კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ბერძენთა ფინანსური ქრონიკები

ბერძენთა ფინანსური ქრონიკები

1437
3.8 / 5

- მაგრამ, იასონ, მეფეთმეფე აესონი, ძლევამოსილი მეფე იოლკუსისა, მოგვცემს ყველაფერს, რაც ჩვენს წადილს ფრთებს შეასხამს და აასრულებს - წავალთ კოლხეთში, დავეწაფებით საწმისს ოდითგან განთქმულს მის ბზინვარებით.

- ორფეუს, ამას ნურა მსთხოვ. თუ კი ჩვენ გვწადის მოპოვება კოლხთა საწმისის, მაშინ ჩვენს ზრახვას სული არა მეფესთან თხოვნით, არამედ ჩვენი მონდომებით უნდა შთავბეროთ. თვითონ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ოქრო საკმარი, გემი მყარი, ხალხი ლომგული და გავემართოთ კოლხეთს ამაყნი და თავაწეულნი. საწმისს დიდებულს დიდებულადვე ხამს მოპოვება!

- მაგრამ, იასონ, არცა ოქრო და არცა გემი გვაქვს, ბიჭნი ვაჟკაცნი მტერთან ომებში იცავენ მიწას, ხოლო ისინი, ვინც აქ არიან, მიწაზე წევენ წვალების ჭაპანს.

- ოქროს ნუ ჩივი. ჩვენი სამეფოს აკლდამის შიგნით, მყუდრო კუთხეში, მაქვს ოქრო ჩუმად შეგროვებული. ველოდი ცუდ დღეს და ვინახავდი, მაგრამ ვხედავ, რომ ახლა მჭირდება ამ დიდი საქმის წამოსაწყებად. კაცი ხომ მუდამ ცუდზე ფიქრობს და მის ლოდინში მეც მოვემზადე. ვატყობ, მადგება შორმჭვრეტელობა. 

- ყაირათიან კაცად ითვლები. არც თუ ურიგოდ.

- გემი არა გვყავს, ყველა ომშია ან საშოვარზე გადაგდებული. თუმცა კი ვიცი კაცი ერთი, არგო მქვიაო გემების მთლელი. მისი გემები არ უშინიან ქარებს და ტალღებს შავად ბობოქარს. თუ ვთხოვ მე გულით, მეფის შვილი, არ გამაწბილებს და გამაყოლებს არგოს დოკიდან. შავი ზღვის რისხვის იალქანი გზას გაგვიკვალავს და მივადგებით კოლხურ ნაპირებს, საწმისს ვიპოვით, დავაბრუნებთ ბერძნულ მიწაზე და შევასრულებთ ჩვენს დანაპირებს!

- და რატომ მოგვცემს ვინმე არგო ფოლადის ღუზას, რომლის აგებას მან მოანდომა წლები მრავალი? რატომ გვენდობა, ხელს გაგვიმართავს? მეფის ძე ვარო, ეტყვი, ამრეზით აწევს წარბებს და წამწამს. დღეს ხო ყოველი ლაჩარი-ცუდი მეფის ძე ვარო იძახის ჩუმად, რათა იგემოს მან ის სიამე, რაც კი თან ახლავს ამ სიტყვას აქა. როგორ გაარჩევს მართალს მტყუვნისგან, შიშს უკუაგდებს შექმნილს ჭმუნვისგან? 

- საშიში არის და ამავე შიშით მას დაუკარგავს ნდობა ესე ძნელად მოსაპოვარი. მაგრამ მე ხომ მაქვს უტყუარი ნიშანი იმის, რომ ვარ მეფის და გვარის ერთგული - შვილი მამისა, სულით - რაინდი, გულით - ბერძენი. მე მას ვაჩვენებ ისეთ რამეს, რაც სხვებს არ აქვთ და დავამტკიცებ ჩემს სანდოობას. ის კი კარგია, რომ არ ენდობა ყველა ავაზაკს, შარა-გზის ყაჩაღს, ლუკმა პურს ძარცვით და მოტყუებით რომ იყოფს სხვასთან.

- შენც კარგად იცი, რა რიგ ძნელია გამქრალი ნდობის ფენიქსივით მკვდრეთით აღდგენა. რომც დაგიჯეროს და მიხვდეს ვინც ხარ, მაინც არ მოგცემს გემს სამართავად. დღეს ხომ  ყველაფრის გამოყენება ღირს ოქრო ძვირი. ჩემო იასონ, განა არ იცი, რომ ვიღაც უცხო ძნელად თუ მოგცემს უფასოდ რამეს?! როცა თხოულობ შენ სხვის ქონებას, გმართებს მას მისცე ისეთი რაღაც, შეაძლებინო ოჯახის რჩენა.

- ორფეუს, იქნებ ოქროა ის, რაც ადუმებს პირსა კაცისა. აკლდამის შიგნით, მყუდრო კუთხეში, მბზინავი ოქრო იყოს საფასო მისი ღუზისა. არგოს ჩვენ მოგვცემს და გაჩუმდება, დაელოდება საწმისის ხილვას და შემდეგ მეტად ის იამაყებს - გორაზე ავა და ყველას ეტყვის, არგოთი ქნესო არგონავტებმა.

- აზრი კარგია, იასონ, უარს არ იტყვის არგო, მგონია. ოქროც გვქონია და საწმისის ხილვის ჩვენებურ გეგმას ფრთები ნელ-ნელა უფრო ესხმება. ახლა დავფიქრდეთ, არის კიდევ რამ, რაც შეიძლება პრობლემა იყოს და შეგვიშალოს ხელი იმაში, რისთვისა ვიღვწვით და გეგმებს ვაწყობთ?

- არის ერთი რამ გადასაწყვეტი აქვე და ახლა: სამეფოს კოლხეთს ჩვენ დაგვჭირდება თეთრა კოლხური. ბერძნული ოქრო დაიჩაგრება ვერცხლის ჩრდილის ქვეშ. და თუ იცი შენ, როგორი არის კოლხების კოლხა, მოჭრილი თეთრად?

- მუდამ შარა-გზას გადგომილებს და ზღვების სტუმრებს - ვაჭრებს - რომ დავეკითხე, მითხრეს გინდაო შენ ცოდნა იმის, რას უდრის ვერცხლი კოლხეთში ჭრილი. არ მუშაობსო იქ ისე ჩვენი, საჭიროაო თეთრას შესყიდვა. მხნე და მხცოვანმა ვაჭარმა ჰერმეს უთქვამს: რომ აიღოო კოლხური თეთრა, ითხოვენო ჩვენს ოქროს სამ ცალს. ვაჭრებმა ისიც მირჩიეს მკაცრად, რომ შევამოწმოთ კოლხას სივერცხლე - განა ყოველი, მოჭრილი თეთრად არის ნამდვილი და უტყუარი?! მეფის ფარულად იჭრება თურმე მონეტა მსგავსი ნამდვილი თეთრის და თუ არა ხარ ფხიზლად მუდამჟამ, ოქროს შენ მისცემ, ისინი - თეთრას, მონეტას იმგვარს, არ ქონდეს ძალა კოლხურ მიწებზე.

- მაშ, თუ ასეა, ჩვენ დაგვჭირდება ოქრო იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გვეგონა. ვიშოვეთ გემი, ოქროც კი გვეყო მის მისაღებად. ახლა ჩვენ გვინდა ვიპოვნოთ ხალხი, ღირსი საწმისის. თუმც კი შენც იცი, რომ  მათ სჭირდებათ არა სიტყვები, არამედ ოქრო. არა პირობა გამოკიდული ჰაერის სიმზე, არამედ ოქრო, რომელსაც მძიმედ იგრძნობენ ხელში.

- მეც ეს მაფიქრებს, ჩემო იასონ. რამდენად ძალგვიძს ჩვენ პოვნა ხალხის და მერე მათთვის ოქროს მიცემა. შენი ოქრო რომ ჩვენ არ გვეყოფა, ვეჭვობ, ცხადია. როგორ ვიშოვოთ ეს მონეტები? მეფეს ჩვენ არ ვსთხოვთ, გვსურს ჩვენით გავხდეთ საწმისის ღირსი, მაგრამ არის კი სხვა რამე ხერხი? 

- ორფეუს, ახლა კი მეც შენსავით უიმედობის ჟრუანტელი მივლის სხეულში. ოქრო გვჭირდება, ეს კარგად ვიცი, მაგრამ შოვნა და მისი მიღება, რარიგად ძალგვიძს, ამაზე ფიქრი მე მიძნელდება. მაცდური არის მეფისთვის თხოვნა, მაგრამ ჩვენითვე თუ ვერ ვიშოვეთ, განა მთლიანად არ ჩაგვეშლება სურვილი ასე მძაფრი და მწველი? ნეტა შემეძლოს ვაჭრების მსგავსად მეც შევძლო შოვნა ამ მონეტების! ვაი, რომ თეთრი სასახლის შვილებს, არ გვასწავლიან ჩვენ ოქროს შოვნას!

გთხოვ, დრო მომეცი, ორფეუს. უნდა დავფიქრდე და გადავწყვიტო. არჩევანია მეტად სამძიმო: ან ჩვენ ავიღებთ მეფის მონეტებს და გავიკვალავთ გზას კოლხეთისკენ, ან კი მოვძებნით ჩვენი ძალებით, რაც თივის ზვინში გავს ნემსის ძებნას... გთხოვ, დრო მომეცი…

 

***

მეგობართან განშორების შემდეგ იასონი სასახლეში აღარ შებრუნებულა. ცოტა ხნით მაინც სურდა აღარ ესუნთქა სასახლის მძიმე ჰაერი. ცოტა ხნით მაინც სურდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც არა მხოლოდ დახარჯვა, არამედ შოვნაც შეეძლო. იდგა უძრავად. ფიქრებს წაეღო. არსაიდან მონაბერმა დადარდიანებულმა ნიავმა გადააწყვეტინა ენახა ძველი სკოლა, მისი სიყმაწვილის ალაგა. სასახლესავით დიდებული ყოფილიყო დიდებულების შვილების სასწავლებელი. თეთრი სვეტები მყარად იდგენენ ამ პატარების სადარაჯოზე. იასონი გაჰყურებდა შენობას, ქვით მოკირწყლულს. უწინ აქ ესწავლათ მას და მისი სიყრმის მეგობრებს. ესწავლათ როგორ უნდა ეომათ; როგორ გაეცუდებინათ მტერი და ცხელი ოფლით დაეცვათ ღირსება უფრო ცხელი საბერძნეთისთვის. ესწავლათ ეს ყოველივე, მაგრამ ახლა კი ნანობდა, რომ არ ისწავლა მთავარი: თუ როგორ ეშოვა ცხოვრებაში ის, რისი დახარჯვაც დასჭირდებოდა. ახლა კი ნანობდა, რომ აქამდე ოქრო ეგონა ის, რაც სულ ჰქონდა და ექნებოდა. ნეტავ, ერთხელ მაინც ეფიქრა იმაზე, როგორ შეძლებდა თვითონ მის შოვნას. ნეტავ, ერთხელ მაინც ეფიქრა იმაზე, რა იქნებოდა მისთვის, მეფის შვილისთვის, ესწავლებინათ ეს ყველაფერი. გაჰყურებდა  თავის სკოლას, სიყმაწვილის ნავსაყუდელს, თუმცა წინ სვეტების ნაცვლად მოგონებების შრეებს ეხეთქებოდნენ მისი თვალები. ის ძლიერ წუხდა, ბრაზიც ახრჩობდა, რომ ბავშვობისას მას არ მისცეს ის ცოდნა, რომელიც ახლა ასე ძლიერ სჭირდებოდა. სხვა გზა არ იყო - უნდა ეთხოვა მეფისთვის ოქრო. ოჰ, როგორ უძნელდებოდა იასონს ამ დათმობაზე წასვლა. მაგრამ რას იზამდა? ან რა შეეძლო ექნა? საწმისის მოპოვება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი პირადი ღირსება. იყო კი? ალბათ, კი. ნამდვილად კი! თუმცა ერთი რამ აუცილებლად იცოდა იასონმა. როგორც კი დაბრუნდებოდა თავის ცხელ მიწაზე, აუცილებლად დაიწყებდა იმაზე ფიქრს, თუ როგორ ესწავლებინა ბავშვებისთვის სკოლიდანვე, თუ რა იყო ოქრო, როგორ ეშოვნათ, დაეზოგათ და ესესხათ იგი. ოქროს საწმისის მოპოვება უკვე არა მხოლოდ საბერძნეთის წარსული ღირსების საქმე, არამედ მომავალი ძლიერი საბერძნეთის საწინდარი შეიძლება გამხდარიყო. ამ ფიქრებმა შეიპყრო იასონი. უკეთესობის ჟინმა უბიძგა მას და დაბრუნდა სასახლეში. როგორც ყოველთვის, მას მეფის ოთახში ნებისმიერ დროს შეეძლო ნებისმიერი რამის სათხოვნად შესვლა. და იასონმაც არ დააყოვნა...

 

***

ასე გაუდგნენ კოლხეთის მხარეს. იალქნის შრიალს ყურს უგდებდა და მისთვის გულში, გულის ღიობში იასონს ჰქონდა ფიქრი სამძიმო: რა დახვდებოდა კოლხურ მიწებზე, რა იქნებოდა მისი ცხოვრება? ნუთუ იმდენად ძლიერი იყო, რომ მას ელოდა წინ ლომგულობა. განა კი ჰქონდა ძალა იმის, რომ ქცეულიყო ცოცხალ ლეგენდად?

შემოუტევდა მძიმე ფიქრები. თუმც კი ნიავი ზღვაზე მავალი დაამშვიდებდა ხოლმე იასონს. ყურს მიუგდებდა ტალღების შრიალს. კითხვები ჰქონდა, ზღვაში დამხვრჩალი პასუხებიც ვერ იყო შვება, თუმც კი მიზანი აძლებინებდა. ოქროს საწმისი იყო საწყისი მისი ახალი თავგადასვლის...

შავი ზღვის რისხვის იალქანი გზას უკვალავდათ და არგონავტებიც მიდიოდნენ უცხო მიწაზე დიდი გემით და დიადი გეგმებით. ძლიერ უხაროდათ, თან აშინებდათ ეს ახალი გზა..

მართლაც რა არის კაცის ცხოვრება, თუ არა მუდამ სიახლე და არ გაჩერება? თუ არა მუდამ წინ სწრაფვა და მიზანს მიყოლა?!