კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

დაზოგვის პრაქტიკული რჩევები ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის

დაზოგვის პრაქტიკული რჩევები ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის

1312
4.7 / 5

"ფული"- რა ასოციაცია გიჩნდება, ამ სიტყვის გაგონებისას?

მოდით, ერთად დავფიქრდეთ. ალბათ, ამ კითხვაზე იმდენი პასუხია, რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე.

ყველას გვინახავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ერთ დღეში მთელი ხელფასი დახარჯონ, ან იქნებ გაგიგონიათ ადამიანებისგან ასეთი ფრაზები: "ხელფასი ჯერ არ ამიღია და უკვე დახარჯული მაქვს“. ადამიანებს ფული არასოდეს ჰყოფნით და რაც უფრო მეტი აქვთ, მით უფრო მეტი სჭირდებათ ან მუდმივად წუწუნებენ და დანაზოგის გაკეთებას ვერასდროს ახერხებენ. საინტერესოა, რატომ ხდება ასე? როგორ მოვიქცეთ? ამ ყველაფრის მიზეზი ბავშვობიდან ხომ არ იღებს სათავეს?

პირველ რიგში, დავაკვირდეთ ჩვენს შემოსავალსა და ხარჯებს. ზოგჯერ ხდება, რომ შემოსავალი მეტია ხარჯებზე, გვაქვს მოგება და თავისუფლად შეგვიძლია გავაკეთოთ დანაზოგი, ასეთ სიტუაციას "პროფიციტი" ეწოდება.

არის მეორე შემთხვევა, როდესაც შემოსავალი და ხარჯები უტოლდება ერთმანეთს, ამ შემთხვევაში დანაზოგს ვერ გავაკეთებთ. თუმცა არც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ჩნდება მოულოდნელი ხარჯი, რაც პრობლემას შეგვიქმნის. 

მესამე შემთხვევაა, როდესაც შემოსავალი ნაკლებია ჩვენს ხარჯებზე, ამ შემთხვევაში მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ამ დროს გვიწევს საკუთარი ფინანსური ქცევების შეცვლა და ბევრ სიამოვნებასა თუ საჭიროებაზე უარის თქმა. 

საჭიროა ჩვენი ფინანსები ვმართოთ გონივრულად. ამისთვის კარგი იქნება, თუ ვაწარმოებთ ხარჯთაღრიცხვას. მაგალითად ყოველთვიური ცხრილი, სადაც ზუსტად ავსახავთ შემოსავლებსა და ხარჯებს. იმისათვის, რომ ცოტა დანაზოგი გავაკეთოთ, მოგვიწევს ხარჯების შემცირება, რაღაცაზე უარის თქმა.

მაშ ასე, როგორ შევამციროთ ხარჯები ან როგორ დავზოგოთ უფროსებმა?

რჩევა #1:

ხარჯი არის როგორც აუცილებელი ისე, არააუცილებელი. ამიტომ შეგვიძლია, არააუცილებელი ხარჯი შევამციროთ და ამის ფონზე გავაკეთოთ დანაზოგი.

რჩევა #2

თუ რომელიმე მავნე ჩვევის მოშორება გვინდა და ვერ ვახერხებთ, ეს გამოვიყენოთ დასაზოგად. მაგალითად, უცებ ვბრაზდებით ყველაფერზე და გვინდა, თვითრეგულაციის უნარის გამომუშავება. ამ მიზნით, შეგვიძლია, ასეთი წესი შემოვიღოთ: თუ უცებ გაბრაზდები და შენს თავს ვერ გაუწევ კონტოლს, დაჯარიმდები 100 ლარით (ან უფრო ნაკლებით). ამ დროს იძულებული ხარ, ჯარიმა გადაიხადო და ეს ფული სპეციალურად განკუთვნილ ყულაბაში მოათავსო. მოკლედ ასე: თან მავნე ჩვევას მოიშორებ და თან ფულსაც დააგროვებ.

ბავშვობიდან სწავლება მნიშვნელოვანია

ვფიქრობ, ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს ბავშვი ფულის გონივრულად განკარგვას. ეს უნარები პატარაობიდანვე უნდა განუვითარდეს ადამიანს. ზოგჯერ, მშობლები თავს არიდებენ ბავშვებთან საუბარს და ახსნას, იმ მიზეზით, რომ ვერ გაიგებენ. არა და საიდუმლო სწორედ ბავშვთან საუბრის, მიზეზების ახსნა და კეთილგანწყობაშია. აუცილებელია, ბავშვს ვესაუბროთ ფულის შესახებ. კარგია, როდესაც ისინი ხედავენ, როგორ აწარმოებენ მშობლები ხარჯთაღრიცხვას, როგორ საუბრობენ ფინანსებზე და ანაწილებენ თანხებს. ამის ყურება ბავშვს აძლევს მაგალითს და უყალიბებს უნარს, მომავალში მანაც გაიმეოროს მშობლების ქცევა. ანუ უმთავრესია მშობლების მაგალითი. შეგვიძლია ბავშვსაც მივაღებინოთ მონაწილეობა ფინანსურ დაგეგმვაში მაგალითად, დაბადების დღის ხარჯების განსაზღვრაში.

როგორ ვასწავლოთ დაზოგვა ბავშვებს?

რჩევა #1

იმისთვის, რომ ბავშვს ვასწავლოთ დაზოგვა, შეგვიძლია შემდეგნაირად მოვიქცეთ. პატარა ბავშვს მივცეთ საჭირო რაოდენობის თანხა და დავეხმაროთ სწორად გადანაწილებაში. მაგალითად, როდესაც სკოლის ბუფეტში რაიმეს საყიდლად ვაძლევთ ფულს, სჯობს არა ყოველდღიურად მივცეთ, არამედ მივცეთ მთელი კვირის თანხა (თავდაპირველად 3 დღის და ნელ-ნელა გავზარდოთ ინტერვალი) და ვესაუბროთ ბავშვს, რომ ეს თანხა ერთიანად კი არ დახარჯოს, არამედ გადაანაწილოს. განვიხილოთ მასთან ერთად მაგალითები: რა მოხდება თუ სრულად დახარჯავს თანხას და არ გადაანაწილებს. ეს ყველაფერი უნდა ავუხსნათ. ბავშვებს ძალიან კარგად ესმით, როდესაც მათ ვესაუბრებით ჩვეულებრივი ენით, როგორც თანატოლს. ამ მეთოდით ბავშვს თავიდანვე განუვითარებთ თანხის გადანაწილების უნარებს. შეიძლება, ბავშვმა, თვითონ მოიფიქროს დაზოგოს კიდეც თანხები, შეამციროს ხარჯი და ნახოს მოგებაც.

რჩევა #2

ასევე, შეგვიძლია სახლში დავასაქმოთ და გარკვეული სამუშაოს საფასური გადავუხადოთ, მაგ. ჭურჭლის დარეცხვა, ოთახის დალაგება. აღებულ ფულს ბავშვი განკარგავს სურვილისსამებრ, რადგან აუცილებელია მას ქონდეს მოტივაცია. მაგრამ აქ არ უნდა გადავამეტოთ, ანუ სახლში პატარ-პატარა საქმიანობაში თუ მიეხმარება მშობლებს ეს მხოლოდ ფულის გამომუშავების მიზნით არ უნდა გააკეთოს.

რჩევა #3

შეგვიძლია ბავშვს მოვუყვეთ ზღაპრები, მაგალითად, პატარა დათვზე, რომელმაც გამოიმუშავა ფული და რა მოხდა, როდესაც მთელი ფული ერთ დღეში ტკბილეულობაში დახარჯა, ან პატარა ბაჭიას ამბავი, რომელმაც გონივრულად ვერ განკარგა თავისი ფული და მთელი თავის ქონება დაკარგა. შეიძლება ბავშვს ვთხოვოთ, დაეხმაროს დათუნას გამოსავლის ძებნაში, ხოლო ბაჭიას შემოსავლის სწორად განკარგვაში და მასთან ერთად ვიფიქროთ სწორ მიმართულებაზე.

რჩევა #4

კარგი მეთოდია, თუ ვითამაშებთ ბავშვთან ერთად "მაღაზიობანას". მაგალითად, შვილთან ერთად გამოვჭრით ფულებს. მერე იმ ფულით მაღაზიაში შეიძენს ნივთებს, დავუბრუნებთ ხურდას და ა.შ.. ბავშვს ასე გამოუმუშავდება ფულთან სწორად ურთიერთობის უნარ-ჩვევები.

რჩევა #5

აუცილებლად ვიზრუნოთ ფულის შეგროვებაზეც. შეგვიძლია ძალიან ლამაზი სამი ყუთი მოვამზადოთ: ერთ ყუთში ბავშვი შეაგროვებს სახარჯო ფულს, მაგ.5,10, 20 თეთრიანებს (კანფეტისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის). მეორე ყუთში შეაგროვებს 1 ლარიანებს ქველმოქმედებისთვის. მესამე ყუთში შეაგროვებს დანარჩენ ფულის კუპიურებს უკვე დიდი მიზნებისთვის მაგ. ველოსიპედის საყიდლად და ა.შ.. მთავარია, ეს წესები ბავშვთან ერთად შევიმუშაოთ და ვიზრუნოთ მის შესრულებაზე. 

ფულთან სწორად ურთიერთობის უნარებს თუ ბავშვობიდანვე არ ჩაეყარა საფუძველი, შემდეგ პრობლემები თავს იჩენს დიდობაში. ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ ფულთან ურთიერთობის სწორი უნარ-ჩვევები ჩამოვუყალიბოთ პატარებს. ეს კი წარმატებული მომავლის ერთ-ერთი გარანტიაა.

მთავარია ყოველთვის გვახსოვდეს: ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, მთავარი სურვილი და მონდომებაა.