კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

5 უფლება, რომელიც ყველა მსესხებელმა უნდა იცოდეს

5 უფლება, რომელიც ყველა მსესხებელმა უნდა იცოდეს

2003
4.1 / 5

ჩემს წინა ბლოგში მომხმარებლის იმ 5 უფლებაზე ვისაუბრეთ, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებთან (ანუ ბანკებთან, მიკრობანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და სესხის გამცემ სუბიექტებთან) ურთიერთობას უმარტივებს მომხმარებლებს. ამ ბლოგში კი, კონკრეტულად მსესხებლებისთვის საინტერესო უფლებებზე გავამახვილებ ყურადღებას. ყველაზე ხშირად, ალბათ მსესხებლებს აქვთ გარკვეული უთანხმოებები ფინანსურ ორგანიზაციებთან, რადგან, სესხის აღების მომენტში, მხოლოდ თანხის მიღებაზე ვფიქრობთ, დეტალურად არ ვკითხულობთ ხელშეკრულებას და სასწრაფოდ ვაწერთ ხელს.

მოდი, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ სესხის ხელშეკრულების პირობები თქვენსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის შეთანხმების საკითხია. ეროვნული ბანკი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი ვერ დაავალდებულებს ფინანსურ ორგანიზაციას გაგიწიოთ შეღავათები ან შემოგთავაზოთ სპეციალური პირობები სესხის აღების, ან მისი გადაუხდელობის შემთხვევაში. ამიტომ ისარგებლეთ თქვენი უფლებით - წინასწარ მოითხოვოთ ხელშეკრულების ნიმუში - კარგად გაეცანით მას და ხელი მაშინ მოაწერეთ, თუ მისი პირობები თქვენთვის გასაგები და მისაღებია.

ახლა კი წარმოგიდგენთ 5 უფლებას, რომელთა ცოდნაც ყველა მსესხებლისთვის სასარგებლო იქნება:

1. სესხის ხარჯებზე ინფორმაციის მიღების უფლება

თქვენი უფლებაა, გქონდეთ ინფორმაცია თქვენს სესხთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯზე. ვიცით, რომ სესხს პროცენტის სახით ემატება ხარჯი, თუმცა გარდა ამისა, მომხმარებელს სხვა ხარჯების გაწევაც უწევს, რომლებიც სესხის აღებას და მისით სარგებლობას უკავშირდება: მაგალითად, სესხის გაცემისა და ანგარიშიდან გატანის საკომისიო, ქონების შეფასებისა და იპოთეკით დატვირთვის საფასური, დაზღვევის გადასახადი და სხვა. ასევე შეიძლება, გქონდეთ ანგარიშის მომსახურების საკომისიოც. ეს ყველაფერი ფინანსური ხარჯია და თქვენი სესხის რეალურ ღირებულებას ასახავს. ფინანსური ხარჯების შესახებ ინფორმაცია სესხის ხელშეკრულების თავსართშიც არის მოცემული. თქვენი პასუხისმგებლობაა, სესხის აღებამდე გაეცნოთ ამ ხარჯებს, რათა გაიგოთ, რამდენი „გიჯდებათ“ სესხის აღება.

საინტერესოა, ასევე იცოდეთ სესხის დაფარვის ხარჯებიც. მაგალითად, იპოთეკის მოხსნის საფასური, როდესაც სესხის დაფარვის შემდეგ თქვენი ქონების გამოთავისუფლება გსურთ. თუ ფასიანი ანგარიშით სარგებლობდით და სესხის დაფარვის შემდეგ ეს ანგარიში აღარ დაგჭირდებათ, მაშინ ანგარიშიც დახურეთ, რადგან მომავალში აღარ დაგერიცხოთ საკომისიოები.

2. სესხის წინსწრებით დაფარვის მოთხოვნის უფლება

იმ შემთხვევაში, თუ სესხის დასაფარად სახსრები გამოგიჩნდათ, იქნება ეს საკუთარი თანხა, თუ სხვა ფინანსური ორგანიზაციისგან აღებული სესხი, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენს ფინანსურ ორგანიზაციაში სესხის წინსწრებით, ანუ ვადაზე ადრე დაფარვა. ეს კარგი საშუალებაა სამომავლოდ დასარიცხი საპროცენტო ხარჯის თავიდან ასაცილებლად. ამისთვის, უნდა განათავსოთ საჭირო თანხა ანგარიშზე და დააფიქსიროთ თქვენი მოთხოვნა. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, იმავე სამუშაო დღეს დაფაროს სესხი (თუ სესხის თანხა არ აღემატება 2 მლნ ლარს ან მის ექვივალენტს). ხოლო თუ თქვენი მოთხოვნა არასამუშაო საათებში დააფიქსირეთ, მაგალითად, ინტერნეტბანკით, მაშინ - მომდევნო სამუშაო დღეს. მაგრამ თუ ფინანსური ორგანიზაცია ამას იმავე სამუშაო დღეს რაიმე ობიექტური ტექნიკური მიზეზის გამო ვერ ახერხებს და სესხს მაგალითად, 2 დღის შემდეგ დაფარავს, მაშინ ამ 2 დღის პროცენტი არ უნდა დაგარიცხოთ.

ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია, სესხის წინსწრების დაფარვის გამო დაგარიცხოთ წინსწრებით დაფარვის საკომისიო, რომელიც განსხვავდება სესხის დაფარვამდე დარჩენილი დროისა და სესხის ტიპის მიხედვით, მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით დასაფარი თანხის 2%-ს, რიგ შემთხვევებში კი მისი დაკისრება საერთოდ აკრძალულია. 

3. ნაწილობრივ დაფარვისას ახალი გრაფიკის მოთხოვნის უფლება

იმ შემთხვევაში, თუ სესხს წინასწარ, ნაწილობრივ ფარავთ და ეს დასაფარი თანხა თავდაპირველად აღებული ძირითადი თანხის მინიმუმ 20%-ს, არანაკლებ 500 ლარს შეადგენს, ამ მოთხოვნის დაფიქსირებისას, ფინანსური ორგანზაცია ვალლდებულია შემოგთავაზოთ სესხის დაფარვის ახალი გრაფიკის მინიმუმ ორი ვარიანტი:

  • სესხის დარჩენილი ძირი თანხა ისე გადანაწილდეს, რომ სესხის ვადა იგივე დარჩეს, მაგრამ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეგიმცირდეთ, ან
  • ყოველთვიური შენატანი იგივე დარჩეს, მაგრამ ვადა შემცირდეს და სესხი უფრო მალე დაფაროთ.

გაითვალისწინეთ, რომ თუ სესხის წინსწრებით დაფარვას დისტანციურად, მაგალითად ინტერნეტბანკით ახორციელებთ, ახალი გრაფიკის ზემოაღნიშნული ვარიანტების შემოთავაზების ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციას თქვენი მოთხოვნის საფუძველზე უჩნდება. ამიტომ არ დაგავიწყდეთ წინსწრებით დაფარვასთან ერთად თქვენთვის სასურველი ახალი გრაფიკის მოთხოვნის დაფიქსირებაც.

4. ვადაგადაცილების შესახებ შეტყობინების მიღების უფლება

ვადაგადაცილების შესახებ შეტყობინებს გაგზავნა უფრო ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებაა, და არა თქვენი უფლება. თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სესხის შენატანი გადააცილეთ, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა შეგატყობინოთ ამის შესახებ ვადაგადაცილების დაწყებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თქვენ მიერ მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. შეტყობინება ასევე ეგზავნება თანამსესხებელს, თავდებს და იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრეს, თუ, რა თქმა უნდა, სესხი თანამსესხებელთან ერთად ან თავდებობით, ან იპოთეკით/გირავნობით არის გაცემული. თქვენი პასუხისმგებლობაა, საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აცნობოთ ამის შესახებ ფინანსურ ორგანიზაციას, რათა არ შეფერხდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება.

5. თავდებისა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის უფლებები

თუ თქვენ ხართ სესხზე თავდები ან იმ ქონების მესაკუთრე, რომელიც სხვისი სესხის უზრუნველყოფად არის გამოყენებული, თქვენი უფლებაა, გქონდეთ სრული ინფორმაცია ამ სესხის შესახებ, ასევე, თუ შეიცვალა სესხის ხელშეკრულების რაიმე პუნქტი, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა მოახდინოს ინფორმირება ამ ცვლილებების შესახებ. თქვენი უფლებაა, ასევე იცოდეთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი სესხს ვერ გადაიხდის. ამიტომ, სანამ თავდებობაზე, ან თქვენი ქონების იპოთეკით ან გირავნობით დატვირთვაზე დათანხმდებით, უნდა დაფიქრდეთ იმ რისკებზე, რომ მსესხებლის მიერ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ მისი დაფარვა, შესაძლოა დაკარგოთ თქვენს საკუთრებაში არსებული ქონება და ა.შ. ასევე, როდესაც თავდებობაზე თანხმდებით, ამ დროს სესხის გადახდისას თქვენი შემოსავალიც გაითვალისწინება, შესაბამისად, თუ სამომავლოდ თქვენც დაგჭირდათ სესხის აღება, თქვენს გადახდისუნარიანობაზე თქვენი თავდებობით გაცემული სესხიც იმოქმედებს. თუ რისკებს სრულად იაზრებთ და თავდებობაზე ან საკუთარი ქონების უზრუნველყოფაში „ჩადებაზე“ მაინც დათანხმდებით, აუცილებლად ისარგებლეთ თქვენი უფლებით, წაიკითხოთ სესხის, თავდებობისა და იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებები, კარგად გაეცნოთ პირობებს და დასვათ შეკითხვები.