელი არსებით გრძნობ, მთელი არსებით გტკივა, მაგრამ მაინც იღიმი. გულში ვიმეორებდი ილია მეორის სიტყვებს: „იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!“ ძალა ჩემს თავში ვიპოვე და დავიწყე ბრძოლა. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მით უმეტეს, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაწყდა და როდესაც თვითმფრინავში ავდიოდი ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ჩემი სხეული მომყვებოდა უცხო ქვეყანაში, სადაც სრულიად მარტო უნდა მებრძოლა ჩემი და ჩემი შვილის კეთილდღეობისთვის. რთულია ყოველდღე გაიღვიძო და გრძნობდე როგორი ცარიელი ხარ, ყოველდღე თავს ძალას ატანდე რომ გაიღიმო, განა იმიტომ რომ გეღიმება, არა, არავის უნდა მისცე უფლება რომ შენი სახის გამომეტყველებით მიხვდეს გულში რამხელა დარდს იტევ. აცნობიერებ, რომ შენი ღიმილი ერთადერთი ნიღაბია, რომელიც ყოველდღე გაძლებინებს უცხო ქვეყანაში, სრულიად უცხო ხალხში გადაირჩინო თავი, მაგრამ როცა ღამდება   და რჩები საკუთარ თავთან მარტო, ამ დროს კვდები, ნაწილებად იშლები, თავში ათასი ფიქრი გიტრიალებს. საკუთარ თავს კითხვას უსვამ: აქ რას ვაკეთებ? რატომ არ ვარ ახლა ჩემს შვილთან ჩახუტებული?! რატომ ვერ ვგრძნობ მის სურნელს?! ამ დროს კი შენი მეორე მე გახსენებს, რომ სწორედ ეგ ერთადერთი მიზეზია, ვის გამოც შენ აქ ხარ. 3 თვე 3 წელიწადად მეჩვენება. ჩამოსვლის დღიდანვე ურთულესი გზა გამოვიარე სრულიად მარტომ. როცა მჭირდებოდნენ ჩემი ადამიანები, მაშინ გამიშვეს ხელი, მაშინ დამტოვეს ურთულეს გზაზე და მარტომ, საკუთარი  თავის იმედად, დავიწყე ბრძოლა დასახული მიზნისთვის. 

სამსახური, რომელიც უნდა დამეწყო, კუნძულ კერკირაზე იყო. სამწუხაროდ,  8-საათიანი დამღლელი გზის შემდეგ  იქ ჩასულს არ დამხვდა ის პირობები, რაზეც ვიყავი შეთანხმებული, ამიტომ უარი ვთქვი და ათენში დაბრუნება მომიწია. წინ კვლავ დამღლელი 8 საათიანი გზა მელოდა, ვგრძნობდი რომ ძალიან დაღლილი, უიმედო და შეშინებული ვიყავი, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი ასე მარტოსულად და სწორედ მაშინ მივხვდი,  რომ აქ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. თავს ძალა დავატანე, მივედი ავტობუსების გაჩერებასთან. არც ენა ვიცოდი. საშინლად უძილო და იმედგაცრუებული დავდიოდი  და ვფიქრობდი, თუ რა უნდა მექნა, როცა ათენში ჩავიდოდი, სადაც არავინ მეგულებოდა, ვისაც ჩემს გასაჭირს მოვუყვებოდი და დამეხმარებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ერთი სათნო ქალბატონი, რომელიც საქართველოდან წამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე გავიცანი სოციალური ქსელის მეშვეობით. მას როგორც კი დავურეკე და ავუხსენი ჩემი გასაჭირი, არც კი დაფიქრებულა, ათენში ჩასვლისთანავე თავისთან წამიყვანა, სამსახური მიშოვა და როგორც შვილი ისე მიმიღო, რისთვისაც მადლობელი ვარ. 

მინდა ყველას მივაწვდინო ხმა, ყველამ იცოდეს თუ როგორი ძლიერი ხდები, როცა შენი ქვეყნის საზღვარს გადააბიჯებ, არც კი დაიჯერებ ისეთ პიროვნებას აღმოაჩენ საკუთარ თავში.  ვმუშაობ, დამოუკიდებელი ძლიერი ქალი ვარ, რომელმაც ყველა ეს ტკივილი გულში ჩაიმარხა და წინ დასახული მიზნებისკენ მიილტვის. აქ როცა ხარ, საკუთარი თავი ნაკლებად გადარდებს. სულ ცდილობ გაახარო და გაანებივრო ოჯახი, რომელიც გელოდება. საკუთარი თავისთვის კი ვერაფერს იმეტებ, რადგან გრძნობ, როცა მათ ახარებ, ამით შენც ბედნიერი ხარ. არასოდეს გადააბიჯოთ თქვენს პრინციპებს. ამ დროის განმავლობაში ვისწავლე, რომ ყოველთვის უნდა დავიცვათ საკუთარი პრინციპები.  რადგან ამ გზაზე ვდგებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს თავი უნდა დავუხაროთ და ჩვენი უფლებები არ დავიცვათ. გვეკუთვნის? უნდა მოვითხოვოთ! რამე არ მოგვწონს? უნდა ვთქვათ, არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რომ თუ ხმას ამოვიღებთ სამსახურს დავკარგავთ. არა! აქეთ უნდა ეშინოდეთ, რომ ჩვენ დაგვკარგავენ! ცხოვრება ბრძოლაა, შრომაა, პატიოსანი შრომით მოპოვებული ლუკმა ყოველთვის გემრიელია. 

პირველად, როცა ამ ოჯახში შემოვედი, უცხო გარემოში, ვფიქრობდი, როგორ უნდა შევძლო, მე ხომ არ ვიცი ბერძნული ენა, როგორ ვიცხოვრებ უცხო ხალხის გვერდით? მაგრამ  ესეც შევძელი. რამე თუ არ მომწონს ვამბობ, რაც  მე არ მევალება ვამბობ, რადგან რაც უფრო მეტს აიღებთ საკუთარ თავზე, უფრო მეტს გთხოვენ ეს ადამიანის დაუკმაყოფილებელი თვისებაა. მინდა ყველას ვუთხრა, როცა ახალბედა ხარ და სამსახურს იწყებ, აუცილებლად ხაზგასმით უნდა უთხრა დამსაქმებელს თუ რას გააკეთებ, რას ვერ შეძლებ, რა თანხაზე შეძლებ მუშაობას, მათაც უნდა გააგებინო, რომ ოჯახი გყავს დატოვებული და რომ შენ სწორედ ოჯახის გამო ხარ აქ, მაგრამ შენი ღირსებები არავის უნდა შეაბღალვინო. ყოველ დღე ეჩვევი, ყოველ დღე უფრო ძლიერდები და ეს მხოლოდ  შენი მიზნების გამო ხდება. იაზრებ, თუ რატომ ხარ აქ, ნელ-ნელა ერკვევი ყველა იმ სიტუაციაში, რომელიც ერთ დროს შენთვის უცხო იყო. წარმოდგენა არ მქონდა პირველ ხელფასს რომ ავიღებდი, როგორ უნდა გადამერიცხა, საიდან, როგორ, რანაირად, მაგრამ  დამოუკიდებლად იკვალავ გზას. ახლა ეს ყველაფერი აღარ არის ჩემთვის უცხო. ვცდილობ, ვნახო ადგილები, სადაც ეკონომიურ ფასად შევძლებ თუნდაც ტანსაცმლის შეძენას, რომ თანხა დავზოგო და რაც შეიძლება მეტი გავუგზავნო ოჯახს, ეს არის ემიგრანტების ცხოვრება და მე ამ ცხოვრების თანამონაწილე ვარ. როცა დასახული მიზნით ხარ ჩამოსული და გინდა მალე დაუბრუნდე შენს საყვარელ ხალხს, აუცილებლად ეცადეთ თანხა მოაგროვოთ. არის  საშუალება რომ გახსნათ ანაბარი და შექმნათ თქვენი დანაზოგი. 

ძალიან  მენატრება ქართული სამზარეულო - ჩვენი ქართული არომატული გემოები. დიახ, საბერძნეთშიც გვაქვს საშუალება, რომ არ ვიყოთ მონატრებული ჩვენს ტრადიციულ კერძებს. აღმოვაჩინე ქართული სამზარეულო უგემრიელესი კერძებით. მართალია ხშირად ვერ ვსტუმრობ, მოგეხსენებათ, ემიგრანტი ვარ  და ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის  არ გვაქვს ამის ფუფუნება, მაგრამ შენი რომ გეგულება უცხო ქვეყანაში, ეს სულ სხვა სიხარულია. 

მენატრება ჩემი პროფესია. დიახ, საქართველოში ვმუშაობდი, მაგრამ ჩვენი შრომა საქართველოში არ ფასობს. მუშაობ მთელი დღე, მაგრამ ფინანსურად ვერ იმართები, პრობლემას პრობლემა მოჰყვება, შრომა დაუფასებელია და იძულებული ხარ უცხო ქვეყანაში გადაიხვეწო, რომ ფინანსურად ფეხზე დადგე. ახლა რაც მთავარია და აუცილებელი ჩემს ცხოვრებაში, იმ საქმეს ვაკეთებ, რომ მალე ავისრულო ჩემი ოცნებები, ჩემი შვილის ყველა ნატვრა და დავუბრუნდე ჩემს ოჯახს. არასოდეს დანებდე! ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი! ყოველ დილით ამ სიტყვებს ვუმეორებ საკუთარ თავს და ყოველდღე ამ სიტყვებით ვიწყებ თავის გამოცოცხლებას.

ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში