კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი?

დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი?

1487
3.2 / 5

    დაზღვევის მექანიზმს ადამიანები ყოველდღიურად ვიყენებთ. მაგალითად სახლიდან გასვლისას, თუ ვფიქრობთ, რომ დღეს იწვიმებს, თან მიგვაქვს ქოლგა, რომლის ტარებაც შესაძლოა სულაც არ იყოს კომფორტული. თუ მას სახლში დავტოვებთ, გავრისკავთ, რადგან წვიმის შემთვევაში ვინანებთ, ხოლო სხვა შემთხვევაში ყველაფერი რიგზეა. ასე, მაგალითად, ვიყენებთ ქეისს, მიუხედავად იმისა, ხდის თუ არა ის ტელეფონს ვიზუალურად უფრო მოსაწონს. შესაძლოა ტელეფონი არც არასდროს დაგვივარდეს, თუმცა დავარდნის შემთხვევაში დაზიანების მცირე შანსია.(ბედის ირონიით კი, უმეტესად სწორედ მაშინ გვივარდება, როცა ქეისს დროებით ვხსნით ხოლმე). ვყიდულობთ უფრო ძვირადღირებულ ტანსაცმელს, რათა თავი დავიზღვიოთ უხარისხობისგან, ტექნიკას კი ვყიდულობთ იმ მაღაზიებში, სადაც გარანტია შედარებით გრძელვადიანია. მეტასაც გეტყვით, ჩვენ შედარებით ძვირიან სეიფგარდის საპონს ვყიდულობთ, რათა ბაქტერიების რისკი 1%-მდე შევამციროთ. დასკვნა: ჩვენ ხშირად  უარს ვამბობს გარკვეულ სიამოვნებასა და ფულზე, რათა თავი უფრო დაცულად ვიგრძნოთ.

    საინტერესოა, რომ დაზღვევა საერთოდაც არ ამცირებს საფრთხეს, ის უბრალოდ ზიანის ანაზღაურებას გვთავაზობს. ეს კი ჩვენი ცხოვრებისა და ბედნიერების ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლის. წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღიურად აღარ გიწევთ ნერვიულობა იმაზე, გაანადგურებს თუ არა თქვენს მოსავალს სეტყვა, რადგან იმ შემთხვევაშიც თუ ეს მოხდება თქვენ იმავე ოდენობის ფულად ანაზღაურებას კანონიერად მიიღებთ. ავატოსაგზაო შემთხვევის დროს არც იმაზე ინერვიულებთ, რომ თქვენი ტოიოტა პრიუსი ვიღაცის პორშეს შეიძლება შეეჯახოს. თუ  მოულოდნელად მკურნალობა დაგჭირდათ, ამ შემთვევაშიც მშვიდად შეგიძლიათ იყოთ. უფრო მეტიც, თუ გინდათ, რომ თქვენი სიცოცხლის შემდეგ ოჯახის წევრებს ან ნებისმიერ ბენეფიციარს სოლიდური თანხა დაუტვოთ, ამისთვის სიცოცხლის დაზღვევაც კი არსებობს. 

    ადამიანებს მცირეოდენი ზედმეტი ფული შესაძლოა ყოველთვის ჰქონდეთ, თუმცა ბევრი ერთად- არა. სწორედ ამიტომ სადაზღვეო სისტემა ხშირად დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის ან ერთი ფინჯანი ყავის სანაცვლოდ გვთავაზობს გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მშვიდად დავრჩეთ, რადგან ისინი ჩვენთვის ჯადოსნური ყულაბის ფუნქციას შეასრულებენ და მოულოდნელ ხარჯებს მყისიერად დაფარავენ. 

    საინტერესოა, რომ თუ ადამიანი თავს დაცულად გრძნობს ის ბევრად პროდუქტიულია. მაგალითად მუშა, რომელმაც იცის, რომ თავზე ჩაფხუტი ახურავს და სიმაღლეზე მუშაობისას დამცავი თოკებითაა დამაგრებული, მეტად კონცენტრირებულია სამუშოზე, ვიდრე ჩამოვარდნასა და დაზიანებაზე, ამიტომ ის თავის საქმეს უფრო სწრაფად და პროდუქტიულად ასრულებს. დამცავი თოკები და ჩაფხუტი, რა თქმა უნდა, არ გამორიცხვას რისკებს, თქვენ შესაძლოა ისევ ჩამოვარდეთ, თუმცა იცით, რომ თქვენს სიცოცლხეს საფრთხე არ დაემუქრება. გამოდის, რისკებისგან დაზღვევა მარტივი ფსიქოლოგიაა, რომელიც ცხოვრებისგან მეტი სიამოვნების მიღებას და ნაკლებ ნერვიულობას გვთვავაზობს.

ეკონომიკაში არსებობს უმარტივესი მნიშვნელობის ტერმინი:  ალტერნატიული დანახარჯები.  ამ ტერმინით აღინიშნება ყველა ის შესაძლო ბენეფიტი, რომელიც ადამიანს შეეძლო მიეღო განსხვავებული ქმედებების შემთხვევაში. მაგალითად როდესაც ამ ბლოგს კითხულობთ, თქვენი ალტერნატიული დანახარჯები, არის ნებისმიერი იმ ქმედების სარგებლიანობა, რასაც სანაცვლოდ გააკეთებდით: მოუსმენდით მუსიკას, ჩართვადით რომელიმე ვიდეოს ან გააგრძელებდით სქროლვას. (იმის განსაზღვრა, თუ რა უფრო მომგებიანია, თქვენთვის მომინდია). ადამიანები გადაწყვეტილებებს სწორედ ალტერნატიული დანახარჯების გათვალისწინებით იღებენ. მაგალითად სტუდენტი, რომელსაც ხვალ გამოცდა აქვს, მეგობრებთან ერთად გართობაზე უარს იტყვის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ხვალინდელი გამოცდა მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე დღევანდელი გართობა. ასევე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მისი რაიმე ქმედება რისკის შემცველია, ცდილობს დააზღვიოს და დაიცვას საკუთარ თავი და ფინანსური მდგომარეობა. ალბათ ყველას გვსმენია გამოთქმა: „დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს“. მინდა ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდეთ, იქნებ ხვალინდელი ქათამი ზოგჯერ ბევრად უკეთესია? ხოლო შესაბამისად ფულის დათმობა- მეტად მომგებიანი? ამის გარანტიას ყველა სანდო ბანკი თუ სადაზღვეო კომპანია იძლევა. ასე რომ, ზოგჯერ ხვალინდელი ქათამი, ფული თუ ნებისმიერი ბენეფიტი, ბევრად აღემატება დღევანდელ კვერცხსა თუ ფინჯანი ყავისა და სიგარეტისგან მიღებულ სიამოვნებას. 

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია ლუკა მირცხულავა

 

სტატისტიკის ნაწილში გამოყენებულია შემდეგი სტატიები:

  • The risk of insurance | Orit Tykocinski | TEDxInnsbruck, TEDx Talks, Nov 19, 2021. <<https://youtu.be/auIre9Fu06s >>
  • What is an Alternative Cost? My Accounting Course, Copyright © 2021 MyAccountingCourse.com. << https://www.myaccountingcourse.com/accounting-dictionary/alternative-cost >>