კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

გზა კოწახურის ლიმონათიდან დაგროვებით ანაბარამდე

გზა კოწახურის ლიმონათიდან დაგროვებით ანაბარამდე

3569
4 / 5

მე 90-იანების ბავშვი ვარ. ვისაც 1990-იანი წლების ბნელი და უფულო საქართველო ახსოვს, დამეთანხმება, რომ მეხსიერებიდან  მისი წაშლა შეუძლებელია. ძველ თბილისში, იტალიურ ეზოში გავიზარდე. ბავშვები ბევრნი ვიყავით. სულ ერთად და ეზოში. სხვა გზა არც იყო. (ვერც წარმოვიდგენდი, რომ 20 წლის მერე აიფონში ავკრეფდი ამ ტექსტს).

მახსოვს, ბავშვობაში ფულის შეგროვების იოლი გზა ეზოში კონცერტის ჩატარება იყო .

ბილეთის ფასი 5 დან 15 თეთრამდე მერყეობდა. ეზოში ქვის დიდი კიბე გვქონდა, ჩამოვაფარებდით ფარდას და ვდგამდით სპექტაკლებს, ვმღეროდით, ვცეკვავდით. შეგროვებული თანხით გვერდით ეზოში (ე.წ "გარადოკში") ლიმონათების საამქროში 15 თეთრად ვყიდულობდით კოწახურისა და ტარხუნის ლიმონათებს. ქვის კიბესთან გამოგვქონდა მაგიდა, პური, ლიმონათი, ხშირ შემთხვევაში, მწნილი, ლობიო და თითო თეფშით ვისაც რა ეგულებოდა სახლში. ამ გადმოსახედიდან ცოტა სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ ეს იყო ფულის შეგროვების ერთ-ერთი წარმატებული გზა რომელიც წარმომედგინა. მეტიც, ვიცოდი, რომ ბანკში ფულის შენახვა და შეგროვება მთლად კარგი იდეა არ იყო, რადგან ჩემ ბაბუას "ცუდ წლებში" ბანკში, სახლის საყიდლად შეგროვებული ფული "გაუყინეს".

გავიდა დრო. სტუდენტი როცა გავხდი, პირველი კურსიდანვე დავიწყე მუშაობა.

ზღვაზე მინდოდა წასვლა, ოღონდ საკუთარი ფულით, რაც შეუძლებელი იყო დანაზოგის გარეშე. ზუსტად არ მახსოვს სად გავიგე, მაგრამ ფულის შენახვის ძალიან მარტივ გზას მივაგენი.

სექტემბრიდან დავიწყე ერთი ლარით და ყოველ კვირა იმდენი ლარი უნდა მიმემატებინა რამდენი კვირაც იყო გასული (სექტემბერში 1+2+3+4 ლარი, ოქტომბერში +5+6+7+8 და ასე შემდეგ +48-მდე. მაქსიმუმ, ბოლო თვეში 145 ლარი მომიწია რაც არც ისე დიდი თანხაა. საბოლოოდ 12 თვეში ანუ 48 კვირაში 1176 ლარი შემიგროვდა). 

შედეგი ძალიან მომეწონა, ცოტა აზარტშიც ჩავვარდი. მერე სამსახურში გავიგე "ლატარიის" შესახებ. პირობითად 6 ადამიანი 6 თვის განმავლობაში აგროვებს 100-100 ლარს. ყოველ თვე მათგან ერთს გადაეცემა მთლიანი თანხა. 6 თვის განმავლობაში ყოველ თვე იხდი 100 ლარს და ერთ-ერთ თვეს რომელსაც ირჩევ, იღებ მთლიან 600 ლარს. ჩემს შემთხვევაში პატიოსნად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ არც ისე უსაფრთხოა ფულის დაგროვების ამგვარი მეთოდი.

კიდევ ვცადე რაღაცეები, მაგრამ მას მერე აღარ გამომსვლია.

ფულის შეგროვებას დიდი ნებისყოფა სჭირდება.

აი, რაც შეეხება ნებისყოფას, ვფიქრობ ბავშვობიდან უნდა მიეჩვიო ფულის შეგროვებას. მაგალითად ჩემ შვილს დაბადებიდან აქვს ანაბარი გახსნილი, რომელსზეც ბებო უგროვებს თანხას. ბარათიდან ეჭრება ყოველ გადახდაზე, პლუს ბანკის დამატებული პროცენტი და 18 წლის რომ გახდება, თავისდაუნებურად საკმაოდ სოლიდური თანხა ექნება შეგროვებული. იმედია, ბევრად უფრო სარფიანადა დააბანდებს თავის ფულს, ვიდრე კოწახურის ლიმონათია.

ძალიან მინდა პატარაობიდანვე ისწავლოს დანაზოგის გაკეთება. ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ისეთი საფულეების ყიდვა რომელსაც არ აქვს ხურდის ჩასაყრელი ჯიბე. გინდა, არ გინდა მორჩენილი ხურდები იყრება ფერად ყულაბაში. (რეალურად ქილაა, რომელიც ჩემს სამი წლის შვილთან ერთად საღებავებით მოვხატე და მყარად დავაწებეთ რაც ძალიან სახალისო პროცესია) ერთად დავსახეთ ფულის შეგროვების დრო (არ მინდოდა ძალიან გამეწელა და შევთანხმდით ერთ თვეზე) და შედეგი. მკაფიო მიზანი ჰქონდა ეყიდა-ბრჭყვიალა კაბა. ყოველ დღე ახსენდებოდა ყულაბის შევსება და შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო. მეორედ, ბევრი ფიქრის მერე, თვითონ მთხოვა ახალი ყულაბის გაკეთება ფულის შეგროვება - ფერადი მიკროფონისთვის. ვფიქრობ, სახალისო იქნება. 

დღეს საქართველოს ბაზარზე არსებულ "შემნახველი სალაროებში" საკმაოდ ფართო არჩევანია, რა ფორმით დააგროვებ თანხას.

უამრავი ჭკვიანური საშუალებაა მაგალითად. როდესაც ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გყავს და შენი შემოსავალი საშუალოა, დამეთანხმებით, არც ისე მარტივია, ერთიანად მოუყარო თავი კურორტზე დასასვენებლად წასასვლელ თანხას. ამიტომაც, მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ბანკში 9 თვიანი ანაბარი. ისე ეჭრება ხელფასიდან გარკვეული თანხა თითქოს ვერც ვიგებთ. ასევე, ძალიან მომგებიანია ბარათით ყოველი გადახდისას, გარკვეული თანხის ავტომატურად ჩამოჭრა და ონლაინ ყულაბაში შეგროვება. თუნდაც მცირე 50 თეთრს ვერ იგებ თითქოს, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კარგი შედეგი გაქვს, პლუს ბანკის მცირე პროცენტი და უკვე საკმაო თანხა გიჭირავს ხელში. 

ვფიქრობ, საქართველოში საზოგადოებას საკმაოდ უჭირს და თანხის დაზოგვა. ზოგისთვის ეს წარმოუდგენელიცაა. არადა, ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცირედ დანაზოგსაც კი. დროა ქართველებსაც ჩამოგვიყალიბდეს ფულის დაზოგვის კულტურა, რასაც ბანკებმა სწორი შეთავაზებებით და ადეკვატური პირობებით უნდა შეუწყონ ხელი. საჭიროა მეტი სოციალური კამპანია ამ მიმართულებით.