კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ხართ თუ არა ფინანსურად მზად დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის?

ხართ თუ არა ფინანსურად მზად დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის?

3185
4.5 / 5

მშობლების სახლიდან ცალკე საცხოვრებლად გადასვლა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია დამოუკიდებლობისკენ. მეტი თავისუფლება, ახალი გამოცდილებები, საკუთარი წესებითა და რეჟიმით ცხოვრება - ყოველივე ეს უდავოდ მიმზიდველია, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება გაზრდილ პასუხისმგებლობებსაც ნიშნავს და მათ შორის დიდი წილი ფინანსურ პასუხისმგებლობაზე მოდის. სანამ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:

რა ხარჯები გექნებათ?

ცალკე ცხოვრებისას ბევრი ისეთი ხარჯი გაგიჩნდებათ, რომლებზეც სავარაუდოდ, მშობლებთან ცხოვრებისას არ ზრუნავდით. მაგალითად, ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები, სურსათის და საყოფაცხოვრებო ქიმიის ხარჯები - თქვენი ყოველთვიური ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. სხვა ყოველთვიური ხარჯი შეიძლება იყოს: არსებული სესხის შენატანი, ტრანსპორტირება, ტანსაცმელი, ჰიგიენური და თავის მოვლის პროდუქტები, მკურნალობა და მედიკამენტები, გართობა, საწევროები, საჩუქრები,  შინაური ცხოველის მოვლა და ა.შ. ცალკე გადასვლამდე, კარგი იქნება, დაფიქრდეთ და ჩამოწეროთ ყველა ასეთი ხარჯი და დაახლოებით განსაზღვროთ, რამდენს შეადგენს თითოეული მათგანი თვეში, შემდეგ კი შეადაროთ თქვენს შემოსავალს - შეძლებთ თუ არა საკუთარი ძალებით მათ დაფარვას? 

გაქვთ თუ არა დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?

დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის 3-იდან 6 თვემდე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების თანხაა, რომელიც გეხმარებათ გაუმკლავდეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეულ ხარჯებს - მაგალითად, გაფუჭებული ტექნიკის შეკეთება, ავადმყოფობა ან დროებით უმუშევრობა. მარტო ცხოვრებისას, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ხართ დამოკიდებული, ასეთი დანაზოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად თავდაჯერებული იყოთ და ნაკლები სტრესით გაუმკლავდეთ მოულოდნელობებს. თუ აქამდე არ ზოგავდით თანხას, კარგი იქნება, ცალკე გადასვლამდე დაიწყოთ გარკვეული დანაზოგის გაკეთება, რომელსაც შემდგომშიც პერიოდულად დაამატებთ თანხას.

გაქვთ თუ არა მიმდინარე ვალდებულებები?

თუ სამომხმარებლო სესხით, განვადებით, საკრედიტო ბარათით, ოვედრაფტით ან სხვა ვალდებულებით სარგებლობთ, გაითვალისწინეთ, რომ ცალკე ცხოვრებისას მათ ყოველვიურ შენატანებს სხვა ხარჯებიც დაემატება. განსაზღვრეთ, შეძლებთ თუ არა თქვენი შემოსავლით ყველაფრის უპრობლემოდ დაფარვას. შესაძლებელია, ჯერ ვალდებულებების გასტუმრებაზე იზრუნოთ, მითუმეტეს, თუ ისინი მოკლევადიანია და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ დამოუკიდებლად საცხოვრებლად. 

რა ღირს ბინის ქირაობა?

თუ ქირით გადასვლას აპირებთ, წინასწარვე დაიწყეთ ბინის გაქირავების შესახებ განცხადებების თვალიერება, რათა წარმოდგენა შეგექმნათ ფასებზე, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება და თქვენთვის მისაღებ ფასად შესაბამისად კარგი პირობების მქონე ბინა შეარჩიოთ. ხშირად, გარეუბნებში ბინის ფასები შედარებით ნაკლებია, თუმცა გასათვალისწინებელია სამსახურამდე ან სასწავლებლამდე მანძილი და ტრანსპორტირების ხარჯი. ხშირად, ბინის მეპატრონე 2 თვის ქირას წინასწარ ითხოვს, გაითვალისწინეთ ეს თანხაც თქვენს ხარჯებში. 

მართალია, ჩვენთან ეს პრაქტიკა დამკვიდრებული არ არის, მაგრამ ბინის ქირაობისას დაფიქრდით ხელშეკრულებაზე, სადაც თქვენსა და ბინის მეპატრონეს შორის შეთანხმების პირობები იქნება გაწერილი - მაგალითად, ქირის ოდენობა და გადახდის პირობები; რა მდგომარეობაში იბარებთ სახლს და როგორ უნდა ჩააბაროთ; ვინ უნდა იზრუნოს ხარჯებზე, თუ მაგალითად, სანტექნიკა ან ელექტრობა გაფუჭდა; რამდენი ხნით ადრე უნდა შეატყობინოთ, თუკი გადასვლას აპირებთ და ა.შ.

გეყოლებათ თუ არა მეზობელი?

თუკი ბინას სხვასთან ერთად გაიზიარებთ, ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ - შესაძლებელია თქვენს თანამაცხოვრებელთან გაიყოთ ქირის, კომუნალურის, სურსათის ხარჯები. ამასთან, გადაინაწილოთ საოჯახო საქმეებიც. თუმცა, სანამ სხვა ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას დაიწყებთ, გაიგეთ მეტი მის შესახებ და წინასწარ მოილაპარაკეთ ყველაფერზე, რათა სამომავლოდ აიცილოთ გაუგებრობები ხარჯებისა თუ საქმეების გადანაწილების კუთხით. 

გაქვთ თუ არა საჭირო ავეჯი და ტექნიკა?

ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინები შედარებით ძვირია, შესაძლებელია ბინის იაფი ვარიანტი მოძებნოთ, თუმცა გარკვეული ავეჯის ან ტექნიკის შეძენა დაგჭირდეთ. შესაძლებელია, მშობლების სახლშიც მოიპოვებოდეს ისეთი რამ, რაც მათ აღარ ჭირდებათ და თქვენს ახალ საცხოვრებელში გამოიყენებდით. დაფიქრდით ყველა შესაძლებლობაზე და სავარაუდო ხარჯებიც შესაბამისად განსაზღვრეთ. ამასთან, მოემზადეთ ისეთი ხარჯებისთვისაც, როგორიცაა მაგალითად, ჭურჭლისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა.

თუ ამ ყველაფერზე უკვე იფიქრეთ, ხარჯებიც განსაზღვრეთ და ყველაფერი შესაბამისად დაგეგმეთ, მაშ გილოცავთ, პირველი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ უკვე გადადგმულია!