კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ქაჯის წრე

ქაჯის წრე

801
3.8 / 5

- ელე, აქეთ გადმოდი, ბაბუ, კალათი მოიტანე და მოვკრიფოთ ბარემ. ფრთხილად, ხავსზე ფეხი არ აგიცდეს, - გასძახა ტყესავით დაბერებულმა და მხნე მოხუცმა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარ შვილიშვილს.

- ბაბუუ, იპოვე უკვე რამე საინტერესო? - სიარულით მოქანცული გოგონა, რომლის ქერა თმა უჩვეულოდ ბზინავდა ხეების სიმწვანის ფონზე, უეცრად გამოცოცხლდა.

- ჰო, მოდი ამეების მოკრეფაში მომეხმარე, ნახე, გაგვიმართლა, შვიდი ცალია აგერ ერთად ამოსული.

- ბაბუ, ზუსტად იცი რო ეს იჭმევა? რაღაც უღიმღამოდ გამოიყურება, ამაზე ლამაზები მაღაზიებშიც იყიდება და ტყეში ამისთვის წამოვედით?

- კი, ელე, კი, ეს მაისის სოკოა, ახლა თუ არ მოგდის თვალში, ტაფაზე რა ლამაზად აშიშხინდება, ნახავ და თითებსაც ჩაიკვნეტ. - მოხუცი დაიხარა და კრეფას შეუდგა, გოგონამ კალათი ძირს დადო და თვალი იქვე ხის ძირისკენ გაექცა.

- აუ, ბაბუუ, ეს ნახეე, რა საყვარლად გამოიყურება, შხამიანია? - თითით ანიშნა რამდენიმე მეტრში ამოსულ პატარა სკოკოზე.

- ჰმ, ეს მერცხალა სოკოა, შხამიანი არ არის, ბაბუ.

- ესეც რომ მოვკრიფოთ და წავიღოთ? ნახე ბამბის ნაყინს ჰავს, თუ ესკიმოს. - გოგონა გათამამდა და ახალ აღმოჩენას თითები ფრთხილად გადაუსვა.

- სახლამდე სანამ მივიტანთ, აღარ ივარგებს, მელანივით ჩაიღვრება კალათაში. - ბაბუამ ბოლო სოკოც მოწყვიტა.

- მელანივით როგორ, თოვლივით ქათქათაა.

- ბაბუ, სოკოების სამყარო მასეთია, არაფერია ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

- აბა, შენ საიდან იცი, რომ კალათი კარგი სოკოთი გავავსეთ? - იკითხა გოგონამ და კალათისკენ ეჭვის თვალით გაიხედა.

- ვიცი, ბაბუ, ვიცი, ცხონებული ბიძაჩემი ტიმოთე გვასწავლიდა ხოლმე სოკოების წაკითხვას.

- წაკითხვას? - გაიკვირვა ელემ. - მე მასწავლი?

- ბაბუ, სკოლაში რამდენ საგანს სწავლობ? - ჩაეღიმა მოხუცს.

- ქართულს, მათემატიკას, სამოქალაქოს... - დანარჩენი თითებზე თავისთვის ჩამოთვალა შვილიშვილმა - ცხრას მგონი, ჰო და კიდე სკოლის მერე ტანვარჯიშზე და ფრანგულზეც ხო დავდივარ.

- აბა, ამდენი მასწავლებელი თუ ამდენ რამეს გასწავლის, ერთი ბერიკაცი ორი-სამი სოკოს წაკითხვას როგორ ვერ გასწავლი. წამოდი ქამა სოკოთი დავიწყოთ, ტყის პირას, მინდორში უფრო ვნახავთ და მერე სახლში დავბრუნდეთ.

ტყიდან მალე გამოვიდნენ. ხეებით დაჩრდილული ხავსიანი ბილიკების შემდეგ მწვანე მინდორმა ახალი ძალა შემატა ბაბუას და შვილიშვილს.

- აი, ჩვენი პირველი მეგობარიც - მოხუცმა ფრთხილად მოწყვიტა მზის გულზე მიფიცხებული სოკო. - ეს ქამა სოკოა, გამომართვი, კარგად დააკვირდი, როგორი ფერი აქვს, რა ზომისაა, შეისწავლე და მერე შენით იპოვე, ამ მინდორში ახლა მეტი სოკოა, ვიდრე ტყეში იყო. - გოგონამ სოკო გამოართვა ბაბუას, კარგად შეათვალიერა, შეეცადა, ყველა დეტალი კარგად დაემახსოვრებინა. შემდეგ ლაღი ნაბიჯით, თუმცა დაძაბული მზერით გაუყვა მინდორს. ცოტა ხანში ელემ უკან მოირბინა.

- ნახე, ხო სწორად ვიპოვე? ზუსტად ეგეთია, ხო? - გოგონამ იმავე ზომის და გარეგნობის სოკო გაუწოდა ბაბუას. მოხუცმა სოკო გამოართვა, კარგად შეათვალიერა, შემდეგ ცხვირთან მიიტანა, დაყანოსა და გოგონას დაუბრუნა.

- ყოჩაღ, კარგი სავარჯიშო გიპოვია, მოდი ახლა წავიკითხოთ. აი, წიგნს რომ გადაფურცლავ ხოლმე,  მასე გადაუსვი თითი, თითქოს სოკოს გადაშლა გინდა. მაგრად, ნუ გერიდება, - გოგონამ სოკო თითით გადაქერცლა.

- აბა, რა დაემართა? - ჰკითხა ბაბუამ გამომცდელად.

- გაყვითლდა?

- მართალია, - ბაბუამ ახლა ქამა სოკო გადაქერცლა თითით. - ამას?

- მაგას არაფერი ეტყობა ჯერ.

- ჰო, ქამა სოკო როგორც არ უნდა გადაქერცლო, არ გაყვითლდება.

- ახლა სუნი შეადარე, ამას როგორი სუნი აქვს? - ისევ ქამა სოკო გაუწოდა შვილიშვილს.

- მმმ, გემრიელი

- და ამას?

- საავადმყოფოსი?

- ჰო, რაღაც წამლის, არა? კიდევ საყელოებს დააკვირდი, ნახე ქამას ყოველთვის აქვს საყელო. აი, ასე, ამოატრიალე და შეხედე. ეს, მეორე, ცრუ ქამაა, რომ შეჭამო მოგწამლავს, ან უარესი დაგემართება. ასე უნდა წაიკითხო ყველა სოკო, გულდასმით, დეტალებით, თუ ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, რომ მისი წაკითხვა და ცნობა შეგიძლია, კალათში არ უნდა ჩადო და გაერიდო. მოდი, ცოტა კიდევ გავივარჯიშოთ კითხვაში და აბა ორი-სამი ქამა კიდევ იპოვე.

ამჯერად, გოგონა ისე მალე აღარ მობრუნებულა, ბაბუამაც ნაბიჯი შეანელა, რომ შვილიშვილისთვის საკმარისი დრო მიეცა. მზის სხივებს მიფიცხებული, გარინდებული მოხუცი შვილიშვილის უეცარმა, შიშნარევმა ძახილმა გამოაფხიზლა.

- ბაბუუუუ, აუ მოდი რა, ეს რა არის? - გოგონა მოშორებით ერთ ადგილას გაშეშებულიყო და ადგილიდან არ იძვროდა. მოხუცმა, როგორც შეეძლო, სწრაფად მიირბინა შვილიშვილთან და შვებით ამოისუნთქა.

- ამისთვის გამიხეთქე გული? ვიფიქრე გველი ხომ არ შემოხვდა-მეთქი - ღრმად ჩაისუნთქა ბაბუამ.

- აუ, რა არის? ნორმალურია? - იკითხა ისევ ერთ ადგილას გაშეშებულმა ელემ.

- ეს ქაჯის წრეა - დინჯად წარმოთქვა მოხუცმა და ოცდაათამდე წრეზე ამოსულ სოკოს დაუწყო გარშემო შემოვლა.

- ასე მრგვალი წრე როგორ დახატეს? და თუ ქაჯისაა, საშიში არაა? 

- საშიშია, კი, ამ წრეში თუ შეხვალ - მოჯადოვდები, თვალზე ბინდი გადაგეკვრება და იქამდე იცეკვებ, სანამ ქაჯი ყველა სოკოს არ ამოგაცლის კალათიდან. - მოხუცი შეეცადა სრული სერიოზულობით ეთქვა და არ გაეღიმა.

- მაგარია.

- კი, მაგარია, წამო ახლა დავიძრათ სახლისკენ ნელ-ნელა.

- მოიცა, ერთ ფოტოს გადავუღებ და მოვიდვარ.

მეორე დღეს  ელემ გემრიელად ისაუზმა და კოსტუმში გამოწყობილი ბაბუას დანახვაზე გახალისდა.

- ვა, ბაბუ, ტყეში ეგრე გამოწყობილი მოდიხარ?

- არა, ელე, დღეს იქიდან მოდიან, რა ქვია, ხო, ორგანიზაციიდან, რაღაც დახმარებას გავცემთ პენსიონერებისთვისო, წამოხვალ?

- შორტებში გამოწყობილს მიმიღებენ? - ჩაიღიმა ელემ.

- წავედით აბა.

სოფლის შუაგულში თეთრი ფერის ძველი მიკროავტობუსის ირგვლივ რამდენიმე მოხუცი მოგროვებულიყო. მიკროავტობუსთან სამი მამაკაცი ფურცლებით ხელში იდგა და მოხუცებს დარიგებებს აძლევდა.

- თქვენც დახმარების პაკეტის მისაღებად ხართ ხომ?- მიეგება ერთ-ერთი სათვალიანი მამაკაცი ბაბუას.

- კი, შენი ჭირიმე, კი - მოხუცი მოთმენით დაელოდა ინსტრუქციებს

- აი, ამ ფურცლებზე მოგვიწერეთ ხელი, ესენია ფქვილისთვის, ზეთისთვის და შაქრისთვის. თვის ბოლოს ბანკთან დაგხვდებით, საპენსიო დანამატის საკითხზე ჩვენ შევალთ ბანკში და შემდეგ დანამატებსაც დაგირიგებთ, მერე პროდუქტებსაც ამოვიტანთ სოფელში. - სხაპასხუპით ჩაამთავრა შუახნის მამაკაცმა და დოკუმენტები ხემლოსაწერად გაუწოდა ბაბუას.

- შვილო, სათვალე არ წამომიღია და ამეების წაკითხვა აუცილებელია? - სათვალის არ ქონის ნიშნად თან ჯიბეები მოიჩხრიკა მოხუცმა

- არა, რას ამბობთ, აგერ ხომ გითხარით, ეს ზეთისაა, ეს შაქრის, ნახეთ, რამდენი წერია, ამას ვინ წაიკითხავს სულ, სათვალე რომც გქონდეთ, ერთი საათი არ გეყოფათ. ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ ამ დოკუმენტებს მივხედოთ, თორემ პროდუქტს ჩვენზე ჯანიანი ახალგაზრდები მოგიტანენ თვის ბოლოს. 

- თქვენ საიდან ხართ? - მოულოდნელად გაისმა ელეს ხმამაღალი შეკითხვა. შუახნის მამაკაცმა სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და გოგონას ერთხანს მკაცრი გამომეტყველებით, თვალდაუხამხამებლად მიაშტერდა.

- ჩვენ გაეროს წარმომადგენლობიდან ვართ, ძვირფასო ქალბატონო. - ცივად უპასუხა მამაკაცმა ელეს.

- შვილო, ვერ ვხედავ და კარგად მითხარი, ზუსტად სად უნდა მოვაწერო ხელი, - იკითხა ბაბუამ და კალამი მოუხერხებლად მოიმარჯვა.

- თქვენი პირადობა და საბანკო ბარათი მოგვაწოდეთ და ახლავე მოგეხმარებით მიუგო სათვალიანმა მამაკაცმა.

- აუჰ! პირადობა და საბუთები ვის გაახსენდა, ამ კოსტუმის ჯიბეში რო ჩამედო - შეიცხადა მოხუცმა. არიქა, ბაბუ, დროზე გავბრუნდეთ საბუთებზე, არ გაგვასწროს ამ პატიოსანმა ხალხმა. - მოხუცს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ელესთან ერთად სახლისკენ მიმავალ გზაზე მიჰქროდა.

- ჩქარა, ბაბუ, როდის მოვლენ აწი ეგენი. 

- ბაბუ, გაერო იცი რა არის? - სრული სერიოზულობით იკითხა ელემ.

- ჩქარა, პირადობა.. პირა.. გაერო, რა დროს ეგაა, ჩქარა.

- მართლა, გაერო, იცი რა არის? - არ ეშვებოდა შვილიშვილი. - წელს ვისწავლეთ, გაერო 1945 წელს შეიქმნა, რომ ომები აღარ იყოს, გესმის? მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, რომ მშვიდობას მიხედოს. ბაბუ, მისმენ?

- გისმენ, ხო, თან ჩქარა..

- ბაბუ, გაეროს შტაბბინა იცი სადაა? ნიუ-იორკშია, ამერიკაში. ტელევიზორში მაინც არ გინახავს, ახალ ამბებში ხო აჩვენებენ ხოლმე უცხოური ორგანიზაციების მანქანებს, სულ მაგარი მაქანებია გერბებით, სიმბოლოებით, დიდი ანტენებით, მოკლედ, კარგად იკითხება. იქ რო იყო კიდე, თეთრი, ჟანგმოდებული მარშუტკა, მაგაზე უკეთესით დიდუბიდან ჩამოვედი აქ. მერე კიდე ამდენი ფურცლები და დოკუმენტები იყო და რა საჭიროა წაკითხვაო, შენ სოკოს არ კიდებ ხელს წაუკითხავად და ვიღაც უცხოებს უნდა მოუწერო ხელი ფურცლებზე? 

- იმდენი რამე ეწერა, ვინ დაუჯდებოდა ახლა მაგას იქ საკითხავად.

- სკოლიდან რომ გამოვდივარ, ლობიანის რიგში უფრო დიდხანს ვდგავარ, ვიდრე ჩვენ ვიდექით მანდ. ყველამ მოაწერა ხელი, მაგრამ ვინმემ წაიკითხეთ, რა ფურცლები იყო?

- რა ვიცი, ბაბუ, ხომ ნახე, სხვებიც იყვნენ იქ, ყველამ მოუწერა ხელი.

- ვნახე, კი, ქაჯის წრე ვნახე და კალათების დაცარიელების მცდელობა!

ბაბუა და შვილიშვილი უკან აღარ მიბრუნებულან. ამ ამბის შემდეგ, მალევე, საინფორმაციო მაუწყებელმა გამოაცხადა, რომ თაღლითური სქემის შედეგად არაერთ სოფელში ხანდაზმულებმა რამდენიმე თვის პენსია ვეღარ აიღეს.