კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ალუმინის ქვაბები

ალუმინის ქვაბები

1550
1.8 / 5

თბილისი. 1997 წელი.

სამზარეულოში, კარადაზე ელაგა ალუმინის ქვაბები. ხუთი ცალი, სხვადასხვა ზომის. ხუთივე სარკესავით ლაპლაპებდა. ნინო ყოველთვის ამაყობდა თავისი ქვაბებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორი თავი ხახვის სათხოვნელად ან ფინჯანი ყავის დასალევად შესული რომელიმე მეზობელი გაოცებული შეეკითხებოდა - ხოლმე, მითხარი, ერთი, რითი ხეხავ ქვაბებს, ასეთი ბზრიალ-წკრილი რომ გაუდითო. მართლაც, ნინო არც თავს ზოგავდა და არც პიანისტის  ხელებს, რომ ქვაბებს მუდამ თვალისმომჭრელად ეკრიალა... 

კედლის საათი 10-ის ნახევარს აჩვენებდა. ტყუპების სკოლიდან დაბრუნებამდე არც ისე დიდი დრო რჩებოდა.

ნინომ მაცივარი გამოაღო სასწაულის იმედით, თუმცა მაცივარი ისევ  ცარიელი იყო. 90-იანი წლების საქართველოში სასწაულები არ ხდებოდა... 

- რაც არის, არის - ჩაილაპარაკა ნინომ - ქვაბებია, მეტი ხომ არაფერი.

ამოიოხრა, კარადიდან სათითაოდ ჩამოალაგა ქვაბები და კუბოკრულ ჩანთაში ჩააწყო. შემდეგ  ნაჩქარევად ჩაიცვა და  კარისაკენ გაემართა. 

- დე, მე გავდივარ და მალე მოვალ - გასძახა  "კერასინკასთან" მიფიცხებულ დედას. 

ზღურბლთან ორიოდე წამით შეყოვნდა.

- ქვაბებია, ბოლოს და ბოლოს, მეტი არაფერი - გაიმეორა და კარი გაიჯახუნა.

 

***

ნავთლუღის ძველმანების ბაზრობაზე ტრამვაით მივიდა. "ბარახლოვკა", როგორც ყველა უწოდებდა, ათასგვარი საჭირო თუ არასაჭირო ხარახურით გაევსოთ. იქაურობა სიძველეთა მუზეუმს გავდა. ნინომ გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და დაბნეულმა მიმოიხდა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, რადგან პირველად მოუწია გამყიდვლის ამპლუაში ყოფნა. ბოლოს, ვიღაც შავოსანი ქალის გვერდით შეარჩია ადგილი, ჩანთა გახსნა და გაუბედავად ამოალაგა ქვაბები. 

ცრიდა...

ძვალ-რბილში ატანდა  ნოემბრის სუსხი.

- ნეტავ არ გაწვიმდეს!... - ინატრა ნინომ და მანტოს გაქუცული საყელო აიწია.

"სევდისფერი ამინდი, სევდისფერი ქუჩა, სევდისფერი ხალხი" - გაიფიქრა უნებურად. 

შეაკანკალა.

სიცივის ბრალი იყო.

თუ ნერვების?

ალბათ, ორივესი ერთად.

თითოეულ გამვლელს იმედის თვალით შესცქეროდა ნინო, მაგრამ მისი ქვაბებით არავინ ინტერესდებოდა.

ბავშვების სკოლიდან დაბრუნებამდე დიდი დრო აღარ რჩებოდა.

შინ მაცივარი ცარიელი იყო.

ნინო სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. ხელების მტვრევას მოყვა. 

"ნუთუ ერთ ქვაბსაც არავინ იყიდის? - გაიფიქრა - პური რომ ვიყიდო... პური და "გალინა ბლანკა"!

ცხვირის ნესტოებში მწველი ტკივილი იგრძნო. მიხვდა, რომ სადაცაა ატირდებოდა.

შორიახლოს, ტაბურეტზე ფაშფაშა, წითელთმიანი ქალი იჯდა, ძირს პლედი ქონდა გაშლილი და ზედ ბროლის ჭურჭელი დაეხვავებინა. ქალი ყურადღებით აკვირდებოდა ნინოს, ბოლოს წამოდგა, მიუახლოვდა და მუშტრის თვალით შეათვალიერა ქვაბები. 

- ქალბატონო, ვხედავ გეჩქარებათ. - მიმართა ნინოს

- დიახ, ძალიან მეჩქარება!

- რამდენად მომცემ "კასრულებს"?

ნინო დაიბნა. ამაზე არც უფიქრია, არ იცოდა, რა ფასად უნდა გაეყიდა ქვაბები.

- 25 ლარად მოგცემთ ყველას - უპასუხა ყოყმანით - მეჩქარება, თორემ...

- 25 ლარად! - ჩაიცინა ქალმა - შენ რო 25 მოგცე,nმე რამდენად უნდა გავყიდო? გაიყიდება თუ არა, ისიც საკითხავია.

- აბა, რამდენს გადაიხდით - ხავსს ეჭიდებოდა ნინო

- თხუთმეტში ავიღებ, თუ გაწყობს.

ნინოს  თვალები გაუფართოვდა.

- 15 ლარი? ხუთ ქვაბში? კი, მაგრამ, ახლებია, ხომ ხედავთ...

- კაი მაშინ, გედოს მად და ვნახოთ როგორ გაყიდი. - უკმეხად შეაწყვეტინა ქალმა. - ან დაჭეჭყე და ალუმინში ჩააბარე, ნახავ რამდენსაც მოგცემენ.

დაჭეჭყეო!... ნინოს გაკრიალებული ქვაბები!

- კარგი, კარგი... მომეცით 15 ლარი და წაიღეთ - შესძახა ნინომ, ქალს საჩქაროდ გამოართვა ფული და უკანმოუხედავად დატოვა ძველმანების ბაზრობა. 

***

სკოლიდან შინ დაბრუნებულ ტყუპებს ცხელი წვნიანი დახვდათ სადილად. მოშიებული ბავშვები მადიანად შეუდგნენ ჭამას, არც კი შეუმჩნევიათ, რომ კარადაზე  აღარ ელაგა  სარკესავით კრიალა ქვაბები.

 

პალერმო. 2005 წელი.

- Nina, vieni qui! vieni in fretta!*

- Sto arrivando.** მოვდივარ. ახლავე!

ნინომ   ფოტოსურათი  ნაჩქარევად შეინახა გულის ჯიბეში და საძინებლისკენ გაიქცა. სიჩქარეში მაგიდის კუთხეს მიარტყა მუხლი. ეტკინა.

- ჯანდაბა! - ჩაილაპარაკა, მაგრამ წუწუნის დრო არ იყო. უკვე დიდი ხანია მიეჩვია  საკუთარი ტკივილების დათრგუნვას. 

ოთახის კარი შეაღო. უზარმაზარი საძინებელი მდიდრულად იყო მოწყობილი. ჭერს ბროლის ჭაღი ამშვენებდა, კედლებს - რენესანსის ეპოქის ნახატები. მოჩუქურთმებულ საწოლზე მოხუცი, თეთრთმიანი ქალი იწვა და კვნესოდა. ნინომ მასთან მიირბინა.

- მოვედი. io sono qui...***

ნინო ქალს წამოდგომაში მიეხმარა. მოხუცი გაჭირვებით ადგა, ნინოს ხელს დაეყრდნო და მძიმე ნაბიჯებით გაყვა. ნინომ საპირფარეშოში შეიყვანა, უნიტაზის თავი ასწია და ქალი ზედ დასვა. დაელოდა, სანამ მოხუცი ბუნებრივ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებდა. შემდეგ ჰიგიენის ჩვეული პროცედურა ჩაუტარა, ნელი ნაბიჯით ისევ ლოგინამდე მიიყვანა და დაწოლაში დაეხმარა. ქალი ბალიშზე მიესვენა.

- Grazie.****  - ჩაილაპარაკა

- Niente, cara.***** - გაუღიმა ნინომ. ბალიში გაუსწორა და ფეხაკრეფით დატოვა საძინებელი.

სამზარეულოში მაგიდას მიუჯდა. გულისჯიბიდან გაცრეცილი ფოტოსურათი ამოიღო.  სურათიდან  გოგონა და ვაჟი უცინოდნენ. ნინომაც გაუღიმა მათ და ცერა თითი ფრთხილად გადაუსვა შვილების მონატრებულ სახეებს.

დიდხანს უყურებდა  თვალმოუშორებლად.

ეშინოდა.

ეშინოდა დავიწყების... ეშინოდა საკუთარი მეხსიერების სიმყიფის. ეშინოდა, რომ შვილების სახეები დაავიწყდებოდა, ისე ეშინოდა, ტკივილისგან გული ეკუმშებოდა-ხოლმე. შესანიშნავად იცოდა ნინომ, რომ შორს მყოფი ადამიანების სახეები, თუნდაც ყველაზე ახლობელი ადამიანების, დროთა განმავლობაში ხუნდება, ფერმკრთალდება, კონტურებს კარგავს და ისე ქრება, როგორც მირაჟი უდაბნოში. ასე დაემართა თავის ქმართან დაკავშირებით. 

…უკანასკნელად 1992 წლის 7 სექტემბერს ნახა, როცა ის აფხაზეთის ომში წავიდა, ნინო კი 2 წლის ტყუპებთან ერთად მარტო დარჩა გახევებული და გრძნობებისგან დაცლილი. მას შემდეგ მეუღლის ცხედარიც კი აღარ უნახავს, რადგან უთხრეს, რომ მანქანა, რომელშიც მისი დაჭრილი ქმარი იჯდა, ააფეთქეს. ნინო, თავის მეორე ნახევარს, სასტუმრო ოთახის კედელზე დაკიდებულ შავჩარჩოიან სურათში ხედავდა მხოლოდ. მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო უცხო ხდებოდა სურათზე გამოსახული მამაკაცი, ერთ დროს ყველაზე ახლობელი რომ იყო მისთვის. ნინო იტანჯებოდა და დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, მაგრამ დრო მაინც დაუნდობლად შლიდა მეხსიერებაში საყვარელი კაცის სახეს.

ვაითუ შვილებიც დაავიწყდეს? ან იქნებ იმათ დაავიწყდეთ დედა? რამდენი წელი ჭირდება დავიწყებას? რამდენი წელი ჭირდება გრძნობების გაცივებას?   

იქნებ, შინ რომ დაბრუნდება, ტყუპები ცივად შეხვდნენ? ვაითუ ისე მიიღონ, როგორც უცხო ქალი და არა როგორც მშობელი დედა.

- ღირდა, კი? - ხშირად ამოიკვნესებდა ხოლმე ნინო.

 - განა იყო სხვა გზა? - შეკითხვითვე პასუხობდა საკუთარ თავს.

განა იყო სხვა გზა? როგორ უნდა ერჩინა მარტოხელა, უმუშევრადდარჩენილ მუსიკის მასწავლებელს ხანდაზმული დედა, რომლის პენსიაც თოთხმეტ ლარს შეადგენდა და ორი ბავშვი, რომელთა მოთხოვნილებებიც ასაკის მატებასთან ერთად იზრდებოდა? სხვა რა დარჩენოდა ნინოს, გარდა იმისა, რომ თავისი მოხუცი დედისთვის დაეტოვებინა მცირეწლოვანი შვილები და სხვისი მოხუცი დედის მოსავლელად ცხრა მთას იქით გადახვეწილიყო?

- არა, სხვა გზა არ მქონდა, უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა. - ამოიოხრებდა ხოლმე, თითქოს თავს იმშვიდებდა...

ნინომ კარგად გააანალიზა, რომ სასოწარკვეთილების დრო არ ქონდა. მტკიცედ გადაწყვიტა, ამაოდ არ ჩაევლო მის თავგანწირვას. შვილების უზრუნველყოფილი მომავალი - აი, რა უნდა ყოფილიყო მათ გარეშე გატარებული ტკივილით სავსე წლების კონპენსაცია. ამიტომ, უცხო მიწაზე მუშაობის დაწყებისთანავე, შეიმუშავა სტრატეგია, რომელსაც სახელად "ოთარაანთ ქვრივი" დაარქვა. (რაღაც უცნაური დამთხვევისა თუ ბედის ირონიის წყალობით ნინოც ოთარაანთ ქვრივი იყო) ქალი საყვარელი წიგნის გმირის მსგავსად შეუდგა შემოსავლის განაწილებას.  ნინოსაც ქონდა ხუთი "ქისა". ყოველთვიურად კუთვნილ  ხელფასს ხუთ ნაწილად ყოფდა. თანხის  ერთი ნაწილი ვალების გასტუმრებას ხმარდებოდა. ნინოს უნდა გამოესყიდა ბინა, რომლის  გირაოში ჩადებაც მოუხდა, რათა იტალიაში სამუშაოდ წასულიყო. ხელფასის მეორე ნაწილს საქართველოში გზავნიდა, რომ  მოხუც დედას და ტყუპებს თვიდან თვემდე თავი გაეტანათ. მესამე და მეოთხე ნაწილს მისი შვილების სახელები  ერქვა: "მარიამი" და "ლუკა". დაგროვილი თანხა ბავშვების სწავლა-განათლებას და მათთვის ბინების ყიდვას უნდა მოხმარებოდა. ხელფასის მეხუთე, ყველაზე მცირე ნაწილს ნინო თავისთვის იტოვებდა ელემენტარული საჭიროებებისთვის.

ამგვარად ანაწილებდა შემოსავალს ოცდამეერთე საუკუნის ოთარაანთ ქვრივი და ოცნებობდა იმ წუთზე, როცა მშობლიურ მიწაზე ფეხს დადგამდა და თავის ტყუპებს  გულში ჩაიკრავდა.

 

თბილისი. 2023 წელი.

კედლის საათი 12-ის ნახევარს უჩვენებს. ნინო სამზარეულოში ფუსფუსებს. სადაცაა ბავშვები დაბრუნდებიან სკოლიდან. ნინო ბანანის კექსს აცხობს, რომელიც მის შვილიშვილებს ძალიან უყვართ. კექსი თითქმის მზადაა. მთელ სახლში ტრიალებს  მადისაღმძვრელი სურნელი.

ნინო მაცივართან მიდის და კარს აღებს. შემდეგ ისევ ხურავს. თვითონაც უკვირს, რატომ ვერ მოიშალა ეს ჩვევა და დღემდე რატომ ამოწმებს მაცივარს ბავშვების სკოლიდან დაბრუნებამდე.

ხანდახან წარსულის ტრამვები არ შუშდება.

დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ.

არის, კი?

ზოგი ჭრილობა იმდენად ღრმაა, ხორცდება, მაგრამ მაინც რჩება ნაიარევი და თავს გვახსენებს.

თუმცა, შეხორცებული ჭრილობა იმდენად მტკივნეული აღარ არის, როგორც ახალი. 

ნინოს  დღეს შეუძლია თქვას, რომ  განვლილი მძიმე წლების მიუხედავად ბედნიერია, რადგან შეძლო  დასახული მიზნების განხორციელება. იმდენი მოახერხა, რომ დედამისს ქონოდა ღირსეული სიბერე, შვილებს კი წარმატებული მომავალი და საკუთარი ჭერი თავზე.  დღეს ორივე შემდგარი პიროვნებაა, ორივე თავისი პროფესიით მუშაობს და ორივეს არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. მათი ბედნიერება მალამოდ ედება დედის ნაიარევ გულს.

ნინომ გაიღიმა და საათს შეხედა , სადაცაა კარს შემოაღებენ გოგონები, რომლებიც სკოლის შემდეგ, როგორც წესი, ბებიას სტუმრობენ-ხოლმე.

კექსი უკვე მზადაა.

სამზარეულოში მადისაღმძვრელი სუნი ტრიალებს.

კარადის თავზე  სარკესავით კრიალა ალუმინის ქვაბები აწყვია.

 

*ნინა მოდი აქ, მოდი სწრაფად (იტალ.)

**მოვდივარ (იტალ.)

***აქ ვარ (იტალ.)

****მადლობა(იტალ.)

*****არაფერს ძვირფასო (იტალ.)