ფულთან დაკავშირებული დილემები
ოთხი წლის უკან მზა ტანსაცმლის მაღაზია გავხსენით ვალენსიის ქუჩაზე. ლიზამ დაიჟინა და ხანგრძლივი მერყეობის შემდეგ დავეთანხმე, ცოტათი გამიხარდა კიდეც რაღაც ინიციატივა რომ მოვისმინე მისგან. მე დილიდან გვიან საღამომდე ფიზიკურად ვმუშაობდი, ხშირად მაგზავნიდნენ ხანგრძლივ მივლინებებში, ამიტომ მასვე ვთხოვე შეესწავლა: რა იყო მოდური და მოთხოვნადი მიმდინარე წელს, გადაეხედა რა სახის ტანსაცმლით ვაჭრობდნენ მსხვილი სავაჭრო ცენტრები, მოეძებნა ინფორმაცია - სად რა ფასად იქნებოდა შესაძლებელი საქონლის შეძენა, მერე ერთად დავსხდეთ და გავაანალიზოთ თუ შევძლებთ კონკურენტუნარიანი მაღაზიის მართვას, ვიქირაოთ შესაფერისი ადგილი-მეთქი. ყველა ქალი ერკვევა ასეთ საკითხებში, არც მე ვარ გამონაკლისი, ყველაფერს მოვაგვარებო, დამაიმედა.
მთელი ჩემი დანაზოგი ამ საქმეში დავაბანდე. მადლობა ღმერთს, კრედიტი მაინც რომ არ ავიღე და ისიც არ გავატანე ქარს. ლიზა ერთპიროვნულად უძღვებოდა „ბიზნესს“ რომელიც ჩვენივე უგუნურობით დაარსებიდანვე სულს ღაფავდა, ქირას და გამყიდველის ხელფასს გაჭირვებით აუდიოდა. წლის ბოლოს მაროკოელ მარიფათიან გადამყიდველებს გავატანეთ ჩვენი ავლადიდება ჩალის ფასად, საქონლის თვითღირებულების შვიდი-რვა პროცენტი დავიბრუნეთ მხოლოდ და ცივი წყლით დავიბანეთ ხელები.
კი ბატონო, ვაჭრობა არაა მეცნიერება მაგრამ შესაბამისი ცოდნის და უნარ-ჩვევების გარეშე ვერ წახვალ წინ. ნებისმიერი საქმეც ასეა, თუ გაქვს საღი იდეა ან „ნოუ-ჰაუ“, თუ გაქვს შესწავლილი ყველა დეტალი, ბაზარი და მოთხოვნილება, შეიძლება გარისკო და კრედიტიც აიღო. პრინციპი „იაფად ვიყიდი ძვირად გავყიდი“ ჯერჯერობით ასე თუ ისე კი მოქმედებს საქართველოში, მაგრამ არა მგონია დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.
მივლინებაში ვიყავი ლიზამ რომ დამირეკა: - მამაჩემს პრობლემები შეექმნა და სასწრაფოდ ორიათას ევროს თუ არ გავუგზავნით, დაიღუპებაო. ყველას რაღაც პრობლემები აქვს, ყველას უნდა ვინმემ ხელი გაუმართოს, სხვისი ფულით დიდი ფული იშოვოს, ზოგჯერ ახერხებენ კიდეც, ხშირად კი უფრო დიდ შარში ეხვევიან, შენ კი - ფულსაც კარგავ და ახლობელსაც.
დღის ბოლოს დამირეკა ისევ: - ორიათასი ევრო გადავიხადე და იქ ზუსტად ორიათას დოლარს მიიღებენო ხელზე, საკომისიო არ გადამახდევინესო. იმდენად ქარაფშუტაა, აზრადაც არ მოსვლია რომ ყველი თუ უფასოა, ის აუცილებლად სათაგურის კავზე იქნება წამოცმული. მაშინდელი კურსით ერთი ევრო ერთი დოლარის და ორმოცდათორმეტი ცენტის ტოლფასი იყო. ორიათასი დოლარის გაგზავნაში მთელი ათას ორმოცი დოლარი გადაახდევინეს. იღიმება, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, იქ ხომ დოლარებში მიიღესო თანხა. ჰოდა ასეთი მიდგომით ბიზნესვუმენი რომ ვერ გახდებოდა კი უნდა მეფიქრა იმთავითვე.
მარტო ჩვენ როდი ვართ ბოთეები, ათიოდე წლის უკან ქართველებმა სახინკლე გახსნეს დიუსელდორფის ალტშტადტში. დიდი დარბაზი მარმარილოს ფილებით მოაპირკეთეს, შეიძინეს ავეჯი, საუკეთესო დანადგარები, ხინკლის მოსახარში ქვაბები, მომსახურე პერსონალი სულ ტალიკ-ტალიკი გოგო ბიჭებით დააკომპლექტეს. ვიტრინაში დამონტაჟებული უზარმაზარი ეკრანიდან ახლად ამოყრილი, მადისაღმძვრელი ხინკლების ფონზე სიმპათიური ქალიშვილი იწვევდა კლიენტებს მაცდური ღიმილით.
ორი თვის შემდეგ მომიწია იმ ქუჩაზე მეორედ გავლა. კარებზე მოზრდილი აბრა იყო გაკრული, ფართი ქირავდებოდა. არადა იქვე, ათიოდე ნაბიჯში, შუმახერის ლუდხანაში, სადაც მხოლოდ ლუდს და მარილიან ძეხვეულს სთავაზობენ კლიენტებს თავისუფალ ადგილს ვერ ნახავ ვერასდროს. არცაა გასაკვირი, ხინკალი ჩვენი სიამაყეა და ყველა ჩვენგანს უყვარს კიდეც მაგრამ მე არ მინახავს ტურისტი რომელსაც ორ-სამ ცალზე მეტი მოეთხოვოს ან დილა საღამოს სახინკლეში დარბოდეს. ხინკლის მოხარშული ცომი და ღორის ქონით გვარიანად შეზავებულ ფარში სხვებს არც თუ ისე ძალიან იზიდავს. აზიელები უფრო წინდახედულები არიან, რაღაც ხინკლის მაგვარს ყველა ქვეყანაში ამზადებენ მაგრამ ჩინურ, თუნდაც კორეულ რესტორნის მენიუში არასოდეს მომხვედრია თვალში. ასეთი პროდუქტით ვაჭრობა მაშინაა მომგებიანი როცა დიდ რაოდენობაზეა მოთხოვნა. ესპანეთშიცაა რამდენიმე ქართული ბარი, სადაც სხვა ტრადიციულ კერძებთან ერთად ხინკალსაც სთავაზობენ, თითოს ორ-ნახევარ - სამ ევროდ, მაგრამ მხოლოდ ერთ ან ორ ცალს თხოულობს კლიენტი, როგორც ეგზოტიკურ იშვიათობას.
ჩემი ცოლი ბავშვის ქვეშაგებს კერავს არალეგალურ სარდაფში კაპიკებს ფასად, დიდ ბიზნესზე აღარ ოცნებობს, იმითიც კმაყოფილია, რომ რაღაც სამუშაო აქვს და მისი ღიპიანი „პატრონი“ მისი შრომით დიდ ფულს შოულობს.
შვილს ხელოვნება და ფერწერა აინტერესებს. ვსაუბრობთ... ვცდილობ მოკლედ ავუხსნა, რომ ამისთვის საჭიროა ღვთისგან ბოძებული ნიჭი და კოლოსალური შრომა, რომ უნივერსიტეტის კედლებში მიღებული მწირი ცოდნით შორს ვერ წავა, ღირებულს ვერაფერს შექმნის და, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ხატვის მასწავლებლის ადგილზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია დაწყებით კლასებში, ისიც იმ პირობით, თუ მოხდა სასწაული და შეძლო საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება.
აქვეა ლიზას კომენტარი: -კი მაგრამ შენი ლოღიკით გამოდის, რომ ვისაც ნიჭი აქვს მარტო იმან უნდა დახატოს? მაშ რა ქნან დანარჩენებმა?
აქ სადავოს ვერაფერს ვხედავ: ნიჭი არც მე მაქვს, მაგრამ ვხატავ ჩემთვის, მინდა და ვხატავ, მაგრამ მყოფნის ტაქტი და თავმოყვარეობა რომ სხვებისგან არ მოვითხოვო ჩემი ნამუშევრებით აღტაცებაში მოვიდნენ, მოვაწყო გამოფენები და მერე საზოგადოება შევრაცხო უვიცებად, ვლანძღო იმის გამო, რომ ჩემი „შედევრები“ ჯეროვნად არ შეაფასეს, ერთმანეთს ხელიდან არ წაგლიჯეს მილიონების ფასად.
- შენ ყველაფერი ფულზე გადაგყავს, ფული არაა მთავარი, ადამიანმა ის უნდა აკეთოს რაც თვითონ უნდა და არა ის რისგანაც მეტი შემოსავალი ექნება - ყვირის ცოლი სამზარეულოდან.
ნერვიულად ვისრეს ნიკაპს...ეს ოხერი თავი მხოლოდ იმიტომ ხომ არ გვაბია, წვიმა რომ არ ჩაგვივიდეს მუცელში... დავიჯერო მართლა ასე მარტივად ფიქრობს თუ შეგნებულად ცდილობს წონასწორობიდან გამომიყვანოს? ვინ დაობას ამაზე - რა თქმა უნდა ის უნდა აკეთო რაც გსურს, რაც გაინტერესებს, რისი პოტენციური მონაცემებიც გაგაჩნია, რაც შენთვის მძიმე და სავალდებულო ტვირთი კი არ იქნება, არამედ ძიების და შემოქმედების უშრეტი წყარო, მაგრამ წინ ხომ უნდა გაიხედო ადამიანმა, გაითვალისწინო ყველა ნიუანსი, რეალობას მოწყვეტილი ყველა იდეა ხომ ნულის ტოლფასია. ბევრ ფულს ბევრი ბედნიერება არ მოაქვს, მაგრამ ხომ არც სიღატაკეა ბედნიერების და სიხარულის საწინდარი. განა დამცირებულად და შეურაცხყოფილად არ გრძნობ თავს, როცა შენი შრომა ღირსეულად არ ფასდება? გამოიყენე, ბატონო, შენი შესაძლებლობები და აკეთე შენთვის საინტერესო საქმეები, მიიღე შესაბამისი ანაზღაურება და თუ ჩათვლი რომ უფულოდ უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს(?!), მოახმარე ეს თანხა გაჭირვებულებსა და უპოვრებს, დაგიშალა ვინმემ? მიიღე ამით შვება და სულიერი კმაყოფილება. ამაზე კამათი ხომ იგივეა, რაც აბდალთა დავა იმაზე, გემი ჯობია თუ თვითმფრინავი.
ფულთან დაკავშირებული „სიბრძნის მარგალიტები“ მილიონერების მიერაა შემოგდებული ჩვენისთანა ბრიყვებისთვის, „ფულში არ არის ბედნიერება“ - გვმოძღვრავენ და თავად ნემსის ყუნწში ძვრებიან, ათას სისაძაგლეს სჩადიან რომ უფრო მეტი მილიონები მოიგდონ ხელში. ალბათ როგორი „შურით“ გაურბით თვალი ხიდის ქვეშ შეყუჟული მაწანწალისკენ, გამხმარი პურის ყუა რომ უპოვია ნაგვის ურნაში და საცოდავად ლოღნის უკბილო ღრძილებით, დროდადრო გაზინზლული ხელებით რომ იქექავს წლობით დაუბანელ, ტილებიან თავს სისხლის მოდენამდე.
რა მოხდებოდა, მეც რომ ასე მარტივად მეფიქრა, ასეთი გულგრილი ვყოფილიყავი?
ჩემი მიზერული ხელფასი რომ არა, ჩვენც ხომ ისეთივე „ბედნიერები“ ვიქნებოდით როგორც ის საბრალო მაწანწალა ხიდის ქვეშ?
ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში