კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

აქა ამბავი არამკითხეებისთვის პირში ჩალის გამოვლებისა

აქა ამბავი არამკითხეებისთვის პირში ჩალის გამოვლებისა

2146
4.4 / 5

აჯაფსანდალი პაროლისათვის

ისე, ეს პაროლი როგორი პირადული რამეა, არა? აი, ვთქვათ, შენს უახლოეს მეგობარს შეჰყავს თუნდაც ფეისბუქის პაროლი. ხომ ერთმანეთის ყველა საიდუმლო იცით, არა? მაგრამ თავს მაინც გვერდზე ატრიალებ დიდის ამბით და ღრუბლებს ასცქერი. თვალს არიდებ, რაღა! პაროლი ეგეთი რამეა, თვალის არიდება (ჰ)შვენის.

...და განა ყველა ჩვენსავით "ღრუბლებს ასცქერის?" არა. აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ გიგრძნიათ კეფაზე უცხო ადამიანის სუნთქვა, როცა ბანკომატიდან თანხას ხსნით? ზოგი ასეთი ცნობისმოყვარე ვინმეა, ეგებ არც არაფერი გავნოს, მაგრამ სხვის ამბავში ცხვირის ჩაყოფის ინტერესი კლავს და რა ქნას? ზოგ შემთხვევაში კიდევ, მხოლოდ ინტერესის დაკმაყოფილებით როდი მთავრდება საქმე...

ამ უცნობი არამკითხეებისგან პირადი ინფორმაციის დასაცავად მე ასეთი ეშმაკობა მაქვს მოფიქრებული: ბანკომატის ეკრანს ხელს "ვუჩრდილავ", ვითომ მზე ურტყამს, არადა ხელს ვაფარებ და პირში ჩალას ვავლებ, ზეიდანაც - კოვზს ნაცარში ვუგდებ ჩემს ზურგსუკან მდგარ არამკითხეს და ჩემს ამბავში ჩაყოფილ იმის ცხვირს სასუნთქ ჰაერს ვუკეტავ. თან ჩემს პირად საიდუმლოს უცხო თვალისგან ვიცავ. მეც კაი ოხერი ვარ, ისე.

ამათზე საშიში კიდე ის ხალხია, არც გვერდით რომ გიდგას, არც ზურგსუკან, სულაც კილომეტრებით შორსაა შენგან, მაგრამ ისე ტეხავს შენი პაროლის კლიტე-ბოქლომებს - ვითომც არაფერი! მაგათგან თავის დაცვას მხოლოდ ცრუ "ხელის მოჩრდილვა" არ უშველის. სხვა ფხა და მარიფათია საჭირო.

საქმის მცოდნე ხალხი გვირჩევს, რომ 123456 და ასეთი რამეების პაროლად დაყენება დიდი ხათაბალაა, მაგეებს სულ იოლად გამოიცნობენ "ბოროტი ძიები" და მერე - მშვიდობით, ნაგროვებო "მილიონებო"!

რა უნდა ვქნათ და თურმე, 10 სიმბოლოს მაინც უნდა შეიცავდეს ეს ჩვენი პაროლი. მარტივ სიტყვას არ უნდა დავჯერდეთ და გამოვურიოთ დიდი ასოები, ციფრები, ესენი, ისინი... მოკლედ, რაც მეტი აჯაფსანდალი - უკეთესი. ჰოდა, მეც ეგრე ვქენი, აი, ნახეთ, ეს პაროლი მაქვს ახლა დაყენებული... ჰაჰაა, ვხუმრობ. ამოდენა ბლოგ-რჩევის მომცემი ფილარმონია ქალი პაროლს ვეტყვი ვინმეს?! ნწუ.

თქვენ მოიგეთ! განა მართლა....

სიფრთხილე სიფრთხილედ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე მესმის იმ ხალხის, ამ "თქვენ მოიგეთ" ანკესზე რომ ეგებიან. აი, წარმოიდგინე, ზიხარ სახლში მოწყენილი, უფულო, უსიყვარულო, სქროლავ ვიღაც მხიარულების, ფულიანების, შეყვარებულების პოსტებს, ანუ ჭრილობაზე მარილს იყრი და უცებ ეკრანზე ამოანათებს ტექსტი. ისეთი ტექსტი, რომ იიიფ!..

-თქვენ მოიგეთ 1 მილიონ 985 ათას 254 ლარი!

-ალმასებით მოოჭვილი მანქანა!

-წითელბაფთიანი მეწველი ძროხა!

გაგიხარდება, მა რა!

იმათ, იმ "ბოროტმა ძიებმაც" იციან, რომ გაგიხარდება და სიხარული კიდევ სიყვარულივითაა - აბრმავებს ადამიანს.

ჰოდა, არ დაიჯეროთ, ხალხო, ეგ უცაბედი გამდიდრების აბავი, არა. სატყუარაა ეგ და ხაფანგი. ჩემი თუ არ გჯერათ, ჩემზე ჭკვიანებს დაუჯერეთ. ამ ორს, მაგალითად:

1. უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია;

2. კაი, რა, ვინ რას მოგცემს?!

გადახვალ მერე ამ ბრჭყვიალა ბმულზე, შენ ხარ ჩემი ბატონი და შემოგაპარებენ:

"აქ ბარათის ნომერი დაგვიწერე, გეთაყვა. აი, აქ კიდე - პაროლი." არადა ჩვენ ხომ უკვე ვიცით, რომ პაროლს მხოლოდ ერთადერთ ვინმეს ვეუბნებით დედამიწის ზურგზე - არავის.:)

აპლიკაცია "ტროას ცხენი"

ჩვენში დარჩეს და ეს აპლიკაციებიც შარია. შეხედავ - ერთი უწყინარი აპლიკაციაა, თვალებს მორცხვად ახამხამებს. გადმოწერ და აღმოჩნდება, რომ ტროას ცხენივით, გულ-მუცელი ათასი გულოვანი ჰაკერით ჰქონია სავსე.

ყველას, აბა, როგორ ამოვიცნობთ მე და შენ, ჩემფერ რიგითო მომხმარებელო, მაგრამ ზოგს თუ იჭვნეულად შევხედავთ, მივხვდებით, რომ აქ რაღაც ვერაა რიგზე.

აი, მაგალითად ვიწერთ აპლიკაციას, რომელსაც მხოლოდ ის ევალება, 7:59 წუთზე ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია (რე მინორი) დაამღეროს, ან მე-5 (დო მინორი), ან წინასწარ ჩაწერილი ჩვენივე ხმა ჩართოს: გაიღვიძე ჩემო თავო, მიყვარხარ!

ჰოდა, აი, იწერ ამ მაღვიძარას აპლიკაციას და ის კიდევ გთხოვს წვდომას შენს მობილურში არსებულ ფოტოებზე, ნოუთებზე, მეგობრების ტელ.ნომრებზე, შილაქის სპეციალისტის ჩაკეტილი ჩაკრების ჩამონათვალზე. ჰოდა, აი, რად უნდა? რა შუაშია?

დასკვნა: ე.ი. ეს ჩვენი თვალებფახულა აპლიკაცია, მაიმუნობს რაღაცას. ასეთ დროს რას ვაკეთებთ? არც ჩვენ აღმოვჩნდებით ჯაბანნი და ამ საეჭვო აპლიკაციას ცხვირს ვუბზუებთ, არც ვიწერთ და არც არაფერი. ანუ ამასაც, ბანკომატის რიგში ჩემს უკან მდგარი არამკითხესავით ვუგდებთ კოვზს ნაცარში.

ჰო, ნუ პირშიც ჩალას ვავლებთ, რა თქმა უნდა.

https:// მოერევა თუ http://?

ამ რჩევას ადრე ფინედუს გვერდზე მოვკარი თვალი. როცა ვებ გვერდზე ბარათით იხდი თანხას, დააკვირდი, მისამართი რომლით იწყება, https:// -თი თუ http:// -თო?

ჩვენში დარჩეს და გასინსილებულ "მოკრიასვალტისფერ" ბოტასს რომ ყიდულობ ადამიანი და სიხარულისგან აჟიტირებული, ხელებაკაპიწებული შედიხარ საიტზე ფულის ჩასათვლელად, უყურებ იმას, h-ები წერია, p-ები თუ სულაც tt-ები? არა, ხომ? ჰოდა, სულ ტყუილად. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ათასი თაღლითი დაიარება დედამიწაზე და ამ ათასიდან ბევრასი ზის კოხტად და შესანიშნავად ფლობს პროგრამული ფოკუსების ხერხებს?

ჰოდა, დღეის ამას იქით იცოდეთ, რომ http:// არის აფერისტი და ცრუ, ნამდვილი და კეთილი საიტი უნდა იწყებოდეს https://-ით. ეგ მოუგებს, ეგაა ჩვენი ფალავანი!

აჰა, რაკი კეთილმა უკვე დაამარცხა ბოროტი, გავსულვარ ბლოგის ბოლოში და ეგაა.

ჰაკერები - იქა,

კიბერუსაფრთხოება - აქა.

123456 - იქა,

კაი ძლიერი ათნიშნა პაროლები კიდენა - აქა.