კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ფული და მისი თანამედროვე ფუნქციები

ფული და მისი თანამედროვე ფუნქციები

7991
4.8 / 5

უძველესი ტომების, თემებისა და ცივილიზაციების წარმოშობიდან თანამედროვე რეალობამდე ფული მრავალჯერ შექმნილა, შეცვლილა და განსხვავებული სახესხვაობებით მოუღწევია ჩვენამდე. საინტერესოა, რომ ფულის შექმნისთვის არ იყო აუცილებელი ისეთი წინაპირობა, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება და პროგრესი. შესაბამისად, მის ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვის არა ტექნოლოგიურ, არამედ მენტალურ რევოლუციას. ფულის გამოგონების მეშვეობით ახალი ინტერსუბიექტური რეალობა შეიქმნა, რომელიც საბოლოოდ ჩაინერგა სხვადასხვა კულტურის მქონე და განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა კოლექტიურ მეხსიერებაში.

საინტერესოა, რა ფუნქციას ასრულებს ფული დღევანდელ საზოგადოებაში და რატომ არის იგი ასეთი მნიშვნელოვანი?

საზოგადოდ აღიარებული დეფინიციის თანახმად, ფული არის ფინანსური საშუალება, რომელიც საქონლის, მომსახურების ან აქტივების შესასყიდად გამოიყენება. მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ფულს დღევანდელობისგან რადიკალურად განსხვავებული სახე ჰქონდა. უხსოვარ დროში, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა მონეტები და ქაღალდის ბანკნოტები, ცივილიზაციები ფულის სანაცვლოდ იყენებდნენ ნიჟარებს, ტყავს, მარილს, ხორბლის მარცვლებს, ტანისამოსს ან კაურის მძივებს. კაურის მძივები 4,000 წლის განმავლობაში მთელს აფრიკაში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში ფულის სანაცვლოდ გამოიყენებოდა რადგან იგი, ფულის მსგავსად, კოლექტიურად იყო აღიარებული, როგორც გაცვლის უმთავრესი საშუალება. შესაბამისად, ნებისმიერი საქონლისა თუ მომსახურების ღირებულება სწორედ კაურის მძივებით ფასდებოდა. მე-20 საუკუნეში კი ბრიტანულ უგანდაში კაურის მძივებით გადასახადების გადახდაც კი იყო შესაძლებელი.  

დღევანდელ სამყაროში ფულს ჩვენთვის ნაცნობი სახე აქვს. იგი ბანკნოტებითა და ვერცხლის მონეტებით გამოიხატება, რომელზეც ქვეყნის ნაციონალური სიმბოლოები ან მრავალფეროვანი ორნამენტები არის აღბეჭდილი. თანამედროვე ფული სხვა არაფერია, თუ არა უბრალო ქაღალდი ან ელექტრონული ციფრები, რომლებიც ბანკში ჩვენს ანგარიშზე არსებულ ბალანსის რაოდენობას აჩვენებს. პარადოქსულად, ფულს არანაირი თავისთავადი ღირებულება არ აქვს. კაურის ნიჟარები, დოლარები, ევროები თუ ლარები ღირებულებას ჩვენი ერთობლივი წარმოსახვის მეშვეობით იძენს. მათი ღირებულება არ არის თანდაყოლილი და თანმდევი. სხვა სიტყვებით, ფული არ არის მატერიალური რეალობა, არამედ არის ფსიქოლოგიური კონსტრუქცია. იგი სწორედ იმიტომ გამოიყენება ეკონომიკური ტრანსაქციების განსახორციელებლად, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ფულს გაცვლის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს. 

როგორც აღმოჩნდა, ფულს არანაირი თანდაყოლილი ღირებულება არ აქვს. მიუხედავად ამისა, ყველას სურს, რომ უფრო მეტი ფული ჰქონდეს. რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად გასათვალისწინებელია ის სამი ძირითადი ფუნქცია, რომელსაც თანამედროვე კომპლექსურ საზოგადოებაში ფული ასრულებს.

1. ფული, როგორც საშუამავლო საშუალება

უპირველეს ყოვლისა, ფული არის უმნიშვნელოვანესი გამონაგონი კაცობრიობის ისტორიაში, რადგან იგი შუამავლის როლს ასრულებს. შესაბამისად, დღევანდელ ეკონომიკაში იგი ამცირებს და ამარტივებს ტრანსაქციულ დანახარჯებს. ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის უფრო თვალსაჩინოდ გასააზრებლად წარმოვიდგინოთ, თუ რა სიტუაცია იქნებოდა ბარტერის ეკონომიკაში, რომელიც აღებ-მიცემობას ეფუძნება. იმისათვის, რომ ადამიანმა სასურველი ნივთი, მაგალითად, ვიოლინო, შეიძინოს, მან უნდა მოძებნოს და იპოვოს მეორე ადამიანი, რომელიც თანახმა იქნება, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ ვიოლინო გადასცეს პირველს. ბუნებრივია, ამ ჰიპოთეტურ სიტუაციაში სასურველი ნივთის მიღებას უამრავი ტრანსაქციული დანახარჯი ახლავს თან, რაც ეკონომიკურ ეფექტიანობასთან ერთად ხალხთა კეთილდღეობასაც ამცირებს. შესაბამისად, ფული, როგორც შუამავალი, გვათავისუფლებს შრომატევადი და დამღლელი ბარტერის სისტემისგან, რადგან სწორედ მისი გამოყენება შეგვიძლია სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შესაძენად.

2. ფული, როგორც დანაზოგის შექმნის საშუალება

ფულის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ მისი გამოყენება შეგვიძლია ღირებულების შესანახავად. სხვა სიტყვებით, ფულის გადანახვით და მიმდინარე პერიოდში მისი არგამოყენებით შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი მომავალი და იგი მოგვიანებით გამოვიყენოთ საჭიროების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ფული არის ყველაზე ლიკვიდური და ხელმისაწვდომი ფინანსური საშულება, რომელიც სწრაფად შეიძლება, გადაიცვალოს ნებისმიერ საქონელსა და მომსახურებაზე. სხვა ფინანსური აქტივებს, როგორებიცაა სახლი, მიწა, ობლიგაციები ან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე აქვთ ღირებულების შენახვის ფუნქცია, თუმცა ეს აქტივები არ არის ლიკვიდური და ფულისგან განსხვავებით, მათი გამოყენება არ შეგვიძლია გადახდის მიზნით. 

მართალია, ფულის შენახვით მისი მოგვიანებით გამოყენების უზრუნველყოფა და არასასურველი ფინანსური მდგომარეობის თავიდან აცილება არის შესაძლებელი, თუმცა მას თან ახლავს გარკვეული რისკებიც. მაგალითად, როდესაც ქვეყენაში მზარდი ინფლაციური ტენდენციები შეინიშნება, წარმოებული საქონლისა თუ მომსახურების ფასები იზრდება. შედეგად კი გადანახული ფულის ღირებულება მცირდება, რადგან მას უფრო ნაკლები ნივთის ან სერვისის შესყიდვა შეუძლია. შესაბამისად, იკლებს მისი მსყიდველობითი უნარი. ეს გარკვეულ დანახარჯებს წარმოშობს იმ ადამიანთათვის, რომლებსაც ფული გადანახული აქვთ და თავს იკავებენ მიმდინარე პერიოდში მისი გამოყენებისგან.

3. ფული, როგორც ღირებულების საზომი საშუალება

ფული, აგრეთვე, არის ერთეული, რომლის მეშვეობითაც დანახარჯებისა და შემოსავლების ზუსტი დაანგარიშება შეგვიძლია. სწორედ ეს გახლავთ ფულის მესამე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. როგორც კონკრეტული დისტანციის გასაზომად გამოიყენება მეტრები, სანტიმეტრები ან იარდები, ასევე ფულის ერთეული გამოიყენება საქონლის, მომსახურების ან სხვა რესურსების ღირებულების განსასაზღვრად. კინოთეატრის ბილეთების, პერსონალური კომპიუტერების, სერვისების, ავტომანქანების, სახლებისა და სხვა მრავალი საგნის ღირებულება (და დანახარჯი) განისაზღვრება ფულით. იგი არის მთავარი საზომი, რომლითაც შესაძლებელია როგორც დანახარჯების, აგრეთვე შემოსავლების ანგარიში. თუ მომხმარებელს სურს, რომ თავისი შემოსავალი კეთილგონივრულად და ეფექტიანად გამოიყენოს, მას უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მრავალფეროვანი საქონლისა და მომსახურების ფასები ანუ ღირებულებები შეადაროს ერთმანეთს, რაშიც მომხარებლებს ფულად ერთეულში გამოსახული ფასები ეხმარება. მსგავსად მომხარებლებისა, ფულად ერთეულში გამოსახული ფასები აგრეთვე ხელს უწყობს ბიზნესმენებს, რადგან გადაწყვეტილებების მიღება უპირველესად ხარჯების შედარებას მოითხოვს. რესურსების ფასები და ანგარიშის მეთოდი აადვილებენ ზემოაღნიშნულ პროცესს.  

იმის გამო, რომ ფულს აქვს კონვერტირების ანუ გაცვლისა და ღირებულების შენახვის უნარი და აადვილებს ანგარიშის პროცესს, მან უდიდესი როლი შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში, რადგან სწორედ ფულის მეშვეობით შეიქმნა ისეთი კომპლექსური კომერციული ქსელები და დინამიზმით აღსავსე ბაზრები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ. ფულის გარეშე კომერციული კავშირებიც და ბაზრებიც მცირე ზომაზე იქნებოდა შეზღუდული და აღარ იარსებებდა კომპლექსურობითა და მუდმივი ცვალებადობით გამორჩეული ეკონომიკა. 

 

გამოყენებული წყაროები:

Harari, Yuval N. author. Sapiens: A Brief History of Humankind.New York: Harper,2015, Chapter 10

James D. Gwartney, Richard L. Stroup, Russell S. Sobel, David A. Macpherson. Author. Macroeconomics: private and public choice. 2020, pg. 249