კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

გენდერული დისკრიმინაცია და ფინანსური რჩევები ქალებს

გენდერული დისკრიმინაცია და ფინანსური რჩევები ქალებს

217
5 / 5

ქალებისთვის ფინანსური გაძლიერების ხელშემშლელი  არაერთი ბარიერი არსებობს. მათ შორისაა გენდერული დისკრიმინაციაც. ასეთ დროს ქალებს უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და ფინანსურ დამოუკიდებლობასაც რთულად აღწევენ. 

რა არის გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია? 

გენდერული (ნიშნით) დისკრიმინაცია დისკრიმინაციის ისეთი სახეა, როცა განსხვავების საფუძველს გენდერი წარმოადგენს და სწორედ ამ ნიშნით ხდება ადამიანების განსხვავება თუ ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა თუ შესაძლებლობის შეზღუდვა. 

გენდერული დისკრიმინაციის ფაქტს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ოჯახში, სამსახურში ანდა ნებისმიერ სხვა სოციუმში. 

რას გულისხმობს სამუშაო ადგილზე გენდერული დისკრიმინაცია? 

სამუშაო ადგილზე გენდერული დისკრიმინაცია გულისხმობს ისეთ მოპყრობას, როდესაც ქალი იჩაგრება გენდერის ნიშნით. ამ ფაქტს შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამუშაოზე აყვანის პროცესში, უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა თუ გათავისუფლებისას. ასეთი მაგალითი შეიძლება იყოს: იდენტური სამუშაოს შესრულებისათვის ქალსა და მამაკაცზე განსხვავებული სახელფასო ანაზღაურების გაცემა, სამსახურში აყვანის დროს მამაკაცისთვის პრიორიტეტის მინიჭება მხოლოდ გენდერის ნიშნით, გენდერის ნიშნით განსხვავებული მოტივაციური მიდგომები და სხვ. 

რას გულისხმობს ოჯახში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია? 

არაერთი გოგონა თუ ქალი ხდება ოჯახში დისკრიმინაციის მსხვერპლი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქონების გადაცემის დროს, როდესაც მამაკაცს პრიორიტეტი მხოლოდ გენდერის ნიშნით ენიჭება, ასევე, მაშინ როდესაც განათლების მიღების უფლება მხოლოდ ბიჭებს ეძლევათ და საოჯახო საქმეების გაკეთება კი მხოლოდ გოგონებს ევალებათ. 

როგორ ეხმარება განათლება ქალებს გენდერული დისკრიმინაციის თავიდან არიდებაში? 

განათლება ზოგადად და ამ შემთხვევაში ქალებისთვისაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შესაძლო ჩაგვრისა თუ დისკრიმინაციისგან თავის დასაცავად. განათლებული ქალები, მათ შორის, ინფორმირებულნი არიან საკუთარი უფლებების შესახებ და შესაძლო ჩაგვრის შემთხვევაშიც იციან, ვის მიმართონ და რა მოიმოქმედონ. 

როგორ ეხმარება ფინანსური განათლება ქალებს გენდერული დისკრიმინაციის თავიდან არიდებაში? 

ფინანსური განათლების პირობებში ქალებს გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა, ახასიათებთ ისეთი ქცევა და დამოკიდებულებები, რომლებიც მათ ეხმარებათ გახდნენ ეკონომიკურად უფრო ძლიერები, იყვნენ მეტად რისკიანები, პასუხისმგებლობიანები და დაიცვან საკუთარი უფლებები. შედეგად, ფინანსურად მეტად წიგნიერ ქალებს, ხშირ შემთხვევაში, აქვთ მეტი ფინანსური რესურსი, არ არიან სხვაზე დამოკიდებულები და შეუძლიათ მიიღონ საკუთარი ინტერესების შესაბამისი, საუკეთესო გადაწყვეტილებები. 

რისი გაკეთება შეუძლია ქალს, თუ  ის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა? 

ქალებს, პირველ რიგში, უნდა ახსოვდეთ, რომ ჩაგვრა არაკანონიერია და საკუთარი უფლებების დაცვა ყოველთვის მნიშვნელოვანი და შესაძლებელია, მათ შორის, სასამართლოს გზით. ქალს შეუძლია შეიტანოს სარჩელი იმ პირის ან/და დაწესებულების წინააღმდეგ, რომელიც გენდერის ნიშნით დისკრიმინაციას ახორციელებს. ამ მიმართულებით მეტი ინფორმაციის, დახმარებისა თუ რჩევის მისაღებად ქალებს შეუძლიათ მიმართონ იურიდიული დახმარების ცენტრებს, მათ შორის არაერთია ისეთი, რომლებიც ქალებს უფასო კონსულტაციებს სთავაზობენ. ასეთი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ღიად ხელმისაწვდომია, ამიტომ მათი მოძიება შესაძლებელია ინტერნეტ სივრცეში. მნიშვნელოვანია, ასევე, გარშემომყოფების დახმარება. დახმარება კი შესაძლოა გამოიხატებოდეს როგორც მორალური ფორმით და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით, ისე შესაბამისი ინფორმაციის მოძიების მიმართულებითაც. 

ფინანსური რჩევები ქალებს

დაბოლოს, გიზიარებთ ფინანსურ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ან თავი დააღწიოთ გენდერული ჩაგვრას:

  • ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულებას ხელმოწერამდე აუცილებლად წინასწარ გაეცანით. საქმიან ურთიერთობაში შესვლამდე კი წინასწარ დააზუსტეთ ყველა დეტალი. ამ გზით უფრო ინფორმირებული იქნებით, თუ რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები გაქვთ სხვა პირის ან დაწესებულების მიმართ;
  • ყურადღებით იყავით ფინანსებთან. თვალი ადევნეთ შემოსავალსა და ხარჯებს, კარგად დაფიქრდით სესხებამდე, დაიცავით პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო ფინანსური ზარალი;
  • გააკეთეთ დანაზოგი. ქალები, რომლებსაც დანაზოგი აქვთ, უფრო გაბედულები არიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ამასთანავე მათ მიმართ შემცირებულია სხვადასხვა ტიპის გენდერული ჩაგვრის რისკები.
  • იყავით ფინანსურად ფრთხილი, გარისკეთ გონივრულად და ინფორმირებულად, რაც შეგინარჩუნებთ მდგრადობას. 
  • მონაწილება მიიღეთ ფინანსურ თუ სამსახურებრივ გადაწყვეტილებებში, რათა თქვენი შესაძლებლობი და თანასწორობა შემჩნეული და აღიარებული იყოს. 
  • მოიძიეთ ინფორმაცია, ვის უნდა მიმართოთ დახმარების მიზნით. 
  • იყავით გაბედულები!