ჩემი ქმრის საიდუმლო, რომლის გაზიარებაც ღირს
ხშირად ვამბობ ხოლმე, ჩემი კალკულატორიც კი, არასწორად ანგარიშობს-მეთქი. ცოტა უხერხულია ჩემგან ამ თემაზე ბლოგის დაწერა, მაგრამ…
ალბათ, გარისკვად ღირს.
ჩემი, თითქმის 30 წლიანი ცხოვრების დევიზია -"ფული, როცა გაქვს, უნდა დახარჯო!" და არასდროს დავფიქრებულვარ მის შეცვლაზე (მშვენივრად ვცხოვრობდი - დახარჯე ახალა, გადაიხადე მერე - მერე ისევ, ისევ და ასე უსასრულოდ). ბოლო რამდენიმე წელია, ვაკვირდები ჩემი ქმრის საქციელს, როგორ ანაწილებს ოჯახის ბიუჯეტს, დევიზით: "დახარჯე იმაზე ცოტა, ვიდრე გაქვს".
ახლავე გეტყვით რა განსხვავებაა ჩვენს შორის. მთავარი, მას ყოველთვის "საიდანღაც" აქვს ფული, მე - არასდროს. რამდენიმე წელია, დავიწყე ამ საკითხზე ფიქრი. რატომ მიწევს სხვისთვის ფულის თხოვნა, როცა მარტივად შემიძლია, მეც გონივრულად დავხარჯო საკუთარი.
სად ვუშვებ შეცდომას?
ჩამოგითვლით რამდენიმე მაგალითს:
1) მე თუ მაქვს 2 ლარი და 20 თეთრი და სამომავლოდ, პირობითად, ყულაბაში ვაგდებ 20 თეთრს, ვფიქრობ, რომ ის 2 ლარი ამ წუთას უფრო გამომადგება (არადა, არ მჭირდება).
ის იმავეე სიტუაციაში 2 ლარს ინახავს და 20 თეთრს იტოვებს. რეალურად იმ მცირე თანხის დახარჯვითაც კმაყოფილია და თან იცის, რომ ის 2 ლარიც მისია და ნებისმიერ, უფრო საჭირო, დროს გამოიყენებს.
2 ლარს 2 ლარი ემატება და ჯამში 4 ლარი ბევრად უფრო "სარფიანი" დანაზოგია, ვიდრე ჩემი 40 თეთრი, რომელიც მის დანაზოგთან შედარებით გინდ ყოფილა, გინდ - არა . სამაგიეროდ, მიკარგავს მოტივაციას. არგუმენტიც, როგორც ჩანს, სუსტი მაქვს - მეტი ამ მქონდა და რა მექნა…
2) ჩემი ქმარი ყოველთვის აგროვებს ფულს. ხელფასიდან 100 ლარი ბანკს პირდაპირ გადააქვს ანაბარზე. ნამდვილად არ არის ცოტა თანხა, მითუმეტეს მაშინ როდესაც 2 პატარა შვილი გყავს და ეს დიდი ფინანსური პასუხისმგებლობა. თავიდან ძალიან ვაპროტესტებდი რა ამბავიათქო, სანამ "არაფრიდან" ყოველგვარი ნერვიულობის, დამატებითი ვალისა და სინდისი ქეჯნის გარეშე, ზღვის სანაპიროზე შეზლონგზე წამოწოლილი არ დავფიქრდი ამ თემაზე :)
3) რა თქმა უნდა, ჩვენც დღევანდელობაში თავს ვერ ავარიდებთ ბანკიდან სესხის გამოტანას. მაგრამ, აქაც განსხვავებული მიდგომა გვაქვს. გამოტანის დროს, აუცილებლად ირჩევს მაქსიმალურად მოკლე ვადას და დიდ გადასახადს - მე პირიქით (იმ მოტივით, რომ ისედაც ბევრი უნდა გადავიხადო და სხვა საჭიროებებისთვის აღარ დამრჩება) და სანამ მე გამოტანილ კრედიტს დავფარავ, მას უკვე 2 ახალი ნივთი აქვს. ფაქტობრივად, თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ ისე მალე ფარავს ზედმეტად გადახდილი 20-30 ლარის ხარჯზე.
ჩემი დაკვირვებით (არ ვიცი, შეიძლება, ვცდები) მთავარია, დაისახო მიზანი, დანარჩენს ბანკი მიხედავს…
როცა ამოვხსენი ჩემი ქმრის საიდუმლო, ვიფიქრე, მეც შევძლებ მარტივიდან დავიწყოთქო და ყულაბა გავაკეთე. ფული ვერ დავაგროვე… უტოპიურია, მაგრამ, ალბათ, ბევრი ადამიანია ჩემს დღეში. სად იყო პრობლემა? ფულს ვაგროვებდი არაგონივრულად, უმიზნოდ "შავი დღისთვის" რომელიც - შავ პარასკევსა და მაღაზია/აფთიაქების მარკეტინგს "შეეწირა" ანუ, რეალურად, ზუსტად ისე გადავყარე ფული, როგორც ყულაბის ნატეხები.
რაშია გამოსავალი ჩემნაირი ადამიანებისთვის?
ფულის დაგროვებისას, მთავარია, თანმიმდევრულად მივუდგეთ ამ საკითხს.
1) უნდა განვსაზღვროთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები
მაგალითად, გრძელვადიანია ზაფხულის არდადეგები, მოგზაურობა - რომელზე ფიქრიც, შეგიძლია მისი დასრულებისთანავე დაიწყო. ყველაზე მფლანგველსაც შეუძლია, ბანკი დაიხმაროს და ის ყოველთვიურად, თავად გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. მოკლევადიანისთვის შეგიძლიათ "ლარიანების ყულაბაც" გააკეთოთ იმ შემთხვევისთვის, თუ "ხელფასიდან-ხელფასამდე" ფული არ გრჩებათ. მე სულ მასე ვარ ….
2) უნდა დავწეროთ ერთი თვის ბიუჯეტი - შემოსავალი, გასავალი და გავანაწილოთ
თუ ინტერნეტბანკს იყენებთ და ბარათით იხდით, ბევრად გაგიმარტივდებათ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მიხვდეთ "ზედმეტად ძვირადღირებულად" ხომ არ ცხოვრობთ და თანდათან მიეჩვევით სურვილების და თანხის კონტროლს.
3) დავიწყოთ დაზოგვა
უნდა განსაზღვროთ, თქვენ მიერ დასახული მიზნისთვის, ყოველთვიურად მაქსიმუმ რამდენის გადადებას შეძლებთ, მერე შეადაროთ იმ თანხას, რაც გჭირდებათ. და შემდეგ ოპტიმალურად დააკორექტიროთ, აირჩიოთ უკეთესი გზა.
იმედია ბლოგის წაკითხვაში დახარჯული 5 წუთი გამოგადგებათ - დრო ხომ ფულია.
პ.ს ბლოგის ბოლოს აუცილებელია აღინიშნოს - ჩემი ქმარი ფინანსისტია, მე უბრალო ჟურნალისტი…